„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის მონაცემები ინტერპოლის ძებნისა და დაკავების ბაზაში განთავსდა. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის განცხადების მიხედვით, 1-ელი მარტიდან ქართველი დეპუტატი ინტერპოლით იძებნება.
რუსული სააგენტოების ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში, რუსეთის ხელისუფლება საქართველოში გივი თარგამაძის დაკავების მოთხოვნას გაგზავნის, რომელიც რუსეთში 2012 წლის 6 მაისს მომხდარი მასობრივი არეულობების ორგანიზებაშია ბრალდებული და რომელსაც, მოსკოვის ბასმანის სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
„როგორც კი, ინტერპოლი ქართველი პოლიტიკოსის ადგილსამყოფელს ოფიციალურად დაადგენს და საქმის კურსში რუსეთის გენერალურ პროკურატურას ჩააყენებს, მისი დაკავების შესახებ თბილისში ოფიციალური მოთხოვნა გაიგზავნება“ , - წერს „ინტერფაქსი“.
ამასთან, სააგენტო აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა გივი თარგამაძეს დააკავებს და შესაბამის უწყებას რუსეთის გენერალური პროკურატურა მიიღებს, მოსკოვი ქართველი დეპუტატის ექსტრადიციას მოითხოვს.
გივი თარგამაძის თანაგუნდელები დარწმუნებულნი არიან, რომ საქართველოს ხელისუფლება კონსტიტუციით დადგენილი ნორმებით იმოქმედებს და დეპუტატის მანდატის დაცვას უზრუნველყოფს.
როგორც for.ge-ს უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განუცხადა, კრემლს გივი თარგამაძის დაკავება შიდა პოლიტიკური საკითხებისთვის სჭირდება.
„კრემლი მტერს გარეთ ეძებს და მათ ჰგონიათ, რომ მათი ერთ-ერთი მტერი საქართველოა. შესაბამისად, ერთი კონკრეტული პარლამენტარი აირჩიეს, რომელსაც რაღაცეებს აბრალებენ. თუმცა, საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს, განსაკუთრებით ოკუპანტ სახელმწიფოსთვის მოქალაქის გადაცემას და ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა ასეთ გაუზარებელ ნაბიჯს არ გადადგამს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
საკითხზე საუბრისას, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ბარამიძე აქცენტს ვლადიმერ პუტინის „სისხლიან რეჟიმზე“ აკეთებს და ამბობს, რომ გივი თარგამაძე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური ლიდერია კრემლს „ყელში ჰყავს გაჩხერილი“.
„პუტინის სისხლიანი რეჟიმის ქმედებებს ყველა ძალიან კარგად ხედავს და საქართველოს ოკუპანტი ძალის ქმედება, რომ საქართველოს მოქალაქის მიმართ და მითუმეტეს, მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრის მიმართ, გარკვეული პროცესები წამოიწყონ, სულ არ მიკვრის. პუტინსა და მის რეჟიმს საქართველოს გმირების სისხლში აქვთ ხელები გასვრილი და შესაბამისად, თუ არ იქნებოდა გივი თარგამაძე იქნებოდა ჭიჭიკო ბენდელიანი, ან ვინმე სიკინჭილაშვილი, რომლის მიმართაც დევნას დაიწყებდნენ. სათითაოდ გვდევნიან, ქვეყანასა და მის მოქალაქებს კი ყველანაირ პრობლემას უქმნიან. მათ იციან, რომ გივი თარგამაძე ჩვენი აქტიური წევრია და ამის გამო, ის ყელში ჰყავთ გაჩხერილი. სისხლიანი ვამპირისგან - რატომ უნდა გაგვიკვირდეს ის, რომ მას სისხლი მოსწყურდა?!“, - განუცხადა for.ge-ს ბარამიძემ.
აღსანიშნავია, რომ გივი თარგამაძის მიმართ წაყენებული ბრალდების არ სჯერა მარიამ საჯაიასა და გიორგი თევდორაძეს.
როგორც for.ge-ს გიორგი თევდორაძემ განუცხადა, რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან გივი თარგამაძეთი დაინტერესება, მასში მხოლოდ ღიმილს იწვევს.
„რუსეთის სამართალდამცავი უწყებების შეფასებით, თარგამაძე არის ჩეგევარასა და მარკოს ნაჯვარი - ერთი რევოლუციონერი და მეორე კომუნისტური რეჟიმის ასეთი სასტიკი მოწინააღმდეგე. მათ მიერ თარგამაძისთვის წაყენებული ბრალდება, ჩემში მხოლოდ ღიმილს იწვევს. იქედან გამომდინარე, რომ კანონმდებლობით არ შეიძლება სხვა ქვეყნისთვის მოქალაქის გადაცემა, თარგამაძეს იმუნიტეტი იცავს და ვფიქრობ, რომ ხელისუფლება ასეთ სისულელეს არ ჩაიდენს“, - აცხადებს თევდორაძე.
თევდორაძის პათოსს იზიარებს მარიამ საჯაიაც, რომლის მტკიცებითაც, მას თარგამაძის ბრალდებულობა წარმოუდგენლად მიაჩნია.
„წარმოუდგენელია, რომ თარგამაძე ამგვარ პროცესებში ჩართული ყოფილიყოს. რაც შეეხება მის შესაძლო დაკავებასა და ექსტრადირებას, იმედი მაქვს, რომ ქართული სახელმწიფო უცხო ქვეყნისთვის არცერთი მისი მოქალაქის გადაცემას არ დაუშვებს“, - განუცხადა for.ge-ს საჯაიამ.
