საქართველო უკვე ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე გავიდა!

საქართველო უკვე ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე გავიდა!

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, მაისში ეკონომიკურმა ზრდამ 25.8% შედგინა, რაც შეეხება პირველ 5 თვეს, წინა წელთან შედარებით, მშპ-მა 11.5%-ით მოიმატა. ასეთი შედეგი ყველაზე ოპტიმისტურ სცენარშიც კი წარმოუდგენელი იყოს, მაგრამ დღეს ყველა იმედიანადაა განწყობილი. მთავრობა და ექსპერტთა ნაწილი წლის ბოლომდე ორნიშნა ზრდას ელოდება.

„საქსტატში“ აღნიშნავენ, რომ მშპ-ს ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, სასტუმროები და რესტორნები, მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება.

საკმაოდ დადებითი გაზავნილი გაისმა მთავრობის მხრიდან. ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი უკვე დაუფარავად აცხადებს, რომ წლიურ ჭრილში ორნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდება.

„მაისში დაფიქსირებული 25.8%-იანი ზრდა მიანიშნებს, რომ ეკონომიკური ზრდის დინამიკა პოზიტიური სცენარით მიმდინარეობს, რომელიც წლიურ ჭრილში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას გულისხმობს“, - განაცხადა ხუციშვილმა.

ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე „საქსტატის“ მიერ მაისში ეკონომიკის ზრდის შესახებ გავრცელებულ მონაცემებს გამოეხმაურა და საკმაოდ პოზიტიური პროგნოზი გააკეთა. მისი აზრით, ეკონომიკური ზრდის უკვე მიღწეული და მოსალოდნელი მაღალი ტემპი განპირობებულია, ერთი მხრივ, მთავრობის თანმიმდევრული და დაბალანსებული ანტიკრიზისული და პოსტკრიზისულ ღონისძიებებზე მიმართული მაკროეკონომიკური პოლიტიკით, მეორე მხრივ კი, ბიზნესის აქტიურობით და საქმიანობის მასშტაბების გაფართოებით.

„ბოლო თვეებში, პრაქტიკულად, ისეთი ეკონომიკური ზრდაა მიღწეული, რომ ჰიპოთეტურადაც რომ დავუშვათ წლის დარჩენილ ყველა თვეში ნულოვანი ზრდა წინა წლის შესაბამის თვესთან, 2021 წელს ჩვენ მაინც გვექნება არანაკლებ 6.5-პროცენტიანი, რეალურად კი დასახელებულზე გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდა. განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა საკუთარ ადრინდელ პროგნოზებში სერიოზული კორექტივები შეიტანეს მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკის დინამიკაზე ზრდის მიმართულებით“, - აღნიშნა არჩვაძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ჭარაია კი დარწმუნებულია, რომ საქართველო შეძლებს პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნებასა და რეფორმების ახალი ტალღის დროულ განხორციელებას.

„ამ ეტაპზე რთულია წლის ბოლომდე ეკონომიკური ზრდის ზუსტი პროგნოზის გაკეთება, თუმცა თუ კოვიდ-პანდემიამ ახალი სირთულეები არ გაგვიჩინა, შეიძლება ითქვას, რომ ჯერ კიდევ გვაქვს „ჯოკერი“ შემონახული ტურიზმის სახით. ტურიზმს, რომელიც ამ წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში საკმაოდ სუსტად ეხიდებოდა ეკონომიკას, აქვს ყველანაირი შესაძლებლობა მინიმუმ ზაფხულის თვეების განმავლობაში უზრულველყოს დამატებითი მუხტი ქართული ეკონომიკისათვის, რაც ორნიშნა ზრდის შენარჩუნებისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება.

უფრო მეტიც, თუ საქართველო შეძლებს პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნებას და რეფორმების ახალი ტალღის დროულ განხორციელებას, სავსებით რეალისტურია ორნიშნა ან მასთან მიახლოებული ეკონომიკური ზრდის პოსტ-პანდემიურ პერიოდშიც შენარჩუნება“, - განაცხადა ჭარაიამ.

საკმაოდ იმედიან განცხადებას აკეთებს ანალიზისა დაპროგნოზების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძეც. ის მიიჩნევს, რომ ქართულმა ეკონომიკამ პანდემიურ კრიზისს თავინამდვილად დააღწია.

„უკვე თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ეკონომიკამ თავი დააღწია პანდემიურ კრიზისს და დაიწყო სწრაფი აღდგენა. ამის დასტურია ჯერ აპრილის 44.8%-იანი და შემდეგ მაისის 25,8%-იანი ზრდა, 5 თვის საშუალო მაჩვენებელმა კი 11.5% შეადგინა, რაც აღემატება მთავრობისა და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის საპროგნოზო მაჩვენებლებს.

მაისში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მაღალია არათუ მხოლოდ 2020 წლის მაჩვენებელზე, არამედ 8%-ით აღემატება 2019 წლის მონაცემებს, პირველი 5 თვის საშუალო მაჩვენებელი კი 5 პროცენტით აჭარბებს 2019 წლის მაჩვენებლებს. ეს ცალსახა ილუსტრირებაა იმისა, რომ მთავრობისა და ბიზნესსექტორის კოორდინირებულმა მუშაობამ შედეგი გამოიღო და ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა გადააჭარბა პანდემიამდე არსებულ ვითარებას“, - აღნიშნა ანგურიძემ.