„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური გვამია და თეორიულადაც კი, შეუძლებელია, წარმოვიდგინოთ ისეთი სცენარი, რომლითაც მოხდება მისი გაცოცხლება.
For.ge კახა კუკავას ესაუბრა.
ბოლო დროს ნაციონალებმა მაღალჩინოსანთა დაკითხვების გამო დესტაბილიზაციის საშიშროებაზე საუბარს მოუხშირეს. თქვენ თუ ხედავთ დესტაბილიზაციის საფრთხეს?
- რა თქმა უნდა, ეს გარკვეულ დესტაბილზაციას გამოიწვევს, თუმცა რამდენად იქნება ეს სისტემური დესტაბილიზაცია, დამოკიდებული იქნება ახალი ხელისუფლების ენერგიულ ქმედებებზე. თუ ხელისუფლებას ადექვატური რეაქციები ექნება, ყველაფრის აღკვეთა შესაძლებელია. თუ ეს გაგრძელდა და გადაიზარდა უმართავ პროცესებში, ძალიან ცუდი იქნება. ამიტომ, რაც მალე მოხდება „ნაციონალური მოძრაობის“ ნეიტრალიზაცია, მით უკეთესი.
მაგრამ დესტაბილიზაცია არანაირად არ ნიშნავს სამოქალაქო დაპირისპირებას, სამოქალაქო დაპირისპირებას დროში უფრო ხანგრძლივვადიანი პრელუდია არ უძღვის?
- შეიძლება, სამოქალაქო დაპირისპირებაშიც გადაიზარდოს. ამის გამოცდილება გვაქვს საქართველოში, თუკი ხელისუფლების მხრიდან არ იქნება გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგმული. სანამ, ჯერ კიდევ აქვს ლეგიტიმაცია საზოგადოების მხრიდან, ახალმა ხელისუფლებამ უნდა გადადგას გადამწყვეტი ნაბიჯი. თუ ეს ლეგიტიმაცია დაკარგეს, მერე ასეთი ნაბიჯების გადადგმა უფრო გართულდება.
რა იგულისხმება ამ გადამწყვეტ ნაბიჯებში?
- აქ იგულისხმება „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ხელმძღვანელის დაპატიმრება და გასამართლება და ნაცმოძრაობის, როგორც პოლიტიკური ძალის დაშლა და პოლიტიკური ასპარეზიდან გაყვანა. ეს არის ნეიტრალიზაცია, რის შემთხვევაშიც, ისინი ვერ შეძლებენ ვერც ქვეყნის გადატრიალებას, ვერც ლოგინში გადატრიალებას. ხოლო, როცა ასეთი გაურკვევლობაა, რომ ერთს იჭერ, მეორეს არ იჭერ, მესამე კი აპროტესტებს, რა თქმა უნდა, ეს ქვეყნისთვის გარკვეულ რისკებს ქმნის.
მაგრამ, როდესაც გვესმის ნაციონალების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, რომ ივანიშვილი თურმე დღესვე ცდილობს ოპოზიციის განადგურებას, აშკარაა, ოპოზიციონერობის იარლიყი ძალიან კარგად მოირგეს ნაციონალებმა. ამ ფონზე როგორ გესახებათ გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა, როცა ყოფილ მმართველ გუნდს ძალიან კარგად გამოსდის ოპოზიციონერობის საფარქვეშ თამაში?
- ჯერ ერთი, ახალმა ხელისუფლებამ დასავლეთში უკეთესად უნდა აწარმოოს პროპაგანდა. ბევრი შეცდომა დაუშვეს გასულ თვეებში, როცა, პირველ ეტაპზე, დაუსაბუთებელი სისხლის სამართლის საქმეები წამოსწიეს. აუცილებელია, ამ საქმეების ნაცვლად, მართლაც დასაბუთებული ბრალდებები წარედგინოს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ეს კარგად უნდა აუხსნან საერთაშორისო საზოგადოებას. არის კიდევ მეორე არგუმენტიც, თუ მაინცდამაინც ქვეყანამ უნდა მიიღოს ორი ზარალი - ან დესტაბილიზაცია, ან დისკრედიტაცია, მე მგონი, სჯობს, დისკრედიტაცია, რადგან დისკრედიტაციას დროთა განმავლობაში უფრო ეშველება, ხოლო დესტაბილიზაციას შეიძლება, შეუქცევადი შედეგები ჰქონდეს.
