სოსო შატბერაშვილი:

სოსო შატბერაშვილი: "ნათელაშვილმა "ნაციონალებთან" გვიღალატა!"

დაახლოებით ერთი თვის წინ „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ პოლიტიკური კომიტეტის წევრებმა საგანგებო განცხადება გააკეთეს და პარტიის რიგები დატოვეს. „ლეიბორისტული პარტიის“ პოლიტიკურ კომიტეტის 8 წევრიდან  პარტია ექვსმა დატოვა.

საგანგებო განცხადებაში პოლიტიკური კომიტეტის წევრები აღნიშნავენ, რომ ისინი პარტიის თავმჯდომარეს გაემიჯნენ.

„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მიმდინარეობდა და, სამწუხაროდ, დღემდე გრძელდება მოღალატე, გამყიდველი პოლიტიკოსების „ნაციონალური მოძრაობის“ მეხამრიდად გამოყენება. „ლეიბორისტული პარტიის“ პოლიტიკური კომიტეტის უმრავლესობა ერთგული, მებრძოლი აქტივის პატივისცემის მიუხედავად, ვემიჯნებით პარტიის თავმჯდომარეს და ვტოვებთ პარტიის რიგებს. ამასთანავე ვაცხადებთ, რომ ვაგრძელებთ ბრძოლას, ვქმნით ახალ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას და ვრჩებით ჩვენი პოლიტიკური პრინციპების ერთგულნი“, - აღნიშნულია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერდნენ პოლიტიკური კომიტეტის წევრი, გენერალური მდივანი იოსებ შატბერაშვილი; პოლიტიკური კომიტეტის წევრი იდეოლოგიური მდივანი კახაბერ ძაგანია; პოლიტიკური კომიტეტის წევრი, აღმასრულებელი მდივანი პაატა ჯიბლაძე; პოლიტიკური კომიტეტის წევრი საორგანიზაციო მდივანი კონსტანტინე გუგუშვილი; პოლიტიკური კომიტეტის წევრი რეგიონალური მდივანი გიორგი მთვარელიძე და პოლიტიკური კომიტეტის წევრი აპარატის უფროსი დავით ვერძეული.

შალვა ნათელშვილმა ეს ბიძინა ივანიშვილს დააბრალა და განაცხადა, რომ პრემიერი ივანიშვილი თავისი ყველა  რესურსით და სპეცსამსახურით ცდილობდა მისგან უმართავი და დაუმორჩილებელი „ლეიბორისტული პარტიის“ დაშლას ან დისკრედიტაციას.

ყოფილი ლეიბორისტების „დუმილის აღთქმა“ უკვე დასრულდა და for.ge-ს სტუმარი ლეიბორისტული პარტიის ყოფილი გენერალური მდივანი, იოსებ შატბერაშვილია.

ბატონო სოსო, მართლა ივანიშვილმა დაგშალათ ? ეს - ხუმრობით. მას შემდეგ, რაც პარტია დატოვეთ, თქვენგან პოლიტიკური შეფასებები არ მოგვისმენია, არჩევნების შემდეგაც ნაკლებად ისმოდა თქვენი განცხაედებები. რას ფიქრობთ დღევანდელ სიტუაციაზე, რა მივიღეთ არჩევნებიდან სულ რამდენიმე თვეში?

- მინდა, რომ მადლობა გადაგიხადოთ, რადგან ეს არის ჩემი პირველი ინტერვიუ, მას შემდეგ, რაც მე დავტოვე „ლეიბორისტული პარტია“. ასე რომ, დღეს პირველად, როგორც დამოუკიდებელ პოლიტიკოსს, საუბრის საშუალება მომეცა.

პოლიტიკური სიტუაცია არის უმძიმესი, ქვეყანაში ოპოზიცია არ არსებობს, მოსახლეობა „ნაციონალურ მოძრაობას“ ოპოზიციად ვერ აღიქვამს. მართალია თვითონ ხმის ჩახლეჩამდე გაჰყვირიან, ჩვენ ვართ ნომერ პირველი ოპოზიციაო და ახლა ოპოზიციის მანტიის მოსხმა სურთ, მაგრამ ფაქტია, რომ მოსახლეობისთვის ისინი კატეგორიულად მიუღებლები არიან ოპოზიციის რანგშიც.

ამიტომაც ვთვლი, რომ საჭიროა შეიქმნას ძლიერი ოპოზიციური გაერთიანება, გაძლიერდეს არასაპარლამენტო ოპოზიცია, რომ ჭეშმარიტი ოპონირება გაუწიონ დღეს არსებულ ხელისუფლებას, რომელიც თვითოვნე გაოგნებული იყო, როდესაც საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობა მოიპოვა.

ანუ, მისთვის მოულოდნელად გაიმარჯვა?

