გადამწყვეტი არჩევნების წინ ცენტრალური საარჩევნო კომისია თავმჯდომარის გარეშე დარჩა. მიუთითეს თუ საკუთარი სურვილით გადადგა ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია უცნობია. აღსანიშნავია, რომ არჩევნების „გაყალბებაში“ მისი ბრალეულობა ოპოზიციამ ვერ დაამტკიცა. ჟვანიას თანამდებობამდე ყოფნის ვადა კანონით 2023 წლამდე ჰქონდა. მან რამდენიმე დღის წინ განაცხადა კიდეც, რომ არსად წასვლას არ აპირებდა, თუმცა მოულოდნელად პოზიცია შეცვალა. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ჟვანია კი არ გადადგა, „ოცნებამ“ გადააყენა. სავარაუდოდ, ხელისუფლებას აღარ სურს ოპოზიციას სათქმელად ერთი საბაბი მაინც დაუტოვოს და საბოლოოდ ყველას აჩვენოს, რომ არჩევნები კი არ ყალბდება, არამედ ოპოზიციას ხალხი არ ენდობა და მხარს არ უჭერს.
წინ ახალი ბატალიები გველოდება - ვინ გახდება ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი და დაუჭერს თუ არა მას ოპოზიცია მხარს. ოპოზიციურ მედიაში და თავად ოპოზიციურ ლიდერებში სავარაუდო კანდიდატის გვარმაც გაიჟღერა.
ისინი ეჭვობენ, რომ ხელისუფლება 76 ხმით ანალიტიკოს ვლადიმერ ბოჟაძის გაყვანას შეეცდება. ცესკოს თავმჯდომარის დასამტკიცებლად პარლამენტში 100 ხმაა საჭირო, რაც „ოცნებას“ არა აქვს. ოპოზიცია ამბობს, რომ ხმას ხელისუფლების კანდიდატს არ მისცემს, ამიტომ ნეიტრალური პირის შერჩევაა საჭირო. კანონის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციამ პრეზიდენტთან კონსულტაციის შემდეგ პარლამენტს უნდა წარუდგინოს. საკანონმდებლო ორგანოს კი მის დასამტკიცებლად სამი ცდა აქვს. ერთი ცდის შემთხვევაში 100 ხმა სჭირდება, რათა თავმჯდომარის არჩევა 5 წლით მოხდეს. თუ ჩავარდა, მაშინ მეორე ცდაზე 90 ხმაა საჭირო, მაგრამ ამ შემთხვევაშიც მხარდაჭერა თუ არ ექნება, ხელისუფლებას უკვე 76 ხმით ცესკოს თავმჯდომარის მოვალობის შემსრულებლის 6 თვით არჩევა შეუძლია. სამოქალაქო სექტორს კანდიდატები ჯერ შერჩეული არ ჰყავს, თუმცა ამბობენ, რომ ისინი დამოუკიდებელი ფიგურები იქნებიან.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი თინა ბოკუჩავა for.ge-სთან ამბობს, რომ თამარ ჟვანია „ქართულმა ოცნებამ“ განტევების ვაცად გამოიყენა და თავადაც ჰქონდა მოლოდინი, საბოლოო ჯამში, ხელისუფლება ხელს მას შეაწმენდდა.
