რატომ ვერ შეძლო „ლელომ“ ლელოს გატანა?

რატომ ვერ შეძლო „ლელომ“ ლელოს გატანა?

ლელოს გაიტანს, ნიშნავს, რომ მიზანს მიაღწევს, თავისას გაიტანს, გაიმარჯვებს. დიახ! სწორედ ასეთი შემართებით და პათოსით დაიწყო არსებობა ორი წლის წინ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის შექმნილმა პარტიამ „ლელო.“ სიტყვა „არსებობა“ შემთხვევით არ გამოგვიყენებია. პარტია, რომელიც პოლიტიკურ არენაზე შემოვიდა ალტერნატიული „მესამე ძალის“ პრეტენზიით და ამბიციით, დღეს უბრალოდ არსებობს. დიახ, სწორედაც რომ „არსებობს“ ისე, როგორც ქვეყანაში მოქმედი უამრავი სხვა პარტია. „ლელომ“ არათუ ვერ შექმნა ორი მეინსტრიმული პარტიის - „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ალტერნატივა, ის გადაიქცა „ნაცმოძრაობის“ სატელიტ პარტიად და დღეს საზოგადოების უმრავლესობისათვის სწორედ ასეთად აღიქმება.

„ლელოს“ ქეისი იმითაც არის საინტერესო, რომ კარგად აჩვენებს, თუ რა შეიძლება აჭამო და გადააყლაპო ჩვენს ამომრჩეველს და რა ვერა. „ლელოს“ პრობლემაც სწორედ ის გახლავთ, რომ მათ ეგონათ, ამომრჩეველი ვერ მიხვდებოდა, თუ სინამდვილეში რატომ მოვიდა პოლიტიკაში ხაზარაძე-ჯაფარიძის დუეტი, რატომ მივიდნენ მათთან ის ხალხი, ვინც დღეს „ლელოს“ ბირთვს შეადგენს. „ლელოს“ ეგონა, რომ ადვილად აყლაპებდა ამომრჩეველს, ე.წ. „მარშალის გეგმას“. არჩევნების შედეგებმა კი აჩვენა, რომ ამომრჩეველი „საპნის ბუშტებს“ და ბლეფს ასე იოლად მაინც არ ყლაპავს. სხვათა შორის, საარჩევნო კლიპებში „ლელო“ ირწმუნებოდა, რომ 250,000 რეგისტრირებული მხარდამჭერი ჰყავდა. ეს რომ სინამდვილე ყოფილიყო და არა ბლეფი, და არჩევნებზე 250,000-ს ნახევარსაც რომ მიეცა ხმა „ლელოსთვის,“ პარტია მეტ მანდატს მიიღებდა. თუმცა, ასე არ მოხდა და ვერც მოხდებოდა. შესაბამისად, „ლელოს“ რომელმაც სხვადასხვა წყაროს ცნობით, საკმაოდ დიდი ფული ჩადო არჩევნებში, სხვა რა დარჩენოდა გარდა იმისა, რომ ეყვირა „ტოტალურ გაყალბებაზე“?!

„ლელოს“, რა თქმა უნდა, ჰქონდა შანსი, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალის სახე და სტატუსი შეენარჩუნებინა, ნორმალურად შესულიყო პარლამენტში და ის ოთხი სადეპუტატო მანდატი მაქსიმალურად გამოეყენებინა პარტიის გაძლიერება-განვითარებისათვის. თუმცა პარტიამ „ფანჩატურის ოპოზიციაში“ ყოფნა და „ნაცმოძრაობის“ ორბიტაზე ტრიალი არჩია, რის შედეგადაც საკმაოდ ბევრი ამომრჩეველი დაკარგა.

მაშინ, როდესაც „ფანჩატურის ოპოზიციიდან“ პარლამენტში შესული სხვა პარტიები ცდილობენ „ნაცმოძრაობისგან“ გამიჯვნას, „ლელო“ პირიქით უფრო მეტად ეწებება მათ. ხომ გახსოვთ, როგორ წავიდნენ „ლელოს“ ლიდერები ბრიუსელში ნიკანორ მელიასთვის ევროპარლამენტარების თავდებობის მოსაპოვებლად, მაშინ, როდესაც თავად „ნაცმოძრაობას“ არ შეუწუხებია ამაზე თავი. „ლელოს“ მისია როგორც მოსალოდნელი იყო, შეუსრულებელი აღმოჩნდა. დღეს „ლელოს“ ლიდერები აღარ იხსენებენ ბრიუსელში განცდილ ფიასკოს. არადა, ურცხვად იტყუებოდნენ, რომ მინიმუმ შვიდი ევროპარლამენტარის ხელმოწერა უკვე ჰქონდათ. „ნაცმოძრაობასთან“ ერთად აღებული ბოლო აკორდი კი გახლდათ, ახალი საარჩევნო კოდექსის მხარდაჭერაზე უარი, თითიდან გამოწოვილი მიზეზებით. კიდევ არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება, თუმცა საზოგადოება, ვისაც ფიქრი და განსჯა არ ეზარება, ისედაც კარგად ხედავს, თუ საით მიექანება „ლელო.“

ფაქტობრივად, ახალ „მესამე ძალაზე“ პრეტენზიის მქონე „ლელოს“ ნაცვლად, მის მხარდამჭერებს ხელში შერჩათ სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ კიდევ ერთი სატელიტი პარტია. საზოგადოების რეაქციაც შესაბამისია. „ლელოს“ რეიტინგი დღეს იმაზე უფრო უარესია, ან იგივე, რაც 2020 წლის არჩევნებზე - ის 1-2%-ს არ სცდება.

რას გააკეთებენ „ნაცმოძრაობა“ და „ლელო“ 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე მათთვის არასასურველი შედეგის დადგომის შემთხვევაში?! ზუსტად იმას, რაც 2020 წელს - დაიწყებენ ყვირილს არჩევნების „ტოტალურ გაყალბებაზე“, აქცია-პერფორმანსებს, საელჩოებში სირბილს, ახალ „ფანჩატურში შეკრებას“ და ა.შ.

ოღონდაც, „ლელოს“ როგორც პოლიტიკურ პარტიას ამით აღარაფერი ეშველება. მათ სხვების კარებში ლელო ვერ დადეს, აი, საკუთარში კი ბლომად.

 

გოგი ბიძინა ივანიშვილმა ასეულობით მილიონი დახარჯა რაგბის სტადიონების მოსაწყობად და მოაწყო კიდეც. ხოლო ხაზარაძემ და ჯაფარიძემ მოინდომეს ივანიშვილისთვის მის მოწყობილ სტადიონებზე ლელოს დადება. გამოვიდოდა?-ცხადია არა. ჯობდა ეგენი ცხენოსნობას მიწოლოდნენ. რატომ? იმიტომ, რომ პოლიტიკაში შესვლით ფუნის მეტი ვერაფერი მიიღეს და ფუნას ცხენიც მიცემდათ, თანაც უფასოდ.
3 წლის უკან