- ეს გამოიკვეთა, როდესაც მთავრობას აყალიბებდნენ. სრული უსუსურობა, მოუმზადებლობა და გაურკვევლობა გამოავლინეს. მინისტრებს და მათ მოადგილეებს ასე არჩევდნენ: ერთმანეთს ურეკავდნენ და ნაცნობ-მეგობრებში ეძებდნენ, შემთხვევით მინისტრის მოადგილეობა ხომ არ გინდაო. ასე კრებდნენ მთავრობას. ერთმა მინისტრმა კი საერთოდ მანამდე დატოვა პოსტი, სანამ მინისტრად დაინიშნებოდა. იმიტომ, რომ დაპირება იყო უმუშევრობის კომპენსაცია, შემდეგ კი განაცხადეს, კომპენსაციები არ იქნებაო და პოსტზე წარდგენილმა ადამიანმა ვალდებულება მოიხსნა.

რა თქმა უნდა, არც ერთი დაპირება დღემდე არ შესრულებულა, თუმცა დრო, რა თქმა უნდა, ძალიან ცოტა გავიდა, მაგრამ ხომ შეიძლებოდა ერთი დაპირება მაინც შესრულებულიყო?!

რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, იგი არსებულ ხელისუფლებასთან ვაჭრობს, რომ როგორმე საკონსტიტუციო ცვლილებებს დაუჭიროს მხარი იმის სანაცვლოდ, რომ მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს როგორმე პროკურატურასა და პოლიციაში დაკითხვებზე სიარული ააცილოს თავიდან და დაპატიმრებას გადაარჩინონ. ამ ვაჭრობით არის დაკავებული დღეს ნაციონალური მოძრაობა და არა რეალური ოპონირებით. ან, რანაირად შეიძლება ნაციონალური მოძრაობა დღევანდელი ხელისუფლების ოპონენტი იყოს, ეს ცოტა გაუგებარია.

მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა ხალხისთვის, რაც შეეხება ამ ორ სახელისუფლებო კლანს, „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“, ისინი როგორმე კოჰაბიტაციას მიაღწევენ. ასე ვაჭრობა-ვაჭრობით 5-6 თვეში ალბათ მიაღწევენ შეთანხმებას, ნაციონალებს ეს არაერთხელ მოუხერხებიათ, მაგრამ ხალხს - არაფერი.

რაც შეეხება ხალხს, მოიხსნა ის შიშის სინდრომი რაც არსებობდა, შეძლებისდაგვარად გადაიხედა ტარიფები... ეს არაფერია?

- დენის ტარიფმა დაიკლო 3 თეთრით, ისიც - 3 თვით და მათთვის, ვინც 100-კილოვატამდე ხარჯავს. ასე რომ, ეს დენის ტარიფის ცვლილებას არ ნიშნავს. დენის ტარიფის ცვლილება რეალურად მოხდა 2002 წლის 31 დეკემბერს, როდესაც ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი მოვიგეთ და 11 თეთრამდე დავიყვანეთ ტარიფი. ეს იყო რეალურად ტარიფის შეცვლა. შემდეგ, მოვიდა თუ არა სააკაშვილი ხელისუფლებაში, საკონსტიტუციო სასამართლოს თავზე გადაახია ეს დადგენილება, რისი უფლებაც არ ჰქონდა და დენი 17-18 თეთრი გახადა.

გაზის ტარიფი არ შეცვლილა და წყლის ტარიფზე ხომ ლაპარაკი არ არის! ისიც კი ვერ მოახერხა დღევანდელმა ხელისუფლებამ, ერთმანეთზე მიბმული ნაგვის და დენის გადასახადი გაეცალკევებინა. სრული უსუსურობა და სახელმწიფოს მართვის სრული უვიცობა გამოამჟღავნა.

ბატონო სოსო, არ გეჩვენებათ, რომ ნაციონალური მოძრაობა რაღაცაში ხელს უშლის ხელისუფლებას, იგივე დენისა და ნაგვის ტარიფის საკითხი ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაა...

- ნაციონალური მოძრაობა რომ სერიოზულად უშლიდა ხელს საქართველოს, ამის შესახებ ჩვენ განვაცხადეთ 2001-2002 წლებში. მაშინ ვეუბნებოდით ხალხს, თქვენ თუ გეჯავრებათ შევარდნაძე, ხმას ნუ მისცემთ შევარდნაძის აღზრდილ მოქალაქეთა კავშირის ე.წ. რეფორმატორთა ფრთის წარმომადგენლებს, ანუ ე.წ. ნაციონალებს თორემ ისინი დაგიღუპავენ თქვენ ქვეყანას. დაშლიან მას რამდენიმე სახელმწიფოედ და გაუსაძლისს გახდიან საქართველოში ადამიანების არსებობას. სამწუხაროდ, მაშინ ჩვენ არ დაგვიჯერეს და შედეგად მივიღეთ მილიონზე მეტი მიგრანტი საქართველოდან. არაოფიციალურად კიდევ უფრო მეტია. საქართველოს ტერიტორიაზე მივიღეთ სამი სახელმწიფო, საქართველო, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. თუ ვინმეს არ სჯერა, ჩავიდეს ცხინვალში და ნახოს საელჩო რომ მუშაობს თავისი დროშებით და დროშიანი მანქანებით. მივიღეთ შეურაცხყოფილი მართლმადიდებლობა, დამცირებული ადამიანები, ტოტალური უმუშევრობა - 70%-ზე მეტი.