ბოლოდროინდელ მოვლენებზეც მინდა, გკითხოთ. გიგი უგულავას ფუნქციის შეთავსებას აპირებდა ვანო მერაბიშვილი. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კადრების სიმწირეა ნაციონალებში და ამიტომაც შეაჩერეს მერაბიშვილზე არჩევანი, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ მერაბიშვილის სახით საუკეთესო კადრი შეარჩიეს.
- მე ვფიქრობ, მართლაც სუსტი დანიშვნა იყო. ალბათ, ეს გადაწყვეტილება სპონტანურად მიიღეს. როგორც სევდია უგრეხელიძე, ისე ვანო მერაბიშვილი, მე მგონი, ცოტა კომიკური არჩევანია. გამომდინარე იქიდან, რომ ყველას ესმის, სევდია უგრეხელიძე ვერანაირად ვერ იქნება ქალაქის ხელმძღვანელი და ის უნდა იყოს ბუტაფორიული ფიგურა. რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, თავისთავად, ის ოდიოზური ფიგურაა. მე ვიცნობ თბილისის მერიის მუშაკებს, ისინი არ არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სოდი და კუდი, სადაც მერაბიშვილს ჰქონდა ავტორიტეტი. აქ ძირითადად დასაქმებულნი არიან თბილისელები, მეტ-ნაკლებად განათლების მქონე სამოქალაქო კადრი, რომელთათვისაც ვანო მერაბიშვილი ოდიოზური ფიგურაა და მერაბიშვილის ხელმძღვანელად დანიშვნა მათთვის იქნება არა გამაერთიანებელი, არამედ გამაღიზიანებელი ფაქტორი.
ფიქრობთ, რომ ნაციონალებს აწყობთ კიდეც სამოქალაქო დაპირისპირება, რადგან დღეს გაჩნდა ასეთი განცხადებები - „უგულავა, არ დაუთმო თბილისი ივანიშვილს“. ხომ არ აქვთ მცდელობა, რომ სიტყვიერად მაინც დედაქალაქელები დაუპირისპირონ რეგიონებს?
- არა, რადგან ახალ ხელისუფლებას უფრო მეტი მხარდაჭერა თბილისში ჰქონდა და აქვს დღესაც, ვიდრე რეგიონებში. სამოქალაქო დაპირისპირება, ყველა შემთხვევაში, დაეფუძნება არა იმას, რომ ხალხი გამოვა ხელისუფლების წინააღმდეგ, არამედ ეს იქნება ორგანიზებული, კარგად შეფუთული რამ და ეს უფრო სამოქალაქო დაპირისპირების ილუზია იქნება. არ ვგულისხმობ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი დაუპირისპირდება ახალ ხელისუფლებას. უბრალოდ, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ფინანსები, პროპაგანდის საშუალებები, აქვს პროვოკატორების საუკეთესო მასტერკლასები და ამ თვალსაზრისით, შეუძლია, შექმნას ის, რაც ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გააკეთეს. იქ არანაირი ქართული საზოგადოება არ გამოსულა, მაგრამ შეიქმნა იმიტაცია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ძალიან მწვავე განცხადებები გააკეთა. ისინი 19 აპრილისთვისაც უფრო მასშტაბურ 8 თებერვალს გეგმავენ.
ანუ 19 აპრილსაც მსგავსი დაპირისპირება მოსალოდნელია?
- ყველაზე რეალური სცენარი, რასაც გეგმავს „ნაციონალური მოძრაობა“, არის ის, რომ 19 აპრილის მოვლენები გადაიზარდოს პოლიციასთან შეტაკებაში, რის შემდეგაც სააკაშვილს ლეგიტიმური უფლება ექნება, დაითხოვოს პარლამენტი. ეს არის მათი ძირითადი გეგმა.
თანაც, ეს ყველაფერი ჰიტლერის დაბადების დღეს დაემთხვა.
- რა თქმა უნდა, ეს შემთხვევითია, რადგან ყველა დღე ვიღაცის დაბადების დღეს ემთხვევა.
