„თუ არ გავიზიარებთ არც თუ უსაფუძვლო ვარაუდს, რომ გახარია სხვის დავალებას ასრულებს, რათა „ოცნებას“ ხმები გაუყოს და როგორმე ხელი შეუშალოს 43%-იანი ბარიერის ფაქტიურად გარანტირებულ დაძლევაში, ძნელია მის გადადგომასა თუ შემდგომ ქმედებებში რაიმე ლოგიკის, რაიმე რაციონალობის პოვნა.
ეს მის მხარდამჭერებს სულაც არ აღელვებთ, რადგან მისი მიმდევრები გახარიას ქარიზმის ხიბლში არიან და მათთვის არა აქვს არსებითი მნიშვნელობა რაიმე რაციონალობას.
საქმე გვაქვს ახალი ტიპის -„გ“, უფრო სწორედ „გა“ კატეგორიის ქარიზმასთან, რასაც „გა- ხარიზმი“უნდა ვუწოდოთ, გახარიათი მოხიბლულებს კი „გა ხარიზმისტები“, ე.ი. გახარისტები..
ქართულ პოლიტიკაში მანამდე იყო „ა“ და „ბ“ კატეგორიის ქარიზმები. ეს, მესამე, როგორც აღვნიშნე, „გა“ - კატეგორიისაა.
აი „ა“ კატეგორიის ქარიზმა - ზვიადიზიმია, ე.ი. - „ზვიადი, დიადი, მარადი, ბუმბერაზი და სხვ. და ა.შ.“ მოკლედ - „ზვიადიზმი“ ქარიზმატიულობის კლასიკაა და მისი მთავარი ნიშანი ობიექტურადაც უდავო ეროვნული ლიდერის პიროვნული ხიბლის უსაშველოდ გაზვიადებაა. ერთის, რაც მართლაც პოზიტიურია და კარგია, შესაძლოა - საუკეთესოც, ათასად დანახვა და ათასისისა - მილიონად, სამაგიეროდ - იმ ათასისა, რაც აშკარად ცუდია, საერთოდ ვერ დანახვა ან იგნორირება...
აი „ბ“ კატეგორიის ქარიზმა - მიშიზმია. ეს გახლავთ მთლიად ნეგატიურობიდან ამოზრდილი, საპროტესტო- ნიჰილისტური, უარისმყოფლობით შთაგონებული, რევოლუციური „მოღვაწის“ქარიზმა - რასაკვირველია, მიშიზმი შევარდნაძით გადაღლილობასა და უარესიც: ყელშიამოსულობაზე რეაქციაა, მაგრამ არა რაციონალური, არამედ - აფექტური. მისი არსი „ა“ კატეგორიის კლასიკური ქარიზმისგან განსხვავებით კარგის გაზვიადება კი არა, არამედ - სწორედაც რაც შეიძლება ცუდით იმ თითქოსდა რაციონალობის, რასაც შედეგი არა და არ მოაქვს (შევარდანაძე უშედეგო, არაძალმოსილი, მასხრად ასაგდებიც კი, „ფუჭი რაციონალობის“ კლასიკაა) წინააღმდეგ ამბოხია, გადარევა და აცეტებაა, მიშათი, ე.ი. დაცენტრილით დაცენტვრაა და მისი თუ საკუთარივე დაცენტრილობით მოხიბვლა... რასაკვირველია, გარეგნულად ეს "ბ" კატეგორიის ქარიზმა "ა" კატეგორიისასაც წააგავს, მაგრამ მხოლოდ გარეგნულად. სინამდვილეში მათ შორის დიდი უფსკრულია და აქ მიშასა და ზვიადის მსგავსებაზე ჰამლეტის შედარება უნდა გავიხსენოთ: "ის ისევე გავს მამაჩემს, როგორც სატირი იუპიტერსაო".
„გ“ კატეგორიის ქარიზმა, რაც არ უნდა საოცარი იყოს - გახარიათი, როგორც რაციონალობის „იდეალური“ სახით, მოხიბვლაა. გახარია, როგორც ლიდერი ქმნიდა სწორედაც რაციონალობის თვალწარმტაც ხატებას და გამაოგნებელია, რომ აბსოლუტურად ირაციონალური გადადგომით დაასრულა. ხიბლი, რაც მან, ცხადია, ბევრისთვის დატოვა, მის მომხრეებში გახარიას შეუმცდარობის მითს ამკვიდრებს. ის, რაც რაციონალურ ახსნას არ ექვემდებარება, - გახარიას შეუმცდარობით მართლდება და იხსნება. ცხადია, „გა-ხარიზმა“ „ა“ კატეგორიის, ე.ი. კლასიკურ ქარიზმასაც გავს, რადგან გახარიას მართლაც პოზიტიური პიროვნული თვისებების გაზვიადება ხდება; და ასევე - „ბ“ კატეგორიის ქარიზმის ელემენტებსაც მოიცავს - რადგან „ოცნების“ მმართველობით გადაღლილობაზე რეაქციაცაა. მაგრამ ეს რექცია სრულიად ირაციონალურია, ცხადია მიშიზმივით ცეტური არა, მაგრამ მოჩვენებითად რაციონალური, რაც სხვას არაფერს - გარდა ფუჭი ილუზიებისა, ვერა ქმნის...
სინამდვილეში - რაციონალობას, რაც „ოცნებას“ უდავოდ ყველაზე გამორჩეულად აქვს, ქარიზმა არათუ არ უხდება, არამედ ხიბლი - რაციონალობისთვის საშიშიც არის. ირაკლი კობახიძე და მისი გუნდი ქარიზმულები ნაკლებ, სულაც არა და შესაძლოა, ანტი- ქარიზმატულებიც კი, არიან და არათუ ხიბლს, არამედ რაციონალობის პირქუშობასაც კი „ასხივებენ“ ჭარბად ზოგჯერ.
მიუხედავად ამისა - რასაკვირველია, გახარისტები მათთვის საფრთხეს მაინც არ წარმოადგენენ, რადგან ეს ეტაპი - ქარიზმებით მოხიბვლა, ქართულ პოლიტიკაში - უდიდესი ალბათობით, უკვე დასრულდა. მისი განმეორება კი ჩემი აზრით ტრაგი-კომიკურად ილუზორული მცდელობა იქნება...
კიდევ ერთიც: ივანიშვილიც იმიტომ წავიდა პოლიტიკიდან, რომ მისგან „დემონური ქარიზმა“ არ გამოეძერწათ, რადგან პოლიტიკაში რომ დარჩენილიყო - არ დაუშვებდა, როგორც წასვლამდე არასდროს დაუშვია - ვინმეს იგი გაეზვიადებინა. ხოლო ეს, არგაზვიადების გაუთავებელი ძალისხმევა, ბიძინასათვის მომაბეზრებელი და აუტანელი აღმოჩნდა...
ასეა: ზოგისთვის პოლიტიკა - რეალობის გაზვიადებაა, ზოგისთვის - პირიქით“.