ახალ ხელისუფლებას არ აქვს იმის შანსი, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით წაიყვანოს?

- ამის შანსი სააკაშვილსაც ჰქონდა, მაგრამ ამას სჭირდებოდა პოლიტიკური ნება, რაც სააკაშვილს არ გააჩნდა. ასევე ახალ ხელისუფლებასაც აქვს ასეთი შანსი, მაგრამ მას არ ჰყავს ერთიანი გუნდი. ის კოალიცია ისეთი ადამიანებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც ერთმანეთს ვერ იტანენ. ხომ მოვისმინეთ ის ჩანაწერები, როგორ ლანძღავენ ერთმანეთს. ბოლოსაც გამოჩნდა, კობა დავითაშვილისა და დანარჩენი გუნდის დამოკიდებულება. ისინი არ არიან ერთი გუნდი. გაიხსენეთ, როგორ გალანძღა თავის დროზე უსუფაშვილმა სუბარი...

შეხმატკბილებული იყო „ნაციონალური მოძრაობა“, ისინი ერთმანეთთან პოლემიკაში საჯაროდ არ შედიოდნენ და ასე ერთიანად მიჰყავდათ ქვეყანა სადღაც, ყოველ შემთხვევაში დემოკრატიისკენ - არა...

- „ნაციონალურ მოძრაობას“ ის უპირატესობა მაინც ჰქონდა, რომ ერთიანი გუნდი იყო, ცუდები იყვნენ თუ კარგები, ერთიანები მაინც იყვნენ. თუ არ ჩავთვლით 6-7 ცნობილ ნაციონალს, რომლებმაც პარტია დატოვეს, დღესაც ერთი გუნდია და ერთმანეთს კბილებით იცავენ, განსხვავებით „ქართული ოცნებისგან“, სადაც მხოლოდ ეკლექტიკური თავშეყრაა, არანაირი საერთო არ აქვთ, გარდა ერთისა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ფინანსურად ძლიერი, მას შეეძლო ამ პარტიების მოყვანა ხელისუფლებაში და გააკეთა კიდეც. ანუ მათ პირადი სარგებელი მიიღეს...

ფულმა მოიყვანა ხელისუფლებაში და არა ხალხის მხარდაჭერამ? სხვა არჩევნებზე ამდენი ხალხი გინახავთ?

- ხალხმა ბიძინა ივანიშვილში დაინახა ძალა, რადგან ფული ძალაა.

რომელი პარტია გაუძლებდა მარტო სააკაშვილის ჯარიმებს და რომელი მიაღწევდა არჩევნებამდე?

- ვერც სააკაშვილის ჯარიმებს გაუძლებდა და ვერც წინასაარჩევნო კამპანიას წარმართავდა. ფულის გარეშე როგორ შეიძლება წინასაარჩევნო კამპანია ჩაატარო! საერთოდ, საქართველოში პოლიტიკური მოღვაწეობა ძალიან გაძვირდა. მახსოვს 90-იან წლებში საერთოდ უფულოდ შეიძლებოდა ხელისუფლებაში მოსვლა. ზვიად გამსახურდიას ვინ ჰყავდა მეცენატად, როცა კრემლის მთელი მანქანა ებრძოდა...

ახლა სხვა დრო და მოცემულობაა - სააკაშვილის ხელში იყო მთელი სახელისუფლებო ბერკეტები. რომ არა ივანიშვილის უზარმაზარი რესურსები, სააკაშვილთან დაპირისპირება შეუძლებელი იქნებოდა. ამას უარყოფთ?

- სააკაშვილსაც არ აქვს ნაკლები ფული, ორი დიდი ძალა დაეჯახა ერთმანეთს, ვარდების რევოლუციის დამფინანსებელი და შემოქმედი. ეს ხომ ჩვენ არ მოგვიგონია, თვითონ ივანიშვილი აცხადებს, რომ სოროსს ტყუილად აბრალებთ, მე დავაფინანსეო. ირაკლი ოქრუაშვილმა 2007 წელს საჯაროდ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის ოჯახური ბიუჯეტი არის რამდენიმე მილიარდიო, წარმოიდგინეთ, 2012-ში რამდენი ექნებოდა, იმის შემდეგ რამდენი ფული აკეთა კიდევ სააკაშვილმა. ორი უდიდესი ფულის პატრონი დაეჯახა ერთმანეთს და გაიმარჯვა ივანიშვილმა, რადგან ხალხმა ცვლილებებს მისცა ხმა.

