გერმანიაში დასაქმების პროგრამით ჩასული ქართველებს ისევ აბუჩად იგდებენ

გერმანიაში დასაქმების პროგრამით ჩასული ქართველებს ისევ აბუჩად იგდებენ

გერმანიაში ლეგალური დასაქმების პროგრამით წასული საქართველოს მოქალაქეების საქმეს რეაგირება ამ დრომდე არ მოჰყოლია. 24 ადამიანი ისევ უმძიმეს პირობებში იმყოფება. საქმეში გერმანიის ელჩისა და ადგილობრივი პროფკავშირების პირველ ჩართვას შედეგი არ მოუტანია. ახლა საელჩო მორიგ პირობას დებს, თუმცა ეს უკვე სერიოზულ დამოკიდებულებას აღარ ჰგავს.

მარწყვის ფერმაში დასაქმებულების განცხადებით, მათი სამუშაო და საცხოვრებელი პირობები, გაუმჯობესების ნაცვლად, კიდევ უფრო გაუარესდა.

ჯერ კიდევ მაისში, მაშინ, როდესაც სპეციალური პროგრამით დასაქმებულმა ქართველმა მათი დროებითი საცხოვრებლიდან უმძიმესი კადრები გაავრცელეს და სამუშაო კონტრაქტის პირობების დარღვევაზე ალაპარაკდნენ, გერმანიისა და საქართველოს შესაბამისი უწყებებიდან იყო დაპირება, რომ პრობლემები მოგვარდებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში დასაქმებულებს სხვა დამსაქმებელთან გადაიყვანდნენ. მიუხედავად ამისა, დამსაქმებელი სამუშაო ხელშეკრულების პუნქტების დარღვევას დღემდე განაგრძობს.

არასათანადო საცხოვრებელი გარემოს გამო ერთ-ერთმა დასაქმებულმა ჯანმრთელობის დაზიანებაც კი მიიღო და მას კვალიფიციური სამედიცინო დახმარება არ გაეწია.

საქართველოს მოქალაქეების საცხოვრებლისა და სამუშაო პირობების შესასწავლად 4 ივნისს მათთან იმყოფებოდნენ გერმანიის შრომისა და სოციალურ საქმეთა ფედერალური სამინისტროს შესაბამისი უწყების წარმომადგენლები. „მირამ“ შეისწავლა ადგილზე არსებული სიტუაცია და დამსაქმებელი გააფრთხილა, რომ ის არღვევენ როგორც კონტრაქტის, ისე გერმანიის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებს. მათ გამოსასწორებლად კი ვადა 16 ივნისამდე მისცა, თუმცა ადგილზე სიტუაცია კვლავ იგივეა.

ამიტომ საქართველოში გერმანიის საელჩო საქმეში კიდევ ერთხელ ჩაერია და მორიგი პირობაც დადო. საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც გერმანიაში სეზონური დასაქმების პროგრამაში მონაწილეობენ და რომელთა დამსაქმებელმაც დაარღვია პროგრამით გათვალისწინებული პირობები, უკვე ამ კვირაში ახალ დამსაქმებელთან გადაიყვანენ.

დიპლომატიური წარმომადგენლობის ინფორმაციით, პირველი შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, მათი უფლებები და მოთხოვნები ძალაში რჩება.

„გერმანიის დასაქმების ფედერალური სააგენტო წუხილს გამოთქვამს ამ პრობლემასთან დაკავშირებით: ეს პრობლემა სამწუხარო ცალკეულ შემთხვევას წარმოადგენს. გერმანიის სახელმწიფო უწყებებმა სწრაფად და ეფექტიანად გამოიკვლიეს აღნიშნული შემთხვევა და მიიღეს შესაბამისი ზომები. სეზონურად მომუშავე პირებისთვის დასაქმების კარგი პირობების შექმნა მთავარი წინაპირობაა საშუამავლო შეთანხმების წარმატებით განხორციელებისთვის.

გერმანიის საელჩო წუხილს გამოთქვამს ამ ცალკეულ შემთხვევაში გამოვლენილი დარღვევების გამო. შრომითი კანონმდებლობის დარღვევებს გერმანიაში სათანადო შედეგები მოჰყვება“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

რამდენიმე კვირის წინ გერმანიაში დასაქმების პროგრამით ჩასული ქართველებს ენითაუწერელი ვითარება დახვდათ. პირობები უმძიმესია, ანაზღაურება კი ბევრად დაბალი, ვიდრე პირობა იყო. დღემდე არის კვებისა და საცხოვრებელი პირობების პრობლემა. საქართველოს მოქალაქეები დიდი ხანია დახმარებას ითხოვენ.

„მქონდა საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით. წესისამებრ უწყებების მიერ მოხდა იმის უზრუნველყოფა, რომ შესრულდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა, მათ შორის შესაფერისი საცხოვრისით უზრუნველყოფა. გერმანიაში გარანტირებულია 9,5 ევროს ოდენობის მინიმალური ხელფასი. პრობლემები შეიძლება ყველგან იყოს. მთავარია, მათი მოგვარება მალე მოხდეს“, - აღნიშნა გერმანიის ელჩმა რამდენიმე კვირის წინ, თუმცა ფაქტია, რომ მდგომარეობა აქამდე უცვლელია. ასეთმა დამოკიდებულებამ ზარზეიმით ამოქმედებულ პროგრამას უკვე დიდი დარტყმა მიაყენა და სავარაუდოა, რომ დადებითი განწყობა მომავალში აუცილებლად გაქარწყლდება.