გლდანში, ქერჩის ქუჩაზე მდებარე უშიშროების აკადემიის ყოფილი შენობა, სადაც ხელისუფლებამ მიწისძვრით დაზარალებულები, ომის ვეტერანთა ოჯახები და სოციალურად დაუცველი მოსახლეობა შეასახლა, ერთი კვირაა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. კორპუსში არც გაზია შეყვანილი იმის მიუხედავად, რომ 30 მაისის არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ხელისუფლებამ, ალბათ, მოსახლეობისთვის თვალის ასახვევად გაზის მილები სანახევროდ შეიყვანა კორპუსის ეზოში. თუმცა, არჩევნების შემდეგ, ხელისუფლებას არც სანახევროდ დამონტაჟებული გაზის მილები გახსენებია და არც ქერჩის ქუჩის მცხოვრებნი.
სამაგიეროდ, კორპუსს ანტისანიტარია, ხვლიკები, რწყილები და 30 მაისის სახსოვრად, კედელზე გაკრული გლდანი–ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატის ნიკო ხაჩირიშვილის საარჩევნო პლაკატები შემორჩა. სხვათა შორის, ხელისუფლება 6 წლის განმავლობაში, ყოველი არჩევნების წინ, ქერჩის ქუჩის მცხოვრებთ ფართების დასაკუთრების დაპირებით, ხელმოწერებს და პირადობის მოწმობის მონაცემებს აგროვებინებდა, მაგრამ არჩევნების შემდეგ, ყველა დანაპირები საპნის ბუშტივით ქრებოდა.
უშუქობით და უყურადღებობით თავგაბეზრებულმა მოსახლეობამ, რომელსაც ელქტროენერგია არჩევნების შემდეგ პირველად ივნისის ბოლოს გაუთიშეს, დასახმარებლად, საკრებულოს თვმჯდომარის მოადგილეს „ჩვენი საქართველო–თავისუფალი დემოკრატების“ ერთ–ერთ ლიდერს ზურაბ აბაშიძეს მიმართა. მაშინ, პრობლემის მოსაგვარებლად საქმეში ნიკო ხაჩირიშვილიც ჩაერთო და მოსახლეობის უშუქობის პრობლებაც დარეგულირდა, მაგრამ ორიოდ კვირაში იგივე პრობლემამ კვლავ იჩინა თავი. ამიტომ, ამჯერად, მოსახლეობამ საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს „ჩვენი საქართველო–თავისუფალი დემოკრატების“ კიდევ ერთ ლიდერს ვიქტორ დოლიძეს სთხოვა დახმარება და მანაც მოსახლეობის პრობლემის გაცნობა ადგილზე მისვლით მოისურვა.
ვიქტორ დოლიძის სტუმრობის შესახებ, მოსახლეობამ რამდენიმე დღით ადრე იცოდა და ყველანი იმედით ელოდებოდა საკრებულოს წევრის მათთან მისვლას. თუმცა, წინა დღით, როგორც კორპუსის მცხოვრებნი ყვებიან, ისინი რამდენიმე მეზობელმა გააფრთხილა, რომ ზედმეტი არაფერი ეთქვათ, თუ სურდათ, რომ პრობლმები (პროლემაში კორპუსუდან გამოსახლება იგულისხმებოდა) არ შექმნოდათ.
„ისე მკაცრად გამაფრთხილეს, სახლიდან საერთოდ უნდა წავიდე“, – გვითხრა კორპუსის ერთ–ერთმა ბინადარმა ხნიერმა ქალბატონმა.
