„ხაბურძანიას ავანტურა საინტერესო ტესტია, როგორც კრემლისთვის, ასე თეთრი სახლისთვის“

„ხაბურძანიას ავანტურა საინტერესო ტესტია, როგორც კრემლისთვის, ასე თეთრი სახლისთვის“

საქართველოში დაბრუნებული უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის გააქტიურებას აპირებს. აცხადებს, რომ ექნება კონსულტაციები იმ ძალებთან, ვინც პრორუსული მიმართულების პოლიტიკოსებად მოიაზრებიან. როგორც ხაბურძანიამ განმარტა,ნინო ბურჯანაძის პარტია აცხადებს, რომ არ არის პრორუსული და ამ მიმართულებით არ სურს ჩართვა, მაგრამ დარჩება კახა კუკავას პარტია. თუმცა უკვე ცნობილია, რომ არც კუკავას პარტია არ აპირებს უშიშროების ყოფილ მიმისტრთან თანამშრომლობას. ხელისუფლებასთან კონსულტაციებს ვალერი ხაბურძანია გამორიცხვას, რადგან მიიჩნევს, რომ ამ ხელისუფლებას აშკარა პროდასავლური ორიენტაცია აქვს...

რას ნიშნავს ქართულ პოლიტიკურ არენაზე ხაბურძანიას გამოჩენა, ვის და რა და მიზნებს შეიძლება ემსახურებოდეს მისი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არსებობა ამ თემებზე ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გვესაუბრება.

ბატონო სოსო, ქართულ პოლიტიკურ რეალობაში პრორუსული ვექტორი პოლიტიკური პარტიის დისკრედიტირების იარაღი იყო. დღეს ხაბურძანია პრორუსული მიმართულების პარტიის შექმნაზე ღიად საუბრობს და პრორუსულად მონათლული პატიების მხარდაჭერის იმედიც გამოთქვა, თუმცა მათგან უარი მიიღო - პრორუსულები არ ვართო. რას ნიშნავს ეს ყველაფერი, რამე შეიცვალა საქართველოში ამ მიმართულებით?

- ვფიქრობ უპირველეს ყოვლისა, ეს გახლავთ მავანთა ოცნება -ეს ოცნება გამოიხატება, პრიმიტიულ მისწრაფებაში, რომ აღდგენილი იქნას საქართველოში რუსეთის გავლენა. მგონია, რომ ეს უტოპიური მისწრაფებაა. არ ვიცი, ეს ადამიანების ჯგუფია, რაიმე პოლიტიკური ორიენტაციის ერთობა თუ ინდივიდულური ინიციატივა რამდენიმე არც თუ საქმეში ჩახედული პირისა. რაკი განცხადება კეთდება და ცოცხალი ადამიანი იბრალებს იმას, რასაც ნამდვილად ასე რომ ფიქრობს ვინმე, ის უარყოფს, მოდით, მთლად  უყურადღებოდაც ნუ დავტოვებთ ამ ფაქტს.

თქვენი შეფასებით, მაინც რას ნიშნავს ხაბურძანიას გამოცხადება?

- ასე ვიცოდი, რომ პოლიტიკოსს უნდა ჰქონოდა საკმარისი ცნობადობა და შესაბამისი ავტორიტეტი საზოგადოებაში. გამომდინარე თავისი პროფესიიდან, ბატონი ხაბურძანია არ გახლდათ ჟურნალისტების ხშირი სტუმარი. ღია შეხვედრები საზოგადოებასთან არ შედიოდა მისი საქმიანობის არეალში. პერიოდიც ისეთი დაემთხვა მის საქმიანობას, რომ ვერანაირი რეალური ავტორიტეტი ამ ადამიანმა თან ვერ გაიყოლა, როდესაც ის ტოვებდა ქვეყანას. როდესაც ადამიანი ჩამოდის ასეთი პოლიტიკური ამბიციებით, მოლოდინი არის, რომ იგი დეტალურად ილაპარაკებს იმ ფინანსურ წყაროზე, რომელზე დაყრდნობითაც აპირებს წარმატების მიღწევას.

მან ხაზი გაუსვა, რომ პუტინთან პირისპირ შეხვედრის ბედნიერებაც ჰქონია -უვახშმია მასთან და პატრუშევთან ერთად - ეს მეტყველებს რამეზე?