სააკაშვილი აცხადებს, რომ საერთოდ პოლიტიკიდან წასვლას აპირებდა. თუმცა ამის შესახებ აქამდე ხმამაღლა არ ყოფილა გაჟღერებული. რამდენად გულწრფელი იყო ამ შემთხვევაში სააკაშვილი, რომელიც ირწმუნება, რომ არ სურდა, ეს გამხდარიყო მისი პოლიტიკური გუნდის მარცხის საფუძველი და რომ, მისთვის საქართველოს რეპუტაცია ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ყველაფერი სხვა.
- სააკაშვილმა დაიწყო ის თამაში, რომელიც თავიდანვე წაგებული იყო. უბრალოდ, ეს არის დიქტატორების ხერხი, რომ სანამ ისინი არიან კაბინეტებში, ისინი არასდროს არ ფიქრობენ, რომ როდესმე დამარცხდებიან. სააკაშვილზე უფრო დიდ დიქტატორებსაც მოსვლიათ ეს. ნაპოლეონსაც არ ეგონა აუსტერლიცის შემდეგ თუ როდესმე ამას ბოლო ექნებოდა, არც სტალინს ეგონა ეს და ძლიერი მმართველები, რომლებიც კაბინეტებში სხედან, ვერ იჯერებენ, რომ როდესმე ვიღაცა მათზე უფრო ძლიერი აღმოჩნდება. ეს იყო სააკაშვილის მიერ დაშვებული დიდი შეცდომა, როცა მან საქართველოში დაიწყო ავტორიტარიზმის მშენებლობა. ბევრი პოლიტიკური ოპონენტი და ექსპერტი აფრთხილებდა მას, რომ საქართველოში ავტორიტარული სახელმწიფოს მშენებლობის რესურსი არ არსებობდა, თუმცა მან ეს გააკეთა. მანამდე მსგავსი შეცდომა დაუშვა შევარდნაძემ და ვფიქრობ, დღეს იმავე შეცდომას უშვებს ივანიშვილი. ქვეყნაში სტაბილური შეიძლება იყოს მხოლოდ მრავაპარტიული სისტემა, რომელიც თავის თავში შეიცავს განახლების შესაძლებლობას. როგორც ადამიანის ორგანიზმის არსებობის საფუძველია ნივთიერებათა ცვლა, ისე განახლება ყოველთვის სჭირდება პოლიტიკურ პროცესს და პოლიტიკურ სისტემასაც. მსოფლიოში რაც კი ყველაზე უკეთესი სისტემა გამოგონილა, ეს არის მრავალპარტიული სისტემა, რომელიც პოლიტიკური ორგანიზმის განახლების საშუალებას იძლევა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტიკური ორგანიზმი ლპება. სააკაშვილმა თვითონ შექმნა ისეთი სისტემა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ განახლება შეუძლებელი იყო არა მარტო პრეზიდენტის დონეზე, არამედ ხალხის მიერ გამგებლის გადარჩევა და გადმორჩევა არ შეიძლებოდა და ამიტომაც დალპა ის სისტემა. ახლა ამას უკვე აცნობიერებენ ნაციონალები. ერთპარტიული, ერთპიროვნული, ერთპოლუსიანი პოლიტიკური სისტემისკენ მისწრაფებები ახლაც დამღუპველი იქნება. სააკაშვილს იმიტომ არ სჯეროდა მისი სისტემის დასასრულის, რომ თავის დროზე, ისიც ისეთივე პოპულარული იყო 2004-07 წლებში, როგორც დღეს არის „ქართული ოცნება“. დღესაც, როცა „ქართული ოცნების“ მიმართ გარკვეულ კრიტიკულ შენიშვნებს გამოვთქვამთ ხოლმე, ამბობენ, ჩვენ ხომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ ვართ, ჩვენ ხომ სუფთა ძალა ვართ. ნაციონალებიც სუფთა ძალა იყვნენ და ეს არ არის გამართლება. ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, საბოლოო ჯამში, დალპება, თუ მას არ აქვს თვითგანახლების რესურსი. თვითგანახლების რესურსი მსოფლიოში მხოლოდ მრავალპარტიული სისტემაა. ამიტომ სააკაშვილის ამ მწარე გაკვეთილს, იმედი მაქვს, ახალი ხელისუფლება გააცნობიერებს.
