უდიპლომო მოსამართლეები

უდიპლომო მოსამართლეები

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ორი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძისა (უზენაესი სასამართლოს მოსამართლე) და მაია გიგაურის (რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე) საქმეები გამოითხოვა. პროკურატურის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლით, მოსამართლედ პირის გასამწესებლად აუცილებელია, რომ მას ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება. ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„საქართველოს მთავარ პროკურატურაში შემოვიდა ინფორმაცია (ადვოკატ ალექსანდრე ალადაშვილის განცხადება და მედიით გავრცელებული ინფორმაცია), სადაც აღნიშნული იყო, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების ორ მოსამართლეს უმაღლესი იურიდიული განათლება არ გააჩნდა. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ამოღებულია ამ მოსამართლეთა პირადი საქმეები“, - იუწყება პროკურატურა.

ამავე განცხადების თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ მოსამართლეებს მართლაც არ ჰქონდათ უმაღლესი იურიდიული განათლება, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი მოსამართლედ გამწესება წარმოადგენდა კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის შესაბამისად კი, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი და პროკურორი ვალდებულნი არიან დაიწყონ გამოძიება. აქედან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ მისთვის კანონით მისთვის დაკისრებულ მოვალეობას ასრულებს, რათა გამოავლინოს და ამხილოს შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირი.

„მოცემულ შემთხვევაში გამოძიების შესწავლის საგანია არა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება, არამედ დანაშაულის ჩამდენი პირის და დანაშაულებრივი ქმედების გამოვლენა, რასაც შედეგად მოჰყვა კონსტიტუციის და კანონის მოთხოვნების უხეში დარღვევა“, - აცხადებენ პროკურატურაში.

მთავარმა პროკურატურამ ეს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კოტე კუბლაშვილის საპასუხოდ გაავრცელა. უზენაესი სამართლოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამ ორ მოსამართლესთან დაკავშირებით პროკურატურას საქმეების გათხოვის შესახებ სასამართლომ მისცა თანხმობა, თუმცა თავად საკითხის ასე დაყენება იურიდიული ნონსესია. აქვე კუბლაშვილმა განმარტა, რომ თუკი ვინმე იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე ზეწოლას აპირებს, ეს არ გამოუვა.

„საქმე ეხება ორი მოსამართლის დანიშვნის საკითხს. ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული აქვს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, კოლეგიურ ორგანოს და კოლეგიური ორგანოს გადაწყვეტილებაზე სისხლის სამართლის საქმის დაწყება იურიდული ნონსესია. ამ ქმედებებით ვერავინ ვერაფერს მიაღწევს. თუ კი მათ საბჭოზე ზემოქმედება სურთ, გარანტიას ვაძლევ, ეს მცდელობები უნაყოფო იქნება. მე პირადად მაქვს ხმა მიცემული ამ ორი მოსამართლის დანიშვნაზე და ორივე მათგანი არის ერთ-ერთი საუკეთესო ჩვენს სისტემაში. მათი დანიშვნის შესახებ დოკუმენტაცია ძალიან კარგადაა შესწავლილი“, - განაცხადა კუბლაშვილმა.

მისი თქმით, ერთადერთი გზა, რომ საბჭოს გადაწყვეტილება შეიცვალოს, თავად ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებაა, თუმცა ამ შემთხვევაში ესეც ვერ მოხერხდება, რადგან ამ საკითხზე სასამართლომ უკვე იმსჯელა და არანაირი კითხვის ნიშნები აღარ არსებობს.

კუბლაშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით პარლამენტთან პარალელს აკეთებს და ამბობს: „წარმოიდგინეთ, პარლამენტმა მიიღოს რაღაც გადაწყვეტილება და შემდეგ ამაზე დაიწყოს სისხლის სამართლის გამოძიება“.