„ის ამ გაყალბებული არჩევნების სიმბოლო გახდა და ყველამ კარგად იცის, რომ ერთპიროვნულად ამას ვერ იზამდა. ეს დაკვეთა მთავრობიდან მოდიოდა. ხოლო ამ ჟესტს ჟვანიას დაუფასებენ და რომელიმე ელჩობით დააკომპესირებენ. ეს არის შედეგი საზოგადოებრივი და პოლიტიკური წნეხის, რაც ქვეყნის შიგნით და მის გარეთ იყო. ეს არის შედეგი, რომელსაც ველოდებოდით. ფორსირებულად სურთ, რომ ერთ კვირაში ცესკოს თავმჯდომარე დანიშნონ, რაც მიშელის დოკუმენტში გაწერილი არ არის. ამ დოკუმენტის მიხედვით ეს 4 კვირაში უნდა მომხდარიყო. სრულიად ახალ რეალობას ეს ცვლილებები იმ შემთხვევაში მოიტანს, თუ მართლა კონსენსუალურად ცესკოს თავმჯდომარის არჩევა მოხდება. თუ ისევ შემოგვთავაზებენ ისეთ წევრებს, როგორიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მაგალითად ვლადიმერ ბოჟაძე და მისნაირები არიან, მაშინ ეს კონსენსუსი ვერ იქნება. ბოჟაძე და მისი მსგავსი ადამიანები „ოცნების“ გაგრძელებაა, რომლებიც ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან და პოზირებენ. ასეთ ადამიანს თუ მხოლოდ 76 ხმით დანიშნავენ, მაშინ არანაირი ახალი მოცულობა არ გვექნება. ამიტომ ძალიან ფრხილი ოპტიმიზმით ვართ გამსჭვალულები“, - ამბობს ბოკუჩავა for.ge-სთან.
ანალიტიკოსი ვლადიმერ ბოჟაძე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ის იყოს ცესკოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი, for.ge-სთან აფასებს და ამბობს, რომ თამარ ჟვანიას გადადგომა იმდენად მოულოდნელი იყო, ამაზე ჯერ ზუსტად ვერაფერს იტყვის. ბოჟაძე ამბობს, რომ მის შესაძლო კანდიდატად დასახელების შესახებ ინფორმაცია ჯერ კონკრეტულმა სააგენტომ გაავრცელა, რომლიც „ნაციონალებთან“ არის აფილირებული, შემდეგ კი ოპოზიციურმა მედიამ აიტაცა. ანალიტიკოსი ამბობს, რომ მისთვის უცნობია რატომ გააქტიურდა მის გარშემო ხმები, რადაგან ამ ეტაპზე ხელისუფლების წარმომადგენლებიდან არავისთან არანაირი კონსულტაციები არ ჰქონია.
„ქალბატონმა თამარმა ნამდვილად ღირსეული ნაბიჯი გადადგა და მას წარმატებები მინდა ვუსურვო. არ ჰქონდა არანაირი ვალდებულება და არც შარლ მიშელის დოკუმენტში ყოფილა მსგავსი ჩანაწერი, რომ თანამდებობა უნდა დაეტოვებინა. თუმცა მან ეს პირადი გადაწყვეტილება ღირსეულად მიიღო. რაც შეეხება ცესკოს ახალ კანდიდატურას, ის უკვე ახალ საარჩევნო კოდექსში გაწერილია. ჩემი კანდიდატურა ჯერჯერობით არ განიხილება, რადგან ამ დრომდე არავისთან არანაირი კონსულტაციები არ მქონია.
თუმცა იცით, რომ კომისია უნდა შეიქმნას, რომელიც სამოქალაქო და აკადემიური წრეებისგან უნდა დაკომლექტდეს. შემდეგ ეს პროცესი პრეზიდენტთან გადაინაცვლებს და ის კი პარლამენტს გადაუგზავნის. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიცია ჩემს სახელს იმიტომ ატრიალებს, რომ მე კომისიაში საბუთების შეტანა არ გავრისკო, ეგ არ ვიცი. ახლა მთავარია ცესკოს ისეთი თავმჯდომარე ჰყავდეს, რომელიც ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილისთვის მასაღები იქნება. თუ პარლამენტში 100 ხმა არ შეგროვდა და თავმჯდომარე პარლამენტმა ხუთი წლით ვერ აირჩია, მაშინ მეორე მოსმენა დაინიშნება, სადაც უკვე 90 დეპუტატის ხმაა საჭირო. თუ ესეც ვერ მოგროვდა, კანონი ხელისუფლებას უკვე მესამე მოსმენის საშულებას აძლევს, რომ თავმდჯომარე 76 ხმით აირჩიოს, ოღონ მხოლოდ 6 თვით“, - ამბობს ბოჟაძე for.ge-სთან.
