თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ემანუელ მაკრონის განცხადებას თურქეთის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო ჩარევაზე დაუშვებლად მიიჩნევს.
„მივიჩნევთ, რომ დაუშვებელია ეს განცხადება, რომელიც მეგობრობისა და მოკავშირეობის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება. თურქეთს საფრანგეთის საშინაო პოლიტიკასთან დაკავშირებით სხვა საზრუნავი არ აქვს, გარდა საფრანგეთში მცხოვრები თითქმის 800 000 თურქის კეთილდღეობა და ბედნიერება. იმ კონტექსტში, როდესაც ვცდილობთ დავასრულოთ დაძაბულობა მშვიდობიანი და მეგობრული ურთიერთობის აღსადგენად, მიგვაჩნია, რომ მაკრონის განცხადება სამწუხარო და შეუსაბამოა“, - ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ თურქეთი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდება.
„ცხადია, თურქეთის მხრიდან არჩევნებში ჩარევის მცდელობები იქნება“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა ტელეარხ France 5-თან ინტერვიუში.
თურქეთსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობები სირიის, ლიბიის, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთისა და მთიანი ყარაბაღის საკითხებზე უთანხმოების გამო გაუარესდა. 2020 წლის ოქტომბერში რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ეჭვქვეშ დააყენა ემანუელ მაკრონის ფსიქიკური ჯანმრთელობა და ის ისლამის წინააღმდეგ სიძულვილის კამპანიის გატარებაში დაადანაშაულა.