მართალია, უშიშროების აკადემიის ბინადართ ფართები კერძო საკუთრებაში ჯერ არ გადასცემიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ კორპუსს არც თავმჯდომარე ყავს, მაგრამ „ნაციონალებს“ თავიანთი დასაყრდენი რამდენიმე ქალბატონი უკვე ჰყავთ კორპუსში, სწორედ ისეთები, 30 მაისის არჩევნების დღეს მთელმა საქართველომ რომ იხილა. მათ დოლიძის სტუმრობის დღეს პირნათლად შეასრულეს საკუთარი მოვალეობა – შეშინებული მოსახლეობა ფანჯრებიდან ადევნებდა თვალს ეზოში კანტი–კუნტად შეკრებილ გაბედულ მეზობლებს, რომელთაც ჟურნალისტები აშკარად სჭარბობდნენ რიცხობრივად. თუმცა იქ მდგომთაგანაც, ბევრი ხმის ამოღებასაც ვერ ბედავდა. ზოგი, მართალია, დახმარებას ითხოვდა, მაგრამ განცხადებას ვერ დავწერო - ჩიოდა და სიტყვაზე უნდა მენდოთო - არწმუნებდა ვიქტორ დოლიძის ასისტენტს, რომელიც გაოცებული სახით ისმენდა ჩურჩულით მოყოლილ გულისამაჩუყებელ ისტორიებს.
ის, რაც ვიქტორ დოლიძეს ადგილზე დახვდა, საქართველოს სინამდვილისთვის იშვიათი სანახაობა არაა, მაგრამ, როგორც ხშირად ხდება, ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. ჭერგადახდილი კორპუსი, მოშლილი კანალიზაცია, სარდაფში ჩამავალი ფეკალიები და ანტისანიტარიის ბუდედ ქცეული სახლი, სადაც 300–მდე ოჯახი ცხოვრობს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქერჩის ქუჩის ბინადარნი ამჯერად, ერთ კვირაა ელექტროენერგიის გარეშე არიან დარჩენილები. მიზეზი დავალიანებაა, მაგრამ დავალიანების მიზეზი ქაოსი და უწესრიგობაა, რომელშიც მხოლოდ კორპუსის ბინადართ ვერ დავადანაშაულებთ.
კორპუსის ახლოს პატარ–პატარა საამქროებია განლაგებული და ისინიც ელექტროენერგიას კორპუსის კვებიდან იღებენ, ხოლო დანახარჯი კორპუსს ეწერება. მოსახლეობის ნაწილი ყოველთვიურად კრეფდა გარკვეულ თანხას, ნაწილი კი ან უქონლობის გამო ვერ იხდიდა, ან არ იხდიდა. იყო სხვა პრობლემებიც, მაგრამ, რაც მთავარია, დავალიანებას დავალიანება ემატებოდა. ამის გამო, მოსახლეობა ხელისუფლებას სთხოვდა, რომ მათთვის, ან ფართები დაეკანონებინათ, რომ „თელასს“ გამრიცხველიანება მოეხდინა, ხოლო „ყაზტრანსგაზთბილისს“ გაზი შემოეყვანა.
თუ მთავრობა ფართების დაკანონებაზე უარს იყო, მაშინ მოსახლეობა მთავრობისგან მოითხოვდა, კეთილი ენებებინა და თავად მოეგვარებინა ორივე კომპანიასთან საქმე. მოკლედ მოსახლეობა გამრიცხველიანებას ითხოვდა, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით პრობლემა ექმნებოდა, ადგილობრივი გამგეობა პრობლემას „გადაგორების“ გზით აგვარებდა (როგორც ნაციონალებს სჩვევიათ) და ასე განვლო 6–მა წელმა.
რა ეშველება ქერჩის ქუჩის ბინადართა პრობლემებს, რთული სათქმელია, მაგრამ იმის თქმა კი შეიძლება, რომ გლდანი–ნაძალადევის გამგეობას იქაური მოსახლეობა (გამონაკლისების გარდა) ალბათ, არასოდეს მიმართავს, რადგან ორიოდე კვირის წინ გამგეობის „მონდომებამ“ ახალგაზრდა მამაკაცი თვითმკვლელობამდე მიიყვანა.