სააკაშვილი კორექტირებას ახდენს ადეიშვილის საქციელში და აცხადებს, ქვეყანა არ უნდა დაეტოვებინაო. ასევე, საინტერესო იყო ბიძინა ივანიშვილის შეთავაზება სააკაშვილის მიმართ, რომ აგრესიული რიტორიკის ნაცვლად, უკეთესი ხომ არ იქნებოდა, ამნისტიის პროექტის წარმოდგენაზე ეფიქრათ, მაგრამ სააკაშვილმა პრემიერს უპასუხა, რომ უგულავა და მერაბიშვილი გმირები არიან და სიამოვნებით ჩასხდებიან ციხეში. რით ახსნით იმას, რომ სააკაშვილს არაფრად უღირდა მათი დაკავება?
- პოლიტიკაში გადამწყვეტია დროის ფაქტორი. ის, რასაც ამბობს სააკაშვილი დღეს, ეს რომ ეთქვა ზუსტად ერთი წლის წინ, მას შეიძლება, არჩევნები მოეგო. მას შემდეგ, რაც უკვე ადეიშვილი გაქცეულია, იმის თქმა, რომ ადეიშვილს ჰქონდა შეცდომები, ეს არის არა პრეზიდენტის სახელმწიფოებრივი პოლიტიკა, არამედ ესაა, როცა მხდალი და უღირსი ადამიანი წაქცეულს ურტყამს. სააკაშვილი მართლაც რაციონალური პრეზიდენტი, პრაგმატიკოსი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე იქნებოდა, სანამ ადეიშვილი იყო პროკურორის პოსტზე, მაშინ ეთქვა, რომ ეს ადამიანი ბიზნესში არ უნდა ერეოდეს და მივიღე გადაწყვეტილება, ის მოვხსნა და ამ პოსტზე სხვა დავნიშნოო. თუმცა მას არ ეყო ამის უნარი. ახლა, როცა ადეიშვილი გაქცეულია და სადღაც რომელიღაც ჩირგვში იმალება, ძველი რიცხვით მის მიმართ კრიტიკის გამოთქმას არანაირი შედეგი არ აქვს. სააკაშვილი ახლა ნახევარ სიმართლეს იძახის. ნახევრად სიმართლე კი ადამიანებს კიდევ უფრო აღიზიანებთ. ის ამბობს, თითქოს, გირგვლიანის მკვლელობა მისთვის დიდი პირადი ტრაგედია იყო. მეორე მხრივ კი აცხადებს, რომ ბაჩო და დათა ახალაიები გმირები არიან. ამიხსენით, ეს ორი რამ როგორ თანაარსებობს ერთმანეთთან?
ის, რომ სააკაშვილმა მერაბიშვილისა და უგულავას მისამართით თქვა, ისინი სიამოვნებით ჩასხდებიან ციხეშიო, ამ შემთხვევაში, „ერთი ბარტყი გადმომიგდეს“ პრინციპი მოქმედებს სააკაშვილში?
