„პროკურატურას უგულავას დაჭერა არავითარ შემთხვევაში არ აწყობს“

„პროკურატურას უგულავას დაჭერა არავითარ შემთხვევაში არ აწყობს“

თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის მერს, გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე არ შეუფარდა. შეგახსენებთ, გიგი უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პროკურატურამ ერთი მილიონი ლარის ოდენობით გირაო მოითხოვა. პროკურატურამ ასევე იშუამდგომლა, რომ უგულავას საქართველოს ტერიტორიის დატოვება აკრძალვოდა და კვირაში ერთხელ საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების შესახებ ვალდებულება დაკისრებოდა. საქმე ეხება თბილისის მერის მიმართ სისხლის სამართლის კოდესის ორი მუხლით აღძრულ საქმეს - სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია. სისხლის სამართლის საქმე უგულავას წინააღმდეგ აერთიანებს „თბილსერვის ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იმედის“ ეპიზოდებს.

ამავე საქმეში ფიგურირებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი, რომლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პროკურატურამ პატიმრობის გამოყენების თაობაზე იშუამდგომლა. კეზერაშვილის შემთხვევაში პროკურატურის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და კეზერაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

გიგი უგულავასთვის ერთი მილიონის ოდენობით გირაოს მოთხოვნამ იმთავითვე გარკვეული კითხვები გააჩინა. კერძოდ, ასეთი დიდი ოდენობით თანხის გირაოს სახით გადახდა საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში არ მომხდარა. თუმცა საქართველოს მთავარი პროკურორი, არჩილ კბილაშვილი უგულავას საქმის ადეკვატურად მიიჩნევს.

„პირველ ეპიზოდში, გაფლანგვის ნაწილში მას ბრალი ედება 5 მილიონ 245 ათასი ლარის გაფლანგვაში, მეორე ეპიზოდში – 10 მილიონი დოლარის მითვისებაში. ერთობლიობაში ეს სადღაც 20 მილიონ ლარზე მეტია, აქედან გამომდინარე, მოთხოვნილი თანხა გარკვეულ უნისონშია გაცხადებულ ბრალდებასთან და ვფიქრობთ, ის ადეკვატურია წარმოდგენილ საქმის მასალებთან“, – აცხადებს არჩილ კბილაშვილი.

გიგი უგულავას განცხადებით კი, მილიონლარიანი გირაო იყო შენიღბული მცდელობა იმისა, რომ მილიონი ლარის გადაუხდელობით პატიმრობა ყოფილიყო ჩანაცვლებული. ამის შესახებ უგულავამ მისი აღმკვეთი ღონისძიების განხილვისას სასამართლო პროცესზე გააკეთა განცხადება.

„მილიონი ლარის გირაო პროკურატურის მხრიდან ჯეკპოტის მოხსნის სურვილს წარმოადგენს. ასეთი გირაო ისტორიაში არ ყოფილა და აღნიშნულ თანხას იმ მარტივი მიზეზის გამო ვერ გადავიხდი, რომ არ გამაჩნია. ბრალდებაც კი აღიარებს ე.წ. მითვისებული თანხები ჩემს მფლობელობაში არ არის. ბრალდება ამ ნაწილში პოლიტიკურად მოტივირებულია და ეს შენიღბული მცდელობაა, რომ მილიონი ლარის გადაუხდელობით პატიმრობა იქნეს ჩანაცვლებული“, - აღნიშნა უგულავამ.

მან განცხადება სასამართლოს შენობის დატვების დროსაც გააკეთა და განაცხადა, რომ მისთვის პროკურატურას პატიმრობის შეფარდების მოთხოვნა სურდა, მაგრამ რაღაც გარემოებების გამო ამას მოერიდა. აქვე უგულავამ აღნიშნა, რომ გირაოს სახით მილიონი ლარის მოთხოვნა პირადად პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული. - „ამას ხელწერაზე ვატყობო“ - დასძინა თბილისის მერმა. ამასთანავე, იგი დარწმუნებულია, რომ მისი პროცესი პროკურატურის ფიასკოთი დამთავრდება.

სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა თბილისის მერისთვის სამსახურებრივი უფლება-მოსილების შეჩერების შესახებ, რადგან მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ უგულავას ბრალეულობის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები ვერ წარადგინა.

ცხადი იყო, რომ თუ უგულავა გირაოს სახით მილიონ ლარს გადაიხდიდა, ამით პრაქტიკულად ბრალდებას აღიარებდა, რადგან მას სწორედ დიდი თანხების მითვისებას ედავებიან. ისიც ცხადი იყო, რომ უგულავა ამაზე არ წავიდოდა. ამიტომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პროკურატურამ სწორედ ამაზე გათვლით მოითხოვა ასეთი დიდი გირაოს თანხა, რომ მისი არშეფარდების შემთხვევაში, სასამართლოს უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდებინა, მაგრამ სასამართლო რის სასამართლოა? უკანასკნელ პერიოდში სასამართლო, რომელსაც დღემდე კოტე კუბლაშვილი აკონტროლებს, ძალიან გულმოწყალე გახდა, აღარავის უფარდებს წინასწარ პატიმრობას და პროკურატურის მიერ დაკავებულ წინა ხელისუფლების ჩინოვნიკებს გირაოს სანაცვლოდ ათავისუფლებს. შესაბამისად, პროკურატურის მიერ ასეთი მოთხოვნის დაყენების მოტივაცია ცოტა უცნაურია.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, აკაკი ბობოხიძის განცხადებით, პროკურატურამ ძალიან კარგად იცის, რომ უგულავას მილიონი ლარის გადახდის საშუალება არ აქვს, მაგრამ მან ასეთი დიდი თანხა იმიტომ მოითხოვა, რომ საზოგადოებაში უგულავას მიმართ გარკვეული ეჭვები და კითხვები გაჩენილიყო.

„ამხელა თანხა სწორედ იმიტომ მოითხოვეს გირაოს სახით, რომ საზოგადოებაში გაჩენილიყო ეჭვები, რომ უგულავას მიმართ წარდგენილი ბრალდება თითქოს რეალურია, თითქოს იქ მართლაც ამხელა თანხებზეა საუბარი და ა.შ. ალბათ, ეს იყო მათი მოტივაცია, თორემ პროკურატურამ მშვენივრად იცოდა, რომ მილიონის გადამხდელი გიგი უგულავა არ იყო. მათ ასე ვთქვათ, გაისროლეს, ანუ თავისი სიტყვა თქვეს და თუ გაუვიდოდათ, გაუვიდოდათ, მაგრამ როგორც ვხედავთ, ეს არ გამოუვიდათ“, - ამბობს აკაკი ბობოხიძე.

მისი თქმით, ის არ აპირებს დაიცვას ადამიანები, ვინც სახელმწიფო ბიუჯეტში ხელებს აფათურებდა, მაგრამ როდესაც პროკურატურა ვინმეს ბრალს უყენებს, მეტი მტკიცებულებების წარმოდგენა არის საჭირო.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა შავგულიძე ამბობს, რომ სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში უპრეცედენტოა, რადგან გიგი უგულავა ბრალდებულია ძალიან სერიოზული დანაშაულების ჩადენაში, ბრალდება ალბათობის მაღალი ხარისხით დადასტურებულია, რაც აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისათვის არის საკმარისი. აქვე შავგულიძე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ თავად უგულავა ადასტურებს, რომ დასუფთავების სამსახურში დაასაქმა ადამიანები და მათზე ის ხელფასები გასცა, რაც ბრალდების მხარის მიერ იყო წარმოდგენილი.

