2010 წელი ინფლაციის წელია

2010 წელი ინფლაციის წელია

ექსპერტებიც და ხელისუფლებაც 2010 წელს ინფლაციის წლად მიიჩნევს. სათაფლიის მღვიმიდან გამოსულ პრეზიდენტის ხმამ ექო ყველა მიმართულებით გამოიწვია.

ეკონომიკის ექსპერტის ლადო პაპავას აზრით, 2010 წელი საქართველოს ეკონომიკურ ისტორიაში ინფლაციის წლის სახელით შევა.

 

„წელს იყო გარკვეული წარმატებებიც და წარუმატებლობაც, თუმცა მთავარი ისაა, რომ 2010 წელი საქართველოს ისტორიაში ინფლაციის წლად შევა“, - განაცხადა ლადო პაპავამ.

 

ამ კონტექსტში მან ყურადღება პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ მთავრობისთვის მიცემულ დავალებაზეც გაამახვილა – ორი კვირის ვადაში ანტიინფლაციური პროგრამა წარმოადგინოს.

 

„ყველას კარგად გვახსოვს 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს გაპიარებული ე.წ. 50-თვიანი პროგრამა. ის დღემდე არავის უნახავს, რადგან ეს დოკუმენტი რეალურად არ არსებობს. ამიტომაც წარმოუდგენლად მიმაჩნია ასევე ანტიინფლაციურ პროგრამაზე საუბარი. მსგავს პროგრამებს არცერთ ქვეყანაში არ წერენ. საქმე რეალურად ისაა, რომ ცალკე მთავრობამ და ცალკე ეროვნულმა ბანკმა საკუთარი საქმიანობა სწორად უნდა წარმართონ, ქვეყანას კი არა ანტიინფლაციური, არამედ ეკონომიკური განვითარების პროგრამა სჭირდება, რომელიც სადღეისოდ არ აქვს“, - განაცხადა პაპავამ.

 

2010 წელს ქვეყანაში ინფლაციის ტემპებმა ყოველგვარ მოლოდინებს და პესიმისტურ პროგნოზებს გადააჭარბა. საგანგაშო ვითარებას ვეღარც მთავრობა მალავს. საქმე ისაა, რომ საარსებო მინიმუმმა 7-წლიანი რეკორდი დაამყარა. დეკემბერში ერთი შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 149,5 ლარი შეადგინა, რაც გასული თვის მონაცემზე 4 ლარით, ხოლო გასული წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით - 24 ლარით მეტია.

 

ამის მიზეზად „საქსტატი“ ინფლაციის ზრდას ასახელებს. ეროვნული ბანკი კი 2010 წლის ბოლოს, 2008 წლის შემდეგ პირველად ორნიშნა ინფლაციას ვარაუდობს.

ამიტომაც, ხელისუფლება თითქოსა ინფლაციასთან საბრძოლველად ირაზმება. ორ კვირაში მთავრობა ინფლაციის საწინააღმდეგო გეგმას პრეზიდენტს წარუდგენს.

 

პრეზიდენტის პრეს–სპიკერის მანანა მანჯგალაძის ინფორმაციით, მომზადებული გადაწყვეტილებები საქართველოს მოქალაქეებს ინფლაციის მძიმე შედეგებისგან მაქსიმალურად დაიცავს.

 

მანჯგალაძის განცხადებით, მთავრობამ ყველა ბერკეტი და რესურსი უნდა გამოიყენოს, რომ ფასების ზრდის პროცესმა შედარებით უმტკივნეულოდ ჩაიარონ. ხელისუფლება პრეზიდენტის დავალებით გააგრძელებს მუშაობას ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების მიმართულებით. ასევე გაგრძელდება მუშაობა სტრუქტურული ცვლილებების პროექტზე, რომელიც ბიუროკრატიული აპარატის შემცირებას გულისხმობს.

 

სათაფლიის მღვიმეში გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტმა ინფლაცია საქართველოს ეკონომიკის მთავარ პრობლემად დაასახელა.

 

„მე არ მინდა ჩვენი ხალხი მოვატყუოთ. ინფლაციური პროცესები გაძლიერდება, მაქსიმალური კი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ პატარა ქვეყნის მთავრობამ შეზღუდული ბერკეტებით რაღაცნაირად, უნდა შევიმუშავოთ ღონისძიებების პროგრამა, რომლებიც შეუმსუბუქებს ინფლაციურ დარტყმებს ჩვენს ხალხს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

მან ამ პრობლემის მოგვარებისთვის მთავრობას სარეზერვო ფონდებიდან თანხების მოძიება დაავალა და მთავრობას ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებისკენ მოუწოდა.