საქართველოს საგარეო პრიორიტეტებთან დაკავშირებით, მერვე მოწვევის პარლამენტმა რეზოლუცია 96 ხმით ერთხმად მიიღო, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებული 19 აპრილის საპროტესტო აქციის ლოზუნგი - „ჩვენი მომავალია ევროპა“ ფაქტიურად ფიქციად იქცა.
საკანონმდებლო ორგანომ ქვეყნის საგარეო კურსის უცვლელობასთან და ევროინტერგაციასთან დაკავშირებით, 19 მუხლიანი დოკუმენტი ხანგძლივი დებატების, კამათისა და დაპირისპირების შემდეგ მიიღო. დოკუმენტის მუხლებზე, უმცირესობასა და უმრავლესობას შორის კონსულტაციები ბოლო წუთებამდე მიმდინარეობდა და დოკუმენტში პრინციპული მნიშვნელობის ცვლილებაც აისახა.
კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ პრინციპული მოთხოვნა იყო, რომ მე-18 მუხლში ცალსახად დაფიქსირებულიყო და ჩაწერილიყო, რომ საქართველო არ გაწევრიანდება ისეთ ორგანიზაციებში, როგორიცაა - დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, ევრაზიის კავშირი, საბაჟო კავშირი და სხვა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოთაშორისი გაერთიანებები, სადაც დომინანტი რუსეთის ფედერაციაა.
იმის მიუხედავად, რომ მე-18 მუხლში აღნიშნული ორგანიზაციები დაკონკრეტებული არ არის, მასში იგულისხმება, რომ საქართველო დსთ-ში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა თუ ევრაზიის კავშირში არ გაწევრიანდება.
უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები მიიჩნევენ, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებული რეზოლუცია „საინტერესო“ და „კარგი“ დოკუმენტია.
როგორც for.ge-ს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზვიად კვაჭანტირაძემ განუცხადა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დოკუმენტი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, რადგანაც იგი ასახავს - როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის ინტერესებს.
„წერტილი უნდა დაესვას ჭორაობას - საქართველოს ხელისუფლების მიერ საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების საკითხს. როგორც ცნობილია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 19 აპრილს აქცია დაანონსა, მაგრამ მათ ღონისძიების ან თემატიკა უნდა შეცვალონ, ან ეს დღე საერთოდ აზრს კარგავს. თუ მათ შეხვედრის სურვილი მაინც აქვთ, სჯობს, სხვა მიზეზი მოძებნონ, რადგან საგარეო კურსთან დაკავშირებით, პრაქტიკულად, შეკითხები აღარ უნდა დარჩეს. რაც შეეხება დოკუმენტს, რეზოლუცია საინტერესო და კარგი დოკუმენტია, რომელიც ქართველი ხალხის ურყევ ნებას სრულად ასახავს“, - განაცხადა კვაჭანტირაძემ.
თანაგუნდელის მსგავსად, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის ხელმძღვანელი გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ საგარეო კურსთან დაკავშირებით, ყოველგვარ ინსინუაციებს ბოლო მოეღო.
„ეს დოკუმენტი აგებულია კოალიციის პროგრამის იმ ჩანაწერებზეც, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობათა კურს გულისხმობს. ვფიქრობ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში, დოკუმენტზე ნაციონალების არ დათანხმება იმით იყო გამოწვეული, რომ ეს დოკუმენტი კოალიციის პროგრამის საფუძველზეა მიღებული. საგარეო კურსთან დაკავშირებით, რეზოლუციამ ყოველგვარ ინსინუაციებს ბოლო მოუღო“, - განუცხადა for.ge-ს ვოლსკიმ.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ბარამიძე დოკუმენტს ნაყოფიერს უწოდებს, რეზოლუციის ბოლო ვარიანტით კმაყოფილია, თუმცა, დოკუმენტზე მაინც „ოპოზიციურად“ საუბრობს.
„კმაყოფილებას გამოვხატავ, მაგრამ დოკუმენტი ჩვენ რომ გაგვეკეთებინა, ის უფრო ძლიერი გამოვიდოდა. როგორც დოკუმენტი ნაყოფია და ურთიერთკომპრომისების შედეგია, თუმცა, საგარეო კურსი საქართველოს კონსტიტუციაში უნდა აისახოს“, - აცხადებს ბარამიძე.
