პრემიერის პრეზიდენტისადმი მიმართვა - კოჰაბიტაცია თუ პრევენცია

პრემიერის პრეზიდენტისადმი მიმართვა - კოჰაბიტაცია თუ პრევენცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიმართვას უგზავნის. მიმართვაში  ივანიშვილი პრეზიდენტს  ბოლო წინადადებას სთავაზობს და მიმართავს, უახლოეს 2-3 დღეში მკაფიოდ და ცალსახად განაცხადოს, უარს ამბობს თუ არა კონსტიტუციურ დიქტატურაზე და უჭერს თუ არა მხარს პარლამენტის თანხმობის გარეშე მთავრობის შეცვლის აკრძალვას.

„ხელისუფლების საკითხი ქვეყანაში გადაწყვეტილია და ამიტომ არ მოგმართავთ როგორც პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს, რომელთანაც რაიმე დამრჩა გასარკვევი. თქვენს პოლიტიკურ გუნდსა და საზოგადოებას შორის ვხედავ სულ უფრო მზარდ უფსკრულს, რომელიც სრული მარგინალიზაციისკენ მიაქანებს ამ გუნდის ღირებულ წევრებსაც კი, და ამიტომ მოგმართავთ“, - ნათქვამია მიმართვაში.

ივანიშვილის განმარტებით, პრეზიდენტს კიდევ იმიტომ მიმართავს, რომ „ნაცმოძრაობის“ ცხრაწლიანი მოღვწეობის სრულ დისკრედიტაციას ქვეყნისთვის სასურველ მოვლენად არ თვლის. როგორც თავად ამბობს, ივანიშვილი ცდილობს როგორმე ღირსეული გამოსავალი იპოვოს, ზედმეტი დანაკარგების გარეშე გაუმკლავდეს წარსულს და მთელი ენერგია მომავალს მოახმაროს.

პრემიერის თქმით, სწორედ ამიტომ შესთავაზა პრეზიდენტს დეკემბრის ბოლოს ისეთი საკონსტიტუციო ინიციატივა, რომელზე დათანხმებაც მისთვის ყველაზე მარტივი იყო. საპარლამენტო უმრავლესობამაც სწორედ ამიტომ გადაწყვიტა პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის გადავადება, რადგან მმართველ გუნდს არ სურდა ის დღე გამხდარიყო წყალგამყოფი. ივანიშვილი ამბობს, რომ სწორედ ამიტომ წავიდა ხელისუფლება მოლაპარაკებებზეც და ინიციატივის ხელში აღებაც კი შესთავაზა „ნაციონალურ მოძრაობას“ კონსტიტუციის 2010 წლის მოდელის ნაწილობრივ ამოქმედების ფორმულით, და ამიტომ თანხმდებოდნენ ამნისტიის ისეთ ვარიანტსაც კი, რომლის ახსნა საზოგადოებისთვის ძალიან გაუჭირდებოდათ.

„მაგრამ თქვენ ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ ცივილიზებულ, სათანამშრომლო ვითარებაში არ გადასულიყო პროცესი. ამის მიზეზი მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს - თქვენს გუნდს თქვენ გარშემო მხოლოდ თქვენ მიერვე გაზვიადებული საფრთხის განცდით აკავებთ და აშანტაჟებთ. თქვენი ამოცანაა, თქვენი გუნდის ცალკეული წევრების დანაშაულზე მთელ გუნდს ააღებინოთ პასუხისმგებლობა და ამით "შეადუღაბოთ" თქვენი რიგები. მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული. ჩვენ მიერ ინიცირებული კონსტიტუციური ცვლილება პარლამენტში მარტის ბოლომდე დადგება კენჭისყრაზე. ეს კენჭისყრა კი უკვე ნამდვილად იქნება წყალგამყოფი. გნებავთ ულტიმატუმად მონათლეთ ჩემი სიტყვები და გნებავთ პოლიტიკურ დიდსულოვნებად, მაგრამ სრულიად ცალსახად ვაცხადებ - ვინც ეთანხმება ამ ცვლილებას, იგი აგრძელებს ქვეყნისთვის სამსახურს, ეძლევა შეცდომების გამოსწორების და უკეთესი პოლიტიკური მომავლის შანსი; ვინც უარს ამბობს ამ ცვლილებაზე, იგი იღებს სრულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ყველაფერზე, რაც 9 წლის განმავლობაში ნებისმიერ თქვენს თანაგუნდელს ჩაუდენია და ამ ტვირთით აგრძელებს ცხოვრებას“, - აღნიშნულია პრემიერის მიმართვაში.

ამასთანავე, ივანიშვილი დასძენს, რომ სანამ ის პოლიტიკაშია, მაქსიმალურად შეიკავებს თავს საკუთარი შეფასებებისგან, მაგრამ როდესაც კვლავ საზოგადოების რიგითი წევრი გახდება (არცთუ შორეულ მომავალში), ყველაფერს იღონებს იმისათვის, რომ საზოგადოებას არც ვინმეს შეფასება გადაავიწყდეს და არც დაფასება.