ამდენად, პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ მოსამართლეებს ალავიძესა და გიგაურს უმაღლესი იურიდიული განათლება არ აქვთ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს და ამავდროულად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, კოტე კუბლაშვილი კი მიიჩნევს, რომ ამ მოსამართლეებს არანაირი გადაცდომა არ აქვთ და მათი საქმეების პროკურატურის მიერ გამოთხოვნა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე ზეწოლის მცდელობაა.

ცხადია, რომ მოსამართლედ დანიშვნის შემთხვევაში პირს უმაღლესი იურიდიული განათლება უნდა ჰქონდეს. ეს ცალსახაა და ამიტომ, როდესაც ცნობილი ხდება, რომ ორი მოსამართლე ამ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, ბუნებრივია, საზოგადოებაში ჩნდება ეჭვი, რომ მათი ამ თანამდებობებზე დანიშვნა პოლიტიკური ნიშნით, ანუ წინა ხელისუფლებისათვის მისაღებობის მიხედვით მოხდა.

ამ მოსაზრებას ეთანხმება სააკაშვილის ხელისუფლების მიერ დევნილი და სამსახურიდან განთავისუფლებული უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ნინო გვენეტაძე. იგი განმარტავს, რომ ქართული კანონმდებლობის თანახმად, თუ სისხლის სამართლის საქმე მოსამართლეთა უკანონო შემადგენლობამ განიხილა, ეს ახლადაღმოჩენილ გარემოებად მიიჩნევა და საქმე აუცილებლად უნდა გადაიხედოს. სამოქალაქო სამართალში კი ასეთი მოსამართლეების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ბათილია და უპირობოდ უნდა გადაიხედოს. შესაბამისად, გვენეტაძის თქმით, თუკი გამოძიება მიიჩნევს, რომ ეს ორი ადამიანი მოსამართლის სტატუსს არ იმსახურებდა, ბუნებრივია, მათ მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების გადასინჯვა უნდა მოხდეს.

აქვე ნინო გვენეტაძე იმ პროცედურების შესახებ საუბრობს, რომლებიც პირმა მოსამართლედ დანიშვნისათვის უნდა გაიაროს.

„სამოსამართლეო გამოცდების ჩაბარების დროს, იქ გარკვეული კრიტერიუმებია დასმული და ძალიან სკრუპულოზურად ხდება იმის შემოწმება, რომ პირი, რომელიც მოსამართლედ დანიშვნის პროცედურებს იწყებს, აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს ამ კრიტერიუმებს. მათ შორის, ერთ-ერთი პირველი, სწორედ, უმაღლესი იურიდიული განათლებაა, რომლის მადასტურებლად პირად საქმეში დიპლომი უნდა იყოს წარმოდგენილი. შეუძლებელია, თუნდაც იმ პერსონალს, რომელიც ამ ფორმალურ მხარეებს ამოწმებს, ვერ შეენიშნა, რომ კონკრეტული მოსამართლეების საქმეში დიპლომი არ არის. არ შეიძლება ეს რაღაც მექანიკურ შეცდომად ჩაითვალოს, რადგან მოსამართლედ დასანიშნად ადამიანი ძალიან ბევრ ეტაპს გადის. ეს არის საკვალიფიკაციო გამოცდები, მოსამართლედ განწესება, შემდეგ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ამ დოკუმენტაციის გადახედვა და ა.შ.“, - ამბობს ყოფილი მოსამართლე.

მისი თქმით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლედ დანიშვნისას პირი უფრო მეტად მოწმდებოდა, რადგან მის კანდიდატურას პარლამენტს საქართველოს პრეზიდენტი წარუდგენს დასამტკიცებლად. ნინო გვენეტაძის თქმით, რომც დავუშვათ, რომ დოკუმენტაციის გადამოწმების პირველ ეტაპზე ვინმეს მექანიკური შეცდომა დაეშვა, შემდეგ ეს დოკუმენტაცია იმდენჯერ მოწმდება და იმდენ პროცედურას გადის, რომ შეუძლებელია, ვინმეს მაინც არ შეემჩნია, რომ მოსამართლეს იურიდიული განათლება არ აქვს. ამიტომაც ყოფილი მოსამართლე მიიჩნევს, რომ ეს მოსამართლეები წინა ხელისუფლებისათვის მისაღებნი იყვნენ და სწორედ ამიტომ მოხდა ამ პრობლემაზე თვალის დახუჭვა. ნინო გვენეტაძის თქმით, იგი იცნობს ადამიანებს, ვისაც სამოსამართლეო გამოცდების ჩაბარება სურდა და სწორედ ამ ნიშნით იქნენ დაწუნებულები, რომ უმაღლესი იურიდიული განათლება არ ჰქონდათ.

