„ქართული ოცნებიდან“ მაჟორიტარობის კანდიდატებს „ფორუმი“, „კონსერვატორები“ და „მრეწველები“ წარადგენენ

„ქართული ოცნებიდან“ მაჟორიტარობის კანდიდატებს „ფორუმი“, „კონსერვატორები“ და „მრეწველები“ წარადგენენ

დღეს for.ge-ს პრეს-კლუბის სტუმარი იყო საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე, რომელმაც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. პირველი, რაზეც მან ისაუბრა, იყო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც თვის ბოლომდე უნდა იყოს განხილული. ელისო ჩაფიძის განცხადებით, მმართველი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია ის, რომ ვენეციის კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ცალსახად დადებითი დასკვნა დადო. აქვე დეპუტატი 2004 წელს იხსენებს, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობა“ ვენეციის კომისიის დასკვნას არ დაელოდა და ძალიან სწრაფად, ყოველგვარი განხილვის გარეშე მიიღო ეს ცვლილებები. ჩაფიძის თქმით, მათგან განსხვავებით ახალი ხელისუფლება ძალიან აუჩქარებლად და კანონთან შესაბამისობაში ღებულობს ამ ცვლილებებს და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებსაც ელოდება.

„ჩვენ ვსაუბრობთ იმაზეც, მაგალითად იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით რა დოზით გავითვალისწინოთ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია. სხვათაშორის, იგივე ხდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდთან დაკავშირებით. მე პირადად ამ კვირაში საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საელჩოების წარმომადგენლებთან რამდენიმე შეხვედრა მაქვს დაგეგმილი, სადაც კიდევ ერთხელ გავივლით საკითხს, თუ როდის მოხდეს კანონპროექტის ამოქმედება. ვგულისხმობ მაუწყებლის შესახებ კანონს, ბორდის დაკომპლექტების ნაწილში. ანუ ვმსჯელობთ იმაზე, კანონი ამოქმედდეს მას შემდეგ, რაც ამ ადამიანებს უფლებამოსილების ვადა ამოეწურებათ, თუ უფრო ადრე“, - ამბობს ელისო ჩაფიძე.

მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებს, საპარლამენტო უმცირესობის გარკვეული ნაწილი ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერს და ცვლილებები დიდი ალბათობით იქნება მიღებული. დეპუტატის განცხადებით, მთავარი არის ის, რომ პრეზიდენტს მთავრობისა და პარლამენტის დათხოვნის უფლება შეეზღუდოს, თუმცა აქვე ჩაფიძე დასძენს, რომ სავარაუდოდ სააკაშვილს მთავრობისა თუ პარლამენტის დათხოვნის სურვილი არ უნდა ჰქონდეს, რადგან ეს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის მასაც და რაც მთავარია, ქვეყანასაც.

ქალბატონო ელისო, რამდენად კმაყოფილი ხართ ვენეციის კომისიის დასკვნით?

- ვენეციის კომისიამ დადებითად შეაფასა პრეზიდენტის ძალაუფლების შეზღუდვა. ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობთ მიხეილ სააკაშვილის ძალაუფლების შეზღუდვაზე. მთავარია შეიქმნას ისეთი მოდელი, რომელიც ქვეყანაში სტაბილურობას უზრუნველჰყოფს. ვენეციის კომისია 2004 წელსაც თვლიდა, რომ პრეზიდენტისათვის განუზომელი ძალაუფლების მინიჭება (როდესაც პრეზიდენტმა პარლამენტს პრაქტიკულდ ნოტარიუსის ფუნქცია მიანიჭა) არ იყო სასურველი და დღესაც კომისია პარლამენტისათვის ხალხისგან მინიჭებული უფლების დაბრუნებას მიესალმება. ჩვენ ვართ პირდაპირი წესით არჩეული ადამიანები. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ პარლამენტს ჰქონდეს საშუალება, აღმასრულებელ ხელისუფლებას კონტროლი გაუწიოს. ვენეციის კომისია მიესალმება ასეთი ტიპის ცვლილებებს.

შენიშვნა და რეკომენდაცია მათ აქვთ ერთ საკითხთან დაკავშირებით - ეს გახლავთ იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესი. კონკრეტულად საუბარია იმაზე, რომ იუსტიციის საბჭოს წევრად არჩევის უფლება ჰქონდეთ მოსამართლეებს, იმ თანამდებობის პირებს, რომლებიც იუსტიციის საბჭოში დღესაც არიან და ვფიქრობ, რომ შესაძლებელია და ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ვენეციის კომისიის ეს შენიშვნა. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, „ნაციონალური მოძრაობა“ 2004 წლის 3 თებერვალს ვენეციის კომისიის დასკვნას არ დალოდებია. მაშინ მე ჟურნალისტი ვიყავი და ვესწრებოდი „ქორთიარდ მერიოტში“ ვენეციის კომისიის მკვეთრად უარყოფითი დასკვნის განხილვას, მაშინ, როდესაც პარლამენტში ამის პარალელურად საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე დე მესამე მოსმენით მიღება მიმდინარეობდა ისე, რომ განხილვის ერთთვიანი ვადაც კი არ იყო დაცული. ასეთი უხეში დარღვევების მიუხედავად, მაშინ არავის გაუპროტესტებია ამ ცვლილებების მიღება, მათ შორის, სამწუხაროდ არც პარლამენტის იურიდიულ დეპარტამენტს და არც ქვეყანაში მოღვაწე ბევრ ადამიანს.

