თეთრი სახლი: ჯო ბაიდენი ბარაკ ობამას რეგულარულად ეკონტაქტება და მისგან რჩევებს იღებს

თეთრი სახლი: ჯო ბაიდენი ბარაკ ობამას რეგულარულად ეკონტაქტება და მისგან რჩევებს იღებს

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ყოფილ პრეზიდენტ ბარაკ ობამას რეგულარულად ეკონტაქტება და მისგან მთელ რიგ საკითხებზე რჩევებს იღებს.

„ისინი არ იყვნენ უბრალოდ პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი. ისინი მეგობრები არიან და მთელ რიგ საკითხებზე კონსულტაციებს გადიან. ვფიქრობ, პრეზიდენტ ბაიდენის პრეზიდენტობის განმავლობაში ეს ასე გაგრძელდება. კომუნიკაცია ტელეფონის მეშვეობით ხდება. პრეზიდენტი ობამა თეთრ სახლში რომ მოსულიყო, ეს ყველას ეცოდინებოდა“, - განაცხადა ჯენ ფსაკიმ თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენისა და ბარაკ ობამას გუნდები რეგულარულად ეკონტაქტებიან ერთმანეთს მთელი რიგი საკითხების განსახილველად.