როცა მაჟორიტარობის კანდიდატი ვიყავი, ყოველთვის ვამბობდი, ხალხო, თუ მილიარდერი გინდათ, ასეთი გვყავს, მოდით იდეას მივცეთ ხმა. როგორც ჩანს ხალხმა დაინახა რაღაც იდეა ბიძინა ივანიშვილში, დაინახა რაღაც ცვლილების მოლოდინი, ის აღქმულია საქართველოში როგორც მეცენატი, თეატრების, ეკლესიების მშენებელი, ხელოვანთა მფარველი და ხალხმა ჩათვალა, რომ მისი მილიარდები, რომელიც საქართველოს ბიუჯეტზე ბევრად მეტია, მოხმარდებოდა ხალხს, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ჯერჯერობით ხალხი ძალიან მწარედ მოტყუვდა. არც ერთი ცენტი არც ერთი თეთრი ბიძინა ივანიშვილს პირადი ბიუჯეტიდან ხალხისთვის არ დაუხარჯავს

ივანიშვილი პრემიერ-მინისტრია და არა მეფე და არც ერთი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს კანონი არ აძლევს საშუალებას პირადი და სახელმწიფო ბიუჯეტი გააერთიანოს. ქველმოქმედებასა და ქვეყნის მართვასაც შორის უზარმაზარი სხვაობაა. სიმართლე გითხრათ, არც ხალხს ჰქონია მოლოდინი, რომ ივანიშვილი ადგებოდა და თავის ფულს დაურიგებდა... ხალხი მისგან საკუთარი ინტერესების დაცვას ელოდება. თქვენ თვლით, რომ არ არის ივანიშვილი ხალხის ინტერესების დამცველი?

- მე ჩამოგითვლით ფაქტებს და ხალხმა თვითონ გადაწყვიტოს, მისი ინტერესების დამცველია თუ არა. როგორც კი მოვიდა ხელისუფლებში იმ 80 მილიონის დაბრუნებაზე დაიწყო ზრუნვა და ლამის დააპატიმრა აღსრულების ბიუროს ხელმძღვანელი. უკანონოდ აახსნევინა ყადაღა და უკან დაიბრუნა. ყველამ კარგად იცის, რომ ეს 80 მილიონი სააკაშვილმა ჩამოართვა, სააკაშვილს ვერ დაეტაკა და დაეტაკა შემსრულებელს. გამოაშვებინა თავისი უახლოესი ადამიანი, ღარიბაშვილის სიმამრი და დაიბრუნა თავისი დაყადაღებული სატელიტური ანტენები. პირველი, რაც ივანიშვილმა გააკეთა, არა ხალხისთვის, არამედ პირადი ინტერესებისთვის გააკეთა.

მერე ეს საწყალი პენსიონრები, რომლებიც რიგში იდგნენ, რომ "ქართუ ბანკში" თანხები შეეტანათ, ყველას დაპირდა, რომ ერთ ნულს მიუწერდა ამ ფულს და უკან ისე დაუბრუნებდა, აბა ნახეთ, ვინმესთვის რამე თუ დაუბრუნებია...

არ მინდა ხელისუფლების ან ივანიშვილის ადვოკატირება, მაგრამ არ მახსოვს ასეთი დაპირება...

- არ გახსოვთ აქუბარდიას მოწოდება, წავიდეთ "ქართუ ბანკში", ფული შევიტანოთ და ბიძინა ივანიშვილი სარგებლით დაგვიბრუნებსო?

აქუბარდიას იდეა ყოფილა და არა ივანიშვილის დაპირება, მაგრამ დავანებოთ ამას თავი, თქვენი შეფასება მაინტერესებს, თუ ქვეყნისა და ხალხის ინტერესებისთვის არ მოვიდა ივანიშვილი ხელისუფლებაში, აბა რისთვის მოვიდა?

- ხელისუფლების დაპატრონებისათვის, მიხეილ სააკშვილზე შურისძიებისათვის. მათ ერთმანეთში სერიოზუილი „დატაკება“ მოუვიდათ და ამას არც მალავს ივანიშვილი. თუ ხალხის ინტერესებს გამოხატავდა ივანიშვილი, მაშინ როდესაც ბუტა რობაქიძე მოკლეს (ახლა გააქტიურებულია ეს თემა), რატომ არ გააკეთა ერთი მხარდამჭერი განცხადება მაშინ ოჯახის მისამართით?

იმ პერიოდში ივანიშვილის ერთი განცხადება მაინც გახსოვთ? ის არ იყო პოლიტიკოსი...

- პოლიტიკა იყო ის, ქუჩაში 20 წლის ბიჭი რომ მოკლეს?

თუ გახსოვთ, ივანიშვილმა თვითონვე ახსნა როდის და რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა. თქვენ მიგაჩნიათ, რომ პოლიტიკაში არ უნდა მოსულიყო და ყველაფერი ისე გაგრძელებულიყო, ქვეყანაში როგორც იყო?