„რაც შეეხება კანონს, იგი ყველასთვის კანონად დარჩება: თქვენგან განთავისუფლებული სასამართლო უდანაშაულოს თავისუფლების გარანტიას მისცემს, ხოლო დამნაშავეს - სასჯელის“, - ამბობს პრემიერი.

რას ნიშნავს მისი ეს მიმართვა, არის თუ არა ეს ყბადაღებული „კოჰაბიტაციისთვის“ ხარკის მიგება, თუ მმართველი გუნდი საკუთარ შესაძლებლობებში და იმაში დარწმუნებული არ არის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ მოაგროვებს და კიდევ ერთ შანსს იტოვებს, რომ ამ ცვლილების ჩავარდნის საფრთხე აიცილოს თავიდან? ასევე, რამდენად მისაღები იქნება სააკაშვილისთვის პრემიერის ტონი, რომლითაც ის პრეზიდენტს მიმართავს?

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ნებისმიერი შემთხვევაში შევა ძალაში, მაგრამ მმართველ გუნდს უნდა, რომ ამ საკითხზე ორივე მხარეს ერთობლივი პოზიცია ჰქონდეს.

„პრეზიდენტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ცვლილებები კონსტიტუციაში მარტის თვეში შევა და ამას საპარლამენტო უმრავლესობა ცალმხრივადაც განახორციელებს. ის ფაქტი, რომ პრეზიდენტს კონსტიტუციით მთავრობის ერთპიროვნულად დათხოვნის და ჩამოყალიბების უფლება აქვს, საქართველოს სირცხვილია 2004 წლიდან. თავის დროზე ამ უფლების მინიჭებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც“, - ამბობს ლევან ბერძენიშვილი.

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში, სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის, მისი პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილებიდან გამომდინარე, მიუღებელი უნდა იყოს რაიმე ისეთ საქმის გაჭიანურება, რაც სრულიად მკაფიო ვადებში უნდა შესრულდეს.

„მოწმენი ვართ იმისა, რომ ორი პოლიტიკური გუნდი ხან თანხმდება კოკნრეტულ გადაწყვეტილებაზე, რომ პარლამენტის თანხმობის გარეშე მთავრობის ცვლილება არ მოხდეს, ხან ივიწყებენ ამას, ხან კი კონტრშეტევაზე გადადიან და უფრო მეტს სთავაზობენ უმრავლესობას, ვიდრე მათ ჰქონდათ წინასწარ განსაზღვრული, შესაბამისი საკუთარი ულტიმატუმებითაც, კონსტიტუციაში რა უნდა ჩაიწეროს. შედეგი კი არის ერთადერთი - ეს არის დროის გაწელვა და შედეგის არდადგომა“, - აღნიშნავს ექსპერტი.

მისი თქმით, რაიმე კომუნიკაციის დროს შედეგის არდადგომა არის რუსეთის პრიორიტეტი, რომელიც უკვე ათწლეულებია, ჟენევაში ნულოვანი შედეგით გვატარებს. სოსო ცისკარიშვილი განმარტავს, რომ ეს მხოლოდ ჩვენ არ გვეხება. იგივე სტრატეგია აქვს არჩეული რუსეთს დნესტრისპირეთთან და ყარაბაღთან მიმართებაში. ექსპერტის თქმით, ეს პუტინისეული ტაქტიკა „ნაცმოძრაობამ“ შესანიშნავად აითვისა და ცდილობს, რომ არ დადგეს შედეგი იმ მიმართულებით, რასაც ჰქვია მთავრობის დანიშვნის უფლება პარლამენტის აზრის დაფიქსირების გარეშე. ამიტომაც ამ საკითხმა თითქოს დაკარგა პრიორიტეტულობა იმ უამრავ თემაში, რომლებიც დაპირისპირებულ პოლიტიკოსთა ჯგუფებიდან ერთმანეთის გასანეიტრალებლად სულ მატულობს. ცისკარიშვილის თქმით, უკვე გადასულები ვართ კონსტიტუციაში სერიოზული ცვლილებების მოლოდინის რეჟიმში.

„თავიდან ივანიშვილის ინიციატივა მხოლოდ ერთი საკითხი იყო. არა ის, რომ პრეზიდენტს (თუნდაც ვადაგასულს და თავის სავარძელში უკანონოდ მჯდომს) არ ჰქონდეს მთავრობის დაშლის უფლება. კი ბატონო, დაითხოვოს მთავრობა, მაგრამ ახალ მთავრობას ნუ ჩამოაყალიბებს თანახმად იმ კონსტიტუციისა, რომელიც სააკაშვილმა უკვე დიდი ხანია შექმნა და თაროზე მოსვენებული ეს მუხლი ახლა თავიდან იძენს საშიშ პოტენციალს. ამიტომ საჭიროა საკითხის დაკონკრეტება, შესაძლოა ცოტა დაგვიანებულიც, მაგრამ ნათქვამია ერთ საშუალებას კიდევ ვცდი, ეშმაკს დავუწყებ ვედრებასო“, - ამბობს ექსპერტი.