ქერჩის ქუჩის მობინადრე ახლგაზრდა მამაკაცი სპარტაკ აღაპიშვილი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გამგეობისგან სახურავის განახლებას ითხოვდა, რადგან წვიმის დროს სახლში მუდმივად წყალი ჩასდიოდა, ყურადღება რომ არავინ მიაქცია, იძულებული გახდა მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე ქირით გაეყვანა. როგორც მეზობლები ყვებიან, სინესტისა და სიცისვისგან ბავშვი რამდენჯერმე ავად გაუხდათ და ოჯახმა თითქმის, მთელი ზამთარი საავადმყოფოში გაატარა.
მეზობლების თქმით, სპარტაკ აღაპიშვილმა ვერც ქირის გადახდა შეძლო და ვალები დაუგროვდა. მეზობლები იმასაც იხსენებენ, რომ მუხიანში მოსახლეობასთან გამგებლის ერთ–ერთი შეხვედრის დროს, აღაპიშვილი გამგებელს შეკამათებია და უთქვამს: ჩვენ ხომ მოგვატყუე და ახლა ამათაც ატყუებო.
„გამგებელს უთქვამს, შენ ვინ ხარ, ახლა ნახე, ქუჩაში ღორივით რომ გაგაგდებთო. ერთ დღეს მოვიდა, სადარბაზოში იდგა და გაცოფებული ყვიროდა, ეს როგორ მაკადრეს და გამიბედეს, თავს მოვიკლავო. შევეცადეთ დაგვეწყნარებინა, მაგრამ რას ვიფიქრებდით, რომ მართლა მოიკლავდა თავს? ცოლისთვის დაურეკავს, გამომშვიდობებია და სახლში ასულმა თავი ჩამოიხრჩო. გაჭირვებამ მიიყვანა თვითმკვლელობამდე ადამიანი.
რამდენმა ადამიანმა უნდა მოვიკლათ თავი, რომ ყურადღება მოგვაქციონ? თუ გვაძლევენ ამ ფართებს - მოგვცენ, თუ არა და, გვითხრან, რომ ზედმეტი ვართ და სხვა ქვეყანას მოვთხოვთ თავშესაფარს. ნახირივით შემოგვრეკეს და 21–ე საუკუნეში შუქს დაგვანატრეს. სადამდე ავიტანოთ ამდენი შეურაცხყოფა? დაგვიდგან მრიცხველი, რას ვითხოვთ განსაკუთრებულს, ვიღაცა თუ ვერ იხდის, იმის გამო მე რატომ უნდა დავზარალდე?“, – პასუხს ითხოვს ხალხი, მაგრამ ამ კითხვების დასმა ალბათ, დიდხანს მოუწევთ.
მათთვის არავის სცალია და იმასაც კი აყვედრიან, რომ მთავრობამ თავშესაფარი მისცა, მერე რა, რომ შუქი არ აქვთ და, მერე რა, რომ არც გაზი აქვთ; მერე რა, რომ კორპუსი ფეკალიებში იძირება და, მერე რა, რომ ქუჩაში გამოყრით ემუქრებიან? პირველები არიან თუ უკანასკნელები იქნებიან? ეს თავადაც იციან, მაგრამ წყალწაღებულებივით ხავსს ეჭიდებიან, იციან, რომ მათი პრობლემების გადაჭრა ხელისუფლებას შეუძლია და ახლა ვიქტორ დოლიძეს შესქერიან იმედის თვალით, რომელიც დაპირდა, რომ მათ საკითხს ხელისუფლებასთან აუცილებლად დააყენებს.
„რა გამოგვივა ვერ გეტყვით, არ მინდა ფუჭი დაპირებები მოგცეთ, მაგრამ გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებ თქვენს დასახმარებლად,“ – ასე დაემშვიდობა დოლიძე დაზაფრულ მოსახლეობას, რომელიც დოლიძის წასვლის შემდეგ „ნაციონალების“ „მდედრიონმა“ კიდევ უფრო დაზაფრა და შეახსენა: „ამ შეხვედრებით რასაც მოიგებთ იმასაც ნახავთ, თქვენ ყველაფერი გააფუჭეთ“.