- უკაცრავად, მაგრამ ჩემთან, თბილისში, სახლში სტუმრობდა ელცინი, მაგრამ ამის გამო მილიონერი არ გავმხდარვარ და არც პარტიის შექმნაზე დამიწყია ფიქრი. პუტინთან ვახშამი ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ თუ მეორედაც მოინდომა რუსეთის პრეზიდენტმა ასეთი შეხვედრა, რასაკვირველია, იგი გაიმართება, მაგრამ თავისთავად რაიმე სიკეთის მიმანიშნებელი ეს ვერ იქნება.

მთავარია, რეალური არგუმენტაცია იმ მისწრაფებისა, რომელიც უნდა გააჩნდეს პენსიონერ ჩეკისტს ახალი პოლიტიკური ცხოვრების დაწყებისთვის. თუ რაიმე დაუკმაყოფილებლობის გრძნობა აწუხებს მას საქართველოში რუსეთის მიმართ პატივისცემის კუთხით, ჯერ კარგად გააცნობიეროს მიზეზები ამისა და მერე დაიწყოს ტრაბახი საკუთარ შედეგებზე, რომელიც არ დამდგარა. ეს არ მგონია მახასიათებელი იყოს ზოგადად, იმ პროფესიის, რომელშიც ის წარმოჩინდა თავის დროზე საქართველოს მთავრობაში.

ბატონო სოსო, რა შთაბეჭდილება დაგრჩათ, ხაბურძანია არის ვინმეს გამოგზავნილი თუ საკუთარი ინიციატივით მოქმედებს?

- ვიდრე არ გვექნება სრული წარმოდგენა იმ ფინანსურ წყაროებზე, რომელზე დაყრდნობითაც ის აპირებს პოლიტიკური საქმიანობის გაჩაღებას ქვეყანაში და თანაც ადგილობრივ თვითმმართველობაშიც, პარლამენტშიც სოლიდური ნიშის დაკავებას, არათუ არაპოპულარული, არამედ საზოგადოებისთვის მიუღებელი ვექტორის იმედად, რაზეც ის ქადაგებს, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მას საკუთარი დანაზოგების იმედად არ გადაუდგამს ეს ნაბიჯი, თორემ საკუთარი შრომა მაინც დაენანებოდა.

სავარაუდოდ, ალბათ, დაფინანსების წყაროს გასაჯაროების შემდეგ დავრწმუნდებით, ის რუსეთის პროექტია თუ დამოუკიდებლად აპირებს თამაშში შემოსვლას, არსებობს ალბათობა, რომ ის დამოუკიდებელი მოთამაშე იყოს და ამიტომაც ეძებდეს აქ მოკავშირეებს?

- თამაში შეიძლება პოლიტიკაში დამოუკიდებლად, შეგიძლია ისეირნო შენთვის პარკში და შენთვის საინტერესო იდეები გაავრცელო სხვა მოსეირნეთა შორის, მაგრამ როდესაც ადამიანი ჩამოდის პარტიის შექმნის მიზნით, 3-4 კაცი მაინც ხომ უნდა ეგულებოდეს? მაგრამ იგი განსხვავებულია ყველასგან იმ ტრაბახითა და თავდაჯერებულობით, რასაც ჰქვია რუსული ინტერესების გატარება საქართველოში.

დარწმუნებული ვარ, რომ არც კუკავა და არც ბურჯანაძე არანაირი პრორუსული პოლიტიკოსები არ არიან. მათ ეს იარლიყი მიაკრა ყოფილმა ხელისუფლებამ, სწორედ საკუთარი პოლიტიკური უმანკოების დამკვიდრების მცდელობით. მაგრამ მას შემდეგ, რაც დალაგდა პოლიტიკური სპექტრი ისეთი, როგორიც დღეს გვაქვს, უბრალოდ, ნიშა აღარ დარჩა ამ ორი პოლიტიკოსის პოლიტიკური გუნდებისთვის. მათაც მობეზრდათ მუდმივი თავის მართლება და მაშინ, როცა თავის სამართლებელს ვერაფერს გრძნობენ, აღარ უარობენ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების აუცილებლობას. თუმცა ეს დღეს უკვე სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი გახდა.

ამიტომ არ მგონია, რომ რომელიმე პოლიტიკურ ძალას საქართველოში, ლეგალურად მოქმედს, აწყობდეს იმ ჭერქვეშ გაგრძელება პოლიტიკური საქმიანობის, რომელზეც საუბრობს ბატონი ხაბურძანია.

