"ურთიერთობის ამგვარი ფორმა ჩვენ არ აგვირჩევია. პირველად მათ მოგვწერეს წერილი და ჩვენგანაც მიიღეს წერილობითი პასუხი. საქართველოს ხელისუფლებას ოფიციალური ურთიერთობა აქვს ევროსაბჭოსთან, ევროკავშირთან, ევროპარლამენტთან და სხვა ევროპულ სტრუქტურებთან. ევროპის სახალხო პარტია კი პარტიაა, სახელმწიფოს არ შეუძლია ცალკეულ პარტიებთან ურთიერთობა. მოგეხსენებათ, მსოფლიო მრავალპარტიულია, ასევე მრავალპარტიულია ევროპაც. სახელმწიფოსა და პარტიის ერთმანეთში არევა ახასიათებდა მიხეილ სააკაშვილს, ამიტომ დღეს ის ცდილობს წარმოადგინოს, რომ ევროპა არის ის ერთი პარტია, რომლის წევრიც `ნაციონალური მოძრაობაა~. ჩვენთვის კი ევროპა ერთი პარტია კი არა, ყველა პარტიის ერთობლიობაა", - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობისა და რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ვანო იზ ოვერ!" .
"ევროპის სახალხო პარტიას ევროპის პარლამენტსა და ევროსაბჭოში ყველაზე დიდი ფრაქციები აქვს. შესაბამისად, ბევრი სახელმწიფოს ხელისუფლებაში არიან მათი წარმომადგენლები, მაგრამ უნდა გვახსოვდეს ერთი რამ - "ნაციონალური მოძრაობა" ამ სახალხო პარტიის ნაწილია. ამიტომ, გამოდის, რომ დღეს რიგი ევროპარლამენტარებისა, სწორედ პარტიულ ინტერესებს იცავენ. ჩვენ ვცდილობთ, გავარკვიოთ ისინი ვითარებაში და ავუხსნათ, რომ მიხეილ სააკაშვილი არც ახლა და არც მანამდე დემოკრატი არ ყოფილა. ტყუილად გვიხატავენ სურათს, რომ საქართველოში დემოკრატია ყვაოდა და ახლა ჩვენ ვაფუჭებთ საქმეს. ვიმედოვნებ, უახლოეს მომავალში ყველაფერი გაირკვევა, ბოლოს და ბოლოს, ჩვენი რომელიმე პარტია გახდება IPP-ის წევრი, მაგალითად, შესაძლოა იქ შევიდეს "ქართული ოცნება", შესაბამისად, ვითარება შეიცვლება, "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის პარტიული ინტერესები გაიყოფა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ბერძენიშვილი.
"ნაცმოძრაობას" 9 წელიწადი ჰქონდა იმისთვის, რომ იმ ხალხისთვის თავისი მოსაზრებები მოეხვია თავს, ჩვენ კი ძალიან ცოტა დრო გვქონდა მათთან სალაპარაკოდ. დიდი სამუშაოა ჩასატარებელი, თუმცა, გარწმუნებთ, კომუნიკაციის პრობლემა არ გვაქვს. საქმე ისაა, რომ სახალხო პარტიაში არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ებრძოდა რუსეთს და ამიტომ იყო სასარგებლო, შესაბამისად, ვინც მიშას ეწინააღმდეგება, ყველა რუსეთის მომხრეა. რა თქმა უნდა, ასეთი პრიმიტიული აზროვნება ძნელად დასაძლევია, მაგრამ შეუძლებელი არ არის", - ამბობს რესპონდენტი.
