პარლამენტმა ცვლილებათა პაკეტი განიხილა, რომელიც როგორც სამშენებლო ამნისტიას, ასევე მკაცრ რეგულაციებს ეხება. სამომავლოდ, ჯარიმასთან ერთად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც დაეკისრებათ ურჩ მშენებლებს. სასჯელი 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთასაც ივალისწინებს.
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი სანებართვო პირობების დარღვევით მშენებელობის ექსპლუატაციაში მიღების დროებით წესს ითვალისწინებს. ამისათვის აუცილელებელი პირობაა, რომ გაცემული იყოს მშენებლობის ნებართვა და ობიექტი დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის დეტალურ არეალში იყოს მოქცეული.
თბილისი ბოლო 30 წლის განმავლობაში განუკითხავი მშენებლობებით დაზარალდა. ამიტომ ეს პრობლემა უნდა დარეგულირდეს.
სამშენებლო ამინისტია ეხება ისეთ მშენებლობებს, რომლებსაც აქვთ ისეთი დარღვევები, რომლებიც უსაფრთხოებასა და მდგრადობაზე გავლენას არ ახდენს. „ქართული ოცნების“ დეპუტატის ბექა დავითულიანის შეფასებით ცვლილებები არა დეველოპერებს, არამედ მოქალაქეებს დაეხმარება, რადგან დეველოპერები წინასწარ ყიდიან ბინებს და პრობლემები ფართის მფლობელებს რჩებათ. სამშენებლო ამინისტია ისტორიულ არეალს არ ეხება.
„ვერ გავექცევით მოცემულობას, დეველოპერები აშენებენ, წინასწარი ყიდიან სახელბს და მერე 90% ისე გადის, რომ მოქალაქეებს კონკრეტული პრობლემები რჩებათ. ხოლო მშენებლებს საერთოდ აღარ აინტერესებთ იმ სახლს ექსპლუატაციაში მივიღებთ თუ არა. ჩვენ ახლა ამნისტიას ვუკეთებთ მოქალაქეების პრობლემას და არა დეველოპერებს. რა თქმა უნდა, არსებობენ ძალიან არაკეთილსინდისიერი დეველოპერები, რომლებმაც აგვიშენეს სპორტის სასახლის უკან, აგრეთვე პირველი სკოლის უკან კორპუსი. ამნისტია უნებართვო მშენებლობებს არ შეეხება“, - აღნიშნა ბექა დავითულიანმა.
მანვე „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატან იმ ცვლილებებზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც უნებართვო მშენებლობებზე მკაცრი რეგულაციები დაწესდება.
„სისხლის სამართლის დანაშაულად გვინდა ვაქციოთ მშენებლობის შეჩერებაზე უარის თქმა. 15 000 ლარიანი ჯარიმა 1000 კვადრატის გადაჭარბებას ვერ შველის, ეს ჩვენ ვიცით. ამიტომ შეჩერებაზე რომ გამოვუწერთ და არ გაჩერდება, დეველოპერებს პასუხისმგებლობა მოხსნილი აქვთ. შესაბამისად, ამის შემდეგ ვინც მსგავსს ჩაიდენს, ციხეში წავა. მართლა საზოგადოების სახეა ქალაქი და მისი არქიტექტურა. დღეს ჩვენი სახე მახინჯია, რომელიც უნდა გავყინოთ და გამოვასწოროთ“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა პლენარულ სხდომაზე.
ამნისტია შეეხება ისეთ ობიექტებს, რომლებიც 2020 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით იქნება დასრულებული.
