„თამარ ჟვანიას გადადგომა იყო „ქართული ოცნების“ თამაშის ნაწილი. გადადგა მაშინ, როდესაც იყო შეთანხმება, როდესაც ხელშეკრულებაში ჩაიწერა რეფორმა. ერთ-ერთი ფაქტორი იყო, ჟვანიას გადადგომით შეექმნათ ახალი ეფექტი. მისი გადადგომა არაა მნიშვნელოვანი, საინტერესოა ის, ახალი ჟვანია ხომ არ დაინიშნება, ამასთან, რამე შეიცვლება თუ არაფერი შეიცვლება?!“ - ასე აფასებს ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი For.ge-სთან ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომას.
როგორ ფიქრობთ, რა შეიცვლება თამარ ჟვანიას გადადგომით და ხომ არ იყო ეს გადაწყვეტილება დაგვიანებული?
- არა ჟვანიაში, არამედ პოლიტიკაშია პრობლემა. ჟვანიასნაირი ადამიანები „ქართულ ოცნებაში“ ყოველთვის მოიძებნებიან. როგორც წესი, საქართველოში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ იყო მიუღებლობა, რადგან ყველა ემსახურებოდა არსებულ რეჟიმსა და მმართველ სისტემას. ვხედავთ, თავხედურად როგორ არღვევს „ქართული ოცნება“ სასამართლო რეფორმის მიმართულებას. წარმატება იქნება იმ შემთხვევაში, თუ ნეიტრალური ადამიანის არჩევა მოხდება ამ თანამდებობაზე. ჟვანიას წასვლით პროცესი კი არ დასრულდა, დაიწყო.
თქვენი აზრით, ეს ხომ არ იქნება ერთგვარი საფუძველი იმისა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწეროს?
- „ნაციონალურ მოძრაობას“ არ სჭირდება მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა. „ნაცმოძრაობა“ თავისთავად პოზირებს, როდესაც მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს. როგორც კი ხელს მოაწერს, აღმოჩნება, რომ ის ისეთივე ბანალური პარტიაა, როგორადაც ის სხვებს უყურებდა. ახლა კი დაგვამადლეს შესვლა. თუკი დოკუმენტს ხელს მოაწერს, აღმოჩნდება, რომ სხვაზე უკეთესები არ არიან და ამით თავის ამომრჩევლის თვალში ჩამოლაბორანტდებიან.
„ნაციონალური მოძრაობა“ თავიდანვე უნდა შესულიყო პარლამენტში და არა ახლა, ისე აღმოჩნა, რომ შევიდა ყველაზე ბოლოს. ეს მათ იმიჯს უფრო დააზარალებს, ვიდრე გაზრდის. თუ დოკუმენტს ხელს მოაწერენ, დასაცინი და მოწყვლადი გახდებიან „ქართული ოცნების“ მხრიდან.
რამდენად მოსალოდნელია, მთავრობის ყოფილი მეთაურის, გიორგი გახარიასა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ალიანსი?
- ეს ალიანსი არა გიორგი გახარიას, არამედ მიხეილ სააკაშვილს სჭირდება. იმიტომაც ჩავიდა ვაშინგტონში და გამოჩნა გახარიასთან. დარწმუნებული ვარ, სააკაშვილმა ეს შეგენებულად გააკეთა, შეექმნა ილუზია მის ამომრჩეველში, რომ ოპოზიციის ლიდერი ის არის და გახარიასაც კი ითრევს. სალაპარაკო გაუჩინა „ქართულ ოცნებას“. სააკაშვილი თამაშობს „ქართული ოცნების“ თამაშს. მისცა საბაბი არშემდგარი ფაქტი ექცია შემდგარ ფაქტად.
გახარიას სჭირდება მესამე ძალის პროექტი, რომ ის განსხვავებულია, - არც ივანიშვილია და არც სააკაშვილი...