რადგან  ერთად მოვახშმე სამეული, როგორც ჩანს, უკვე არსებობს და სწორედ ის შემთხვევაა, როცა დადებითი პასუხი გასცა ხაბურძანიამ რუსულ ტერადიციულ შეკითხვაზე  - третьим будешь? - ამ სამეულის ფენომენი რუსულ ფოლკლორში მეოთხე და მეხუთე კაცს აღარ საჭიროებს. ამიტომ გამიჭირდება წარმოდგენა იმ პოლიტიკური ძალისა, რომელიც საკუთარი ნებით და რწმენით გადაწყვეტს საქართველოს გაუძღვეს წინ რუსეთის მიერ ინიცირებული ევრაზიული კავშირისკენ.

საინტერესო რამ თქვა ხაბურძანიამ, მისი რწმენით, აუცილებელია საქართველო გაწევრიანდეს რაღაც კავშირებში, ცხადია დსთ- არ იგულისხმებდა და მხოლოდ ამის შემდეგ გაგვიჩნდება შანსი, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დავიბრუნოთო. თეორიულადაც რომ წარმოვიდგინოთ ასეთი სცენარი, არსებობს შანსი, რომ რუსეთი დეოკუპაციაზე წამოვიდეს?

- თავად ბატონმა ხაბურძანიამ ბრძანა, რომ პოლიტიკში რაიმეს დაპირება არასერიოზულია, რაც ნიშნავს, რომ მე არავინ არაფერს დამპირებიაო და თურმე, ეს მისი პირადი შეხედულებაა. 

ენდობა თუ არა საქართველო ბატონ ხაბურძანიას იმდენად, რომ ასე ექსპრომტად წარმოთქმული ფრაზა ტელევიზიაში, ჟურნალისტების წინაშე, დაიჯეროს, როგორც ბიბლიური ჭეშმარიტება? ამას არ მგონია, სჭირდებოდეს ახალი პარტიის შექმნა - კომუნიკაციის საშუალება რუსეთის ხელისუფლებას უკვე გააჩნია ქართულ ხელისუფლებასთან და თუკი რაიმე ამდაგვარზე საუბარი სურს, მაშინ უფრო სწრაფად უნდა გაიაროს თვითონ ის ეტაპი, რასაც ჰქვია ურთიერთობების აღდგენა და დიალოგი უპირველეს ყოვლისა, საზოგადოების წარმომადგენელთა შორის.

ამის რეალური მინიშნება ჯერჯერობით არ გვაქვს, რაიმე მისთვის ნაკლებ სასურველზე დათმობის ნიშანი არ გააჩნია რუსეთს. ხოლო იმას, რომ რუსეთის მოსახლეობა ისიამოვნებს ქართული ღვინით, მოდით, საქართველოს ნუ დავაყვედრებთ.

ამდენად, ვფიქრობ, მცდარია თავად საფუძველი ბატონი ხაბურძანიას პოლიტიკური აქტივობისთვის, ანუ ქართველთა ლტოლვა რუსეთისაკენ მისი მცდარი წარმოდგენაა და ნებისმიერ პოლიტიკოსს საქმის დაწყებისას მკაფიოდ უნდა გაეცნობიერებინა ამ მიმართებით, რომ საქართველოს მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნა გახლავთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების დემოკრატიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

არც ერთი ამ თემით რუსეთი საქართველოს არ უსწრებს და თუ ხაბურძანიას რუსული დემოკრატია და რუსული სამართლიანობა უფრო მოსწონს, მაშინ შეუძლია, არ მოცდეს და დანაპირები თანხების დაუხარჯავად ჩაუყვანოს საკუთარი თავი მის რუს კოლეგებს.

რაკი ევრაზიის კავშირი ვახსენეთ, უფრო სერიოზულ თემასაც შევეხოთ - სხვადასხვა წყაროებიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევრაზიის კავშირის შექმნის იდეა არსებობს თურქეთის გარკვეულ წრეებშიც ანალოგიური სახელით, ქვეყნებით, ფუნქციით და მნიშვნელობით. რამდენად არსებობს შანსი, რომ ეს იდეა ისევე განვითარდეს, როგორც რუსული ევრაზიის კავშირის იდეა?

