საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების გეგმა – „ეკონომიკა – 2030“ წარადგინა. მან ხაზი გაუსვა, რომ მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ეკონომიკის განვითარება და რაც მთავარია, ეს გეგმა, უნდა იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე, გახსნილი, ღია და პროგნოზირებადი.
„მინდა, წარმოგიდგინოთ ჩვენი მთავრობის გრძელვადიანი განვითარების ხედვა. მოგეხსენებათ, გასულ კვირას, დავიწყეთ თემატური პრეზენტაციები. ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის, რომ დღეს, ქვეყანაში, პოლიტიკური, ეკონომიკური ატმოსფერო გავხადოთ პროგნოზირებადი.
მოგეხსენებათ, როდესაც ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, მას მერე ძალიან ბევრი გაურკვეველი ეკონომიკური პოლიტიკის მომსწრენი გავხდით. შედეგად, მივიღეთ უამრავი დანგრეული ადგილობრივი წარმოება, გაჩერებული ქარხნები, ფაბრიკები; ძალიან ბევრმა, ასობით ათასმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი და გაღარიბდა ჩვენი მოსახლეობა, რაც არის ტრაგედია.
ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რა თქმა უნდა, ოკუპაციის შემდეგ, არის ეკონომიკური სიდუხჭირე და სიღარიბე ჩვენი მოსახლეობის. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ეკონომიკის განვითარება. რაც მთავარია, ეს გეგმა, ეს პოლიტიკა უნდა იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე, გახსნილი, ღია და პროგნოზირებადი. ჩვენ უნდა გავხადოთ გარემო პროგნოზირებადი, რომ ვერავითარმა რყევამ ვერ შეაფერხოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გრძელვადიანი განვითარების ხედვის პირველადი დოკუმენტი მზად არის და მის სრულყოფაში ბიზნესის წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორი, უცხოელი პარტნიორები და დონორები ჩაერთვებიან.
„ჩვენი მთავარი ამოცანა იყო გრძელვადიანი განვითარების ხედვის შემუშავება. პირველადი დოკუმენტი მზადაა და მზად ვართ, აბსოლუტურად ღიად ჩავრთოთ ამ პროცესში როგორც ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო სექტორი, ჩვენი უცხოელი პარტნიორები, დონორები, რათა მომდევნო დაახლოებით სამი თვის განმავლობაში ჩვენ სრულყოფა გავუკეთოთ ამ დოკუმენტს, შევთანხმდეთ, რომ ეს არის ის ძირითადი ჩარჩო დოკუმენტი, რომლის ფარგლებშიც შეიძლება ვიმოძრაოთ.
რა თქმა უნდა, წლების განმავლობაში, შეიძლება ამ დოკუმენტის განახლება მოხდეს. ჩვენ ყველანი უნდა შევთანხმდეთ, როგორც მთავრობა, ისე ბიზნესი, რომ ეს არის სწორი გზა, რომ ეს მოუტანს რეალურად ინკლუზიურ ზრდას, რომ ეკონომიკის ზრდა მაქსიმალურად შეეხება ჩვენს მოსახლეობას და ეს არ იქნება მხოლოდ ერთეულებისთვის. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, როგორც მინიმუმ, ჩვენი ეკონომიკის გაორმაგება 2030 წლისთვის, რაც, შეიძლება ამბიციური, მაგრამ სავსებით რეალისტური გეგმაა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რაც არა გრძელვადიან, არამედ მოკლე პერიოდში ამოქმედდება, ეს ოჯახებისთვის მალე იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაა. იგი საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობას ითვალისწინებს, მათთვის, ვინც ამას ვერ ახერხებს. ახალი ინიციატივა ერთი მხრივ, სამშენებლო სფეროს წაახალისებს და, მეორე მხრივ, იმ ოჯახებს ბინის შეძენის სურვილს გაუჩენს, რომლებიც ფინანსების გამო თავს იკავებენ.
თანხა, რომელიც პროგრამისთვის უნდა გამოიყოს, საკმაოდ სოლიდურია. დაანონსებულ პროგრამას 300 მლნ ლარზე მეტი მოხმარდება. პირველ და მეორე შვილებზე სუბსიდირების განაკვეთი 6% იქნება, ხოლო მესამე და დანარჩენ შვილებზე - 8%.
ჯერჯერობით უცნობია პროგრამის დამტკიცების ზუსტი თარიღი, თუმცა, როგორც ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, ოჯახების ხელშეწყობის პროგრამა მალე ამოქმედდება.
„კიდევ ერთი პროგრამა, რომელსაც ვიწყებთ, ეს „ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის“ პროგრამაა, რომელიც პრემიერის უშუალო ინიციატივით მოვამზადეთ.
პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც ეყოლებათ ახალშობილი და მოინდომებენ თავისი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, საკმაოდ სოლიდური დოზით იპოთეკური სესხის თანადაფინანსებას გასწევს. ჩვენ ვაკეთებთ განსაკუთრებულ აქცენტს მრავალშვილიან ოჯახებზე, რაც ნიშნავს იმას, რომ პირველი ან მეორე შვილის შეძენისას დღევანდელი მოცემულობით ბინისთვის აღებული სესხის, სულ მცირე, 6%-ს სახელმწიფო დააფინანსებს, ხოლო მესამე ან ყოველ მომდევნო შვილზე 8%-იან დაფინანსებაზეა საუბარი. ეს ნიშნავს, რომ პროცენტის უდიდესი ნაწილი სახელმწიფოს მიერ იქნება დაფარული.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ქვეყნის მომავალზე ორიენტირებული პროგრამაა. როგორც კი ის დამტკიცდება და ამოქმედდება, რაც უახლოეს პერიოდში მოხდება, ვფიქრობ, ძალიან ბევრი ადამიანი და ოჯახი ისარგებლებს“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
პანდემიის პირობებში სიღარიბის მაჩვენებელი საკმაოდ გაიზარდა, რასაც მონაცემებიც ადასტურებს, თუმცა მთავრობას დადებითი მოლოდინი აქვს. მინისტრები ვარაუდობენ, რომ 10 წელიწადში მაჩვენებელს გაანახევრებენ.
როგორც ნათია თურნავა აღნიშნავს, ეს პრობლემა მალე დაიძლევა და 2030 წლისთვის მაჩვენებელი 10,7%-მდე შემცირდება.
„აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის შემცირებას ქვეყნის ეკონომიკის ინკლუზიური ზრდა უზრუნველყოფს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიცირებულ 10-წლიან სამთავრობო გეგმაში ეკონომიკის განვითარება ერთ-ერთი გადამწყვეტია. საპროგნოზო მაჩვენებლის შესაბამისად, 2030 წლისთვის სიღარიბე, დაახლოებით, 10 პროცენტამდე დაიკლებს“, - აღნიშნა თურნავამ პროგრამა „ეკონომიკა 2030“-ის პრეზენტაციაზე.
სპეციალისტებს ჯერჯერობით ახალი პროგრამის ანალიზი არ გაუკეთებიათ, თუმცა მას უკვე გამოეხმაურა საქართველოს ბიზნესასოციაცია. მათი აზრით, „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესმა იცოდეს ეკონომიკური განვითარების გრძელვადიანი მიდგომა და გეგმები და მისასალმებელია, რომ დღეს ეკონომიკის სამინისტრომ წარმოადგინა 2030 წლამდე ეკონომიკის განვითარების კონკრეტული ხედვა.
„ახალი დოკუმენტი ბევრ საინტერესო კომპონენტს მოიცავს. გამოვყოფდით იმ ნაწილს, რომელიც რეფორმებს ეხება. კარგია, რომ ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად იმუშავებს კაპიტალის ბაზრების განვითარებაზე, ვინაიდან დამატებით, სხვადასხვა ტიპის კაპიტალის შემოდინება, მათ შორის ინსტიტუციონალური ინვესტიციების, საქართველოში ბიზნესისთვის გააჩენს დამატებით ფინანსურ რესურსებს, რაც იქნება ქვეყანაში დღემდე არსებული ფინანსური რესურსების მოძიების გზების კარგი ალტერნატივა. ფინანსური კაპიტალის მოძიების გაადვილება ბევრ კარგ, ახალ ბიზნეს წამოწყებას ჩაუყრის საფუძველს.
ასევე გამოვყოფდით რეფორმებს ენერგეტიკაში, წიაღის მოპოვების მიმართულებით, სახელმწიფო საწარმოების მართვის კუთხით. ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად გახსნის ბიზნესთან თანამშრომლობის შესაძლებლობებს. იმედს გამოვთქვამთ, რომ აღნიშნული ეკონომიკური რეფორმები ლოგიკურ შედეგამდე მიიყვანს ქვეყანას, რაც გულისხმობს, ინვესტიციების მოზიდვას, ქართული ბიზნესის უფრო მეტად გააქტიურებას, ეკონომიკის განვითარებას და საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი ამოცანის მიღწევას - სიღარიბის შემცირებას“, - ამბობს განაცხადა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
მისივე აზრით, საგულისხმოა იმპორტის ჩანაცვლებასა და ექსპორტის წახალისების სქემები და თუ ეს განხორციელდა, სხვა რიგ სიკეთეებთან ერთად, იგი ასევე გამოიწვევს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას და ლარის კურსის სტაბილურობას, რაც ჩვენი ქვეყნის ბიზნესის მთავარი გამოწვევაა.