პრეზიდენტი გართობას და დროსტარებას ვერ ივიწყებს

პრეზიდენტი გართობას და დროსტარებას ვერ ივიწყებს

რამდენიმე კვირის წინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას დაცვა არ სჭირდება და ამის დასამტკიცებლად 27 თებერვალს აეროპორტში საკუთარი ელექტრომობილით მივიდა.

აზერბაიჯანიდან დაბრუნებულ სააკაშვილს აეროპორტში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური დახვდა, რასაც პრეზიდენტის ხმაურიანი განცხადება მოჰყვა, - მან ახალ ხელისუფლებას ურჩია, უფრო მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაზე ეზრუნა. პრეზიდენტი დაცვის გარეშე, ბუნებრივია, არ უნდა დადიოდეს, მაგრამ ამ განცხადებების შემდეგ რომელიმე რესტორანში ან ბარში მისი მისვლისას ქუჩები საათობით არ უნდა გადაკეტონ. თუ ადრე სააკაშვილი "საკურას", "ბუფეტს" და "ბუდა ბარს" სტუმრობდა და ხმაურიან წვეულებებს აწყობდა, ახლა ვაკეში, ძირითადად, გეგეშიძის ბაღთან მდებარე რესტორან "დაინინგ რუმს", ჭავჭავაძეზე მდებარე "პომიდოროსიმოს" (რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი კოდუას საკუთრებაა) და თამარაშვილზე მდებარე ფრანგულ რესტორან La Truffe-ს სტუმრობს. ვაკელების თქმით, როცა სააკაშვილი ბარში მიდის, მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა შეზღუდულია - პრეზიდენტს, რომელმაც განაცხადა, დაცვა არ მჭირდებაო, ათეულობით ადამიანი იცავს. სააკაშვილი La Truffe-ს შაბათს, 16 მარტს ესტუმრა. ეს რესტორანი სოფო ნიჟარაძის მეგობრის, სტილისტ მიშა გასიტაშვილის საკუთრებაა. ის თამარაშვილის 4 ა-ში მდებარეობს და ხშირად სტუმრობენ მაღალჩინოსნები და მათი ცოლები. რესტორანი რამდენიმე თვის წინ გაიხსნა. ადგილობრივების განცხადებით, ფრანგულ რესტორანს ყველაზე ხშირად გოგოლა კალანდაძე, ვანო მერაბიშვილის ცოლი თაკო სალაყაია, გიორგი არველაძე და სოფო ნიჟარაძე სტუმრობენ. შაბათს პრეზიდენტმა La Truffe-ში 5-6 საათის განმავლობაში იქეიფა.

გვესაუბრება "თავისუფალ სტუდენტთა კავშირის" თავმჯდომარე ნიკა მეტრეველი:
- რესტორანი La Truffe ჩემი სახლის პირდაპირ მდებარეობს. შაბათს, 16 მარტს, დაახლოებით 22 საათზე, გადაიკეტა თამარაშვილის ქუჩა, კორპუსების სახურავებზე სნაიპერები განლაგდნენ, მოვიდა სახანძრო სამსახური, რის შემდეგაც რესტორანს ეწვია მიხეილ სააკაშვილი მრავალრიცხოვანი დაცვის თანხლებით. პრეზიდენტს შეუძლია რესტორანში მივიდეს, ივახშმოს და გაერთოს, მაგრამ მაშინ, როდესაც უამრავი სტუდენტი მხოლოდ იმიტომ გარიცხეს უნივერსიტეტიდან, რომ სწავლის საფასური ვერ გადაიხადეს და ქვეყანაში დიდი გაჭირვებაა, სირცხვილია გართობაზე ფიქრი.

- რამდენი ხანი დარჩა სააკაშვილი რესტორანში და ვისთან ერთად იყო?
- სააკაშვილი რესტორანს ქალებთან ერთად ეწვია, მაგრამ ვინ იყვნენ ისინი, არ ვიცი. რესტორანი მან გოგონებთან ერთად, დაახლოებით, ღამის 2-ის ნახევრისთვის ხმაურით დატოვა. პრეზიდენტი იტყუება, როდესაც ამბობს, რომ საკუთარი ელექტრომობილით, დაცვის გარეშე გადაადგილდება. სინამდვილეში მას ბევრი ადამიანი იცავს და ხელს უშლის ქალაქში მანქანების მოძრაობას, რადგან როდესაც ის რომელიმე რესტორანში შედის, ახლომახლო მოძრაობა დიდი ხნით არის გადაკეტილი და მოსახლეობა ამის გამო შეწუხებულია.