დღევანდელი მოხმარების პირობებში ენგურჰესს ელექტროენერგიაზე აფხაზეთის მოთხოვნის დაკმაყოფილება არ შეუძლია. მიუხედავად ამისა, სეპარატისტებს ელექტროენერგია შეუზღუდავად მიაქვთ. უკვე იმაზე კი არ არის საუბარი, რომ საქათველოს დანარჩენ რეგიონებს არაფერი რჩებათ, არამედ იმაზე, რომ ელექტროსადგური ასეთ პირობებში ვეღარ იმუშავებს, რადგან შემოსავლი არ გააჩნია. აფხაზებს მისი დენი სრულიად უფასოდ მიაქვთ.
2018 წლის მაისში აფხაზეთმა დახარჯა 100,3 მლნ კვტ_სთ ენერგია, 2019-ში - 100 მლნ, 2020-ში კი - 158 მლნ კვტ_სთ. რაც შეეხება 2021 წელს, მაისში აფხაზეთში ყველა დროის რეკორდი მოიხსნა, მოხმარებამ 208 მლნ კვტ_სთ შეადგინა. ანუ, 2020 წელთან შედარებით ზრდა 40% იყო, ხოლო 2019-თან შედარებით 100%.
ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიას ინფორმაციით, ჰესის სიმძლავრეების ასეთი მოხმარების დაკმაყოფილებისთვის მზად არაა, მაშინაც კი, თუ საქართველოს დანარჩენი მომხმარებელი სექტემბერ-აპრილში არც ერთ კვტ_სთ-ს არ მიიღებს. შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალია - ენერგიის აღრიცხვა, ტარიფის დადგენა და გადაუხდელობის გამო ენერგიის მიწოდების შეწყვეტა. სხვა გამოსავალი არ არსებობს და თუ ეს არ გაკეთდა, აფხაზეთში ისევ ენერგოდეფიციტია მოსალოდნელი.
„ელექტროენერგია, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა პროდუქტი, ფული ღირს. 1 მეგავატის სიმძლავრის ელექტროსადგურის აშენება 1,5 მლნ დოლარი ღირს. აფხაზეთი დეკემბერში 400 მლნ კვტ_სთ-ს მოიხმარს, ეს კი 100 მეგავატის სიმძლავრეებს მოითხოვს. მთელი ეს ხარჯები დაფარვას მოითხოვს, თუმცა ეს რეალურად არ ხდება“, - განაცხადა მებონიამ.
მისი პროგნოზით, როდესაც წყალსაცავში წყლის დონე დაიწევს, აფხაზეთი ელექტროენერგიის მიწოდებაში კიდევ უფრო მკაცრი შეზღუდვების შემოღება გარდაუვალი იქნება - არაა გამორიცხული, რომ იანვარ-თებერვალში ელექტროენერგიის გათიშვამ დღე-ღამეში 10 საათს მიაღწიოს.
„ადრე შეთანხმებული იყო სადგურის მიერ გამომუშავებული ენერგიის ბალანსი: 40% - აფხაზეთს, 60% - დანარჩენ საქართველოს. ბოლო წლებში აფხაზურ მხარეს უკვე 50% მიჰქონდა, 2021 წელს კი უკვე 70%, თანაც უფასოდ. დარჩენილი 30%-დან მიღებული შემოსავალი ელექტროსადგურის მუშაობისთვის სრულიად არასაკმარისია“, - აღნიშნა მებონიამ.
თუ ეს მდგომარეობა მომავალშიც შენარჩუნდება, ელექტროსადგური ვერ იმუშავებს. მებონიას პროგნოზით, მოხმარების არსებული მასშტაბების შენარჩუნების შემთხვევაში წლის მანძილზე აფხაზეთში ენერგოდეფიციტი 400 მლნ კვტ_სთ-მდე გაიზრდება.
ენერგეტიკოსები თანხმდებიან, რომ ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის გადანაწილება არასწორი და არასამართლიანი იყო. ძველებური სისტემით რომ არ უნდა მოხდეს დენის გადანაწილება, ამას საგანგებოდ ხაზს უსვამს ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილიც.
„პრობლემაა ისაა, რომ ენგურჰესთან დაკავშირებით არ გვაქვს თანმიმდევრული, სტრატეგიული გეგმა. თუ აფხაზეთში ენერგომოხმარების ტენდენციას შევხედავთ, 2020 წელსაც კი, მიუხედავად კორონავირუსის პანდემიის და ელექტროენერგიის მოხმარების კლებისა, აფხაზეთში 20-35%-იანი ზრდაა დაფიქსირდა სხვადასხვა თვეებში.
ძალიან მატულობს იმ ელექტროენერგიის მოხმარება, რომელიც ენგურჰესიდან უფასო მიაქვთ. რასაკვირველია კრიპტოვალუტის საწარმოებლად იყენებენ და თუ რამე ზომა არ მივიღეთ და მხოლოდ ჩავატარეთ ენგურჰესის რეაბილიტაცია, ვხარჯეთ რესურსები, რომ მერე აფხაზეთის მხარეს უფასოდ მივაწოდოთ ელექტროენერგია, ეს ჩიხში შეგვიყვანს. ასეთი დამოკიდებულება სტრატეგიის უქონლობის პირობებში, მხოლოდ ზიანს მოგვიტანს, ამიტომ გამოსავალია საპოვნი.
სამწუხაროდ, მიზანს და მასთან მისასვლელ გეგმას ვერ ვხედავ, არაფერი მსგავსი არ მსმენია. ჩვენ აფხაზეთის მხარეს უნდა დავანახოთ და მკაფიოდ დავაყენოთ საკითხი, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება ან ჩვენ სხვა საშუალება უნდა გამოვძებნოთ და თავი უნდა დაგვენებებინა ენგურჰესის რეაბილიტაციისთვის და სხვაგან დაგვეწყო სადგურების მშენებლობა. იქნებ ამ ქმედებით დაგვენახებინა, რომ უფასოდ ელექტროენერგიას მუდმივად ვერ მიიღებენ“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
ენგურჰესის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც რამდენიმე თვე გრძელდებოდა 45 მლნ ევრო დაჯდა, საიდანაც 38 მილიონი ევრო ევრობანკის სესხია და 7 მილიონი ევრო კი ევროკავშირის გრანტი.
გაიაზრონ ეს ციფრები, იქნება მიხვდნენ რამეს!
როცა შენს ქვევრს ძირი აქვს გავარდნილი, რა უნდა ქნა - მეტი და მეტი ღვინო უნდა ასხა შიგ, თუ ძირი უნდა დაუგმანო?!
კიდევ რამდენი ხეობა უნდა ჩავძიროთ, რომ გამომუშავებული დენით
უ ფ ა ს ო დ ' მოსარგებლე აფხაზეთისა და იქ განლაგებულ რუსული სამხედრო ბაზების მადა დავაკმაყოფილოთ?!
ხელისუფლებამ ჯერ ეს პრობლემა გადაჭრას (ჩვენთან "ლევად" მომუშავე კრიპტოვალუტის ფერმების პრობლემასთან ერთად, შემმოწმებლებსაც რომ არ უშვებენ თავისთან!) და მერე დადოს ხელშეკრულებები ახალი ჰესების ასაშენებლად!
გეხსომებათ: ბერძნული მითოლოგიით, ქმრების მკვლელ დებს, დანაიდებს, მიესაჯათ ძირგახვრეტილი კასრის ავსება საიქიოში.
ჩვენც ამ საქმიანობითა ვართ დაკავებული.
არ აივსება დანაიდების კასრი, სულ რომ ჩავძიროთ მთელი საქართველო!