მელიას მუქარა და ულტიმატუმი ოპოზიციას-„ვინც ამ ბრძოლაში ჩაერთვება - ჩაერთვება, ვინც არა, ამ არჩევნებს გამოტოვებს“

მელიას მუქარა და ულტიმატუმი ოპოზიციას-„ვინც ამ ბრძოლაში ჩაერთვება - ჩაერთვება, ვინც არა, ამ არჩევნებს გამოტოვებს“

ადგილობრივ არჩევნებამდე 3 თვეა დარჩენილი და ჯერაც უცნობია, ოპოზიცია ბრძოლის რა ტაქტიკას აირჩევს - ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძვის გაერთიანებული ძალებით თუ ყველა პარტია ბრძოლას დამოუკიდებლად განაგრძობს. სანამ ოპოზიცია საბოლოოდ ჩამოყალიბდება, რა უნდა, „ნაციოანლური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია მუქარის ტონით მოუწოდებს ოპოზიციას გონს დროზე მოეგონ და ერთიან სამოქმედო გეგმაზე იფიქრონ - „ის პარტია, რომელიც პარტიულ ინტერესებს უფრო მაღლა დააყენებს, არჩევნების მიღმა დარჩება!“ რაზე საუბრობს მელია ჯერ უცნობია. რა უნდა იყოს ეს გეგმა, თუ არა ისევ ე.წ. „ფანჩატურის“ გარშემო გაერთიანება, რომლის მსგავსი 7 თვის წინ უკვე ვიხილეთ? ამ გაერთიანებამ კი პატარა პარტიები ისე დააზიანა, რომ ახლა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე კი არა „ოცნების“ 43%-ზე ლოცულობენ. ხელახალი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, პარლამენტში შესვლის შანსი მხოლოდ სამ პარტიას შეიძლება ჰქონდეს - „ნაციონალებს“, „ოცნებას“ და გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“.

„ოპოზიცია იქნება იმ ბრძოლაში, რომელიც შედეგს დადებს. ოპოზიცია იქნება იმ ბრძოლაში, რომელიც ამ ქვეყანას მოუტანს ვადამდელ არჩევნებს მომავალი წლის გაზაფხულზე, რისი მეშვეობითაც შეიცვლება აღმასრულებელი ხელისუფლება, საპარლამენტო ხელისუფლება და შეიცვლება სასამართლო ხელისუფლებაც“, - ირწმუნება ნიკა მელია და უახლოეს დღეებში მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით, კონკრეტულ გადაწყვეტილებებს აანონსებს.

„ვინ იქნება, რომელ ქალაქში, რა კონფიგურაციით, ეს ძალიან მალე, მაქსიმუმ ერთ კვირაში გადაწყდება და ყველა პარტია მიიღებს თავის კონკრეტულ გადაწყვეტილებას. ოპოზიცია იქნება ძალიან მართალ ბრძოლაში ქართველ ხალხთან ერთად. როგორც გლდანში ვიყავი დარწმუნებული, სადაც კენჭს ვიყრიდი, რომ გავიმარჯვებდი და გავიმარჯვე, ასე იქნება ახლაც. სასურველს რეალობად არ ვასაღებდი, მქონდა ემპირიული ინფორმაცია, გამოცდილება მიღებული, ვიცოდი, რომ თუკი ოპოზიცია იქნებოდა მოწოდების სიმაღლეზე, გამარჯვება იქნებოდა გარდაუვალი და ასეც იყო. იგივე განცდა, იგივე ინფორმაცია, იგივე პრაქტიკული ცოდნა მაქვს და ვიცი, რა არის გასაკეთებელი. ეს იცის ოპოზიციის დიდმა ნაწილმა.

„ქართული ოცნება“ დამარცხდება, 43% არის მიუღწეველი „ქართული ოცნებისთვის“, თუ ოპოზიციამ არ დაიძინა და უარი არ თქვა ბრძოლაზე. მერწმუნეთ, რომ ოპოზიცია არ აპირებს ფარ-ხმალის დაყრას. პირიქით, გამარჯვებას აპირებს. მისი ჯანსაღი ნაწილი იქნება იმ ბრძოლაში, რომელიც დასრულდება სხვებთან ერთად, ქართველ მოსახლეობასთან ერთად გამარჯვებით“, - განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, გამოჩნდება ადამიანთა ჯგუფი, ვინც ითავებს ლიდერობას და ბრძოლის ავანგარდში ჩადგება.

„მე ვიქნები იმ ბრძოლაში, რომელიც შედეგს მოუტანს ამ ქვეყანას! ერთი რამ შემიძლია ზუსტად გითხრათ, უახლოეს დღეებში კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღება და ბრძოლა დაიწყება. ვინც ამ ბრძოლაში ჩაერთვება - ჩაერთვება, ვინც არა, ამ არჩევნებს გამოტოვებს. ვიწროპარტიული ინტერესებიდან ყველა უნდა გამოვიდეს. ვინც ვერ გამოვა ვიწროპარტიული ინტერესებიდან, ის პარტია ძალიან მძიმე შედეგებს მოიმკის საკუთარი თავისთვის. დარწმუნებული ვარ, ასეთი პარტია ძალიან ცოტა იქნება. ქართველ ხალხს ნამდვილად არ აინტერესებს ოპოზიციურ ველზე ვინ ვის ექიშპება, ვინ ვის მიმართ რა კომენტარს აკეთებს, ვინ ვის საქმიანობას და ქმედებას აფასებს. ხალხს ის აინტერესებს, რას ვთავაზობთ და რა ბრძოლში შევდივართ. გამოჩნდება ადამიანთა ჯგუფი, ვინც ითავებს ლიდერობას და ბრძოლის ავანგარდში ჩადგება. 3 ადამიანი რომ ჩადგეს და 17 სახლში წავიდეს, ეს 3 ადამიანი მოიგებს საქართველოს მოსახლეობასთან ერთად. ის 17 დაიხურავს ქუდს და წავა სახლში“, - განაცხადა მელიამ.