- თურქეთს არც სამხრეთ კავკასია და არც შავი ზღვა არ ეთმობა რუსეთისთვის, როგორც დომინანტი ქვეყნისათვის, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ასეთი რუსული გამოვლინებები. სრულიად ბუნებრივია, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთის ძალისხმევით უკვე ლამის დაკნინდა შავი ზღვის ეკონომუიკური თანამშრომლობის იდეა, რომელიც მოდიოდა თურქეთის ხელმძღვანელობისგან, უკვე გამოჩნდა სურვილი თურქეთის მხრიდანაც, რომ ოდესღაც რუსეთის ველად მიჩნეულ სივცეში საკუთარი ინტერესები დაემკვიდრებინა.

რამდენად პრიორიტეტული იქნება თურქეთისთვის მეორე ევრაზიული კავშირის შექმნა, მაშინ როცა უკვე იწყება საუბრები, თავად თურქეთის ევროკავშირის წევრობის თაობაზე და უკვე საბოლოო რაუნდში გადადის ამ მოლაპარაკებათა თემა, რაზეც საუბრობდნენ ევროკავშირის წამყვანი ქვეყნის ლიდერები, აუცილებელია, მაინც ვითვალისწინებდეთ რუსეთის რეგიონული სტრატეგიის თავისებურებებს.

არ მგონია, რომ შავი ზღვისა და კავკასიის მიმართ თურქეთის ინტერესი შემცირდეს იმ შემთხვევაშიც თუ ის სრულუფლებიანი წევრი გახდება ევროკავშირის. უფრო სწორად, ეს უფრო გაამძაფრებს მის ლტოლვას.

არ მინდა მოვლენებს გავასწრო, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ არც თუ შორეულ მომავალში სულ რამედენიმე წლის შემდეგ, ჩვენ მოგვიწიოს კვლავ შევაწუხოთ დიადი მეფის ერეკლე II-ის სული, რათა გავაკეთოთ არჩევანი ორ ძალას შორის. ერეკლე II-მ თავის დროზე ეს არჩევანი გააკეთა. ნუ ვიქნებით სუბიექტურნი, ვაღიაროთ, რომ პოზიტიურიც ბევრი ჰქონდა ამ გადაწყვეტილებას და ნეგატიურიც.

არის თუ არა დღეს ქართველი ხალხი მზად ასეთი უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისათვის, რომელ ევრაზიულ კავშირში უნდა ამოყოს თავი, თურქულში თუ რუსულში, ეს სერიოზული საკითხია და ცხადია, ჟურნალისტებთან საუბრით არ შემოიფარგლება. მაგრამ სჯობს, ნელ-ნელა შევეჩვიოთ ამ აზრს, რომ ასეთი არჩევანის წინაშე ადრე თუ გვიან ჩვენ აუცილებლად მოგვიწევს დადგომა.

ასეთ შემთხვევაში საინტერესოა, რამდენად ძლიერი იქნება საქართველოს პოზიციარამდენად შეეძლება მსოფლიოს ასეთ მოთამაშეებთან დამოუკიდებელი სვლების გაკეთება, აქ არ უნდა გამოვრიცხოთ ალბათ, აშშ- როგორც ერთ-ერთი მოთამაშე. როგორ ფიქრობთ, გაუჩნდება საქართველოს ისეთი სავაჭრო თემები, რომ რაღაც მნიშვნელოვანი მიიღოს?

- ეს არის მოვლენათა განვითარების ოპტიმისტუიური ვერსია, უარესი კი ის იქნება, თუ ყველამ ხელი ჩაიქნია და არც კი დაფიქრდა იმაზე, რომ ეგებ დიდ სახელმწიფოთა კონსენსუსი როგორმე ჩამოყალიბდეს საქართველოს ნეიტრალურობასთან დაკავშირებით, რაც იქნებოდა ვფიქრობ, საუკეთესო გადაწყვეტილება.

