„ინტერნეტ-კაფეები“ საჯარო სკოლებში, ანუ დირექტორი „ჩათში“, მეგობრებთან ერთად

„ინტერნეტ-კაფეები“ საჯარო სკოლებში, ანუ დირექტორი „ჩათში“, მეგობრებთან ერთად

[დალი ბჟალავა] 

ინგლისური ენა რომ ჩვენი „მხსნელი“ და „გადამრჩენელი“ გახდებოდა, „ვარდების რევოლუციიდან“ მოკლე ხანში გამოიკვეთა. იმის მიუხედავად, რომ ამ უცხო ენის შესწავლის აუცილებლობაზე რევოლუციამდეც მიგვითითებდნენ.

რევოლუციის შემდეგ, ინგლისურის, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი და მომავალი თაობის “გადამრჩენელი” ენის დამკვიდრების მეთოდები სულ უფრო მეტად იხვეწებოდა. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ინგლისურ ენას დღეს, უკვე უცხოელი მოხალისეები ასწავლიან. 

ამ ფაქტს უკმაყოფილებით ვერ შევხვდებით. ეს უდავოდ მისასალმებელია! თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ მისი შემოტანისა და დამკვიდრების მეთოდები დასახვეწი, შესაცვლელი და ამასთან, ზოგჯერ ძალადობრივიც კია. 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა ერთ-ერთი სატელევიზიო ჩართვისას გვამცნო, რომ - ამიერიდან უნივერსიტეტს ვერავინ დაამთავრებს, თუ ინგლისურის გამოცდას არ ჩააბარებს, თანაც უმაღლეს დონეზე! წინააღმდეგ შემთხვევაში, დიპლომის გარეშე დარჩება და რამდენიმეწლიანი შრომაც წყალში ჩაეყრება.

შესაბამისად, ჯერ კიდევ გაურკვეველია იმ სტუდენტების მომავალი, რომელთაც უნივერსიტეტში მისაღებ გამოცდებზე არა ინგლისური, არამედ რომელიმე სხვა უცხო ენა ჩააბარეს. 

თუმცა მხოლოდ ინგლისურით შორს ბუნებრივია ვერ გავფრინდებით და კომპიუტერის ცოდნაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. საჯარო სკოლების კომპიუტერიზაცია - ეს ხომ ის თემაა, რითაც ხშირად ამაყობს ხელისუფლება. ამ პროგრამის განხორციელებისათვის რამდენიმე მილიონი ლარი დაიხარჯა და არაერთი სიუჟეტის თემაც გახდა. 

კომპიუტერების სკოლაში შეტანით ხელისუფლება საზოგადოების თვალში ქულების ჩაწერას ცდილობს. ამოცანას თავი წარმატებითაც გაართვა და რეგიონებში ყველა სკოლა თუ არა, მათი დიდი უმრავლესობა კომპიუტერებით მართლაც აღიჭურვა. ბიუჯეტიდან რამდენიმე მილიონს თუ დავხარჯავთ, რომ ცივილიზაციას ფეხი ავუწყოთ და მომავალი თაობა თანამედროვე ტექნიკას ვაზიაროთ, ეს, თავისთავად კარგია. 

თუმცა სხვა საკითხია, კომპიუტერები მოსწავლეებისთვის რამდენად ხელმისაწვდომია. უმეტეს შემთხვევაში, ისინი კომპიუტერის ოთახშია გამოკეტილი მოსწავლეებისთვის მიუწვდომელია. 

საჯარო სკოლების ნაწილში, კომპიუტერების ოთახში, მოსწავლეებს საერთოდ არ უშვებენ. მაშინაც კი, როდესაც ბავშვებს დავალების შესასრულებლად ინტერნეტში მასალების მოძიება სჭირდებათ. 

ორიოდე კვირის წინ, ერთ-ერთი რაიონიდან სკოლის მოსწავლემ დამირეკა, რომელიც ჩემი ახლობელია და მთხოვა მისთვის საჭირო მასალა მომეძიებინა. დავინტერესდი, თავად რატომ ვერ ახერხებდა ამას, რადგან სკოლაში კომპიუტერებიც აქვთ და ინტერნეტიც. 

„კი გავქვს კომპიუტერები, მაგრამ ჩვენ არავინ არ გვაკარებს. ის ოთახი, სადაც კომპიუტერებია შენახული მუდამ დაკეტილია. შარშან, შარშანწინ გვეუბნებოდნენ, რომ მაღალ კლასებში გვექნებოდა კომპიუტერთან მუშაობის შესაძლებლობა, თუმცა წელსაც არ გაგვიმართლა. არადა ზოგჯერ მასწავლებელი ისეთ დავალებას გვაძლევს, რომ გვინდა მასალა ინტერნეტში მოვიძიოთ, მაგრამ, სამწუხაროდ, სკოლაში ამაზე ხელი არ მიგვიწვდება. 

კომპიუტერების ოთახი სულ დაკეტილია და მხოლოდ მაშინ იხსნება, როდესაც დირექტორს გასართობად, მეგობრები სტუმრობენ. ჩვენ კი, იძულებულები ვართ საჭირო ინფორმაციის მისაღებად ინტერნეტ-კაფეში ფული გადავიხადოთ“, - განმიმარტა მან. 

ჩანს, კომპიუტერებისთვის გამოყოფილმა ოთახმა ზოგიერთ სკოლაში ინტერნეტ-კაფეს ფუნქციები შეითავსა, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ დირექტორის თუ, ცალკეული პედაგოგების ნაცნობ-მეგობრებისთვის.  რომლებიც სკოლის იმისთვის სტუმრობენ, რომ „იჩათაონ“ და სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ „ფერმას“ მოუარონ. 

მოსწავლეები კი იძულებულნი ხდებიან, დავალებისათვის საჭირო მასალის მოსაძიებლად რაიონულ ცენტრებში იარონ და ინტერნეტ-კაფეებში ფული გადაიხადონ. ისინი კი, ვისაც ამის მატერიალური  შესაძლებლობა არ აქვს, სამწუხაროდ, საშინაო დავალებას სათანადოდ ვერ ასრულებენ. 

ზოგიერთ სკოლაში კი, სრულიად სხვაგვარი ვითარებაა. სიტუაცია იმდენად უპატრონო და უკონტროლოა, რომ ბავშვები  კომპიუტერებს არა ინფორმაციის მისაღებად, არამედ გასართობად იყენებენ და „ოდნოკლასნიკებსა“ თუ „ფეისბუქს“ სტუმრობენ. თუმცა, ასეთი შემთხვევები იშვიათობაა.