ქალბატონო ელისო, როგორია თქვენი დამოკიდებულება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებული 19 აპრილის აქციასთან დაკავშირებით და როგორ ფიქრობთ, რამდენად მასშტაბური იქნება ეს აქცია?

- მე არ ველოდები მასშტაბურ აქციას და არ ველოდები იმას, რომ ეს ნამდვილად ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებული აქცია იქნება. თუკი ვინმეს რაიმე ეჭვი ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი იცვლება, ამ ადამიანებს ეს ეჭვები უნდა გაქარწყლებოდა, როდესაც 7 მარტს საგარეო კურსთან დაკავშირებით მივიღეთ რეზოლუცია, სხვათაშორის უმცირესობისა და უმრავლესობის ყველა წარმომადგენლის მხარდაჭერით, ვინც სესიაზე იმყოფებოდა. რეზოლუცია ითვალისწინებს, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი - სწრაფვა ევროკავშირისაკენ, ევროატლანტიკური სივრცისაკენ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს მთავარ ამოცანად რჩება. მთავარია, ამ გზაზე ჩვენ რა ნაბიჯებს გადავდგამთ. რუსეთთან ეკონომიკური ან პოლიტიკური ურთიერთობის მოწესრიგება არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას. ქვეყნის ყველა ხელისუფლების ამოცანა უნდა იყოს, რომ მეზობელთან კონფრონტაციული ურთიერთობა არ ჰქონდეს.

აქედან გამომდინარე, 19 აპრილს მე ველოდები „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ ყრილობას. ვფიქრობ, რომ ეს აქცია მრავალრიცხოვანი არ იქნება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და „ქართული ოცნება“ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დაცული იყოს ჩვენი თანამოქალაქეების, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება. არავითარ შემთხვევაში ამ ადამიანებს არ დავარბევთ, საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალებას მივცემთ და პირობას გაძლევთ, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში არასოდეს განმეორდება ის, რაც 7 ნოემბერს და 26 მაისს მოხდა. აქვე მოვუწოდებ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რომ აქციაზე შეკრებილი მოქალაქეების უსაფრთხოება მაქსიმალურად დაიცვას, რადგან არ გამოვრიცხავ გარკვეულ პროვოკაციებს, ისეთ პარტნიორ პოლიტიკურ ორგანიზაციასთან გვაქვს საქმე.

საბედნიეროდ, დღეს აღარ არის ის ვითარება, როდესაც საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ ადამიანებს ატირებულებს, იძულების წესით აცვამდნენ ხუთნომრიან მაისურებს. ვინც გულწრფელად დარჩა „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრე, ჩვენ ყველა მათგანს მივცემთ თავისუფლად აზრისა და პოზიციის გამოხატვის საშუალებას.

დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, თქვენი აზრით, არსებობს იმის საფრთხე, რომ პრეზიდენტმა პარლამენტი და მთავრობა დაითხოვოს?

- მე ვფიქრობ, რომ დიდი ალბათობით, პრეზიდენტი ამ უფლებას არ გამოიყენებს, თუმცა მას ამის უფლება აქვს. მეორე მხრივ, ჩვენ არ გვაშინებს არც პარლამენტის და არც მთავრობის დათხოვნის ალბათობა. დღვანდელ პირობებში „ქართული ოცნება“ გაცილებით უფრო მაღალი პროცენტული მაჩვენებლით მოიგებს საპარლამენტო არჩევნებს, ვიდრე ეს 1 ოქტომბერს იყო. აქედან გამომდინარე, ნება მიხეილ სააკაშვილისაა, თუმცა მე არ ვთვლი, რომ ყოველ 6 თვეში საპარლამენტო არჩევნების გამართვა, ან პოლიტიკური კრიზისის შექმნა, საქართველოს მოსახლეობის პრობლემების გადაჭრას და მყარი, სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.

შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით თუ ჩამოყალიბდა „ქართული ოცნება“ კანდიდატებზე და რომელი პარტიების ქვოტებით იქნებიან მაჟორიტარობის კანდიდატები წარმოდგენილები?

