1-ლი ივლისიდან ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები იცვლება. თბილისში „თელასს“ ჩაანაცვლებს „თელმიკო“, ხოლო რეგიონებში, „ენერეგო-პროს“ ნაცვლად, ელექტროენერგიის მიმწოდებელი „ეპ ჯორჯია“ იქნება. დედაქალაქის მოსახლეობას რამდენიმე დღეა მისდის შეტყობინებები, რომ 30 ივნისამდე უზრუნველყონ მრიცხველის ჩვენების მიწოდება გამანაწილებელი კომპანიისათვის. ასეთმა გზავნილმა მოქალაქეებში დაბნეულობა გამოიწვია. რა იცვლება ერთ კვირაში აბონენტებისთვის და რამდენად აუცილებელია შეტყობინებაში აღნიშნული მითითების შესრულება?
ქვეყნის ენერგოსექტორში მორიგი რეფორმა ხორციელდება. ამჯერად ერთმანეთისგან გაიმიჯნა ელექტროენერგიის განაწილებისა და მიწოდების საქმიანობა. თუკი აქამდე დენის მიწოდებასაც და განაწილებასაც ერთი და იგივე იურიდიული პირი უზრუნველყოფდა, ახლა ეს საქმიანობა განცალკევებულია. ამის გამო, „თელასმა“ და „ენერგო პრო ჯორჯიამ“ დააფუძნეს ახალი კომპანიები, რომლებიც უშუალოდ დენის მიწოდების საქმიანობას განახორციელებენ.
თბილისის მცხოვრებლებმა კომპანია „თელასისგან“ მიიღეს სმს-ები, რომ მათ 30 ივნისის მდგომარეობით დახარჯული დენის შესახებ ინფორმაცია სმს-ების საშუალებით უნდა გააგზავნონ. ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი განმარტავს, რა მოხდება მაშინ, თუ აბონენტი ჩვენებას არ ან ვერ მიაწოდებს გამანაწილებელს.
„1-ელ ივლისამდე მოხდება სრული ანგარიშსწორება „თელასსა“ და მომხმარებლებს შორის. ჩნდება კითხვა, რას ვშვრებით მაშინ, თუ არ ვიცით ისიც კი, რომელია ჩვენი მრიცხველი? ეს ცხადია, გათვალისწინებულია და ასეთ შემთხვევაში მოხდება საშუალო არითმეტიკულის გამოყვანით შეფასებითი დარიცხვა. ეს არ ნიშნავს, რომ შეფასებითი რიცხვი იქნება საორიენტაციო შემდეგში. სეზონური დაკვირვებით, შარშან ამ დროს რამდენს მოიხმარდით, შემდეგი თვიდან კი მოხდება ამ ჩვენების დაზუსტება ამოწერისას ისე, რომ არც კომპანიამ იზარალოს და არც აბონენტმა.
ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაწევრიანება ბევრ რამეს გვავალებდა. დავიწყეთ კანონმდებლობის ჰარმონიზაციით და მივედით ამ ეტაპამდე, რომ პრაქტიკაში უნდა განხორციელდეს და მოხდეს. ამისიც არ სჯეროდათ, რომ ენერგეტიკის სფერო ოდესმე არ იქნებოდა მონოპოლიზებული, თუმცა ეს მოხდა. მე ვერ გეტყვით, რომ ერთბაშად რამდენიმე კომპანია გველოდება ასარჩევად, მაგრამ ნაბიჯი გადადგმულია“, - განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა.
მომხმარებლებისთვის რომ არაფერი იცვლება, ამას ადასტურებს სემეკის თავმჯდომარეც. დავით ნარმანია აღნიშნავს, აბონენტებს შეუძლიათ, ძველებურად გააგრძელონ ახალ კომპანიასთან ანგარიშსწორება.
„იყოფა კომპანიები მარეგულირებელი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. თუ ელექტროენერგიას აქამდე გვაწვდიდა თბილისში „თელასი“ და რეგიონებში „ენერგო-პრო“, პირველი ივლისიდან ეს ასე აღარ იქნება. ისინი დარჩებიან როგორც ქსელის მესაკუთრეები, ანუ კომპანიები, რომლებმაც უნდა მოუარონ სადენებს, ბოძებს, ტრანსფორმატორებს და ა.შ.
რაც შეეხება ელექტროენერგიის მოწოდებას, ამას განახორციელებენ სხვა კომპანიები. როცა დადგება 30 ივნისი, აბონენტის მიერ მიწოდებულ ჩვენებაზე ანგარიშსწორება უნდა მოხდეს „თელასისა“ და „ენერგო-პროსთვის“, ხოლო 1-ლი ივლისიდან - ახალი კომპანიისთვის.
გამომდინარე იქიდან, რომ მრიცხველების წაკითხვა არის ბლოკური და თვეში ერთხელ ხდება ამოწერა, ზოგი - 2 რიცხვში, ზოგი - 5-ში და ა.შ. ორი მეთოდია შემოთავაზებული: პირველი - თუ მომხმარებელს სურს, რომ თვითონ ზუსტად გამიჯნოს, რამდენი გადაუხადოს „თელასს“ და რამდენი - ახალ კომპანიას, მას ამის საშუალება აქვს, რომ თავად ამოიწეროს ჩვენება და გააგზავნოს მონაცემი. ამას ინტერნეტი არ სჭირდება, პირდაპირ იგზავნება სმს-ის საშუალებით; მეორე - მომხმარებელი, რომელსაც დაეზარება, არ სურს ან არ უნდა, საქმე გაირთულოს, ამისთვის სემეკის სპეციალური რეგულაცია არსებობს, რომლის მიხედვითაც, ავტომატურად გაიყოფა დღეები პროპორციულად და ერთი ნაწილის ანგარიშსწორება მოხდება „თელასსა“ და „ენერგო-პროში“, ხოლო მეორე ნაწილის - ახალ კომპანიაში.
მომხმარებლისთვის არაფერი რთულდება, ტარიფი არ იცვლება, არც ფინანსურად არაფერი მძიმდება. უბრალოდ, ხდება ერთი მიმწოდებელი კომპანიის მეორით ჩანაცვლება. მერე უკვე, როგორც ყოველთვიურად თავის დროზე კითხულობდნენ მრიცხველებს, ისევ მოვლენ, ოღონდ - ახალი კომპანიის წარმომადგენლები და ჩვენებას ამოიწერენ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ გადაცემა „საქმეში“.