და, შეძლებს გახარია მესამე ძალის ფორმირებას?
- მან, გარკვეულწილად, ეს შეძლო. მისი მაქსიმუმი არის 7-8%. ეს არაფერია მისთვის, მაგრამ ბევრი არის „ქართული ოცნებისთვის,“ რადგან ეს მისთვის შესაძლოა საბედისწერო იყოს. გახარიას ფაქტორი არის მესამე ძალის ილუზია. თუ დავრწმუნდით, რომ ისინი მართლაც შეხვდნენ ერთმანეთს, ეს ძალიან დიდი დარტყმა იქნება გახარიასთვის. გახარიას არაფერში სჭირდება სააკაშვილთან ალიანსი.
საუბარია ბიზნესმენ თემურ ჭყონიას კანდიდატურაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან თბილისის მერობის კანდიდატად. როგორ ფიქრობთ, რა ნიშნით შეირჩა იგი?
- ვინ შეძლებს დღეს დააზიანოს კალაძის ავტორიტეტი და ვერ გაიმარჯვოს პირველ ტურში - სწორედ ამ ნიშნით შეირჩა ჭყონია. კალაძე პირველივე ტურში გაიმარჯვებს აუცილებლად, რადგან დედაქალაქის პოპულარული მერი არის. კალაძე ცდილობს არ აითქვიფოს და არ აიზილოს „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში. იშვიათად აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს და ისიც, საკმაოდ ნეიტრალურს. არ უსრიალდება ფეხი ირაკლი კობახიძის ცინიზმისაკენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანაა, კალაძე დააზიანონ და გამაოგნებელ წარმატებას არ მიაღწიოს, ანუ კალაძემ არ აიღოს 80% და დანარჩენმა პარტიებმა 20%, რაც კატასტროფა იქნება ოპოზიციისთვის და განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობისთვის.“
ჭყონიას კანდიდატურით შეიძლება შეესუსტებინათ კალაძის გამაოგნებელი გამარჯვების ტრიუმფი, თუმცა, რაში სჭირდება ჭყონიას ეს, როდესაც წარმატებული ბიზნესმენია? თუ ჭყონია ამაზე წავიდა, „ქართული ოცნება“ აუცილებლად დაიწყებს მის ჩაძირვას.
რამდენად არის შესაძლებელი, კახა კალაძე გადაიხაროს გიორგი გახარიასკენ?
- არჩევნებამდე გამორიცხულია და არჩევნების შემდეგ ვნახოთ, სიტუაცია როგორ დალაგდება. ეს შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ ვერ აიღებს 43%-ს და დადგება ვადამდელი არჩევნების აუცილებლობა. მეორე - თუ კალაძე წარმატებით გავა, მაგრამ „ქართული ოცნება“ ვერ აიღებს 43%-ს ამის ფონზე, თუ ჩამოიშლება „ქართული ოცნება“ და კალაძე დარჩება წამყვან მონოლითად „ქართული ოცნებიდან,“ არ არის გამორიცხული მან მოინდომოს გახარიასთან გაერთიანება და შეკრან „ქართული ოცნება 2“.
გამოდის, რომ 43%-ის ვერ აღება, შესაძლოა გახდეს „ქართული ოცნების“ ჩამოშლის საფუძველი?
- რა თქმა უნდა, ასეა. თუ 43%-ს ვერ აიღებენ, ვადამდელი არჩევნები ჩატარდება. მიკვირს, როგორ დათანხმდა ამას „ქართული ოცნება.“ ეს მოხდა მაშინ, როდესაც გიორგი გახარია უკვე წასული იყო.
და რატომ დათანხმდა?
- დასავლეთის ზეწოლის შედეგად, ეს მოხდა მაშინ, როდესაც კობახიძე და კუჭავა იყვნენ ამერიკაში, - ამერიკელებმა „ქართულ ოცნებას“ ტყავი გააძრეს.