„ვაქცინაცია ჩავარდნილია, ტურისტულ სექტორში დასაქმებული ხალხი აცრილი არ გვყავს, რუსი ტურისტები კი პოტენციურად ყველაზე საშიშია ჩვენთვის“

„ვაქცინაცია ჩავარდნილია, ტურისტულ სექტორში დასაქმებული ხალხი აცრილი არ გვყავს, რუსი ტურისტები კი პოტენციურად ყველაზე საშიშია ჩვენთვის“

„სამ მუშკეტერს“ ხშირად ვაკრიტიკებ გარკვეული გადაწყვეტილებების გამო, მაგრამ არა მგონია, ამ სამ მუშკეტერზე უნდა გადატყდეს ჯოხი. თუკი საერთოდ გადასატეხია, ჯოხი უნდა გადატყდეს მთავრობაზე, გადაწყვეტილებების მიმღებ პირებზე“, - აცხადებს for.ge- სთან საუბრისას „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ- ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე.

რუსეთში ვაქცინირებულის სერთიფიკატი თავისუფლად იყიდება. ეს ნიშნავს, რომ თავი უნდა შევიკავოთ რუსი ტურისტების მიღებისგან, რომლებიც კორონავირუსთან დაკავშირებულ სერთიფიკატსაც აყალბებენ?

- ცხადია, ტურისტების ჩამოყვანა დამატებით რისკებთან იქნება დაკავშირებული, განსაკუთრებით, თუკი ეს ტურისტები რუსეთიდან იქნებიან ჩამოსულნი, რადგან რუსეთში ახლა დამძიმდა სიტუაცია. მით უმეტეს, რუსეთის მოსახლეობაში არ არის მაღალი ვაქცინირებულთა რიცხვი და, რაც არის, ესეც გახლავთ რუსული „სპუტნიკით“ აცრილები, რომლის წარმომავლობაც საეჭვოა.

ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ საერთოდ დაკეტა საზღვრები რუსი ტურისტებისთვის, მათ შორის, გერმანიამ.

- გერმანიამ, ჰოლანდიამ და სხვა ქვეყნებმა დაკეტეს საზღვრები რუსი ტურისტებისთვის. რაც შეეხება საქართველოს, ორი მიზეზის გამოა ტურიზმი საშიში ჩვენთვის, ერთი ის, რომ ვაქცინაცია არ მიმდინარეობს, ფიზიკურად არ გვაქვს ვაქცინა და, შესაბამისად, რისკები არსებობს და, მეორე - ტურისტულ სექტორში დასაქმებული ხალხის მიზნობრივი ტესტირება არ მომხდარა, რაზეც ჩვენ და ჩვენი გუნდი მუდმივად საუბრობდა რამდენიმე თვის წინ. სამწუხაროდ, საქართველოს ეკონომიკა ძირითადად ტურიზმიდან მიღებულ შემოსავალზე დგას და ტურისტული სექტორი თუ გვინდა, უნდა მიგვეხედა ამ სექტორისთვის. ეს ნიშნავს, რომ ტურისტულ სექტორში რესტორნებში, სასტუმროებში მომუშავე პირთა მიზნობრივი ვაქცინაცია უნდა მომხდარიყო. თუ ამ სექტორს ვხსნით, აქ ჩამოსული და ამ სექტორში მომუშავე ადამიანებისთვის პრიორიტეტული უნდა ყოფილიყო ვაქცინაცია, მაგრამ, სამწუხაროდ, ვაქცინაცია ჩავარდნილია, მით უმეტეს, მიზნობრივი ვაქცინაცია და რთული სიტუაციაა. ამიტომ რისკი არსებობს. ვაქცინა არ გვაქვს, ტურისტულ სექტორში დასაქმებული ხალხი აცრილი არ გვყავს, რუსეთი და მათი ტურისტები კი პოტენციურად ყველაზე საშიშია ჩვენთვის, ანუ რუსეთი წითელი ზონაა.

მსოფლიოში კორონავირუსის დელტა და კაპა ვარიანტი დომინანტური ხდება, ძალიან სწრაფად ვრცელდება და ბევრ ადამიანს ასნეულებს. ე.წ. ინდური ვარიანტებისთვის რამდენად შემაკავებელი იქნება ის შეზღუდვები, რომლებიც, როგორც სპეციალისტები ამბობენ, არც მიზნობრივია და არც სწორად გათვლილი?