- სააკაშვილი ებღაუჭება ხელისუფლებას და გადაწყვეტილება მერაბიშვილისა და სევდია უგრეხელიძის დანიშვნის შესახებ არის მხოლოდ და მხოლოდ ჩაბღაუჭება. მე ვფიქრობ, მისი თამაში წაგებულია. ხომ ხდება ხოლმე, რომ რაღაც მომენტში რაღაცას უკვე აზრი აღარ აქვს. თეორიულად, ნაცმოძრაობის გადარჩენა პოლიტიკურ ასპარეზზე თუკი კიდევ შესაძლებელია, მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა შეუძლებელია, ის პოლიტიკური გვამია. თეორიულადაც კი, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ სცენარი, როგორ მოხდება მისი გაცოცხლება. გაგახსენებთ, როცა ასევე დალპა შევარდნაძის სისტემა, მისმა გუნდმა თავი ასე გადაირჩინა - „ვარდების რევოლუციის“ დროს მოიშორეს შევარდნაძე, მისმა გუნდმა გააკეთა რებრედინგი და „მოქალაქეთა კავშირის“ ნაცვლად, დაირქვა „ნაციონალური მოძრაობა“ და ამით ასი წლით გაიხანგრძლივა არსებობა. ნაცმოძრაობასაც დღეს აქვს შანსი, გაემიჯნოს სააკაშვილსა და მისი გუნდის ყველაზე უფრო დამპალ ნაწილს. კრიმინალში შედარებით უფრო გაუსვრელ ადამიანებს უკვე სხვა სახელით და ცოტა შეცვლილი იდეოლოგიით შეუძლიათ გააგრძელონ არსებობა. მაგალითად, თუ გიორგი ვაშაძე და თინა ბოკუჩავა ჩამოაყალიბებენ ისეთ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ორიენტირებული იქნება ქვეყნის პროდასავლურ განვითარებაზე და თან, ივანიშვილს დაუპირისპირდებიან უფლებრივ და სამართლებრივ საკითხებში, ასეთ პოზიციას შეიძლება პერსპექტივა ჰქონდეს. როცა გამოდის ნუგზარ წიკლაური და სხვები და ბაჩო ახალაიას ტაშს უკრავენ, ასეთ პარტიას მომავალი არ აქვს, რადგან ბაჩო ახალაია არის იგივე, რაც ჯაბა იოსელიანი იყო ამ ქვეყნისთვის. პარტია, რომელიც ოფიციალურად ამბობს, რომ ჩვენი ლიდერი არის მკვლელი და ჩვენ მკვლელი ახალაია ბოლომდე უნდა დავიცვათ, უმომავლოა. ორივე ერთად არ გამოდის - თუ ბაჩო ახალაიას შენარჩუნება უნდათ, მაშინ ამომრჩეველს თავი უნდა დაანებონ და პირდაპირ გამოვიდნენ და ტყვია დაუშინონ ქართველ ხალხს. თუ მოერევიან, მოერევიან, ხოლო, თუ ქართველი ხალხის იმედი აქვთ, მაშინ ბაჩო ახალაიას და სააკაშვილს უნდა შეელიონ. ორივე ერთად - ხალხო, თქვენი მხარდაჭერა გვინდა და თან ბაჩო ახალაიაც გვინდა, რომელიც ხვალ ციხიდან გამოვა და დედას გიტირებთ, ეს ურთიერთგამომრიცხავი სტრატეგიებია.
სააკაშვილი ახლა სატელეფონო ჩანაწერების გამოქვეყნებასაც ინანიებს.
- ნახევრად სიმართლის შესახებ მოგახსენეთ და ამ ადამიანს არ ჰყოფნის პრინციპულობა, გარკვეული შეცდომები აღიაროს. როცა ამბობს, რომ ადეიშვილი ერეოდა ბიზნესში, ის მართლაც ერეოდა. მეორე მხრივ, ამას უტიფრობა ჰქვია და სააკაშვილი ისევ გვიმტკიცებს, რომ მისი ხელისუფლების დროს, თურმე, არ ხდებოდა პირადი ცხოვრების ხელყოფა. ისეთი ტყუილი მაინც უნდა თქვას, რომ ადამიანმა იფიქროს, ტყუის თუ არ ტყუისო. როცა შავზე თეთრს გეუბენებიან, ტყუილიც არაკვალიფიციური გამოდის. სააკაშვილმა ტყუილშიც დაკარგა კვალიფიკაცია. მთელმა საქართველომ ვიცით, რომ ტოტალური მოსმენები და გადაღებები ხორციელდებოდა და „იუთუბიზე“ ქვეყნდებოდა შემდეგ ეს ჩანაწერები. ჰგონიათ, ჩვენ ვერ ვხვდებოდით, რომ ეს ვიღაცამ არ გადაიღო და ვანო მერაბიშვილმა გადაიღო?! „გამოუსწორებელი თაღლითები“ ფილმი არის და დაახლოებით ასეთ პერსონაჟს ჰგავს. ვინმემ რაც არ უნდა შეაგონოს, რომ პოზიცია შეიცვალოს, მაინც თავისი უტიფრობა არ ავიწყდება. როცა ამბობს, რომ თურმე დღევანდელი ხელისუფლება პირადი ცხოვრების საიდუმლოებას არღვევს, შეიძლება, ახლაც დაუშვან ამ მიმართულებით შეცდომები, მაგრამ როგორ შეიძლება ამის შედარება მის რეჟიმთან?! ამ ხელისუფლებამ თუ ერთბალიანი შეცდომა დაუშვა, მას ჰქონდა ასბალიანი მოსმენები.
