პურის გაძვირებამდე რამდენიმე დღე დარჩა - რას ფიქრობს მთავრობა და რას აპირებენ მეწარმეები?

პურის გაძვირებამდე რამდენიმე დღე დარჩა - რას ფიქრობს მთავრობა და რას აპირებენ მეწარმეები?

პირველ ივლისს ფქვილის სუბსიდირების პროგრამა სრულდება. პურის გაძვირებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი. იმისათვის, რომ მთავარი საკვები პროდუქტზე ფასი შეიცვალოს, 1 ტომარა ფქვილი 50-52 ლარი უნდა ღირდეს, მისი ამჟამინდელი საბაზრო ღირებულება კი 60 ლარია. გამოსავალი გაძვირების გარდა თითქოს არ ჩანს, მაგრამ მთავრობამ მაინც გადაწყვიტა სუბსიდირების პროგრამიდან გამოსვლა.

მართალია, მსოფლიოში ხორბლის მოსავალი კარგია, მაგრამ ფასი მაინც მაღალი რჩება. ივლისში ალოობა დაიწყება საქართველოშიც, მაგრამ ადგილობრივი მოსავალი პროდუცქიის საბოლოო ღირებულებაზე გავლენას ვერ ახდენს.

როგორც პურის მცხობელთა ასოციაციაში აცხადებენ, პროდუქცია იმ შემთხვევაში არ გაძვირდება, თუ წისქვილკომბინატები მწარმოებლებს ერთ ტომარა ფქვილს 50 ლარად მიაწვდიან.

„თუ წისქვილკომბინატები ფქვილს 50 ლარად მოგვაწვდიან, პურის ფასის ზრდის საკითხი დღის წესრიგში არ დადგება, თუმცა ეს როგორც ვიცი არ იგეგმება. ჩვენ, დავინტერესდით, რა ფასად მივიღებთ ფქვილს 1-ლი ივლისიდან, მაგრამ ჯერ ამის პასუხი არ გვაქვს. გუშინ ვიყავით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე. ვუთხარით, რომ საჭიროა, ვიცოდეთ, რა ფასად მოგვაწვდიან ფქვილს, სულ რაღაც ერთ კვირაში. მათი პოზიციაა, რომ არის ბაზარზე ფაქტორები, რაც აიაფებს რუსულ ხორბალს და ფქვილს. მაგალითად, შემოდის ფქვილი ყაზბეგის საბაჟოდან, გაიაფებული ხორბალი შემოვიდა ფოთის პორტში.

კონკურენცია ქმნის ჯანსაღ გარემოს და მე ვთვლი, რომ თუ იმუშავებს საბაზრო ეკონომიკის პრინციპები, ფქვილის ფასი არ უნდა გაიქცეს. ჩვენი ანგარიშით, ხარისხიანი სტანდარტებით გამომცხვარი პურის რიგი სახეობები შეიძლება 10 თეთრის ფარგლებში გაძვირდეს. თუმცა, ამას მაინც 1-ლი ივლისიდან დავაკვირდებით. მე ვესაუბრე მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელს, რომელმაც მითხრა, რომ ფქვილის ფასი შესაძლოა, 60 ლარის ფარგლებში იყოს, რაც ცხადია პურს გააძვირებს“, - განაცხადა მალხაზ დოლიძემ გადაცემა „საქმეში“.

იმპორტიორებს სუბსიდირების დასრულებამდე შეუძლიათ, მარაგი შემოიტანონ, რომელთა ფასი ისევ 53 ლარი იქნება. ეს მათ მისცემთ შესაძლებლობას, დროებით მაინც აიცილონ პურის გაძვირების პროცესი. პარალელურად, საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებშიც დაიწყება ხორბლის მოსავლის აღება. ეს ზაფხულში მაინც გაიაფებას გამოიწვევს და პროდუქციის გაძვირებასაც შესაძლოა, გადავურჩეთ.

როგორც ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა მიიჩნევს, ამ ეტაპზე რთული სათქმელია, ჩამოვა თუ არა ფქვილის ფასი სამიზნე ნიშნულამდე, თუმცა ეს შესაძლოა, 2-3 კვირაში მოხდეს.

„სუბსიდირება დაიწყო ჯერ კიდევ სექტემბერში და მაშინ ერთი ტომარა ფქვილის ფასი 53 ლარს შეადგენდა. მეპურეების სამიზნე ფასიც ეს იყო, რის შედეგადაც ამბობდნენ, რომ თუ იგი შენარჩუნდებოდა, პურს არ გააძვირებდნენ.

პირველ ივლისს მთავრდება სუბსიდირება, შემდეგ კი ყველა ისარგებლებს თავისუფალი ბაზრის ფასით, რაც ახლა 60 ლარის ფარგლებშია. გაიაფდება თუ არა ფქვილი კიდევ 7 ლარით, ჯერ ამას ვერ ვიტყვით, რადგან ხორბლის აღება საქართველოში, რუსეთსა და უკრაინაში 2-3 კვირაში დაიწყება და იმ დროისთვის იქნება ცნობილი. ფაქტია, რომ ტრენდი არის დაღმავალი და, სავარაუდოდ, ფასი კიდევ დაიკლებს, თუმცა როდის, ეს ცნობილი არ არის“, - აღნიშნა სილაგავამ „რეზონანსთან“ საუბრისას და დასძინა, რომ გარემო პირობები იძლევა იმის საშუალებას, რომ გაიაფება გაგრძელდეს. მიუხედავად ამისა, გადაწყვეტილად თქმა იმისა, რომ პურზე ფასი შენარჩუნდება, დღეს შეუძლებელია.