- ვის აქვს უფლება, რომ რომელიმე ადამიანს პოლიტიკაში შემოსვლა აუკრძლოს! მე ვამბობ, რომ ხალხის ოცნებები გამოდგა ფუჭი. ხალხი ოცნებობდა, რომ ქვეყანაში ამაღლდებოდა დემოკრატია, აღდგებოდა  სამართლიანობა, განახევრდებოდა ტარიფები, ხალხს ეგონა დასაქმდებოდა. ნახეთ, ვის იღებენ სამსახურში, პირდაპირ აცხადებს ივანიშვილი, კონკურსები კარგია, მაგრამ პირადი ნაცნობობაც კარგიაო, ფრანგებსაც უყვართ ასეო. აბა მითხარით რამდენი პროცენტით შემცირდა უმუშევრობა, რამდენი ოპროცენტით შემცირდა ტარიფები თუ გაიაფდა რომელიმე პროდუქტი, ან პური თუ გაიაფდა...

სიმართლე ვთქვათ: გაიაფდა მედიკამენტები, ნავთობპროდუქტები, სხვა პროდუქტებიც და საერთოდაც, დეფლაციური პროცესები შეინიშნება...

- ის საწვავი, რასაც მე მოვიხმარ, 10 თეთრამდე შემცირდა. მივესალმები ამას, მაგრამ ეს არაფერი არ არის. ხომ ამბობდნენ სააკაშვილი 1 ლარს ჯიბეში იდებსო. არ არის ეს ის შემცირება, რომელიც უნდა მომხდარიყო. მედიკამენტებზე ნამდვილად შეინიშნება ფასდაკლებები, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ფარმაცენტრს, რომლის მფლობელიც ბიძინა ივანიშვილია, ჰყავდა კონკურენტები - ფარმადეპო, ავერსი და პსპ. როდესაც ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი გახდა, ისინი იძულებულები გახდნენ, რომ ის კარტელური შეთანხმება, რაც იყო მათ შორის, დაერღვიათ. პირველივე შეხვედრაზე  დაუპირისპირდა პაატა კურტანიძეს, პსპ-ს მეპატრონე ოქრიაშვილი კი მაშინვე გადავიდა „ქართულ ოცნებაში“.

დავაზუსტებ - ოქრიაშვილი „ქართულ ოცნებაში“ არ გადასულა და, როგორც ვიცი, არც ივანიშვილს აქვს საქართველოში ფარმაცევტული ბიზნესი...

- კი, დამოუკიდებელი დეპუტატია, მაგრამ ყველა გადაწყვეტილებაში "ოცნებას" უჭერს მხარს. ასე ვთქვათ, ფარმაცევტულ ბიზნესს რქები მოამტვრია ივანიშვილმა. რაც შეეხება ფარმაცევტულ კომპანიას - წინასაარჩევნო პერიოდში თქვა, ჩემიაო, როცა ჩვენ მივადექით, პირადად მე ჩავატარე აქცია ფარმაცენტრის წინ, მაშინ უფროსი გამოვიდა და განაცხადა, არა, ეს ბიძინა ივანიშვილს არ ეკუთვნისო. ასე რომ, მას აქვს სერიოზული ფარმაცევტული ბიზნესი საქართველოში და ფასებმა მართლა დაიწია, იმიტომ, რომ ეს მის პირად ინტერესებშია. თუმცა ამით ხალხმა ისარგებლა, ამისი წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ არ ვიცი მექანიზმი, რატომ დაიწია ფასებმა.

გასაგებია თქვენი პოზიცია, ახლა გადავიდეთ ლეიბორისტულ პარტიაზე... რა მოხდა? ასე ერთიანად რატომ დატოვეთ პარტია?

- პოლიტკომიტეტში იყო 8 წევრი  აქედან ექვსმა დავტოვეთ პოლიტიკური კომიტეტი, დარჩა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა, დანარჩენები წამოვედით. გარდა პოლიტკომიტეტისა, პარტია დატოვა უამრავმა წევრმა. ძალიან დიდი რაოდენობით აქტივისტი არჩევნებამდე „ქართულ ოცნებაში“ გადავიდა, არჩევნების შემდეგ ვინც დარჩა, წამოვიდა ჩვენსკენ. ახლა პარტიის ჩამოყალიბების სტადიაში ვართ და როდესაც პარტია ჩამოყალიბდება, თვლით მაშინ მოგახსენებთ, რამდენი ათასნი ვართ ჩვენ. პარტიის ჩამოსაყალიბებლად 1000 მხარდამჭერია საჭირო და ჩვენ უფრო მეტი მხარდამჭერი გვყავს, ეს ხელმოწერით უნდა დადასტურდეს და იუსტიციის სამინისტროში შევიდეს, შემდეგ ჩატარდეს ყრილობა. მინდა ვთქვა, რომ ამას გარკვეული პროცედურები სჭირდება და სადღაც 2 თვე გაგრძელდება.