რაც შეეხება რეგულაციების გამკაცრების საკითხს, კანონპროექტის თანახმად, აკრძალული იქნება ობიექტის ფუნქციონირება, სანამ არ მოხდება მისი ექსპლუატაციაში მიღების შესახებ შესაბამისი აქტის გამოცება. ანუ ექსპლუატაციაში მიღებამდე დაუშვებელი იქნება ამ ობიექტის ფუნქციონირება საცხოვრებელი თუ სხვა დანიშნულებით. გარდა ამისა, ლიცენზიატებს აეკრძალებათ, რომ მოამარაგონ ობიექტები ელექტროენერგიით და ბუნებრივი გაზით მანამ, სანამ არ მოხდება მათი ექსპლუატაციაში მიღება. თუმცა, დასაშვები იქნება, რომ ელექტროენერგია და ბუნებრივი გაზი მიწოდებული იქნას მხოლოდ სამშენებლო საქმიანობის მიზნებისათვის. ანუ მხოლოდ იმ მიზნით, რომ მშენებელმა ელექტროენერგია და ბუნებრივი გაზი გამოიყენოს მხოლოდ მშენებლობის განსახორციელებლად.
პირველი, ვინც ქვეყნის მთავარ ქალაქში ქაოსური მშენებლობების წინააღმდეგ გაილაშქრა, თბილისის მერი კახა კალაძე იყო. განსაკუთრებით გამკაცრდა ვითარება დედაქალაქის გენგეგმის დამტკიცების შემდეგ. ახლა კალაძე ამბობს, რომ რეგულაციები იმ დონეზეა, ძნელია „ქალაქს ცუდი გაუკეთო“.
„დედაქალაქის დღევანდელმა მთავრობამ მოახერხა და ყველაფერი გააკეთა, შეექმნა მტკიცე ფუნდამენტი იმისთვის, რომ მომავალში, მერი კახა კალაძე იქნება თუ ვინმე სხვა, ამ პროექტების გაგრძელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქალაქისთვის. ამაში ძალიან დიდი შრომაა ჩადებული, უამრავი გათენებული ღამე და მეამაყება, რომ ჩვენ ეს შევძელით, არა მხოლოდ სატრანსპორტო მიმართულებით, არამედ ურბანული პოლიტიკის ნაწილში.
ხვალ რომ კახა კალაძე არ იყოს მერი და იყოს ვინმე სხვა, რომელი მერი გაბედავს და გასცემს სამშენებლო ნებართვას რომელიმე რეკრეაციული სივრცის ან სპორტული მოედნის ხარჯზე? ვინ გაბედავს ამას? ვინ გააკეთებს? ჩვენ ისე ავწიეთ ეს თამასა, ისეთი რეგულაციები შევიმუშავეთ, მიღებულია გენერალური გეგმა, ძალიან რთული იქნება, ცუდი გაუკეთო ქალაქს. პირიქით, ყველანაირი შესაძლებლობაა, რომ ეს ქალაქი სწორად განვითარდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
როგორ აღვნიშნეთ, მშენებლობებთან დაკავშირებით ცვლილება „სისხლის სამართლის კოდექსშიც“ შედის, რომლის თანახმადაც არასწორად განხორციელებულ მშენებლობაზე ჯარიმასთან ერთად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც დაეკისრებათ.
თუ მშენებლობა არასწორად ხორციელდება და შეუსაბამოა არქიტექტურულ ნებართვასთან, პირველ შემთხვევაში იქნება ჯარიმა. იმ შემთხვევაში, თუ დარღვევა გამოსწორებული არ იქნება და მშენებლობა არ შეჩერდება, ამოქმედდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. სასჯელი იქნება თავისუფლების აღკვეთა ვადით 2 წლამდე. იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.
ვინმე გვიდიანმა რომ უნებართვოდ ააშენა უზარმაზარი კორპუსი ვერაზე, ფილარმონიის ზემოთ, ამოიყვანა მე-10 სართულზე და მიატოვა, ჩვენი ფულები შეიტყაპუნა და 2005-ში რომ უნდა შევსახლებულიყავით და დღესაც ქუჩაში ვართ დარჩენილი (ახლა ამბობენ, ბოლო სართული მოსანგრევიაო)... ჩვენი და ჩვენნაირების საქმე როგორ იქნება, პატივცემულო "ქალაქის მამებო"?
ჩვენ რაზე შევატყოთ, რომ ან ქალაქს, ან ქვეყანას პატრონი ჰყავს?!