კოლეგების მსგავსად, ლევან ბეჟაშვილიც მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან, ამ საკითხის აჟიტირება და პოლიტიზირება ხდება.
„საქართველოს აქვს სუვერენული უფლება, რომ თავის კანონმდებლობით იმოქმედებს და დარწმუნებული ვარ, რომ უმრავლესობა იმ მოთხოვნებს გაითვალისწინებს, რომელიც კონსტიტუციით არის დადგენილი. რუსეთის მხრიდან ამ საკითხის აჟიტირება და პოლიტიზება ხდება, რომელსაც სამართლებლივი საფუძველი არ აქვს“, - განუცხადა for.ge-ს ბეჟაშვილმა.
რაც შეეხება იმ საკითხს - ამჟამად თუ სად არის გივი თარგამაძე, ამ ინფორმაციას ნაციონალები საგულდაგულოდ მალავენ და for.ge-ს კითხვას სხვადასხვა პასუხები გასცეს. ზოგი ამბობს, რომ თარგამაძე საზღვარგარეთაა, ზოგი კი, აცხადებს, რომ „გივი არის იქ, სადაც უნდა იყოს“.
ზურა ჯაფარიძის მტკიცებით, მას წარმოდგენა არ აქვს სად არის გივი თარგამაძე. საჯაია ამბობს, რომ მას თანაგუნდელის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია ნამდვილად არ აქვს, თევდორაძე ირწმუნება, რომ ის თარგამაძეს რამდენიმე დღის წინ ესაუბრა, ბეჟაშვილი აცხადებს, რომ გივი საქართველოშია, ხოლო გიორგი კანდელაკი კითხვას საერთოდ გაექცა.
თანაგუნდელებისგან განსხვავებით, ჩვენს კითხვაზე - თუ სად არის გივი თარგამაძე, გიორგი ბარამიძემ უფრო ვრცელი განმარტება გააკეთა და ყურადღება თანაგუნდელის უსაფრთხოებაზე გაამახვილა.
„ნათელია, რომ თარგამაძე სერიოზული დარტყმის ქვეშაა, რადგან როცა შენზე ნადირობას პუტინი გამოაცხადებს და სამართლებლივად, ფინანსურად და სპეცსამსახურების ძალით დაგიპირსიპირდება, ბუნებრივია გარკვეული უსაფრთხოების ზომები უნდა იყოს მიღებული. გივი არის იქ, სადაც უნდა იყოს და საჭიროა“, - განუცხადა for.ge-ს ბარამიძემ.
რომელიმე ქვეყნის მიერ, ძებნის გამოცხადებისას, ქართული კანონმდებლობით რამდენად არის საქართველოს მოქალაქისა და პარლამენტის წევრის უფლებები დაცული, for.ge-მ განმარტების გაკეთება უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს, შალვა შავგულიძეს სთხოვა.
კანონმდებელის განმარტებით, გივი თარგამაძე ქართული კანონმდებლობით დაცულია, ვინაიდან კონსტიტუციის მე-13 მუხლით, უცხო ქვეყნისთვის პირის გადაცემა დაუშვებელია.
„თუ ეს არ არის გათვალისწინებული საერთაშორისო ხელშეკრულებით, მაგრამ თუ არის და ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველო, ამის გასაჩივრებაც პირს ქართულ სასამართლოში შეუძლია. ანუ, საკმაოდ სერიოზულ პროცედურებთან არის დაკავშრებული ის გარემოება, რომ საქართველოს მოქალაქე სახელმწიფომ სხვა სახელმწიფოს გადასცეს. მოვლენები როგორ განვითარდება ვერ გეტყვით, მაგრამ თუ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გივის დაკავება მოხდება, რასაც მას ნამვილად არ ვუსურვებ, ის ძალიან ნაკლებად იქნება დაცული, რადგან მას რუსეთი მოითხოვს და შესაძლოა, მიიღოს. გივი თარგამაძე სახელმწიფომ და ქართულმა კანონმდებლობამ უნდა დაიცვას. საერთაშორისო ძებნა კი იმას ნიშნავს, რომ ინტერპოლის ცირკულარი რა ქვეყნებზეც ვრცელდება, თუ იმ ქვეყნების ტერიტორიაზე იქნება თარაგამაძე, მისი დააკვება უნდა მოხდეს, შემდეგ კი, მომთხოვნი ქვეყნისთვის მისი გადაცემის საკითხი უნდა გადაწყდეს. გადაცემის პროცედურა საქართველოდან გაცილებით უფრო რთული იქნება, ვიდრე სხვა მესამე ქვეყნიდან“, - განმარტავს დეპუტატი.
უნდა ითქვას, რომ დაახლოებით ერთი თვეა, რაც გივი თარგამაძე ქუთაისში, პარლამენტში არ გამოჩენილა. მასთან დაკავშირება კი ისეთივე რთული გახდა, როგორც ეს მეშვიდე მოწვევის პარლამენტში იყო. კერძოდ, ნაციონალების ხელისუფლებაში ყოფნის დროს, თარგამაძე პლენარულ სხდომებს არასოდეს ესწრებოდა, გამონაკლისი მხოლოდ მთავრობის ნდობის გამოცხადების დღე იყო, თუმცა, საკანონმდებლო ორგანოში თარგამაძის ნახვა შესაძლებელი 20:00 საათიდან იყო, როდესაც ის, საკუთარ კაბინეტს მეგობრებთან ერთად სტუმრობდა.