ზოგიერთები ფიქრობენ, რომ ნაციონალების ტონი შედარებით შერბილებულია, თუნდაც - მიხეილ მაჭავარიანის, სერგო რატიანის, თუ არ ჩავთვლით ჭიქის სროლის ცნობილ ინციდენტს.
- მათი ტონალობა შერბილდება, როგორც კი ახალი ხელისუფლება აჩვენებს ძალას. პატარა ბავშვები რომ მაიმუნობენ, მშობელი მოფერებით თუ ეტყვის, ბავშვებო, წყნარადო, შეიძლება უფრო ახმაურდნენ, მაგრამ თუ მუშტს მაგიდაზე დაარტყამ და კუთხეში მიუთითებ, დადგებიან კუთხეში. ნაცმოძრაობაც ამ დღეშია, თუ ისინი ხელისუფლებას გაუბედაობას შეამჩნევენ, ბევრს ირატრატებენ ვითომ ფასეულობებზე. როგორც კი ხელისუფლება ეტყვის, რომ თქვენ ყველანი ხართ კრიმინალები და მიდიხართ ციხეში, ნახავთ, ბატონი მაჭავარიანი როგორ მისცემს ჩვენებას რატიანზე, რატიანი - უგულავაზე და ა.შ. - ყველა ერთმანეთზე.
მათი მოჩვენებითი თვინიერება ქართველი ერის მიმტევებელ ხასიათზე ხომ არ არის გათვლილი?
- ვერ ვხედავ ამის პერსპექტივას, რადგან არ არიან ჯერ დაჩაგრულები, მათგან არავინ არ დაუჭერიათ, არავინ უცემიათ, რომელ დაჩაგვრაზეა საუბარი? გვახსოვს, როგორ იჩაგრებოდა ხალხი, „პაჩკა-პაჩკა“ იღუპებოდნენ, ნაცემები, დაჭრილები, ცოცხებს უყრიდნენ. თუ უნდათ, ჩაგრულის მანტია მოისხან, მაშინ მზად უნდა ჰქონდეთ ერთი ადგილი, რომ ის ცოცხები გაიყარონ და მერე გადაიღონ. ასე ხდება ეს ყველაფერი. აბა, თან უნდათ ჩაგრულები იყვნენ, თანაც უნდათ, არ იტანჯონ. ვასო გოძიაშვილს რომ ეუბნებიან, თქვენ შეგიძლიათ, თავი გასწიროთ? ის პასუხობს, მერე მე არაფერი მამივაო? ასე არიან ესენიც. ჩვენ როცა გვდევნიდნენ და რეპრესიები იყო, ამას ობიექტური საფუძველი ჰქონდა, რამდენჯერ დაარბიეს ჩვენი მიტინგები წყლის ჭავლით, ცრემლსადენით, ხალხს თვალი გამოუგდეს და ადამიანები იღუპებოდნენ, ასობით ციხეებში ისხდა, ათასობით ხალხი ევროპაში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა. ეს რეალური ისტორიაა. კომიკურია, რომ ჩიორა თაქთაქიშვილს სისხლი წასკდა ცხვირიდან და მერე ოთხი დღის განმავლობაში ადეალა გადააფარეს და წოლითი რეჟიმი ჰქონდა, ეს ვერანაირ სოლიდარობას ვერ გამოიწვევს.
და ბოლოს, კოჰაბიტაციის შესახებ. ქართველი ერი ამ შემოთავაზებული სიტყვის - „კოჰაბიტაციის“ მძევალი ხომ არ გახდა? საქართველოსნაირ ავტოკრატიულ ქვეყანაში ეს სიტყვა ბოროტების თავშესაფარს ხომ არ გულისხმობს?
