აშშ-ში გიორგი გახარიას ვიზიტი დასრულდა. როგორც საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ თქვა, „საქართველოსთვის“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციას გამორიცხავს და ეს გადაწყვეტილება მისი პოლიტიკური პარტიის პოზიციაა. თუმცა, ბოლო პერიოდში, აქტიურად მიდის საუბარი ექსპრეზიდენტისა და მთავრობის ყოფილი მეთაურის შესაძლო კავშირზე. ერთი ნაწილი უბრალო დამთხვევას უწოდებს ცნობას იმის შესახებ, რომ გახარია და სააკაშვილი ვაშინგტონში ერთმანეთს შეხვდნენ, ნაწილი ექსპრემიერს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირში ადანაშაულებს.
„მინდა აბსოლუტურად ღიად, ყველას გასაგონად ვთქვა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსს არ და ვერ განიხილავს. ეს არის ჩვენი პოლიტიკური პოზიცია“, - ასეთია გიორგი გახარიას პასუხი.
მას შემდეგ, რაც გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა და საკუთარი პარტია დააფუძნა, მისგან „ქართული ოცნების“ მისამართით ისმის კრიტიკა. მისი თქმით, მმართველი პარტია „უსუსურია“ და პრობლემებს შესაბამისად ვერ უმკლავდება.
მსგავსი პოზიცია და იმ პარტიის ქილიკი, რომლის წევრიც უახლოეს წარსულში გიორგი გახარია იყო, მიუღებელია ანალიტიკოს ამირან სალუქვაძისთვის. მისი თქმით, ზოგადად, საქართველოში, მსგავსი პრაქტიკა არსებობს, ოპოზიციონერად არ ჩაითვლები, თუკი იმ პარტიის კრიტიკა არ დაიწყე, რომელშიც ერთ დროს იყავი.
„ჩემთვის საერთოდ არ არის სასიამოვნო, რაც ხდება. საჭიროება იდგა პოლიტიკაში ახალი ძალების შემოსვლის, მაგრამ ჯერჯერობით, რასაც ვაკვირდები, ჩვენთან პოლიტიკური კულტურა და არასწორი ტრადიციები არის იმის მიზეზი, რომ პროცესები არასწორად ვითარდება. არ მომწონს, როდესაც გამოდიან თავისი დედაპარტიიდან და იწყებენ მის ლანძღავს. თუ ხელისუფლების ლანძღვა არ დაიწყო პარტიამ, ან ამ სახელისუფლებო პარტიიდან გასულმა პოლიტიკოსმა, მას არ უთვლიან ოპოზიციონერობას.
ჩვენ არ გვეუბნებიან, ვინ არიან პოლიტიკურ ველზე, რა ადგილს იკავებენ, - ცენტრისტები არიან, მემარცხენე, მემარჯვენე, რა იდეოლოგია აქვთ და ა.შ. - მე ეს მაინტერესებს. მინდა არჩევანი ამის მიხედვით გავაკეთო და არა იმით, ვინ უფრო ლანძღავს ხელისუფლებას. არ მომეწონა, რომ მისი (გახარიას) გადადგომით, ფაქტობრივად, ჩამოშლის პირას დადგა „ქართული ოცნება“, გამოიწვია დეზორეინტაცია მთლიანად „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის. როდესაც უკვე პროცესის მეორე ეტაპი დაიწყო და „ქართული ოცნება“ კიდევ 5-მა დეპუტატმა დატოვა, მაშინაც შეიქმნა განცდა, თითქოს ეს მიიღებდა ჯაჭვურ რეაქციას და ჩამოშლას დაიწყებდა. არ მსურს წარსულში დაბრუნება და ეს ჩემთვის არის მნიშვნელოვანი. ჯერჯერობით ამ რეალობას, თუნდაც ახალი პარტიის შექმნით, ვერ ვხედავ.