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ეს არ არის მელიას რიტორიკა. ის არ არის ის პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც შეუძლია, სრულიად ოპოზიციას ამ ტონით ელეპარაკოს. მელია მიხეილ სააკაშვილის დავალებით ოპოზიციას ულტიმატუმის და მუქარის ენით ელეპარაკება, რაც განწირული სააკაშვილის ლექსიკაა, რომელსაც მელიას პირით ახმოვანებს.

„სააკაშვილი რამდენიმე მარტივ მოცემულობას ხედავს. მე-10 მოწვევის პარლამენტი შედგა. იქნებიან იქ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები თუ არა, ეს პარლამენტი ასე თუ ისე მუშაობს და მრავალპარტიულია. ამ საპარლამენტო ცხოვრებას რამდენიმე პარტიული სუბიექტი უკვე კარგად შეეგუა. მათ ეს ვითარება 2024 წლამდე რომ გაგრძელდეს, სრულიად აწყობთ. განსხვავებით „ნაციონალებისგან“, რომელსაც იქამდე მოთმენა არ უნდა და ისევ ხელისუფლებაში დაბრუნება ეჩქარება.

„სტრატეგია აღმაშენებლს“, „მოქალაქეებს“, „გირჩს“, ალბათ „ლელოსაც“ საერთოდ არ უნდა უნდოდეს, რომ „ოცნებამ“ 43%-ზე ქვემოთ აიღოს. პატარა პარტიებმა ამ ეტაპზე თავისი პოლიტიკური განვითარების მაქსიმუმი დადეს, კარგად იციან, რომ ახალი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, პარლამენტში ვეღარ მოხვდებიან. სწორედ ამის გამო მელიას დახმარებით სააკაშვილი მათ ემუქრება. ამ ხალხს მონები და მოღალატეები უწოდა და ახლა ისევ ახალ ფანჩატურაში შეყრას უპირებს“,-ამბობს ქართველიშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, სააკაშვილი პატარა პარტიებს საერთოდ არ უყურებს დამოკიდებელ პოლიტიკურ მოთამაშეებად და მიიჩნევს, რომ ეს ადამიანები მხოლოდ მისი ჩრდილის ქვეშ უნდა იყვნენ. მელია პატარა პარტიებს პირდაპირ ეუბნება, რომ თქვენი ამომრჩეველი „დაიკიდეთ“ და უკან ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის დაგვეხმარეთო.

რა სახის საარჩევნო ტაქტიკაზე ან გეგმაზე შეიძლება ნიკა მელია საუბრობდეს, ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძისთვის გაუგებარია. ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ 7-თვიანი ბოიკოტის და გაუაზრებელი ტაქტიკის შემდეგ წარმოუდგენელია, პატარა პარტიები ისევ „ნაციონალების“ ფრთის ქვეშ გაერთიანდნენ. მით უმეტეს თუ ადგილობრივ არჩევნებში ერთ ბლოკად წარსდგებიან, ეს ყველაზე მეტად ხელისუფლებას აწყობს, რადგან ასეთ შემთხვევაში „ნაციონალებთან“ მარტო დარჩენილი „ოცნება“ ყოველთვის იგებს.

„დავსხდებით და მოვილაპარაკებთო, ცოტა გაუგებარია მელია რას გულისხმობს. რაზე შეიძლება მოილაპარაკონ, ბუნდოვანია. აქ რამდენიმე მიმართულების პრობლემაა. ამ არჩევნებში არის პროპორციული სისტემა, მაჟორიტარები და ქალაქის მერების არჩევა ხდება. სამივეზე შეთანხმება მთლიანად ოპოზიციას ძალიან გაუჭირდება. ამასთანავე, თავად „ნაციონალური მოძრაობა“ რაზეა წამსვლელი და რისი დამთმობია, ესაა საინტერესო. ენმ თუ ქალაქის კანდიდატებს დათმობს, ეს მისთვისაც პრობლემა იქნება. ამასთანავე, გააჩნია, მელია გაერთიანების რა ფორმაზე ლაპარაკობს - იქნება ერთიანი ბლოკი, ცალკეულ რეგიონებში გარკვეული დაჯგუფებები თუ რაზე შეიძლება მოილაპარაკონ, ვერ გავიგე. ამ არჩევნებს ბევრი მიმართულება აქვს და ყველა ეს გასათვალისწინებელია. ფაქტია, რომ გიროგი გახარია და მისი პარტია „ნაციოანლებთან“ არანაირ ალიანსში არ შევა, ისევე, როგორც. „სტარტეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“, „მოქალაქეები“. ამიტომ არ მგონია, ერთიანი ბლოკის შექმნა მოხდეს“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.

Aburjga Tasmanieli ვინც მელიას ემხრობით ყველამ ვარდისფერი ტრუსი და მაისური ჩაიცვით, ფეხზეც სასურცველია ვარდისფერი ნაიკის ჩუსტიკები ჩაიცვათ! ნომრებსაც თუ დაიწერთ კიდევ უკეთესი!
3 წლის უკან