ანუ 2 თვეში ახალი პარტია გაჩნდება პოლიტიკურ სივრცეში?

- დიახ, ასეა, მაგრამ მანამდე ჩვენ პოლიტიკურ აქტივობას არ ვწყვეტთ.

პარტია რატომ დატოვეთ?

- „ლეიბორისტული პარტია“ არ დაშლილა, უამრავი ადამიანი წამოვიდა, მაგრამ ეს დაშლას არ ნიშნავს. ბატონი ნათელშვილიც აცხადებს, რომ პარტია არ დაშლილა - მე ვიყო და ბუზი ბაღდადიდან მოვაო - ის ადამიანები რომლებიც მომავალ პოლიტკომიტეტში იქნებიან, როგორც ჩანს, მას ბუზებად მიაჩნია, საკუთარი თავი კი თაფლად და მე წარმატება მინდა ვუსურვო, თაფლს და მის გარშემო შეკრებილებს ბუზებს.

პარტია არ დაშლილა, მაგრამ პასუხის დროს მინდა მხოლოდ იმ განცხადებას დავეყრდნო, რომელიც გავაკეთეთ და სიღრმეებში აღარ მინდა შევიდე. მე მგონი, ამ განცხადებში ნათლად არის ჩამოყალიბებული ჩვენი წამოსვლის მიზეზები. ვინც მაგ განცხადებას წაიკითხავს და ვერ გაიგებს რატომ წამოვედით, ბევრიც რომ ვილაპარაკო, იმას მაინც ვერ გავაგებინებ.

განცხადებაში გიწერიათ - „ჩვენთვის ცნობილი გახდა რომ მიმდინარეობდა და, სამწუხაროდ, დღემდე გრძელდება მოღალატე, გამყიდველი პოლიტიკოსების „ნაციონალური მოძრაობის“ მეხამრიდად გამოყენება“. ვინ არიან მოღალატე პოლიტიკოსები?

- მანდ ხომ წერია ვისაც ვემიჯნებით.

დიახ - პარტიის თავმჯდომარეს. აქ რაც წერია, ამის მიხედვით, ნათელშვილმა ნაციონალებთან გიღალატათ...

- ყველაფერი გასაგები არ არის?

რატომ ჩათვალეთ, რომ გიღალატათ, რა მოხდა? რაღაც კონკრეტული ფაქტი ხომ იყო, რის გამოც ჩათვალეთ, რომ მოღალატე და გამყიდველი იყო...

- მანდ ხომ წერია, რომ ნაციონალების მხრიდან მისი მეხამრიდად გამოყენება მოხდა...

მაქვს ინფორმაცია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებში ნაციონალური მოძრაობა გეხმარებოდათ, პლაკატებს გიბეჭდავდნენ. ასევე ნაციონალური მოძრაობის წევრები უცებ აღმოჩნდნენ ლეიბორისტთა სიებში. ამას ადასტურებთ თუ უარყოფთ?

-ვერ გეტყვით. მე ვიცი, რომ ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ უამრავი ერთგული ადამიანი, რომელიც კომისიებში გვყავდა ჩასმული, ამოყარა სიებიდან. ნაწილი - იმ მიზეზით, რომ ისინი მხარს უჭერდნენ „ნაციონალურ მოძრაობას“, ხოლო ნაწილი - იმ მიზეზით, რომ მხარს უჭერდნენ „ქართულ ოცნებას“.

ეს იყო უამრავი ადამიანი, რომელიც მაშინათვე გაგვინაწყენდა და ნაცვლად იმისა, რომ ამ ადამიანების ნაცნობები და ოჯახის წევრები არჩევნებზე ჩვენი მხარდამჭერები გამხდარიყვნენ, უცებ მტრად გადაიქცნენ და ჩვენს წინააღმდეგ დაიწყეს მუშაობა.

სწორედ ამან გამოიწვია პარტიის კრახი - 1% არჩევნებში, და ეს არის ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარის დამსახურება. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც პარტიამ ტრიუმფალური გამარჯვებები მოიპოვა თბილისის საკრებულოში ორჯერ, ისიც პარტიის თავმჯდომარის დამსახურება იყო.

ანუ, როდესაც რაიმე სასიკეთო ხდება, ეს პარტიის თავმჯდომარის დამსახურებაა და როდესც რაიმე ცუდი ხდება - ესეც მისი დამსახურებაა.

ლეიბორისტულ პარტიას 1% არასდროს აუღია, მისი არსებობის უმძიმეს პერიოდშიც კი.

როდესაც ლეიბორისტულმა პარტიამ ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვა, როგორ მოხდა რომ გვირგვინი სააკაშვილს გადასცა? წეღანაც ახსენეთ, რომ ილუზიაში შესულმა ხალხმა მოიყვანა ხელისუფლების სათავეში, თქვენი წვლილიც ხომ დიდი იყო მისი საკრებულოს თავმჯდომარეობაში? მაშინაც ითქვა, რომ სააკაშვილსა და ნათელაშვილს შორის გარიგება შედგა...