იგი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის მხრიდან სააკაშვილის მიმართ ბოლო მიმართვაა და პარლამენტმაც ყურად უნდა იღოს იგი. სოსო ცისკარიშვილის თქმით, ყველაზე გვიან, მარტის ბოლოს დავრწმუნდებით (იქიდან გამომდინარე, რა შედეგს მივიღებთ), გვექნება მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობა, თუ ქართველ ხალხს მოუწევს თავიდან მიუჩინოს საკუთარი ადგილი ქართველ პოლიტიკოსებს. ექსპერტი ამბობს, რომ დღევანდელი პოლიტიკური რეალობის შემოქმედი სწორედ საქართველოს მოსახლეობაა და ის თავის თავზე აიღებს ვითარების ბოლომდე დალაგების პასუხისმგებლობას. თუმცა აქვე პოლიტოლოგი ამბობს, რომ მოსახლეობის უფლება-მოსილებები არჩევნების ფორმატით, სამწუხაროდ, ამოწურულია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხალხს აქვს მორალური უფლება გამოიყენოს ის ხერხები, რაც მის ხელთ იარსებებს სამართლიანობის აღსადგენად, რასაც ჯერჯერობით პირი არ უჩანს.

„თუ მივიღებთ სააკაშვილისგან თანხმობას იმაზე, რომ ის მზად არის, ეს მუხლი ამოღებული იყოს ყოველგვარი წინაპირობებისა და შეთანხმებების გარეშე, მაშინ დავრწმუნდებით, რომ ეს ადამიანი დამოუკიდებელი პოლიტიკოსია და არ არის შეზღუდული თავისუფლების მქონე თანამზრახველი იმ გუნდისა, რომელიც მას გარშემო არტყია და რომელიც არ აძლევს საშუალებას, პოლიტიკაში ღირსეულად დარჩეს, ან საზოგადოებისთვის საინტერესო ფიგურა იყოს საქართველოში თუ მის საზღვრებს გარეთ“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრის ეს განცხადება კოჰაბიტაციის პროცესისადმი პატივისცემის ნიშნად არის გაკეთებული.

„ჩემი აზრით, ეს მიმართვა გაკეთდა იმისთვის, რომ დასავლეთმა, რომელსაც კოჰაბიტაცია უყვარს, არ აიკვიატოს, რომ თითქოს ოპოზიცია იჩაგრება. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა პრემიერმა პრეზიდენტისთვის შეთავაზება გაეკეთებინა, მაგრამ ეს შეთავაზება ისეთ ტონშია გაკეთებული, რომ მეეჭვება, სააკაშვილი მას დასთანხმდეს“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

მისი თქმით, მიმართვა საკმაოდ მკაცრია და ივანიშვილი ამბობს, რომ მისი მიზანი არ არის, ის ტონალობა მისცეს ამ ტექსტს, რაც პოლიტიკურ ოპონენტს შეეფერება. ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს უფრო ბრძოლის ინტონაციაა, ვიდრე კოჰაბიტაციის ევროპული ვარიანტისა, მაგრამ მმართველ გუნდს სათქმელი ექნება, რომ მან პრეზიდენტს შეთავაზება გაუკეთა, ამ უკანასკნელმა კი ამაზე უარი თქვა.

პოლიტოლოგი არმაზ ახვლედიანი მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრი სავარაუდოდ არ აპირებდა ამ განცხადებების გაკეთებას, მაგრამ ოპონენტების წინდაუხედავმა მოქმედებებმა და იმ საფრთხემ, რაშიც საქართველო უახლოეს ხანებში შეიძლება აღმოჩნდეს, პრემიერი ფაქტობრივად აიძულა, რომ ეს მიმართვა გაეკეთებინა.

„ერთი მხრივ, ამ ტექსტში არავითარი წინააღმდეგობა დემოკრატიულ ნორმებთან არ არის. მეორე მხრივ, ვიტყვი, რომ ამ განცხადების აუცილებლობა დღეს ალბათ ყველა საღად მოაზროვნე ადამიანისთვის გასაგებია. ხელისუფლებამ ეს ნაბიჯები უნდა გადადგას, ეს პროცესი უნდა დააჩქაროს, რადგან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უკვე აჩვენა, რომ სამწუხაროდ, ნებისმიერი ავანტიურისთვის მზად არის, რათა ახალ პოლიტიკურ რეალობაში დამკვიდრება მოახერხოს და დაიწყოს ფიქრი იმაზე, რომ ერთ მშვენიერ დღეს კვლავ ხელისუფლებაში დაბრუნეს. მისი მხრიდან ეს მზაკვრული გეგმაა და ამიტომ მიმაჩნია, რომ პრემიერის განცხადება დროულია“, - აღნიშნავს ახვლედიანი.

მისი თქმით, საფრთხეში გულისხმობს პრეზიდენტის საკონსტიტუციო უფლებას მთავრობის დათხოვნასთან დაკავშირებით და ამასთანავე იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უკან არაფერზე დაიხევს. ამიტომაც საჭიროა ამ ყველაფრის დროული პრევენცია და ექსპერტი მიიჩნევს, რომ პრემიერის ეს განცხადებაც ძალიან მნიშნელოვანი პრევენციული ზომაა.