,,მე მზად ვარ მხარი დავუჭირო რეგიონალური ენების ევროპული ქარტიის რატიფიცირების საკითხს პარლამენტში“, – აცხადებს ახალქალაქელების მიერ მაჟორიტარ დეპუტატად „ნაციონალური მოძრაობიდან“ არჩეული სამველ პეტროსიანი. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიმართვის წერილი მზადდება. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები განმარტავენ, რომ დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი, რომელიც სომხურისთვის რეგიონალური ენის სტატუსის მინიჭების საკითხს შეეხება, საქართველოს პარლამენტს გაეგზავნება. ინიციატივა ფრაქცია „ქართული ოცნება-რესპუბლიკელების“ წევრებმა 14 მარტს ახალქალაქში გამართულ საკრებულოს სხდომაზე განიხილეს. ამასთან, პარტია ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ახალქალაქელი წარმომადგენლები ამბობენ, რომ ინიციატივა საკრებულოს სხდომაზე მათთან შეუთანხმებლად გაიტანეს. პარტიის წევრის, არმენ ფარვანიანის, აზრით, საკითხის წამოწევა ნაადრევი იყო და პოლიტიკოსთა მხრიდან ქულების დაწერას ემსახურებოდა.
„ევროპული ქარტია რეგიონალური და ეროვნული უმცირესობების ენების შესახებ“ ევროსაბჭომ ჯერ კიდევ 1992 წელს მიიღო. ორგანიზაციაში გაწევრიანების ერთ-ერთი პირობა ქარტიაზე ხელის მოწერა იყო, რასაც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილი მარტივად, ყოველგვარი დათქმის გარეშე დათანხმდა, - აცხადებს პოლიტოლოგი უჩა ბლუაშვილი. მისივე განმარტებით, ,,ქარტიაში გამოყენებული ტერმინები - აბორიგენი, ავტოქთონი, ეროვნული უმცირესობების ენა და ა.შ. - სხვადასხვა დეფინიციით გამოიყენება. საქართველომ გადაწყვიტა 2005 წელს რომის პაპზე მეტი კათოლიკე ყოფილიყო და კონვენციას ხელი მოაწერა, მაგრამ მაშინ საპროტესტო მუხლი აგორდა ძალიან ძლიერი და ვეღარ გაბედეს ქარტიის რატიფიცირება. ახლა ახალქალაქელი სომხები სწორედ ამას ითხოვენ. არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ აქვს უფლება ქვეყანასა და ერს მოსთხოვს თავისი ეროვნული და სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო რამ. ეს რომ ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, ამის მაგალითი გვიდევს წინ – სამი ავტონომიიდან ორი აგვიფეთქდა და იმ ერთის ასაფეთქებლად ყველაფერს აკეთებდნენ“.
იმ ფონზე, როდესაც ჯავახეთის მოსახლეობის უმრავლესობა სახელმწიფო ენას, ქართულს, ვერ ფლობს, ეროვნულ უმცირესობათა ენების ევროპული ქარტიის რატიფიცირებას არასასურველად მიიჩნევს საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ვან ბაიბურთი. მისი თქმით, ,,გამოდის, რომ სპეციალურად ვიღებთ ამ კანონს, რომ შეჩერდეს ქვეყანაში ქართულის, სახელმწიფო ენის, სწავლა.“ ვან ბაიბურთის აზრით, ქარტიის რატიფიცირება მას შემდეგ უნდა მოხდეს, რაც სახელმწიფო ენას ეროვნულ უმცირესობათა 30-40% მაინც ისწავლის. ამასთან, პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრობს, რომ ქარტიის რატიფიცირება სეპარატიზმის წახალისებას არ გამოიწვევს. თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ვან ბაიბურთს დაუსვეს შეკითხვა ევროპული ქარტიის რატიფიცირების თემის გააქტიურებაში ვაჰაგან ჩახალიანის შესაძლო მონაწილეობის შესახებაც. როგორც გაირკვა, ვან ბაიბურთს პრეზიდენტისა და „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებული პოზიცია აქვს და გაზეთ „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებულმა ინტერვიუმ დაარწმუნა, რომ ჩახალიანი საქართველოს პატრიოტია.