- რაც შეეხება დელტა შტამს, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი შტამი დაგვემუქრება, თუკი ვაქცინა არ გვაქვს და დაცული არ ვართ, დელტა შტამიც საშიშია, ბრიტანულიც, სამხრეთ აფრიკულიც, ბრაზილიურიც და ნებისმიერი სხვა შტამიც. შეზღუდვების მოხსნა-შერბილებასთან დაკავშირებით კი უკვე 15 თვეა, ვსაუბრობთ, რომ სტრატეგია არ არსებობს, არ არის თანმიმდევრული პოლიტიკა, არ ვიცით, რა არის ის ციფრები, როდესაც ვამკაცრებთ ან ვარბილებთ შეზღუდვებს, ასეთი ალგორითმი არ ჩანს, ამიტომ შეზღუდვების არც მოხსნა და არც დანიშვნა არანაირ თანმიმდევრობას არ ექვემდებარება, მით უმეტეს, არსებული შეზღუდვები, კომენდანტის საათს თუ არ ჩავთვლით, ვერ რეგულირდება და ვერ კონტროლდება. კომენდანტის საათის გაუქმებას მივესალმები, რადგან კომენდანტის საათი 11-დან 5 საათამდე, მერე 11-დან 4 საათამდე, ჩემი და ბევრი ჩემი კოლეგის აზრით, საერთოდ არ არის პანდემიასთან ბრძოლის მნიშვნელოვანი იარაღი.

ხომ არ ფიქრობთ, რომ მომავალში შეიძლება „სამ მუშკეტერზე“ გადატყდეს ჯოხი, რადგან ბოლო დროს ხშირად გვესმის ამ დარგის სხვა სპეციალისტებისგან, თუ როგორ მოიქცეოდნენ, მათ ხელში რომ ყოფილიყო კოვიდის მართვის ბერკეტები?

- თქვენ იცით, რომ „სამ მუშკეტერს“ მე თვითონ ხშირად ვაკრიტიკებ გარკვეული გადაწყვეტილებების გამო, მაგრამ არა მგონია, ამ „სამ მუშკეტერზე“ უნდა გადატყდეს ჯოხი. თუკი საერთოდ გადასატეხია, ჯოხი უნდა გადატყდეს მთავრობაზე, პრემიერ-მინისტრზე, ჯანდაცვის მინისტრზე, ანუ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებ პირებზე და არა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელზე. რასაკვირველია, უშუალოდ მასაც პასუხისმგებლობა აკისრია, ნორმალურ ქვეყანაში ამდენი ჩავარდნის შემდეგ პასუხისმგებლიანი ადამიანი გადადგებოდა, თუმცა არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ ორიოდე დღის წინ იგი კვლავ გამოვიდა და აღნიშნა, ჩემზე უკეთესი ამ ქვეყანაში არავინ არის, ვერავინ ვერ გაართმევს თავს ამ პანდემიას, მიუხედავად შეცდომებისა, მანახეთ, ვინ არის ჩემზე უკეთესიო. ეს პირდაპირ თქვა და ასეთი რამ აბსოლუტურად მიუღებელია. რაც შეეხება მათ შემცვლელებს, ღირსეული ადამიანები ყოველთვის არიან და, როგორი დამსახურებაც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს, თუ ერთხელ და ორჯერ სერიოზული ჩავარდნა გაქვს, უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. თან იძახიან, პასუხისმგებლობას ავიღებთო, მაგრამ რაში გამოიხატება ეს პასუხისმგებლობა? აქ ვიღაცის გადადგომაზე კი არ არის საუბარი, არამედ სისტემა უნდა შეიცვალოს, მართვის მექანიზმი უნდა შეიცვალოს, მაგრამ ამ ხალხით, როგორიცაა პრემიერ-მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი, განსაკუთრებით, ჯანდაცვის მინისტრი, თავისი კომპეტენციით, არაფერი შეიცვლება. ამიტომაა საჭირო სისტემის შეცვლა, მარტო ადამიანების შეცვლა საქმეს არ შველის. ტიკარაძე წავა და ტიკარაძე 2 მოვა, ამით რა შეიცვლება? თუმცა კომპეტენციის მხრივ ნამდვილად შესაძლებელია უკეთესი მინისტრის მოძებნა.

trampi რა ვაქცინაციააა ჩავარდნილი?
თუ აცრა გინდა ჩემ ვაქცინას გჩუქნი ...... წადი აიცერი ......
ბიჯოს.....
3 წლის უკან