საზოგადოებას უნდა მივცეთ საშუალება ახალი რესურსები გამონახოს. ვადამდელი არჩევნები აწყობს მხოლოდ მოქმედ პარტიებს, ისიც ყველას არა, რადგან ზოგიერთი მოქმედი საპარლამენტო პარტია ვერ გადალახავს ბარიერს. რატომ არის ჩვენთან საშიში, თუ რომელიმე მუნიციპალიტეტში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიგო? - ამ ოპოზიციური პარტიების დაბალი კულტურიდან გამომდინარე, საბოტაჟი იქნება, სადაც ოპოზიცია მოიგებს. დღეს ისეთი სიტუაცია შეგვექმნა, რომ ყველაზე მარგინალური პარტიის წარმომადგენლები, ვგულისხმობ „გირჩს,“ უფრო დავარცხნილად ლაპარაკობენ, ვიდრე ეს უზარმაზარი პარტია, „ნაცმოძრაობა“, თავისი სატელიტებით“, - თქვა ამირან სალუქვაძემ For.ge-სთან.
კითხვაზე, რამდენად არის მოსალოდნელი ვიხილოთ „ნაციონალური მოძრაობისა“ და გიორგი გახარიას ალიანსი, აღნიშნა, რომ ამის შესაძლებლობა არსებობს.
„დავუშვათ, წელს „ქართულმა ოცნებამ“ ვერ აიღოს 43%, შემდეგ წელს ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები და „ოცნებას“ დასჭირდეს კოალიცია, ამ შემთხვევაში ისმის კითხვა, ვის შეუკრავს კოალიციას გიორგი გახარია - „ქართულ ოცნებას“ თუ დანარჩენ, მთლიან ოპოზიციას? ამ კითხვაზე პასუხში გამოჩნდება ყველაფერი, ვის თამაშს თამაშობს. სრულიად შესაძლებელია კოალიცია შედგეს.
უნდა დაიწყოს ელემენტარული კულტურის ჩამოყალიბება პოლიტიკაში, მაგრამ სანამ თავად ექნებათ კომპლექსები, რომ თუ ხელისუფლება არ გალანძღეს, ოპოზიციად არ მიიჩნევიან, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ფსკერზე“, - აღნიშნა ამირან სალუქვაძემ.
მსგავს კოალიციას არ გამორიცხავს ასევე ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია. იგი იმის შესაძლებლობასაც უშვებს, რომ ვიხილოთ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ალიანსი.
„ახალი კონსტიტუციით, საპარლამენტო მოდელის ისეთ პოლიტიკური სისტემა გვაქვს, ერთ პარტიას ეკარგება სრული მონოპოლია, როგორც ეს ადრე იყო. მგონია, რომ ვადამდელი არჩევნები მაინც შედგება და 43%-ს „ქართული ოცნება“ ვერ მიიღებს.
ალიანსური თუ კოალიციური პოლიტიკის კულტურა ახალი სტილია, რასთანაც ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწევს შეგუება. კოალიცია შესაძლოა ისეთმა პოლიტიკურმა პარტიებმა შექმნან, რომ შემდეგ მოხდეს დაპირისპირება სხვადასხვა საკითხზე. როგორც ჩანს, ვაშინგტონში მიდის სერიოზული მუშაობა პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიების არაფორმულურ გაერთიანებაზე, რომლებიც არიან ამერიკულ ვექტორზე ორიენტირებული.
კოალიცია დასჭირდებათ, არ გამოვრიცხავ „ნაცმოძრაობასთან“ კოალიციას, ან „ქართული ოცნებასთან.“ ანდა, ვიხილოთ „ნაცმოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ გაერთიანება. კოალიციური პოლიტიკური კულტურა იქნება ჩვენი პოლიტიკური სისტემის განმსაზღვრელი ფაქტორი, თანაც შემდეგი არჩევნები ჩატარდება წმინდა პროპორციული მეთოდით და ბუნებრივია, კოალიციური მთავრობის იდეა არის ქვაკუთხედი. ყველაფერია მოსალოდნელი“, - თქვა ვახტანგ მაისაიამ For.ge-სთან.