ცესკოს თავჯდომარე თამარ ჟვანია ყველასათვის მოულოდნელად თანამდებობიდან გადადგა, ამის შესახებ მან საზოგადოებას სოციალური ქსელით ამცნობა.
„მსურს, საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივიღე გადაწყვეტილება, 2021 წლის 1-ელი ივლისიდან აღარ გავაგრძელო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილება, რაც მისცემს საშუალებას პოლიტიკურ მხარეებს განახლებული საარჩევნო კოდექსის საფუძველზე აირჩიონ ცესკოს თავმჯდომარე.
იმის მიუხედავად, რომ კანონმდებლობით კიდევ ორ წელზე მეტი შემეძლო გამეგრძელებინა ადმინისტრაციაში საქმიანობა, მიმაჩნია, რომ შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე მიღებულმა საარჩევნო რეგულაციებმა ახალი რეალობა მოიტანა. შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახალი წესით არჩევა იქნება დამატებითი, ხელშემწყობი ფაქტორი ფართო პოლიტიკური თანხმობისთვის...“, - დაწერა თამარ ჟვანიამ.
რატომ მიიღო ცესკოს თავმჯდომარემ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება, უკავშირდება თუ არა მისი გადაწყვეტილება ახალი საარჩევნო რეფორმის მიღებას, for.ge-ის ამ კითხვებს მმართველი გუნდის წევრი ალუდა ღუდუშაურმა უპასუხა.
ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას უკავშირებთ თუ არა ახალი საარჩევნო რეფორმის მიღებას?
- თამარ ჟვანია არჩეული იყო, შესაბამისად მისი გადაწყვეტილება აბსოლუტურად დამოუკიდებელი იყო. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მის განცხადებაში ყველა კითხვაზე ამომწურავად არის პასუხები გაცემული.
მის შემცვლელად უკვე სახელდება სხვადასხვა პირი, მათ შორის არის ექსპერტი ლადო ბოჟაძეც. თქვენ თუ ფლობთ ამის შესახებ ინფორმაციას?
- წარმოდგენა არ მაქვს, ნამდვილად არ ვიცი.
არჩევნების შემსწავლელი კომისიაში ხმების გადათვლა მოხდა, არის გადაცდომები?
- არ ყოფილა ისეთი დარღვევა, რომელსაც შეეძლო არჩევნების შედეგზე რაიმე ზეგავლენა მოეხდინა. მხოლოდ ტექნიკური ხასიათის დარღვევებია.
თამარ ჟვანიაც დაიკითხა და რატომღაც ისე დაემთხვა მისი გადადგომა და რაიმე კავშირში ხომ არ არის ეს ორი საკითხი ერთმანეთთან?
- არანაირ კავშირში არ არის, პირიქით თამარ ჟვანიას ერთი მხრივ მადლობა, მეორე მხრივ კი, იმ პირებისგან ვინც შეურაცხყოფას აყენებდა, ბოდიშის მოხდა ეკუთვნის.
ახალი საარჩევნო რეფორმის ფონზე, ახალი ცესკოს თავმჯდომარის არჩევა როგორ მოხდება?
- ახალ თავმჯდომარეს ძირითადად ფუნქციები იგივე ექნება. ცვლილება არის მხოლოდ კომისიის წევრების რაოდენობასთან დაკავშირებით. ეს იქნება ღია, გამჭირვალე პროცესი, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ცესკოს კანდიდატს წარმოადგენს. პრეზიდენტს ახალი თავმჯდომარის კანდიდატის წარსადგენად ათი სამუშაო დღე აქვს.
ასევე მინდა გკითხოთ „ნაციონალურ მოძრაობაზეც“. ამ პარტიის წევრების საპარლამენტო თანამდებობებს ითხოვენ, რამდენად მართებულად მიგაჩნიათ მათი ეს მოთხოვნა?
- აღარ ვითხოვთო. მათი საქციელი ძალიან სამარცხვინოა.
თუმცა, ხომ არსებობს ოფიციალური განცხადება, სადაც ნათლად ჩანს, რომ მათ კომიტეტების წევრობა სურთ...
- მათი მხრიდან არათანმიმდევრული ნაბიჯები არ მიკვირს. განცხადების განხილვის შემდეგ, მათი ფრაქციის თავმჯდომარემ უნდა დააფიქსიროს აზრი.