"გაუგებარია, რატომ უნდა გავაუქმოთ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება?!"

"ბოლო ხანს განვითარებული მოვლენების ფონზე, გადავწყვიტეთ კიდევ უფრო გავააქტიუროთ თანამშრომლობა საქართვე¬ლოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. აგრარული სფერო, სოფლის მეურნეობა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია; ამ მიმართულებით უნდა გაძლიერდეს სამეცნიერო-კვლევითი, სასწავლო ბაზა. ამიტომ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარულ ფაკულტეტზე სტუდენტებს უფასო სწავლის შესაძლებლობა ექნებათ. რაც შეეხება აგრარული უნივერსიტეტის საკითხს, ფაქტია, ამ უნივერსიტეტის წესდება ქვეყნის მოქმედ კანონმდებლობას ეწინააღმდეგებოდა და კარგია, რომ მათ ახლახან ამ ხარვეზების აღმოფხვრის გადაწყვეტილება მიიღეს, შესაბამისი დოკუმენტაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში უკვე შემოვიდა", - აცხადებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "გაუგებარია, რატომ უნდა გავაუქმოთ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება?!".

"მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან: საქართველოს კანონი "უმაღლესი განათლების შესახებ" იცავს სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, მასში ნათქვამია, რომ სტუდენტს, გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში, 5 წლის განმავლობაში უნდა შეუნარჩუნდეს სტუდენტის სტატუსი, შემდეგ კი აღდგეს იმავე კურსზე, რომელზეც სწავლა შეაჩერა. აგრარულ უნივერსიტეტში კი, ამგვარ შემთხვევაში, დღევანდელ დღემდე, სტუდენტს 12 თვის შემდეგ უწყდებოდა სტუდენტის სტატუსი და უმაღლესი სასწავლებლიდან რიცხავდნენ. ვფიქრობ, ეს არის ძალზე სერიოზული საკითხი და არა ის, როგორც ისინი ამბობენ, ფირნიში, რომელიც თურმე, არ მოგვეწონა, როგორ ეკიდა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი მარგველაშვილი.

"მათთვის 28 იანვრიდან იყო ცნობილი, რომ ეს პუნქტები უნდა გამოსწორებულიყო. საზოგადოებამ უფრო ღრმად უნდა ჩაიხედოს ამ საკითხში: ბენდუქიძე განათლებისა და მეცნიერების მინისტრისგან "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონის უპირობო დარღვევას ითხოვდა და ითხოვს. ვერ ვხედავ აუცილებლობას, გაუქმდეს ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება, რადგან წესდებაში იყო ხარვეზები, რომლებიც მათ მითითების თანახმად, აღმოფხვრეს, შეცდომები გამოსწორდა და ამიტომ გაუგებარია, რის საფუძველზე უნდა გავაუქმოთ ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ავტორიზაციის აღსადგენად საჭირო ყველა პროცედურა კი, კანონის სრული დაცვით, მაქსიმალურად სწრაფად იქნება გავლილი. ასე რომ, ამ უსაფუძვლო ხმაურის მიღმა ბენდუქიძის მხრიდან პროცესის პოლიტიზების მცდელობას ვხედავ, მას სურს, თავი "ჩაგრულად" წარმოაჩინოს", - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვას - "გამორიცხავთ, რომ აგრარული უნივერსიტეტის საკითხი 19 აპრილის მიტინგისთვის "ნაციონალურმა მოძრაობამ" ერთ-ერთ ცხელ თემად აქციოს?" - პასუხობს:

"აბა, რისთვის გაკეთდა ეს ყველაფერი? რისთვის ააგორეს შავი პიარი, რომლითაც მარგველაშვილი ტირანად გამოიყვანეს, კახა ბენდუქიძე კი - უმანკო მსხვერპლად? რამდენი მტკნარი სიცრუე ითქვა, დაწყებული იქიდან, რომ აგრარული უნივერსიტეტი, თურმე, უკვე დაიხურა (მაშინ როცა უნივერსიტეტის ავტორიზაციის გაუქმება ძალაში 4 თვის შემდეგ შედის), დამთავრებული იმით, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი არასწორად დაკიდებული ფირნიში ყოფილა! მალე გამოჩნდება, ვის და რაში დასჭირდა ეს ინსინუაციები ყოფილი მაღალჩინოსნებისა და მოქმედი პოლიტიკოსების მონაწილეობით".