- სააკაშვილი თავისი ქმედებით ყველანაირად ცდილობდა, ჩვენ როგორმე პოლიტიკისათვის ჩამოვეცილებინეთ. რაც დღეს მას სჭირს, ასე დაგვემართა ჩვენც, როდესაც დღეს მისი დეპუტატები გარბიან ცალკე საკრებულოებიდან და ცალკე პარლამენტიდან „ქართული ოცნებისკენ“.

ეს უბედურება, რასაც ჰქვია დეპუტატების ყიდვა-გაყიდვა და დეპუტატებით ვაჭრობა, საქართველოში დანერგა მიხეილ სააკაშვილმა. მახსოვს, როდესაც თბილისის საკრებულოში 15 დეპუტატი გვყავდა, აქედან 9 სააკაშვილმა გადაიბირა თავისკენ. მერე, მოგეხსენებათ, ერთ-ერთი გადაბირებული დეპუტატი დანიშნა საკრებულოს თავმჯდომარედ, დანარჩენები - კომისიების თავმჯდომარეებად და სხვადასხვა თანამდებობებზე. 6 ადამიანი დავრჩით „ლეიბორისტული პარტიის“ ერთგული და ამ 6-მა ადამიანმა შევინარჩუნეთ „ლეიბორისტული პარტია“ მაშინ თბილისის საკრებულოში. მიუხედავად უდიდესი შეთავაზებებისა, რომელიც ჩვენთან მოდიოდა, და ეს ექვსნიშნა ციფრებით გამოიხატებოდა, ყველაფერზე უარი ვთქვით და ვიყავი ჩვენი პრინციპების ერთგული.

თქვენც გთავაზობდნენ თანხას?

- სახლშიც მომიტანეს თანხა, ასევე ძაგანიას, ჯიბლაძეს, სახლში აკითხავედნენ თანხით. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაზე უარი ვთქვით. ეს ადამიანები, ვინც თანხებს გვთავაზობდა, ისევ პოლიტიკაში არიან.

სააკაშვილი თავისი ქმედებებით ყველაფერს აკეთებდა, რომ მიწასთან გავესწორებინეთ, მაგრამ მაშინ პარტია შევინარჩუნეთ. ძალიან ბევრი ერთგული და პატიოსანი აქტივისტი გვყავდა ლეიბორისტულ პარტიაში და მინდა ყველას მადლობა გადავუხადო. ბევრი დარჩა პარტიაში, რადგან ვერ გააცნობიერეს, თუ რატომ წამოვედით ჩვენ.

რაც შეეხება ნათელაშვილს, ის ყოველთვის აკრიტიკებდა სააკშვილს, ვაკრიტიკებდით ჩვენც და პოზიცია არც ახლა შეგვიცვლია, თუმცა არ ვფიქრობთ, რომ ეს პარტია უნდა აიკრძალოს. ამ პარტიას ხალხმა გასცა პასუხი - ხელისუფლებას ჩამოაცილა.

რაც შეეხება სააკაშვილისა და ნათელაშვილის ურთიერთობას, ათასი ხმა დადიოდა, მაგრამ მტყუან-მართალი ვინ იყო, ამის გაშიფვრას არ შევუდგები. როდესაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ლეიბორისტული პარტია მეხამრიდად გადაიქცა ნაციონალური მოძრაობისათვის, ჩვენ მაშინვე დავტოვეთ პარტია.

ეს მეხამრიდობა მაინც რას ნიშნავს? იმას, რომ ნაციონალები ჩაგისვეს სიებში?

- ჩასმული ნამდვილად არავინ არ იყო... შეიძლება, იყო კიდეც, როგორც ხდება ხოლმე, მაგრამ გეტყვით, რაც მოხდა. მასიურად მიდიოდა ნაციონალური მოძრაობის დაკვეთით სიებიდან იმ ადამიანების ამოყრა, რომლებიც მათთვის მიუღებლები იყვნენ.

ეს პარტიის თავმჯდომარის გარეშე ვერ მოხდებოდა, რის სანაცვლოდ გაურიგდა სააკშვილს, ფაქტია, რომ საარჩევნო ბარიერსაც ვერ მიუახლოვდით...

- ვერ გეტყვით, ამაზეც ათასნაირი ჭორი დადის. ჩვენ ვიცით ფაქტი - მასობრივად მიდიოდა კომისიის წევრების ამოყრა. ჩამოდიოდა ეს ხალხი ჩვენთან და გაოგნებულები იყვნენ - ვერ იგებდნენ სიებიდან რატომ ამოყარეს. მეტსაც გეტყვით - ამერიკაში რომ ბრძანდებოდა ლოდონში დახვდა საელჩოს წარმომადგენელი და უზარმაზარი სია გადასცა, ეს ხალხი უნდა ამოყაროთო.

ადრეც ერთ თამაშს თამშობდნენ სააკაშვილი და ნათელაშვილი? ეჭვები ყოველთვის იყო...

- ვერ გეტყვით, შეიძლება მანამდე იყო, შესძლოა, ახლა მოხდა, მაგრამ ჩვენთვის როგორც კი ცნობილი გახდა, მაშინვე დავტოვეთ პარტია. ჭორები ბევრნაირი შეიძლება იყოს.

2007 წელს ნათელაშვილზე სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული და რატომღაც მერე თქვენი პარტიის წევრი დააკავეს - ბენიძე. ეს უცნაურად არ მოგეჩვენათ?

- ბენიძე დააკავეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი რაღაცის გამო, რომ ჩვენ არ შევდიოდით პარლამენტში. ბენიძის საქმე ფაბრიკაცია იყო, ნათელაშვილის წინააღმდეგაც არაფრის გამო  იყო საქმე აღძრული. საქმე იმაშია, რომ ერთ-ერთმა ბიზნესმენმა...

ბადრი პატარკაციშვილისგან მიიღეთ ფული. ეს ცნობილი ფაქტია...

- დიახ, პარიტიის წევრის ანგარიშზე გადმორიცხა ფული. ასე ყველა ბიზნესმენი ეხმარებოდა პარტიებს. ნაციონალებმა ამას ფულის გათეთრება დაარქვეს და ეს ყველაფერი იმისათვის მოხდა, რომ პარლამენტშში შესვლა ეიძულებინათ ჩვენთვის. ნათელაშვილი ვერ დააპატიმრეს, სამაგიეროდ, ბენიძე დააპატიმრეს, დანარჩენი 4 წევრი ემიგრაციაში გავაპარეთ... ბენიძის საქმე დასრულებული ჯერაც არ არის.

მაშინ კახა ძაგანიას ძმაც დააპატიმრეს და კახას შეუთვალეს, თუ არ გინდა შენი ძმა ციხეში იჯდეს, შედით პარლამენტშიო. ჩემზეც მიმდინარეობდა ზეწოლა...

რაც შეეხება ლეიობორისტულ პარტიას, არსერბობს მოსაზრება, რომ რაკი ნაციონალურ მოძრაობას დაბალი რეიტინგი აქვს, შესაძლოა ახალი პარტიის შექმნაზე იზრუნონ. რამდენად დასაშვებად მიგაჩნიათ, რომ ახალი პარტია კი არ შექმნან, ლეიბორისტული პარტიის დაცარიელებული რიგები შეავსონ და ახლა ლეიბორისტების სახელით მოგვევლინონ?

-მიხეილ სააკაშვილი იმდენად ეშმაკია, როგორც პოლიტიკოსი, ყველანაირად შეეცდება, როგორმე ხელისუფლებაში მოვიდეს. მან ეს ერთხელ გააკეთა, მოქალაქეთა კავშირი მოიყვანა ხელისუფლებში ნაციონალური მოძრაობის და ჟვანია-ბურჯანაძის პარტიების სახელით. რამდენიმე ადამიანის გამოკლებით, ლევან მამალაძის, ჯორბენაძის და თარგამაძის გამოკლებით მთელი მოქალაქეთა კავშირი ხელისუფლებაში მოიყვანა.

ამიტომ არაფერი სააკაშვილისგან გამორიცხული არ არის, შეიძლება სულაც ახალი პარტია შექმნას, თანამებრძოლები გაემოჯნონ, ისინი სხვა პარტიაში წავიდნენ, მერე ეს ახალი პარტია გააძლიეროს.

როგორც ამბობენ, ფინანსები ნათელშვილის სუსტი წერტილია. მართლა საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგავდა პარტიაში შემოსულ ფულს? შემოწირულობებზე მაქვს ლაპარაკი...

-არ ვიცი, ჩვენთან იმდენი თანხები არასოდეს ყიფილა, რომელიმე მაჟორიტარი დეპუტატი მაინც რომ გაგვეყვანა.

ყოველთვის ამბობდნენ, შალვას დიდი ფული აქვს მაგრამ პარტიას არ ახმარსო, გადაუმოწმებელი ცნობით, ვენაში 7-ოთახიანი სახლიც უყიდია 350 ათას ევროდ, ითქვა, რომ მის დაზეა გაფორმებული, ამიტომაც ხომ არ წამოხვედით?

- ჭორები ბევრნაირი გამიგია. იყიდა თუ არა შალვა ნათელაშვილმა ვენაში 7-ოთახიანი სახლი 350 ათას ევროდ, ამაზე შეგიძლიათ ჟურნალისტური მოკვლევა ჩაატაროთ და აუცილებლად გაიგებთ, აქვს თუ არა მას საზღვარგარეთ ქონება. გითხარით, რისთვისაც წამოვედით. ფაქტია, რომ რაც ნათელაშვილმა გააკეთა, ამით ნაციონალებმა იხეირეს.