ამ თემაზე საუბრისგან თავს ვიკავებდი, მაგრამ  როდესაც მესმის ზოგიერთისგან მხოლოდ რუსეთის კრიტიკა, ან მხოლოდ თურქეთის კრიტიკა, ვფიქრობ, ჯერ თვითკრიტიკულად საკუთარი შესაძლებლობები უნდა შევაფასოთ, უფრო ობიექტურნი ვიყოთ საკუთარი ისტორიის ანალიზისას. და ცხადია, ერთიანი იქნება თუ არა ქვეყანა, როდესაც ეს საკითხი უნდა გადაწყდეს, რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს, იმის მიუხედავად, რა წერია კონსტიტუციაში რეფერენდუმის სტატუსის შესახებ. მასში უნდა მიიღოს მონაწილეობა საქართველოს ყველა მოქალაქემ, რომელიც ცხოვრობს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში - მონაწილეობის საშუალება უნდა ჰქონდეს ყველას. ნუ ვიქნებით პესიმისტები, ჩვენ გაგვაჩნია საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ  მოვუხმოთ გონებას და წინასწარ არ დავცეთ ყიჟინა წარმატების, ან უბედურების შესახებ, ვიდრე გვაქვს პოტენციალი გონივრული წინსვლის.

ალბათ, სამომავლოდ დიდი დაფიქრება გვმართებს, რაც შეეხება აწმყოს, ხაბურძანიას გამოჩენა იმ ფონზე, როდესაც ვიცით აშშ- განწყობა საქართველოს ახალი ხელისუფლების მიმართ, დავინახეთ გარკვეული დათმობებიც ივანიშვილის მთავრობისგან და პარლამენტისგანნაციონალურ მოძრაობასთან“, რაზეც აქამდე თავს იკავებდა, ვგულისხმობ ერთობლივი დოკუმემნტების მიღებას, ჩასწორებებს და .. რაც სავარაუდოდ, აშშ- აქტიური ჩარევის შედეგია. ასეთ სიტუაციში ხაბურძანიას ჩამოსვლა და პრორუსული ორიენტაციის პარტიის შექმნაზე ლაპარაკი ხომ არ გააჩენს დამატებით კითხვებს ამ ხელისუფლების მიმართ, ანუ ამ თემას, დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ ხომ არ გამოიყენებს ვინმე?

- ვფიქრობ, ხაბურძანიას ავანტურა, ამას სხვას ვერაფერს დავარქმევ, არის საინტერესო ტესტი, როგორც მოსკოვის კრემლისთვის, ასე ვაშინგტონის თეთრი სახლისთვის, რადგან მუდმივი გზავნილები საქართველოდან მისი ყოფილი ხელისუფლების რუპორების მიერ, რომ საქართველო მიდის რუსეთისკენ, რომ ქვეყნის პოლიტიკური ვექტორი იცვლება, რომ ბიძინა ივანიშვილია ის ადამიანი, რომელმაც მოაბრუნა ქვეყანა რუსეთისკენ. დღეს უკვე ეს ავანტურა შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც ტესტი საქართველოს მოსახლეობისთვის.

თუ ღმერთმა არ ქნას და ჩვენი მოქალაქეების ნახევარი მაინც გაეკიდა ხაბურძანიას, რომ ოღონდაც თქვენი ჭირიმე, წითელ მოედანზე ჩაგვიყვანეთ და იქ გვამღერეთ საბჭოთა კავშირის ჰიმნიო, მაშინ სალაპარაკო ჩვენ ნაკლები გვქონია.

ვფიქრობ, ინტერესი კი გააჩნია თეთრ სახლსა და კრემლს, მაგრამ მოლოდინი აქვთ დიამეტრალურად განსხვავებული. ამიტომ დამარცხებული ამ ტესტის შემდეგ უნდა გამოვიდეს მხოლოდ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც საკუთარი ხალხის მიერ უკვე უკუგდებულია, მაგრამ ვერ წარმოუდგენიათ საკუთარი თავი იმ სავარძლების გარეშე, რომლებზეც ისინი საკმაოდ დიდხანს და საკმაოდ უღირსად იყვნენ მოკალათებული.

ნაცმოძრაობის შემოგდებული ავანტურაც ხომ არ არის?

- ნაცმოძრაობას ავანტურა დიდი ხანია შემოგდებული აქვს, მაგრამ თემით ორივე მხარე შეიძლება იყოს დაინტერესებული, ჩავთვალოთ, რომ ხაბურძანია ლაკმუსის ქაღალდის როლში მოგვევლინა, ეჭვი არ მაქვს როგორი იქნება ამ ექსპერიმენტის შედეგი, მაგრამ დე, დარწმუნდნენ მოსკოვშიც და ვაშინგტონშიც და საბოლოოდ მოიკვეთონ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ინფორმაციის წყარო.