- 27 აპრილის არჩევნებისთვისაც კოალიციურ რეჟიმში ვიმუშავებთ. კოალიციის პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო ჩემთვის ძალიან საპატიო გადაწყვეტილება, კოალიციის საარჩევნო შტაბს ვუხელმძღვანელო. ამ დღეებში ამ გადაწყვეტილების იურიდიულ გაფორმებას ველოდები. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ისეთი ადამიანისთვის, რომელიც სულ ერთი წელია, რაც პოლიტიკაში მოვიდა, თუმცა ამავე დროს, ეს სერიოზული გამოწვევაც გახლავთ.

რაც შეეხება კანდიდატებს, ამასთან დაკავშირებით პოლიტსაბჭო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, მაგრამ კანდიდატების დასახელება ელისო ჩაფიძის პრეროგატივა ნამდვილად არ არის. კანდიდატებს ჩვენი კოალიციის ლიდერი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაასახელებს და ვაპირებთ, რომ სამივე ოლქში მოვიგოთ არჩევნები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რისი თქმის უფლებაც მაქვს არის ის, რომ კოალიციაში ძალიან კარგი გზით წავედით და სამივე ოლქში კანდიდატების დაყენების უფლება მივეცით ჩვენს კოალიციაში შემავალ პარტიებს, რომლებსაც პარლამენტში ნაკლები წარმომადგენლობა ჰყავთ. საუბარია ფორუმზე, კონსერვატორებსა და მრეწველებზე. მათ აქვთ უფლება, მათი კანდიდატები დაასახელონ, ჩვენ კი საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მივიღებთ და გავახმაურებთ კიდევაც.

პარლამენტის დეპუტატების პრემიებთან დაკავშირებითაც გკითხავთ. ეს ინფორმაცია წინა კვირაში გახმაურდა და საინტერესოა, ხელისუფლებამ თუ მოიმოქმედა რამე იმასთან დაკავშირებით, რომ დეპუტატები ასეთი დიდი ოდენობის პრემიებს აღარ ღებულობდნენ, რადგან წინა ხელისუფლების მიმართ საზოგადოებაში არსებული ერთ-ერთი სერიოზული პრეტენზია სწორედ ამ საკითხს ეხებოდა

- საქართველოს პარლამენტმა იანვარში მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2013 წლის განმავლობაში პრემიები არ გაიცემა. ეს შეკითხვა უფრო პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს ეკუთვნის, რომელიც მსგავს საკითხებზე გადაწყვეტილებებს ღებულობს. ვფიქრობ, ჩემი მხრიდან საკუთარი კოლეგების გაკრიტიკება ცოტა არაკოლეგიალურია, მაგრამ მაინც მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი ოდენობის პრემიების გაცემის პრაქტიკა არ მომწონს. მე ტყიბულის რაიონის საკრებულოში შევედი წინადადებით, რომ ის უზარმაზარი პრემიები, რომლებიც ტყიბულის რაიონში ხელისუფლების წარმომადგენლებზე გაიცემოდა (როგორც საკრებულოს წევრებსა და თანამშრომლებზე, ასევე გამგეობის თანამშრომლებზეც), გაუქმდეს და ეს თანხები იანვარ-თებერვალში, ერთჯერადი სოციალური დახმარების პროგრამებზე არის გადამისამართებული. მხოლოდ იანვარში ტყიბულის რაიონში ერთჯერად სოციალურ დახმარებებზე 18 000 ლარზე მეტი გაიცა და ამის გაკეთება სწორედ ამ პრემიების ხარჯზე მოვახერხეთ. ასევე პირადად მე უარი ვთქვით იმ თანხების მიღებაზე, რაც მაჟორიტარ დეპუტატს გამგეობიდან ბოლო სამი თვის განმავლობაში ეკუთვნოდა და ეს თანხაც სოციალური სამსახურის მეშვეობით მოქალაქეებისათვის დახმარებების გასაცემად არის გადამისამართებული.

ვფიქრობ, რომ ასეთი გაჭირვებული ქვეყნის წარმომადგენლები უფრო ნაკლები დანახარჯებით უნდა გადიოდნენ ფონს, მაგრამ ძალიან მაწუხებს ის საკითხი, რომ ნახევარ მილიონამდე თანხა პარლამენტის წევრებსა და აპარატის თანამშრომლებს მხოლოდ ბინის ქირების გადასახდელად გვჭირდება. ეს ძალიან დიდი ხარჯია. ბუნებრივია, ეს თანხა იდება ქუთაისის განვითარებაში, ანუ ამ ფულს ის ადამიანები იღებენ, ვისგანაც ბინები გვაქვს ნაქირავები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეკონომისტები უნდა დასხდნენ და გაიაზრონ, ამ ხარჯის გაღება სჯობს, თუ ამ ფულის კონკრეტული წარმოების ამუშავებაში ჩადება, რა უფრო კარგად წაადგება ქვეყანას.“