„როდესაც დასუფთავების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში 700-მდე ადამიანია დასაქმებული, მე მგონი ამას უკვე კომენტარი აღარ სჭირდება. მოდით ვნახოთ, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ან ნებისმიერი სხვა უწყებას, ამ მიმართულებით რამდენი ადამიანი ჰყავს შტატში. საუბარია თითო-ორ ადამიანზე, დასუფთავების სამსახურს კი საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის 700 ადამიანი ნამდვილად არ სჭირდება. ეს ადამიანები პარტიულ დავალებებს ასრულებდნენ და ქალაქის ბიუჯეტიდან ღებულობდნენ ანაზღაურებას. შესაბამისად, ბრალდებები დასტურდება იმ ხარისხით, რაც აღმკვეთი ღონისძიების სახით არა მხოლოდ გირაოს, არამედ პატიმრობის შესაფარდებლადაც არის საკმარისი. ამიტომ სასამართლომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და კიდევ უფრო უპრეცედენტო იყო უგულავასთვის თანამდებობრივი უფლება-მოსილების არშეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება“, - ამბობს შალვა შავგულიძე.

მისი თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სასამართლო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კონტროლდება და ეს სწორედ ის პრობლემაა, რამაც ცხრა წლის მანძილზე უამრავი უკანონო გადაწყვეტილების გამოტანა და ახლა კი საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენის ასეთი მძაფრი მოთხოვნილება გამოიწვია.

„ჩვენ თუ ვნახავთ, უკანასკნელი ცხრა წლის მანძილზე გამოტანილ ამგვარ გადაწყვეტილებას, მით უმეტეს ასეთ მძიმე ბრალდებების შემთხვევაში, მე ჩემს სიტყვებს უკან წავიღებ. ეს ყველაფერი აიხსნება იმით, რომ ძალიან ბევრ შემთხვევაში ერთი და იგივე დანაშაულების დაფარვაში, საქმეების გაყალბებაში, არასწორ სამართლებრივ შეფასებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან ერთად, ამ მოსამართლეთა კორპუსის უდიდეს ნაწილს ერთნაირად მიუძღვის ბრალი. აქედან გამომდინარე, მოსამართლეთა ეს კორპუსი თავის გადარჩენას ცდილობს, მაგრამ ასეთი უსამართლობა ძალიან ცუდად სრულდება მათთვის, ვინც მას სჩადის“, - აღნიშნავს დეპუტატი.

იგი მიიჩნევს, რომ გირაოს თანხის განსაზღვრისას პროკურატურა იმ ოდენობიდან ამოვიდა, რომლის გაფლანგვაშიც გიგი უგულავას ედება ბრალი. დეპუტატის თქმით, სასამართლოს შეეძლო გირაოს თანხის ოდენობა არ გაეთვალისწინებინა და მისი ნახევარი, ან თუნდაც მეათედი შეეფარდებინა უგულავასთვის, მაგრამ ეს არ გააკეთა. სწორედ ამიტომ შავგულიძე სასამართლოს გადაწყვეტილებას უპრეცედენტოს უწოდებს, რადგან არსებობს ასობით მოწმის ჩვენება, რომლებიც ადასტურებენ, რომ ამ სამსახურში იყვნენ დასაქმებულები და შესაბამის ანაზღაურებას ღებულობდნენ. ასეთ შემთხვევაში კი პირის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება, დეპუტატის შეფასებით, მოსამართლის მხრიდან პირდაპირ სამართალწარმოებისათვის ხელის შეშლაა, რის გამოც ამ მოსამართლის მიმართ შესაბამისი დისციპლინური და ყველა ის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, რაც ქართული კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ეს ასეც მოხდება.

იურისტი ლია მუხაშავრია მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე პროკურატურის ინტერესში არანაირად არ არის უგულავას დაჭერა, ან მისთვის დიდი თანხის გირაოს გადახდევინება. მუხაშავრია ფიქრობს, რომ თბილისის მერს პრაქტიკულად ხელ-ფეხი გაუხსნეს, რომ თუნდაც გაიქცეს.

„ახლა კი, არა როგორც იურისტი, არამედ უბრალოდ, ჩემს ადამიანურ მოსაზრებას გეტყვით, ამ ყველაფრის შემდეგ გიგი უგულავას პრაქტიკულად ქუჩაში გასვლის საშუალება აღარ ექნება. ახლა შეიძლება ითქვას, რომ მისი პოლიტიკური მოკვდინება მიმდინარეობს. თუკი მას აქამდე რაიმე პოლიტიკური ამბიცია ჰქონდა, მას ეს მოესპობა“, - აღნიშნავს ლია მუხაშავრია.