რაც შეეხება რეზოლუციას, 19 მუხლიან დოკუმენტს, for.ge უცვლელად გთავაზობთ:
ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას, მოქმედ კანონმდებლობასა და საერთაშორისო ხელშეკრულებებს;
ხელმძღვანელობს რა საქართველოს საზოგადოების ინტერესებით, მათ შორის 2008 წლის პლებისციტის შედეგებით გამოხატული ნებით;
ითვალისწინებს რა ეროვნული უსაფრთხოების, დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის უზრუნველყოფის პრიორიტეტულობას და ამ ამოცანების შესრულებაზე პოლიტიკური ძალების საერთო პასუხისმგებლობას;
ადასტურებს რა საქართველოს ვალდებულებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე 2010 წლის 23 ნოემბერს სტრატსბურგში, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აიღო.
გამოხატავს რა მისწრაფებას ხელი შეუწყონ საერთაშორისო ურთიერთობათა ასპარეზზე საქართველოს, როგორც საიმედო, საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე აგებული საგარეო პოლიტიკის მქონე პარტნიორის, ავტორიტეტის დამკვიდრებას;
მიიჩნევეს რა, რომ საგარეო ურთიერთობათა სფეროში ეფექტიანი პოლიტიკის გატარებისა და მემკვიდრეობითობის უზრუნველყოფისათვის აუცილებელია პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრომლობის და მრავალმხრივი კონსულტაციების საფუძველზე ჩამოყალიბებული სახელმწიფო სტრატეგია;
საქართველოს პარლამენტი აცხადებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს:
1. საქართველოს საგარეო ურთიერთობების კურსი განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ინტერესებით, მისი მოქალაქეების კეთილდღეობის უზრუნველყოფის ამოცანიდან გამომდინარე;
2. საქართველოს საგარეო ურთიერთობების პოლიტიკის ამოცანებია ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიების შექმნა, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვა, ტერიტორიების დეოკუპაცია და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის ერთიანობის აღდგენა;
3. ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების ორგანიზაციაში გაწევრიანების სტრატეგიული პრიორიტეტების მისაღწევად საქართველო გადადგამს შემდგომ ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და გაძლიერების, სამართლის უზენაესობაზე დაფუძნებული მართვის სისტემისა და ადამიანის უფლებათა უზენაესობის დამკვიდრების, მდგრადი ეკონომიკური განვითარების შეუქცევადობის უზრუნველყოფის მიზნით. საქართველო არ გაწევრიანდება ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომელთა პოლიტიკაც ეწინააღმდეგება აღნიშნულ პრიორიტეტს;
4. საქართველოს საგარეო პოლიტიკის ევროპული და ევროატლანტიკური კურსი, უპირველეს ყოვლისა, ემსახურება მდგრად დემოკრატიულ განვითარებას და ქვეყნის უსაფრთხოებას და არ არის მიმართული რომელიმე სახელმწიფოს წინააღმდეგ;
5. საქართველო განახორციელებს თანამიმდევრულ პოლიტიკას ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ბუქარესტის და შემდგომ სამიტებზე საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად. უახლოესი პერიოდის ამოცანას წარმოადგენს შეთანხმების მიღწევა მოდალობებსა და ვადებზე;
6. საქართველო სრულად იზიარებს მსოფლიოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე რეაგირების საერთაშორისო ძალისხმევაში მონაწილეობის ვალდებულებას. ამ მიმართებით საქართველოს მიერ საერთაშორისო სამშვიდობო, საპოლიციო და სამოქალაქო ოპერაციებში წვლილის შეტანა ეროვნული ინტერესების დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია;
7. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ყველა იმ პირობის შესრულება, რომლებიც საქართველოს საშუალებას მისცემს წარმატებით დაასრულოს მოლაპარაკებები ევროკავშირთან ასოცირების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის და ვიზების ლიბერალიზაციის თაობაზე;
8. ევროკავშირთან თანამშრომლობა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ და „ევროპის სამეზობლო პოლიტიკის“ ფარგლებში განვითარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით: დემოკრატია და ადამიანის უფლებები, ეკონომიკური ინტეგრაცია და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება, გარემოს დაცვა და ენერგოუსაფრთხოება, ადამიანთა შორის ურთიერთობები. პრიორიტეტულად განიხილება ასევე თანამშრომლობა სამშვიდობო პროცესების განვითარების სფეროში;
9. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას საქართველო წარმართავს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით განსაზღვრული პირობებით. მის ფარგლებში განიხილება ოთხი ძირითადი მიმართულება:
თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში, მათ შორის თავდაცვის სფეროში გაფართოებული პროგრამის რეალიზაცია, რომლის მიზანია საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება და ნატოს წევრობისათვის მომზადება, აგრეთვე შეიარაღებული ძალების წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის განხორციელება;
- თანამშრომლობა ეკონომიკის, ვაჭრობის და ენერგეტიკის სფეროებში, მათ შორის შეთანხმების მიღწევა თავისუფალი ვაჭრობის საკითხზე;
- დემოკრატიის გაძლიერება;
- ხალხებს შორის ურთიერთობის გაღრმავება, მათ შორის შეთანხმების მიღწევა უვიზო რეჟიმის საკითხებზე.
10. ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისევე როგორც ევროკავშირთან, როგორც მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან არსებული შეთანხმებებით დასახული ამოცანების შესრულებას საქართველო, უპირველეს ყოვლისა, განიხილავს როგორც ვალდებულებას საკუთარი საზოგადოების წინაშე;
11. საქართველო რუსეთთან დიალოგს წარმართავს როგორც ჟენევაში მიმდინარე საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით, ისე ორმხრივ ფორმატში. ამ დიალოგის მიზანია კონფლიქტის მოგვარება, კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება;
12. საქართველომ ხელი უნდა შეუწყოს სამხრეთ კავკასიაში ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და რუსეთის ფედერაციის პოზიციების დაახლოებას ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად;
13. საქართველომ ხელი უნდა შეუწყოს კავკასიაში პოლიტიკურ დიალოგს და ეკონომიკურ თანამშრომლობას რეგიონის სახელმწიფოთა ძირეული ინტერესების თანხვედრისათვის. ჩრდილოკავკასიის ხალხებთან ურთიერთობები დაეფუძნება კეთილმეზობლობის, კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობის ისტორიულ გამოცდილებას და ტრადიციებს;
14. მნიშვნელოვანია ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება მეზობელ აზერბაიჯანთან, თურქეთთან და სომხეთთან. ამ ქვეყნებისათვის საქართველო უნდა გახდეს ურთიერთსასარგებლო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების და ბიზნესშესაძლებლობების რეალიზაციის სივრცე;
15. ტრანსნაციონალური პროექტებისათვის ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება შავი და კასპიის ზღვების აუზების, ახლო აღმოსავლეთის და აზიის ქვეყნებთან;
16. საქართველო აქტიურად ითანამშრომლებს ბალტიის ქვეყნებთან. საქართველოსათვის მნიშვნელოვანია ამ ქვეყნების გამოცდილება და მხარდაჭერა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში;
17. საქართველოსათვის მნიშვნელოვანია ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავება ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, აგრეთვე სკანდინავიის სახელმწიფოებთან, მათ მიერ საქართველოში მიმდინარე რეფორმების და ქვეყნის სუვერენიტეტის მხარდაჭერა;
18. „საქართველოს არ შეიძლება ჰქონდეს დიპლომატიური ურთიერთობები ან იმყოფებოდეს სამხედრო-პოლიტიკურ ან საბაჟო კავშირში იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც აღიარებენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. ან ოკუპირებული აქვთ საქართველოს ტერიტორია. საქართველო გაატარებს თანამიმდევრულ საგარეო პოლიტიკას, რათა უზრუნველყოს თავისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საერთაშორისო პატივისცემის ურყეობა“.
19. ეროვნული და რეგიონალური უსაფრთხოების განმტკიცების ინტერესიდან გამომდინარე, აგრეთვე სამშვიდობო პროცესის განვითარების და „არაღიარების პოლიტიკის“ შეუქცევადობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველომ მნიშვნელოვნად უნდა გააღრმაოს მრავალმხრივი დიპლომატიური ურთიერთობები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, ევროკომისიის, სუამის, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ფორმატებში.