„ყველაფერი გამაჩნია, რასაც ჩემი თანამდებობის დაკავებისას ჩემგან კანონი ითხოვდა“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემა „აქცენტებში“ სტუმრობისას და საზოგადოებრივ მაუწყებელს საჩუქრად ჩარჩოში ჩასმული თავისი ორი დიპლომი გადასცა.
„მე ENA-ში მივიღე უმაღლესი იურიდიული განათლება და არა მხოლოდ, არამედ უმაღლესის უმაღლესი, იმიტომ რომ ENA არის სკოლა და სკოლა ფრანგულად ნიშნავს, რომ არის უმაღლეს სასწავლებელზე მაღლა მდგარი, როგორიც სულ სამი თუ ოთხია საფრანგეთში. ამიტომ ამას უწოდებენ დიდ სკოლას, სწორედ ესეთია ENA. თსუ-მა, გასცა სწორი პასუხი, ჩემი განათლების საწყის ეტაპზე მე მინდოდა ვყოფილიყავი დიპლომატი, სულ მაქვს 4 დიპლომი, 2 ემსახურება იმას რომ მე გავმხდარიყავი დიპლომატი, მაგრამ მოგვიანებით მივხვდი, რომ ეს არ მაინტერესებს და სამართალმცოდნეობისკენ ავიღე ორიენტირი და სახელმწიფო მართვის თემისკენ. კონკუსრსის გზით მოვხვდი ENA -ში, რომელიც ამზადებს ადმინისტრაციულ მოსამართლეებს, ვერცერთი ადამიანი საფრანგეთში ვერ გახდება მოსამართლე ადმინისტრაციულ სამართალში, ვერც მართლმსაჯულების ხელმძღვანელი და შესაბამისად, ასეთ ხალხს უშვებენ მოსამართლედ სტრასბურგში. ქართული კანონი ითხოვს, რომ მე ვიყო საქართველოს მოქალაქე და მქონდეს იურიდიული განათლება. მე მაქვს ორი დიპლომი ENA -დან, ერთი დიპლომი, რომელიც ადასტურებს, რომ მე მაქვს ეს განათლება და მეორე დიპლომი, რომელიც არჩევითი იყო და მე მაინც მოვიპოვე ეს არის ხარისხი. ქართული კანონის მოთხოვნებს ვაკმაყოფილებ. ჩემი განათლების წარსული არასდროს ყოფილა დამალული, არც დიპლომები და პარლამენტის არცერთ კომიტეტს ამაზე თავის დროზე პრეტენზია არ გამოუთქვას, მე დღეს კანონიერად ვარ იმ თანამდებობაზე, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ჰქვია“, - განაცხადა წულუკიანმა.
თითქოს ამით ბოლო უნდა მოღებოდა იმ აჟიოტაჟს, რომელიც იუსტიციის მინისტრის თანამდებობასთან შესაფერისი განათლების ქონა-არქონასთან დაკავშირებით იყო ატეხილი, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თეა წულუკიანის მიერ წარმოდგენილმა დიპლომებმა არ დააკმაყოფილა. დეპუტატმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა, რომ იმედი ჰქონდა, თეა წულუკიანი ბოლოს და ბოლოს "ნანატრ დიპლომს" წარმოადგენდა.
„ნაციონალურ მოძრაობას" ნამდვილად აქვს კითხვა და ჩვენ დიდი იმედი გვქონდა, რომ დღეს ქალბატონი თეა წულუკიანი მობრძანდებოდა და გვაჩვენებდა ბოლოს და ბოლოს ნანატრ დიპლომს, რომელსაც არამარტო "ნაციონალური მოძრაობა", არამედ საქართველოს მოქალაქეებიც ელოდებოდნენ. მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც საპატიმროებში იმყოფებიან სამართალდევნის საფუძველზე. მხედველობაში მაქვს გიგი კალანდაძე, რომელიც პირადად თეა წულუკიანმა დააკავა. ჩვენ პასუხს ველით არა სიტყვიერ დონეზე, არამედ დოკუმენტაციით გამყარებულს, რომ ქალბატონმა თეა წულუკიანმა მიიღო უმაღლესი იურიდიული განათლება. გადაცემის მიმდინარეობისას წულუკიანმა დააფიქსირა, რომ მას ENA -ში მიღებული აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, ეს არ არის ტყუილი, რატომ? იმიტომ, რომ მის მიერვე იუსტიციის სამინისტროს გვერდზე გავრცელებულ ბიოგრაფიულ ინფორმაციაში მან მოიტყუა, მან თქვა, რომ ENA -ში მიენიჭა საჯარო სამსახურის ადმინისტრირების ხარისხი, აქ კი თქვა, რომ მიენიჭა იურისტის მაგისტრის, ეს მინიმუმ ტყუილია, ასევე ეჭვი მაქვს, რომ ისიც ტყუილია, რომ მას მიენიჭა იურისტის სტატუსი ENA -ში“, - ამბობს ჩიორა თაქთაქიშვილი.