მისი თქმით, უკეთესია, გიგი უგულავას დაკავება არ მოხდეს მანამ, სანამ მის მიმართ განაჩენი არ დადგება და ეს ახალი ხელისუფლების გამოწვევაა, რომელსაც მან თავი უნდა გაართვას. რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, იურისტი მიიჩნევს, რომ მთავარი პროკურატურა თავიდანვე მზად იყო იმისთვის, რომ სასამართლო მის არც ერთ შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებდა და პირიქით, ამით მან პრაქტიკულად საზოგადოებას აჩვენა, როგორი მიკერძოებულია სასამართლო და რამდენად რთულ პირობებში უწევს პროკურატურას მუშაობა. მუხაშავრიას შეფასებით, იმ ფონზე, როდესაც გამოძიება შედეგებს ვერ გვაჩვენებს და მის მიმართ საზოგადოებაში უკვე გარკვეული კითხვები დაგროვდა, პროკურატურის ხელში ეს სერიოზული კრედიტის მოგროვებაა. ამით კი პროკურატურამ აჩვენა, რომ სასამართლო სერიოზულ ცვლილებებს საჭიროებს.

„ბრალდება ძალიან კარგად იყო მომზადებული. ისინი შეხვდნენ დიპკორპუსს და საერთაშორისო საზოგადოებრიობის წარმომადგენლებს, გააცნეს მათ ხელთ არსებული მასალები, რის საფუძველზეც ბრალის წარდგენას აპირებდნენ. ამიტომ ეს არის ძალიან კარგი ნაბიჯი იმისთვის, რომ მთელს მსოფლიოს აჩვენო - აი ბატონო, მაშინაც კი, როცა უტყუარი მტკიცებულებები გვაქვს, სასამართლო მაინც ისე მოქმედებს, როგორც დღეს ქალაქის სასამართლომ იმოქმედა“, - აცხადებს იურისტი.

რაც შეეხება საზოგადოების კრიტიკას პროკურატურისადმი, როდესაც მას სისუსტეში სდებენ ბრალს, ლია მუხაშავრია მიიჩნევს, რომ პროკურატურა სუსტი იყო მაშინ, როდესაც ახალაია დააპატიმრა მაშინვე, როგორც კი ის პროკურატურაში შევიდა. მუხაშავრია მიიჩნევს, რომ პირიქით, პროკურატურამ ჭკუა ისწავლა და ადეკვატურად იქცევა, რადგან ასეთი მაღალი რანგის პოლიტიკური ფიგურის დაპატიმრება არც საქმის ობიექტურ გამოძიებას შეუწყობდა ხელს და არც საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის იმიჯს წარმოაჩენდა კარგად. იურისტის თქმით, მიზანი მიღწეულია - უგულავას ეკლის მოწამეობრივი გვირგვინი თავზე აღარ ადგას და იმის საშუალებაც აქვს, რომ საჭროების შემთხვევაში საქმიანი ვიზიტით ქვეყანა დატოვოს, თუმცა ბრალდებულის სტატუსი მოხსნილი არ აქვს.

„აქ ხომ არ ვსაუბრობთ ისეთ შემთხვევაზე, როდესაც კერძო პირმა კერძო პირს ხელიდან ხელში რაღაც თანხა გადასცა. აქ საუბარია ქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თანხების გაცემაზე, რაც ისე გაკეთდა, რომ დღემდე უგულავა გვარწმუნებს, თითქოს, კარგი საქმე გაკეთდა. თუმცა ეს მტკიცებულებები არსებობს და თუ ასეთი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაშიც სასამართლო ამბობს, რომ მისთვის ეს არასაკმარისია იმისთვის, რომ თუნდაც ქვეყნის დატოვება აუკრძლოს უგულავას, მაშინ ამით ორი კურდღელია მოკლული - ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ“, - ამბობს მუხაშავრია.