იურისტი ნაზი ჯანეზაშვილი განმარტავს, რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონის თანახმად, მოსამართლედ პირის დანიშვნის კრიტერიუმები რეგულირდება და ისიც ხაზს უსვამს, რომ ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა სწორედ უმაღლესი იურიდიული განათლება, ასევე სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა ხუთი წლის მუშაობის გამოცდილება და ა.შ. მაგრამ უმთავრესი სწორედ უმაღლესი იურიდიული განათლებაა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია.

„მეორე საკითხია, როგორ აბარებ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდებს, რომლის გარეშეც მოსამართლედ ვერ დაინიშნები. ამ გამოცდის ჩასაბარებლად კი აუცილებელია, უმაღლესი იურიდიული განათლება გქონდეს. ამიტომ ამ ადამიანებმა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩააბარეს თუ არა, ესეც საკითხავია, მაგრამ თუ ჩააბარეს, როგორ მოახერხეს ეს, როდესაც მასზე წარსადგენ დოკუმენტაციაში უპირველესი უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი უნდა ყოფილიყო“, - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

მისი განმარტებით, მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ პირი გადის სრულ სასწავლო კურსს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, სადაც იგი იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელის სტატუსით სარგებლობს. შესაბამისად, ამ ორ მოსამართლესაც ყველა ეს ეტაპი უნდა გაევლო და რადგან მათ ეს მოახერხეს, იურისტი ვარაუდობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი დაინტერესება არსებობდა. ნაზი ჯანეზაშვილი აღნიშნავს, რომ აქ საკითხი დგას ასე - იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახდენს თუ არა კანონმდებლობის მოთხოვნების იგნორირებას, იგულისხმება როგორც საქართველოს კონსტიტუცია (რომ აღარაფერი ვთქვათ, საერთო სასამართლოების შესახებ კანონზე), ასევე საერთაშორისო კანონმდებლობა. იურისტის განმარტებით, ამ მოთხოვნების ინგორირება სერიოზული დარღვევაა, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, თუ რა სახით და ვინ უნდა აგოს ამაზე პასუხი, ძალიან რთულია.

„შეიძლება ეს ჯგუფურ დანაშაულადაც იქნეს მიჩნეული, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ამის თქმა ძალიან რთულია. ალბათ, პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ბუნებრივია, ძალიან რთულია პასუხისმგებლობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დააკისრო, მაგრამ ეს გადაწყვეტილება კონკრეტულმა ადამიანებმა მიიღეს. ძალიან მიჭირს ამის შეფასება, რადგან მსგავსი შემთხვევა საქართველოში ჯერ არ მომხდარა. გასაგებია, რომ გამოძიება ფაქტზე არის დაწყებული, მაგრამ სანახავია, კონკრეტულად ვისზე მიმდინარეობს ძიება. ამ შემთხვევაში პროკურატურაზე ძალიან ბევრი არის დამოკიდებული, რადგან როგორც მოგახსენეთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება არ არის ადვილი“, - განმარტავს იურისტი.

მისი თქმით, დაუშვებელია შესაბამისი კვალიფიკაციის არმქონე ადამიანების ასეთ თანამდებობებზე დანიშვნა, რადგან მათ მათზე დაკისრებული პასუხისმგებლობის მთელი სიმძიმეც არ ექნებოდათ გაცნობიერებული.