დეპუტატმა გოგა ხაჩიძემ კი სპეციალური კომისიის შექმნა მოითხოვა, რომელიც იუსტიციის მინისტრის განათლების მის თანამდებობასთან შესაბამისობის საკითხს შეისწავლის.
ამ თემაზე განცხადება იუსტიციის მინიტრის მოადგილე, სანდრო ბარამიძემაც გააკეთა. მისი განმარტებით, იუსტიციის მინისტრს უმაღლესი იურიდიული განათლება მოეთხოვება, თუმცა კანონის თანახმად, არა აქვს მნიშვნელობა, რომელი სფეროს იურისტია ის - სისხლის სამართლის, სამოქალაქოსი თუ ადმინისტრაციული სამართლის.
უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, მინდია უგრეხელიძე სასაცილოს უწოდებს თეა წულუკიანის განათლების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს და მიიჩნევს, რომ ეს თემა ხელოვნურად არის აგორებული.
„ჩემთვის არათუ მიუღებელი, არამედ გასაოცარი და ღიმილის მომგვრელია საერთოდ ამ თემის განვითარება. ეს ხომ ვიღაცას ხელს აძლევს იმისთვის, რომ რაღაც მოჩვენებითი, ილუზორული სიტუაცია შექმნან, თითქოს, რაღაც ხდება. ათას ვინმესთან მითანამშრომლია და მოსამართლეები, რომლებთანაც სტრასბურგის სასამართლოში ვთანამშრომლობდი, ისინი ვერ ავლენდნენ ასეთ კვალიფიკაციას, როგორსაც ქალბატონი თეა წულუკიანი ავლენდა. მეტსაც გეტყვით, არის ძალიან ცნობილი მოსამართლე, სერ ნიკოლას ბრატცა, რომელიც იყო სტრასბურგის სასამართლოს თავმჯდომარე, მანამდე იყო პალატის თავმჯდომარე და უფრო ადრე კიდევ უამრავ თანამდებობაზე აქვს ნამუშევარი და ინგლისის რაინდის წოდება აქვს დედოფლის მიერ მინიჭებული“, - აცხადებს მინდია უგრეხელიძე.
მისი თქმით, ნიკოლას ბრატცამ წერილი გაუგზავნა თეა წულუკიანის ხელმძღვანელს ევროპის სასამართლოში, ქალბატონ რავოს. აქვე მინდია უგრეხელიძე განმარტავს, რომ რავოს ევალებოდა, რომ თეა წულუკიანისა და მისი კოლეგების მეშვეობით მოემზადებინა პროექტები, რომლებსაც შემდეგ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეები იბარებდნენ, თუ კარგი იყო მოიწონებდნენ, თუ არადა, რაღაც შესწორებები შეჰქონდათ. მინდია უგრეხელიძის განცხადებით, ეს ევროპის სასამართლოს ყველაზე მნიშვნელოვანი სეგმენტია. რაც შეეხება სერ ნიკოლას ბრატცას წერილს, რომელიც მან ქალბატონ რავოს გაუგზავნა, ეწერა: - „თქვენ მიგიღიათ თანამშრომლად ქალბატონი თეა წულუკიანი, რომლის ნამუშევარიც მე ვნახე და მივედი იმ დასკვნამდე, რომ ჩვენი სასამართლოს ერთი მესამედი რომ იყოს ამ კვალიფიკაციის და თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და პროექტების შედგენას ასეთ დონეზე ახერხებდეს, ჩვენი სასამართლო გაცილებით წარმატებული იქნებოდა თავის საქმიანობაში".
