კონტროლის პალატის დასკვნებს, ძირითადად, კერძო ბიზნესს წინააღმდეგ იყენებენ

კონტროლის პალატის დასკვნებს, ძირითადად, კერძო ბიზნესს წინააღმდეგ იყენებენ

გაისად ფულის მოგროვებაში შემოსავლების სამსახურს კონტროლის პალატა უფრო აქტიურად დაეხმარება. პალატის თავმჯდომარებ უკვე გამოაქვეყნა ნუსხა, სადაც მითითებულია თუ რომელი უწყებების ხარჯები გაკონტროლდება.

 

შეგახსენებთ, რომ კონტროლის პალატა იმ უწყებებს ამოწმებს, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, ხოლო შემოსავლების სამსახურს ფულის ამოქაჩვა კერძო ბიზნესიდან ევალება. შესაბამისად, ამ უკანასკნელს დარეკეტების მეტი შესაძლებლობა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ პალატამ სოფლის მეურნეობისა და ფინანსთა სამინისტროში შესყიდვებთან დაკავშირებით სერიოზული დარღვევები აღმოაჩინა, რის გამოც სახელმწიფო ბიუჯეტს მილიონობით ზარალი მიადგა, ამისთვის არავინ დაუსჯიათ. მეწარმეების დაკავება სახელმწიფო ბიუჯეტის დაზარალებისთვის ჩვეულებრივი მოვლენა გახდა.

 

მაგალითად, პალატამ აღმოაჩინა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული სამელიორაციო პროგრამის შედეგად ბიუჯეტმა რამდენიმე მილიონი ლარი იზარალა, ვინაიდან ახალი სარწყავი მილების ნაცვლად, მეორადი მილების გაიყვანეს.

 

ფინანსთა მინისტრის მოადგილეს პაპუნა პეტრიაშვილის სახელი კი შესყიდვებთან დაკავშირებულ სკანდალში მოხვდა. სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალობასა და საბიუჯეტო დოკუმენტაციის პოპულარული ვერსიების შემუშავებას ისახავდა მიზნად კომპანია „კონგარმა“ გაიმარჯვა, მასზე უკეთესი წინადადება კომპანია კი „პი ემ სიჯის“ ჰქონდა. შედეგად ბიუჯეტს 61 ათასი პირდაპირი ზარალი მიადგა, ხოლო 322 ათასი ლარი არამიზნობრივად დაიხარჯა. ამ შემთხვევაშიც არცერთი ჩინოვნიკი არ დაუსჯიათ.

 

თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ კონტროლის პალატის თავმჯდომარის დასკვნას ჯანდაცვის სამინისტროს ჩინოვნიკები ვერ გადაურჩნენ. „სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემა საცერს ჰგავს, საიდანაც დიდი ოდენობით თანხები უკონტროლოდ გაედინება და იფლანგება“, - განაცხადა ბეჟაშვილმა და ამ განცხადებას ჯანდაცვის მინისტრი მოადგილის კოკა ფრუიძის დაკავება მოჰყვა. ამ შემთხვევაში, ორი სამინისტროს ჩინოვნიკებისგან განსხვავებით, შესყიდვების მიზნით ტენდენციურად ჩატარებულ ტენდერს ფრუიძე ვერ გადაურჩა.

 

უახლოეს დღეებში კონტროლის პალატა ჯანდაცვის სამინისტროში განხორციელებული კიდევ ორი აუდიტის შედეგებს გამოაქვეყნებს. გაისად კი კონტროლის პალატის ინტერესი კერძო ბიზნესიც იქნება, ვინაიდან „უმწეოთა პროგრამის ფარგლებში“ სადაზღვევო კომპანიები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდებიან – პალატა მათაც შეამოწმებს.

 

ბეჟაშვილმა უკვე განაცხადა, რომ არც დაზღვეული მოსახლეობის, არც სამედიცინო პერსონალის და არც სახელმწიფოს ინტერესები არ არის უზრუნველყოფილი ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემით, იგი მხოლოდ სადაზღვევო კომპანიებისთვის არის ხელსაყრელი.

 

ბეჟაშვილის განცხადებამ სადაზღვევო ასოციაციის წევრები აღაშფოთა. ასოციაციის ხელმძღვანელის დევი ხეჩინაშვილი მიიჩნევს, რომ სადაზღვევო სფერო ყველაზე გამჭვირვალეა და მას არც შემმოწმებლები აკლია, თუნდაც ეროვნული ბანკის სახით.

 

ექსპერტთა ნაწილი სადაზღვევო პროგრამებით კონტროლის პალატის დაინტერესებას დადებითად აფასებს. ლევან კალანდაძის განცხადებით, სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში მილიონზე მეტი ადამიანია დაზღვეული, ბიუჯეტიდან ათეულობით მილიონი ლარია გამოყოფილი, თუმცა ამავდროულად დიდია უკმაყოფილება.

 

ექსპერტი განმარტავს, რომ პროგრამების საზოგადოებრივი მონიტორინგი ნაკლებია, რის გამოც ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება, ნაკლებად ხელმისაწვდომია ფინანსური ინფორმაციაც. ექსპერტი კონტროლის პალატის დასკვნის შემდეგ სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებას ვარაუდობს.

 

ასე რომ, გაისად სკანდალი არც სადაზღვევო კომპანიებს მოაკლდებათ, თანაც ერთი კომპანიის წვლილი სახელმწიფო ფინანსების არაეფექტურ ხარჯვაში უკვე გამოიკვეთა. მაგალითად, კომპანია „ალფამ“ „უმწეოთა პროგრამით“ დაზღვეულებს პოლისები რამდენიმე თვიანი დაგვიანებით დაურიგა, შესაბამისად, დაზღვეულებმა სახელმწიფოს ნაჩუქარი პოლისებით დროულად ვერ ისარგებლეს.

 

აღსანიშნავია, რომ წლეულს კონტროლის პალატის ეფექტური მუშაობის მაგალითად ლევან ბეჟაშვილი გახმაურებულ საქმეებს და ამ საქმეებიდან ბიუჯეტში თანხების მობილიზებას ასახელებს.

 

„ჩვენ გვქონდა წინასწარ დადგენილი პრიორიტეტები და ამ პრიორიტეტების შესაბამისად, გაწერილი აუდიტორული გეგმები.  ამასთან, მთავარი არის გახმაურებული საქმეები, ამ გახმაურებული საქმეების შედეგად კი ბიუჯეტის სასარგებლოდ რამდენიმე ათეული მილიონი ლარი გადაირიცხა“, - აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.

 

მისივე თქმით, მიმდინარე წელი ასევე მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ კონტროლის პალატამ დაიწყო ყველა სამინისტროს ფინანსური აუდიტი. ასევე, უწყებაში დაინერგა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფინანსური მეთოდოლიგია.