"ვანო აზრზე არ არის, რას ლაპარაკობს. დღეს გვაქვს ასეთი ვითარება: საქართველომ წლების წინ, მაშინ როდესაც ამას არავინ თხოვდა, აიღო ვალდებულება, რომ უმცირესობის ენათა შესახებ ევროპის ქარტიას მოაწერდა ხელს. არ ვიცი, ვანო მერაბიშვილი სად იყო იმ დროს და ვინ რას ეკითხებოდა, მაგრამ ეს ვალდებულება მიხეილ სააკაშვილმა დაიკისრა. შესაბამისად, ახლა ჩვენ გვაქვს ვალდებულება ევროსაბჭოს მიმართ. მიუხედავად ამისა, ამ წუთში არაფერი ხდება, ამგვარი მოთხოვნა პარლამენტში არ შემოსულა. პარლამენტში ამგვარი მოთხოვნა არ შემოსულა, მოვიდეს ვანო მერაბიშვილი, ან ნუგზარ წიკლაური გამოგზავნოს და მოძებნონ ამგვარი დოკუმენტი. დიახ, არსებობს ხალხი, ვისაც უნდა რეგიონული ენის სტატუსი ჰქოდეს სომხურს და აქ გასაკვირი არაფერია, მე რომ სომეხი ვიყო და ჯავახეთში ვცხოვრობდე, მეც მენდომებოდა, მით უფრო, თუ ამგვარ გარანტიას მაძლევს ევროსაბჭო. ერთია, რომ უნდათ, მაგრამ მეორეა, რომ ამის თაობაზე პარლამენტს აღარ მიმართეს. შესაბამისად, ამ საკითხის განხილვა დღის წესრიგში არ დგას", - განაგრძობს ლევან ბერძენიშვილი.
"საქართველოს აქვს აღებული გარკვეული ვალდებულებები, მათ შორის მძიმე ვალდებულებებიც და ამაზე ასე ხელაღებით ლაპარაკი არ შეიძლება. მით უფრო იმ მიზნით, რომ ვანო მერაბიშვილს 19 აპრილამდე სკანდალი სჭირდება ჯავახეთში. ეს საქართველოს საზიანო ლაპარაკია. სასაცილოა, ვანო მერაბიშვილისგან იმის თქმა, წინა ხელისუფლების დროს თურმე რა ძლიერი იყო საქართველოს სახელმწიფოს პოზიციები რეგიონებში. მათი წყალობით ორი რეგიონი დავკარგეთ, ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და გვთავაზობენ, რომ მათი გამოცდილება გავიზიაროთ? მათი გამოცდილება არის: ტერიტორიების დაკარგვა, მთელი მსოფლიოს გადამტერება, ტერორი ქვეყანაში... რა უნდა გვასწავლოს ვანო მერაბიშვილმა _ მკვლელ პოლიციელებს როგორ დავაფაროთ ხელი ან სიკვდილის ბრიგადები როგორ შევქმნათ? საერთოდაც სამარცხვინოა, რომ ვანო მერაბიშვილი აქამდე ციხეში არ ზის. მაგან რა იცის ჯავახეთისა ან საერთაშორისო ურთიერთობისა რა გაეგება?" - განმარტავს რესპონდენტი.
"პარტიის ოფისთან მოგვისიეს ვიღაც იდიოტები და აძახებინეს, არ გვინდა ევროკავშირში შესვლაო, არ უნდათ და ვინ ეხვეწებათ? საქართველოს მოსახლეობის 80%ს უნდა ევროკავშირში და შევალთ კიდეც. რაც შეეხება 19 აპრილს დაანონსებულ აქციას, ვინმეს დაავიწყდა, საქართველოში რა აქციები ტარდებოდა? 2007 წელს 300.000 ქართველი გამოვედით ქუჩაში, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი ძლივს დავამარცხეთ 2012 წელს. თანაც, მარტო აქციები არ ეყო ამ საქმეს... ჩემი პარტია 35 წლის ისტორიას ითვლის, მე როგორც ყოფილი ოპოზიციონერი ვანოს ვურჩევ, მოემზადოს ამგვარი 35-წლიანი ბრძოლისთვის. თუმცა "ნაციონალური მოძრაობა" ვანო მერაბიშვილთან ერთად ვერაფერს მიაღწევს, მათ გაცილებით ინტელექტუალი და საინტერესო ადამიანები ჰყავთ. მაგალითად, დავით ბაქრაძე გაწონასწორებული ადამიანია, მერაბიშვილივით ჯამბაზი ნამდვილად არ არის. 19 აპრილი კი `ნაციონალური მოძრაობისთვის~ წინასწარ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა. ერთხელ ვთქვი, ერთ-ერთ გადაცემაში ვანო "იზ ოვერ" (დამთავრდა) _ მეთქი, მაშინ შევცდი, ამას კიდევ რამდენიმე წელიწადი დასჭირდა, ახლა უკვე ნამდვილად _ "იზ ოვერ!" - დასძენს ლევან ბერძენიშვილი.