„დავანებოთ თავი თეა წულუკიანის დიპლომს, ვითომ ის დაიკარგა. როგორ ფიქრობთ, ევროპის საბჭო, რომელიც ამ კონკურსს სამ ეტაპად ატარებდა (თეა წულუკიანმა ურთულესი სამი ეტაპი განვლო და თუ არ ვცდები 22 მოწინააღმდეგე ჰყავდა) თავის თანამშრომლად მიიღებდა ადამიანს, რომელსაც იურიდიული განათლება არ გააჩნია? რატომ იზამს ამას, რა გასაჭირი აქვს ევროპის საბჭოსა და ევროპის სასამართლოს? მეორე არგუმენტი - დავუშვათ, შეეშალათ და თეა წულუკიანმა მოატყუა ისინი, თუკი მას იურისტის კვალიფიკაცია არ აქვს, ინგლისელი მოსამართლე, რომელიც პრეცედენტულ სამართალზეა გაზრდილი, თეა წულუკიანით ასეთ აღფრთოვანებას გამოხატავდა? კიდევ ერთი - თეა წულუკიანს თითქმის ყოველ ორ თვეში ერთხელ აწინაურებდნენ და რატომ აკეთებდნენ ამას, იმიტომ, რომ კვალიფიკაცია არ ჰყოფნიდა და ცუდი იურისტი იყო?“, - სვამს კითხვებს მინდია უგრეხელიძე.
გარდა ამისა, იგი ხაზგაზსმით აღნიშნავს, რომ თუკი თეა წულუკიანმა კანონმდებლობის სრულყოფის თვალსაზრისით რაიმე ინიციატივა გამოიჩინა, ყველა ერთმანეთზე უკეთესი იყო. მათ შორის იურისტი იხსენებს წულუკიანის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო წინადადებას პრეზიდენტის უფლება-მოსილების შეზღუდვის თაობაზე, მას შემდეგ, რაც მისი ვადა ამოიწურებოდა. მინდია უგრეხელიძე აცხადებს, რომ თეა წულუკიანის განათლება, მისი კვალიფიკაცია და შემდგომ, მისი წარმატებები, იძლევა იმის საფუძველს, რომ ვთქვათ - საქართველოს იუსტიციის მინისტრი არის უღირსეულესი და ძალიან კვალიფიციური პიროვნება და მას ყოველგვარი ეჭვის გარეშე შეგვიძლია ვანდოთ მის დაქვემდებარებაში მყოფი სფერო. აქვე მინდია უგრეხელიძე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ თეა წულუკიანი მისი არც ახლობელია, არც ნათესავი და მისი სტუდენტიც კი არ ყოფილა, მაგრამ უგრეხელიძე აღნიშნავს, რომ ჰქონდა ბედნიერება, თეა წულუკიანთან ემუშავა, ცხრა წლის განმავლობაში თანამშრომლობდა მასთან და არ ახსოვს, წულუკიანთან რაიმე სამდურავი გასჩენოდეს.
უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ნინო გვენეტაძე აცხადებს, რომ თეა წულუკიანის მიერ წარმოდგენილი ENA-ს დიპლომი უმაღლესი იურიდიული განათლების კვალიფიკაციას იძლევა.
„აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა ის, რომ თეა წულუკიანს მხოლოდ ადმინისტრაციული სამართლის სფერო აქვს გავლილი, თუ სხვა სამართლებრივი დარგებიც. ყველა ექსპერტმა განმარტა, რომ ქალბატონ თეას სამართალი ყველა კრედიტით, ყველა მიმართულებით აქვს გავლილი. შესაბამისად, მისი კვალიფიკაცია უმაღლესი იურიდიული განათლების სტანდარტს აკმაყოფილებს“, - ამბობს ნინო გვენეტაძე.
მისი თქმით, თეა წულუკიანს არანაირი პრობლემა არ აქვს, რომ იუსტიციის მინისტრი იყოს. ნინო გვენეტაძის განცხადებით, პროკურატურის შესახებ კანონის 31-ე მუხლის თანახმად, იუსტიციის მინისტრი პროკურორის რიგ ფუნქციებს ითავსებს და თეა წულუკიანი ამ სტანდარტსაც აკმაყოფილებს. ყოფილი მოსამართლე აცხადებს, რომ წულუკიანს იმ დონის უმაღლესი იურიდიული განათლება აქვს, რომელიც პროკურორის უმაღლესი იურიდიული განათლების სტანდარტს აკმაყოფილებს. ამიტომ გვენეტაძე ამ პოლემიკას სრულიად უადგილოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არც უნდა დამდგარიყო.