- კოჰაბიტაცია იქნება თუ ამნისტია, ეს ერთი და იგივეა და ნიშნავს, რომ უნდა მოხდეს სისტემის შენარჩუნება, რამდენიმე ჩინოვნიკის გვარი და სახელი შეიცვლება, მაგრამ სისტემა უცვლელი დარჩება, რაც ხალხის ისევ მოტყუებას ნიშნავს. ეს მოხდა საქართველოში, როცა 2003 წელს ვითომ რევოლუცია მოეწყო, ვითომ შეიცვალა პრეზიდენტი, მმართველი პარტია. თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ რეალურად სისტემა იგივე დარჩა და ვინც იპარავდა 2003 წლამდე, ის მოგვიანებითაც იპარავდა. ახლაც მცდელობა აქვთ, რომ 2012 წელსაც იგივე მოხდეს. ამის გარკვეულ ნიშნებს ვხედავ. ბანკის მოვალეებთან და რამდენიმე დიდ სოციალურ ჯგუფთან მიმართებით ახალმა ხელისუფლებამ იგივე სტრატეგია აირჩია, რაც წინა ხელისუფლებას ჰქონდა. სხვადასხვა სფეროებში ჩანს, რომ იგივე მაფიოზური და მონოპოლიური ჯგუფები ინარჩუნებენ გავლენებს და ახალ ხელისუფლებასთანაც გარკვეულ შეთანხმებებს მიაღწიეს. თუმცა, ეს, ჯერჯერობით ტენდენციებია და არ ვიტყვი, რომ მომავალშიც ასე იქნება. მიმაჩნია, რომ კოჰაბიტაცია დამღუპველია, კოჰაბიტაცია კი არ სჭირდება ამ ქვეყანას, არამედ - სისტემური რეფორმა და არა ის, რომ მინისტრების გვარები იცვლება.
კოჰაბიტაცია ხომ არ ითვალისწინებს იმას, რომ ახალი ხელისუფლებისთვის წარუმატებელი აღმოჩნდეს საშინაო ფლანგზე მოღვაწეობა, რადგან მათი დაპირება სამართლიანობის აღდგენა იყო.
- აშშ-ს სჭირდება თავისი მარიონეტული რეჟიმი საქართველოში. უბრალოდ, რაც კი ცივილიზაცია არსებობს, იმავდროულად, არსებობს დაპყრობითი ომების შეფარვის ტექნოლოგიები. დაწყებული რომაელებიდან, რომლებიც დაპყრობით ომებს აწარმოებდნენ, მათაც ჰქონდათ ასეთი თეორია, რომ ბარბაროსებს ცივილიზაციას აზიარებდნენ, შემდეგ ჯვაროსნები თუ მუსლიმანებიც ღმერთის სახელით იბრძოდნენ, რათა „ნამდვილი რწმენა“ შეეტანათ. სხვათა შორის, ამერიკის დაპყრობაც ქრისტეს სახელით მოხდა. შემდეგ იყო საბჭოთა კავშირის თეორია, რომ მოძმე ინტერნაციონალური ხალხებისთვის გაეწიათ დახმარება. ახლაც დემოკრატიის სახელით მიმდინარეობს დაპყრობითი ომები და სხვაობა არაფერია. კოჰაბიტაციამ ჩვენ არ უნდა მოგვატყუოს. კოჰაბიტაცია ნიშნავს იმას, რომ ყოფილი მეტროპოლია ითხოვს თავისი გავლენის ზონების შენარჩუნებას. მაგალითად, 1961 წელს, როცა მიღებულ იქნა გაეროს დეკლარაცია კოლონიური ხალხებისთვის დამოუკიდებლობის მინიჭების შესახებ, ინგლისსა და საფრანგეთს თავის კოლონიებზე უარის თქმა მოუწიათ, მაგრამ მათ ამის შემდეგაც გააგრძელეს აზიისა და აფრიკის ხალხებთან მიმართებით გარკვეული „მეგობრობა“, ალიანსები, ბლოკები და ისინი ამ ფორმით ჰყავდათ დამონებული, ასევე ხდება საქართველოსთან მიმართებით. კოჰაბიტაცია იქნება, კურსი თუ რაღაც სხვა ტერმინი, საბოლოო ჯამში, რეალ-პოლიტიკაში დაიყვანება იქამდე, შეინარჩუნებს თუ არა საქართველო აშშ-ის მიმართ ვასალიტეტს. ამაზეა აქ საუბარი და არა კოჰაბიტაციაზე. ყველანი კარგად ვხვდებით, რომ ამერიკის ადმინისტრაციას გიგი უგულავას და გიგა ბოკერიას ბედი არ აინტერესებს.