ჩემთვის არახალია სირთულეები, ახალი გამოწვევები, 24/7-ზე ვიმუშავებ იმისთვის, რომ წინ წავწიო ჩემი მუნიციპალიტეტის განვითარება, - ამის შესახებ წალენჯიხაში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, გუბა საჯაიამ განაცხადა.
გუბა საჯაიას განცხადებით, მისი მიზანი მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, მუნიციპალური ტრასპორტით სოფლების უზრუნველყოფა და წყალმომარაგების პრობლემის სრულად აღმოფხვრაა.
„კარგად მოგეხსენებათ, რომ ბოლო ოთხი წელია ადგილობრივ თვითმმართველობაში არის ოპოზიციური ე.წ. კოალიციური თვითმმართველობა, მაგრამ ამ ოთხი წლის განმავლობაში ლაპარაკის მეტი არაფერი იყო. რაღაცები გაკეთდა, მაგრამ უმეტესწილად მხოლოდ ლაპარაკი, რის გამოც დაგროვდა უამრავი პრობლემა.
მილიონობით თანხებია გამოყოფილი ინფრასტრუქტურის სამინისტროდან რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივმა თვითმმართველობამ ვერ უზრუნველყო, რომ ეს თანხები ბოლომდე აეთვისებინა, რის გამოც, შეუძლებელი გახდა ინფრასტრუქტურის სამინისტროდან მეორე ტრანშის გამოყოფა, ამით კი იზარალა ადგილობრივმა მოსახლეობამ. ჩემი არჩევის შემთხვევაში, 24 საათი ჩემი კარი ღია იქნება [მოსახლეობისთვის].
სავიზიტო ბარათი არის ცენტრალური მოედანი. ქალაქის ცენტრში უახლოეს დღეებში გამოცხადდება ტექნიკური პროექტირების მაკეტი. ცენტრალურ მოედანზე გვაქვს 1400-მდე კვ.მ მიწის ფართი, სადაც იგეგმება იუსტიციის სახლის მშენებლობა.
აუცილებელია, რომ თითოეულ სოფელს ემსახურებოდეს მუნიციპალური ტრანსპორტი, რასაც აუცილებლად უზრუნველვყოფთ. წყალმომარაგებაზე პრობლემაა სოფელ ჯგალში, სადაც უკვე გამოცხადდა პროექტი და ადგილობრივი მოსახლეობა შვებით ამოისუნთქებს ცოტახანში. ცენტრალური გზები თითქმის ყველგან მოწესრიგებულია, მაგრამ შიდა საუბნო გზებზე გვაქვს პრობლემა, შევალთ თითოეულ საუბნო გზაზე, რომელიც იქნება რეაბილიტირებული.
ვაპირებთ მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობას, სადაც იქნება: საცურაო აუზი, გასართობი ცენტრი და ბიბლიოთეკა“,- განაცხადა გუბა საჯაიამ.