ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ საპარლამენტო არჩევნებზე მთავრობის ჩამოყალიბებისთვის საკმარისი რაოდენობის მანდატებს ვერ აგროვებს. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ ეგზიტპოლების შედეგები მეტყველებს.
წინასწარი მონაცემებით, „ლიკუდი“ 31 მანდატს იღებს, ლიბერალური „იეშ ატიდი“ კი 18-ს. საერთო ჯამში მემარჯვენე და რელიგიური პარტიების ბლოკი 52-53 მანდატს დააგროვებს.
ნეთანიაჰუს ოპოზიცია დაახლოებით 60 მანდატს აგროვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნეთანიაჰუ მთავრობის ჩამოყალიბებას პარტია „იამინას“ მხარდაჭერის შემთხვევაშიც ვერ შეძლებს.
ეგზიტპოლების მიხედვით, „იამინა“ პარლამენტში 7 მანდატს მიიღებს, თუმცა მის ლიდერს, თავდაცვის ყოფილ მინისტრ ნაფტალი ბენეტს ჯერ არ უთქვამს, რომელ ბანაკს დაუჭერს ის მხარს.
23 მარტს ისრაელში ბოლო 1 წლის განმავლობაში მეოთხე საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ბოლოს საპარლამენტო არჩევნები ისრაელში 2020 წლის 17 სექტემბერს გაიმართა, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მისი მოწინააღმდეგის, ბენი განცის პარტიებმა ხმათა 25-25% მიიღეს, რამაც მთავრობის ფორმირება შეაფერხა. ნეთანიაჰუ და განცი როტაციული მთავრობის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ.