„ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და პარტია „ლელოს“ პოლიტიკურ ალიანსში ადანაშაულებს. ამ ბრალდებით უპასუხა მმართველმა გუნდმა ოპოზიციური პარტიების უარს საარჩევნო კოდექსის მიღებისთვის მხარი დაეჭირათ.
საარჩევნო კოდექსი, რომელზეც პოლიტიკოსები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ და რომლის მიღება შარლ მიშელის დოკუმენტითაც არის გათვალისწინებული, ისევ პოლიტიკური დაპირისპირების საგანია. არ არის გამორიცხული, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი საერთოდ ჩავარდეს და 19 აპრილს მიღწეული შეთანხმებები არც ერთმა მხარემ აღარ შეასრულოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციის ნაწილის მიერ მოწყობილი საბოტაჟის გამო, მმართველმა გუნდმა 43%-იანი ჩამკეტი მექანიზმი აღარ აამოქმედოს.
თუკი „ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო“ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს მომავალი საპარლამენტო არჩევნები სრულიად პროპორციულად, მაგრამ 2%-იანი ბარიერის დაწევის გარეშე ჩატარდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, ისევ ორპოლუსიანი პარლამენტი და პოლიტიკური ველი გქვონდეს. იმაზე არავინ დავობს, რომ ეს ყველაზე მეტად ენმ-ს აწყობს, მაგრამ რაში სჭირდება „ლელოს“, რომელიც პოლიტიკაში შემოსვლისას ამბობდა, რომ მესამე ძალა იყო და ქვეყანაში არსებულ ორპოლუსიან პოლიტიკურ ველს დაასრულებდა - გაუგებარია. ფაქტი ისაა, რომ „ლელომ“, როგორც საკუთარი ამომრჩეველი, ასევე დასავლეთი მოატყუა, ვინაიდან შარლ მიშელის დოკუმენტით აღებული ვალდებულება უკვე დაარღვია.
„ქართულ ოცნებაში“ „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება არ გაკვირვებიათ, განსხვავებით „ლელოს“ პოზიციისგან - პარტია 19 აპრილის შეთანხმების ხელმომწერია. ცვლილებების მოწინააღმდეგეებს კი საკუთარი არგუმენტები აქვთ თუ რატომ თქვეს უარი კანონზე, რომლის მიხედვითაც 2 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდება.
საარჩევნო კოდექსის საბოლოოდ რედაქტირებული ვერსია ცვლილებების 20 პუნქტს მოიცავს. პარტიებმა 8-თვიანი მუშაობის შედეგი 81-გვერდიან დოკუმენტში ასახეს. საარჩევნო კოდექსი პარლამენტმა მესამე მოსმენით გუშინ 86 ხმით 3 წინააღმდეგ მიიღო.
პროექტი ოპოზიციის ნაწილთან შეთანხმებული იყო, თუმცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და პარტია „ლელომ“ თავი შეიკავეს, ოპოზიციის მეორე ნაწილის შეფასებით კი, კანონი პასუხობს შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას.
პარლამენტის ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა მისთვის მიუღებელი იყო.
„ჩვენთვის რამდენიმე ფაქტორი გახდა იქ მიუღებელი და ამიტომ არ მივიღეთ მონაწილეობა კენჭისყრაში. ეს იყო მაჟორიტარებთან დაკავშირებით, უცბად 40 პროცენტიანი თემის შემოვარდნა, რაც არ განხილულა ინტენსიურად და ბოლო დღეს იქნა ჩაწერილი. ჩვენ შარლ მიშელის დოკუმენტში ვიცით ერთადერთი ციფრი, ეს არის 43 პროცენტი, სხვა პროცენტზე საუბარი არ ყოფილა. ასევე ჩვენთვის მიუღებელია პატარა პარტიების დასჯა, ხომ წარმოუდგენელია, რომ მამუკა ხაზარაძე „ლეიბორისტული პარტიის“ ინტერესებს იცავს, მაგრამ ასეა სამართლიანობა და არ აქვს მნიშვნელობა ჩვენს პოლიტიკურ შეხედულებებს.
ამიტომ გადავწყვიტეთ, არ ვყოფილიყავით უბრალოდ ხელის მომწერები და სიურპრიზების გამო, შევიკავეთ თავი. ჩვენ ზედმიწევნით მივყვებით შარლ მიშელის დოკუმენტს და ამას ვითხოვთ ყველასგან“, - განაცხადა ხაზარაძემ.
პარლამენტის ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ კანონპროექტი მხოლოდ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს მოერგო და ამიტომ ენმ-სთვის ეს წითელი ხაზია.
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე „ლელოს“ მიშელის დოკუმენტის დარღვევაში ადანაშაულებს. როგორც გივი მიქანაძე ამბობს, საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მხარის არდაჭერით, „ლელო“ „ნაცმოძრაობის“ რიგებს შეუერთდა.
„საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაუმტკიცეს, რომ მათთვის ვიწრო პარტიული ინტერესები არის ყველაზე მნიშვნელოვანი, საზოგადოების და ქვეყნის ინტერესები არაფერს წარმოადგენს. მათ მართლაც უგულებელყვეს ის შეთანხმება, რომელსაც 19 აპრილს „ლელომ“ ხელი მოაწერა და ფაქტობრივად „ნაცმოძრაობის“ რიგებს შეუერთდნენ. ენმ დღემდე არ აწერს ამ დოკუმენტს ხელს და საერთაშორისო ღირებულებებს არ აღიარებს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
ანალიტიკოსი ვლადიმერ ბოჟაძე for.ge-სთან ამბობს, რომ „ლელომ“ კოდქსში შესატან ცვლილებებთან დააკავშირებით ხმის არმიცემით შარლ მიშელის დოკუმენტის პირობები დაარღვია. ხოლო ეს პრტია უკვე დიდი ხანია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად შეთანხმებულად მოქმედებს. პარტია, რომელსაც მესამე ძალაზე ჰქონდა პრეტენზია, ფაქტობრივად ენმ-ის თამაშს თამაშობს და მასთან ერთად უნისონში მოქმედებს.
ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ როცა „ლელო“, ნაციონალები და გახარიაც ერთ სასტუმროში აღმოჩდნენ, პირველმა ხაზარაძემ ახსენა პარლამენტიდან შესაძლო გასვლის შესახებ, რასაც ასევე ენმ დაეთანხმა. ბოჟაძე ამბობს, რომ „ლელო“ „ნაციონალების“ განრიგით და დღის წესრიგით მოქმედებას განაგრძობს, რაც მის რეიტინგზე კატასტროფულად აისახება.
„მართალი „ლეიბორისტული“ პარტია ახლა ყველაზე მეტად დაზიანდა, მაგრამ ამით „ნაციონალური მოძრაობა“ იხეირებს. საარჩევნო ადმინისტრაციაში კომისიის წევრები „ლეიბორისტული“ პარტიის წარმომადგენლების ნაცვლად ადგილებს „ევროპელი დემოკრატები“ მიიღებენ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკში არიან. ამიტომაც ცოტა გასაკვირია, ენმ-ის თავის გამოდება, რადგანაც პირიქით, მათთვის სასარგებლო საქმე იქნა მიღებული. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, არსებობს საფრთხე, რომ საერთოდ საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ მივიღოთ, რომლის ინიცირებაც ჯერ არ მომხდარა.
ეს კი, იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე 2%-იანი ბარიერი არ გვქონდეს. ენმ-ს მიშელის დოკუმენტზე ხელი არა აქვს მოწერილი და არც მხარდაჭერის ვალდებულება არა აქვს. ხოლო „ლელო“ ვხედავთ, რომ მათ ყველა ნათქვამს მხარს უჭერს. ამან კი, შესაძლოა, კიდევ უფრო სერიოზული ხელოვნური კრიზის შექმნას. ყველა პარტიის ინტერესი იყო, რომ 2%-იანი ბარიერი ყოფილიყო და არა 5%-იანი. გამოვა, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ეს პატარა პარტიები საერთოდ ვეღარ მოხვდებიან პარლამენტში“, - ამბობს ბოჟაძე for.ge-სთან.
არსებობს თუ არა რეალური საფრთხე იმის, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი საერთოდ დაირღვეს, რადგანაც საარჩევნო კოდექსის ნაწილში უკვე პირობა არ შესრულდა? ბოჟაძე ამბობს, რომ არაფერია გამორიცხული, რადგანაც „ლელომ“ ეს ერთი შეთანხმებული პირობა უკვე დაარღვია და ახლა არსებობს საფრთხე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებიც ვერ განხორციელდეს, რადგანაც 113 დეპუტატის ხმაა საჭირო. ასევე ამას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან დაკავშირებული საკითხიც ემატება. ესეც პოლიტიკურ კონსენსუსს მოითხოვს, მიუხედავად იმისა, რომ „ოცნებას“ დამოუკიდებლად მოსამართლეების დანიშვნა მაინც შეუძლია. აქაც სასწორზე დევს კონსტიტუცია, საქართველოს კანონმდებლობა და ის რეფორმა, რომელიც უკვე განხორციელდა. 8 თვის განმავლობაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა შეჩერებული იყო და ახალი კანონმდებლბით მოსამართლეების დანიშვნა დაიწყო.