ჩვენს კითხვაზე გამორიცხავს თუ არა, რომ ხელისუფლების შიგნით მისი კანდიდატურა განიხილებოდეს ან სურს თუ არა ცესკოს თავმჯდომარეობა და ასეთი შეთავაზების შემთხვევაში რა პასუხი ექნება, ბოჟაძე ამბობს, რომ მან არ იცის კონკრეტულად სამოქალაქო სექტორის შიგნით მისი კანდიდატურის ირგვლივ მსჯელობენ თუ არა. ანალიტიკოსი ამბობს, რომ „ოცნებას“ მისი კანდიდატურის შესახებ მსჯელობა მხოლოდ მაშინ ექნება, როდესაც კონკრეტული სახელები და გვარები განსახილველად სამოქალაქო სექტორიდან შევა. კომისიამ სამი ადამიანის კანდიდატურა უნდა წარუდგინოს პრეზიდენტს, რომელიც შემდეგ საკანონდებლო ორგანოს გადაეცემა. ამიტომ წინასწარ იმაზე საუბარი რა და როგორ იქნება, რთულია.
„თამარის გადადგომა როგორც ყველასთვის ასევე ჩემთვის დიდი მოულოდელობა იყო. ჩემი კანდიდატურა თამარ ჟვანიასთან ერთად 2018 წელს პრეზიდენტმა პარლამენტს წარუდგინა. მაშინ ჟვანიას კანდიდატურამ გაიმარჯვა. ამიტომ ამ უახლოეს მომავალში ბევრი რამე გაირკვევა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საბუთების შეტანაზე საუბარი და ვინმესთან კონსულტაციები არ მქონია“, - ამბობს ბოჟაძე for.ge-სთან.
რაც შეეხება თამარ ჟვანიას გადადგომას და პოლიტიკურ ნაწილს, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ ჟვანიას გადადგომით ოპოზიციას აღარ დაუტოვა არანაირი საბაბი იმისთვი, რომ იძახონ - არჩევნები გაყალბდა. ქართველიშვილის განცხადებით, ჟვანიას ქმედება საკმაოდ პრინციპული და ღირსეული იყო, რადგანაც ვერავინ დაამტკიცა, რომ მან არჩევნები გააყალბა. 2020 წლის არჩევნები კონკურენტუნარიან გარემოში და სამართლიანად ჩატარდა. მიუხედავად ამისა, ის ბულინგის და დამცირების მსხვერპლი იყო.
„ჟვანიას ვადა 2023 წლამდე ჰქონდა და თან მას ვერც ერთი ის ბრალდება ვერ დაუმტკიცეს, რასაც ოპოზიცია გაჰყვიროდა. ამიტომაც ადამიანმა ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო და წასვლა გადაწყვიტა. მას შემდეგ, რაც ახალი საარჩევნო კოდექსი მივიღეთ, ყველაზე ნაკლებად ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები კრიტიკული ცესკოს თავამჯდომარის მიმართ იყვნენ. ამიტომ ჟვანია ოპოზიციას აძლევს ბურთს და მოედანს, რომ არჩევნები ჩაატარონ. კიდევ ერთხელ, ეს უსაფუძვლო ჭორები რომ არ ყოფილიყო არჩევნების გაყალბების თემაზე, მან ამის საბაბიც აღარ დაუტოვა ოპოზიციას. ძალიან კარგია და ვნახოთ, ახლა რაღას იტყვიან, ვის დააბრალებენ იმას, რომ ხალხი მათ ხმას არ აძლევს“, - ამბობს დავით ქართველიშვილი for.ge-სთან.
რაც შეეხება ვლადიმერ ბოჟაძის კანდიდატურას, ქართველიშვილი ამბობს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მასზე კვალიფიციური და კარგი კადრი ნამდვილად არ არსებობს. ამიტომაც თუკი ბოჟაძის კანდიდატურა იქნება, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. თუმცა დიდი ალბათობით, ბოჟაძის კანდიდატურას ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს.