ტურიზმი ძალებს იკრეფს, მაგრამ ვაქცინაციის ტემპი ამ პროცესს აფერხებს. გარდა ამისა, მკაცრია საზღვრის კვეთის რეგულაციები უცხოელი ტურისტებისთვის. ტესტირების წესის დარღვევისთვის მათთვისაც სოლიდური ჯარიმაა დაწესებული. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, წელს დიდი გარღვევა ტურისტული სექტორში მოსალოდნელი არ არის.
აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა. ტურისტული ნაკადების ზრდის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.
„როგორც იცით პანდემიამდე არსებული საჰაერო სიხშირეების 57% უკვე აღდგენილია. მატულობს ავიაკომპანიების რაოდენობა, რომლებიც ასრულებენ რეისებს საქართველოს მიმართულებით. შესაბამისად იზრდება საჰაერო გზით შემოსული ტურისტების რიცხვი.
1-ლი ივნისიდან უკვე სახმელეთო გზითაც შეუძლიათ ტურისტებს საქართველოში შემოსვლა, როგორც ვაქცინაციის სრული კურსის დამადასტურებელი საბუთით, ასევე PCR ტესტის უარყოფითი პასუხით. ჩვენი მოლოდინი მაღალია. უფრო მეტი ტურისტის მოსაზიდად ვახორციელებთ მარკეტინგულ აქტივობებს, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. კამპანიის ფარგლებში, კოვიდის პირობებში ყველაზე მოთხოვნად ტურისტულ პროდუქტებზე გვაქვს აქცენტი გაკეთებული, ეს არის ეკო, აგრო, სათავგადასავლო და სხვა მიმართულებები.
უსაფრთხო ტურისტულ პროდუქციაზე ორიენტერიული კამპანია, შემსუბუქებული რეგულაციები, გახსნილი სახმელეთო საზღვარი და გაზრდილი ავიარეისების რაოდენობა კომპლექსურად ხელს უყობს რაც შეიძლება მალე მივიღოთ მეტი საერთაშორისო მოგზაური საქართველოში“, - განაცხადა ჯანიაშვილმა.
დადებით ტენდენციაზე საუბრობენ ანალიტიკოსებიც. პანდემიამ კუდი თუ არ მოიქნია, 2022 წელს ტურიზმი, 2019 წელთან შედარებით, თითქმის აღდგება - განაცხადა „გალტ ენდ თაგარტის“ უფროსმა ანალიტიკოსმა კახა სამყურაშვილმა. ორგანიზაციის განახლებული პროგნოზით, 2021 წელს ტურიზმის აღდგენა 2019 წელთან შედარებით 36%-ითაა მოსალოდნელი.
„წლის დასაწყისში რომ დაესვათ ეს შეკითხვა, უფრო ოპტიმისტური ვიქნებოდი, რადგან იმედი მქონდა, რომ ვაქცინაცია უფრო სწრაფად წარიმართებოდა, მაგრამ პროცესში შეფერხებაა. ამ მოცემულობაში კარგი მაჩვენებელი იქნებოდა თუ 36%-იან აღდგენის ნიშნულს დავუბრუნდებით.
რაც შეეხება 2022 წლის აღდგენის პროგნოზებს, თუ პანდემიამ 2021 წლის ბოლოს, ან 2022 წელს კუდი არ მოიქნია, ვფიქრობთ, 2022 წელს ტურიზმის სექტორი, 2019 წლის ნიშნულთან მიმართებით, თითქმის აღდგება. უფრო პესიმისტურ და ოპტიმისტურ ვარიანტებსაც არ გამოვრიცხავთ, მაგრამ საბაზისო ვარიანტში 2022 წელი აღდგენის წელი იქნება, იქიდან გამომდინარე რომ წლის ბოლოსთვის საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აცრილი უნდა იყოს. თუ ეს ასე იქნება, მაშინ დასავლური სამყარო, განვითარებული ქვეყნები და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ასევე სრულად აცრილები იქნებიან და მოგზაურობის შიში მეტ-ნაკლებად უკან იქნება მოტოვებული. შესაბამისად, ადამიანების მოგზაურობის სურვილი დიდი იქნება“, - განმარტა სამყურაშვილმა.
ადამიანებს მოგზაურობის სურვილი კი მოეძალებათ, მაგრამ რამდენად მოახერხებენ საზღვრის კვეთის გამკაცრებულ პირობებში მის განხორციელებას, ეს მეორე საკითხია. ამ მხრივ საქართველში საკმად მკაცრი მიდგომა მოქმედებს. ქვეყანაში შემოსულ ყველა მოქალაქეს, რომლებიც ქვეყნის საზღვარს გადმოკვეთს, ვალდებულება აქვს, წარადგინოს ბოლო 72-საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი. ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, უცხო ქვეყნის მოქალაქე ვალდებულია PCR-ტესტი 72 საათში კვლავ გაიმეოროს, ხოლო საქართველოს მოქალაქეს შეუძლია, აირჩიოს და შემოსვლიდან 8 დღის განმავლობაში იზოლაციაში გადავიდეს, ან 72 საათში მანაც PCR-ტესტი აიღოს.
საქართველოს საზღვრის კვეთის შემდეგ 72 საათში PCR -ტესტის განმეორების ვალდებულება აქვს როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო საზღვრის კვეთის შედეგად ქვეყანაში შემოსულ პირებს. ამ ვადაში განმეორებით ტესტირების საკითხს ჯანდაცვის სამინისტრო აკონტროლებს, ხოლო ჯარიმების ნაწილი შს სამინისტროს კონტროლქვეშაა.
შესაბამისად, მოქალაქეს, რომელიც საქართველოს საზღვარს კვეთს და ვალდებულია 72 საათის შემდეგ ჩაიტაროს PCR-ტესტი, საზღვრის კვეთისას ეს ინფორმაცია მიეწოდება, თუ როდის უწევს ტესტის ჩატარება. თუ ის ამას არ გააკეთებს, დაჯარიმდება 2000 ლარით.
იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე ჯარიმას არ გადაიხდის, მას უკან დაბრუნებისას პრობლემები შეექმნება და შეიძლება საზღვარიც ვერ გადაკვეთოს.