„საერთაშორისო პარტნიორები, როგორც ჩანს, შიშობენ, რომ ოპოზიციამ ეს საკითხი, რაც მოსამართლეების დანიშვნას ეხება, მიშელის დოკუმენტის ჩასაგდებად არ გამოიყენოს და ეშინიათ. ყველას ძალიან დიდ შრომად დაუჯდა, რომ ეს ხალხი კარავიდან გამოგვეყვანა და პარლამენტში შეგვეყვანა. ამიტომაც თუ საკითხს ასე პირდაპირ მივუდგებით და შარლ მიშელის დოკუმენტში მოცემული პირობები არ შესრულდება, რა თქმა უნდა, ჩნდება ლოგიკური კითხვა - რატომ უნდა შეასრულოს მაშინ „ოცნებამ“ პირობა და 43%-იანი ჩამკეტი მექანიზმი აამოქმედოს? პირდაპირი გაგებით ხელისუფლებას ეს ვალდებულება არ დარჩება.
ამნისტიის თემასთან დაკავშირებით მმართველი გუნდი მაინც აპირებს საკანონმდებლო ცვლილების მიღებას. თუ გავიხსენებთ 8 მარტის შეთანხმებას, მაშინაც „ნაციონალებმა“ და „ევროპელებმა“ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს და ხელისუფლებამ სხვა პარტიებთან ერთად საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო. ახლა „ოცნება“ ამას ფიზიკურად ვერ შეძლებს, რადგანაც გახარიას 6 დეპუტატი ჰყავს პარლამენტში და „ოცნებას“ 90 ხმა აღარ აქვს. სხვა საკითხების გადასაწყვეტად საკმარისია, მაგრამ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის არა“,-ამბობს ბოჟაძე for.ge-სთან.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი ამბობს, რომ როდესაც „ლელო“, როგორც პარტია ფუნძდებოდა, მაშინ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ მისი პარტია დამოუკიდებელი იქნებოდა, რომელიც არავის მხარეს არ დაიჭერდა. For.ge-სთან ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ ხაზარაძემ ამომრჩეველი მოატყუა და ის პირობა, რომ ალტერნატიული მესამე ძალა იქნებოდა, ბლეფი აღმოჩნდა. ახლა კი მისივე ამომრჩეველი მათ „ნაციონალებისგან“ ვეღარ განასხვავებს.
„ხაზარაძის პასუხი სრულიად აბსურდია და სუსტი არგუმენტი მოვისმინეთ, თითქოს მან დოკუმენტს ხელი იმიტომ არ მოაწერა, რომ 40%-იანი ბარიერი მაჟორიტარებთან დაკავშირებით დაწესდა. მან ხომ მშვენივრად იცის, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები სულ იმას ამბობენ, რომ არჩევნები კონკურენტუნარიანი უნდა იყოს და რაც შეიძლება საარჩევნო კოდექსში მეტი მაკონტროლებელი მექანიზმი იყოს, არჩევნებში ეჭვი არავის აღარ შეეპაროს და ისევ იმის ძახილი არ დაიწყონ გაყალბდაო. ამ გადაწყვეტილებით მან არათუ საკუთარი ამომრჩევლები, არამედ დასავლელი პარტნიორებიც მოატყუა. ასე რომ, ახლა უსუსური არგუმენტებით არასერიოზული პოლიტიკოსის შთაბეჭდილებას ტოვებს, როგორც, მაგალითად, ვითომ პარლამენტის ბოიკოტირებას არ აპირებდა და რამდენიმე ხნის წინ ნათქვამი სიტყვა მალევე გადათქვა. საქმე-საქმეზე რომ მიდგება, ოპოზიციის ერთ ნაწილს უპასუხისმგებლო განცხადებების მეტი არაფერის გაკეთება არ შეუძლია. რაც შემდეგ მათ რეიტინგზე აისახება და შემდეგ იგონებენ ტყუილებს, ვითომ ხმები გაყალბდა“, - ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.
რაც შეეხება „ლეიბორისტულ პარტიას“ აბაშიძე ამბობს, რომ ეს არ არის სადამსჯელო ღონისძიება კონკრეტული პოლიტიკოსის ან პარტიის მიმართ. მისი თქმით, ყველას ძალიან კარგად ახსოვს შალვა ნათელაშვილის მუქთახორული ქმედბები 2008 წლის საპარლამენტი არჩევნების შემდეგ, როდესც ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა მართლაც და ბოიკოტი გამოუცხადა მაშინდელ პარლამენტს და არ შევიდნენ, ხოლო ნათელაშვილმა რაღაცა თვალთმაქცური წერილის გაგზავნით ბაქრაძესთან თავი დაიზღვია, დეპუტატი იყო და 4 წლის განმავლობაში ხალხის ფულს არაფრის კეთებაში იღებდა. პოლიტიკოსი აირჩიეს, მანდატი მიანიჭეს, ის კი, წლების განმავლობაში სამსახურში არ დადის, ხელფასს იღებს და დაფინანსებას. ამიტომ ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში სამსახურში არ დადის და ფულს ითხოვს, არაფერიც არ უნდა გადაუხადონ.