„მილიონ ადამიანში ანაფელაქსიური შეთხვევა 2-3-ს შეიძლება განუვითარდეს“

„მილიონ ადამიანში ანაფელაქსიური შეთხვევა 2-3-ს შეიძლება განუვითარდეს“

საქართველოში ანაფილაქსიური რეაქციის განვითარების მიუხედავად, ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა for.ge-თან საუბრისას აცხადებს, საფუძველი არ არსებობს იმის, რომ ჩვენ „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე უარი ვთქვათ. მისივე თქმით, ვაქცინაციამდე მოსახლეობის ინფორმირება აუცილებელია. ასევე ცნობილი ინფექციონისტი აცხადებს, რომ თავადაც „ასტრაზენიკას“ ვაქცინით აიცრება.

ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების შესახებ თუ გაქვთ ახალი დეტალები, რამ გამოწვია ვაქცნინაციისას გართულება?

- სამწუხაროდ, ძალიან ცუდი და ტრაგიკული შემთხვევაა და ძალიან ცუდია, რომ ეს ჩვენს ქვეყანაში მოხდა. რაც შეეხება მიზეზებს, დეტალებზე ვერ ვისაურებ. ზუსტად არ ვიცი, რა მოხდა. როგორც ექიმები ამბობდნენ, ანაფილაქსიური შოკი განვითარდა. ეს შეიძლება ნებისმიერი ვაქცინაციას თან ახლდეს. უბრალოდ, ეს ძალიან იშვიათი გართულებაა - დაახლოებით მილიონ შემთხვევიდან შესაძლოა, ერთს ან ორს დაემართოს. სხვა დამატებით ინფორმაციას მე არ ვფლობ.

ცნობილია, რომ ახალგაზრდა ექთანმა ანკეტაში ჩაწერა, რომ ის არ იყო ალერგიული. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია ანაფილაქსიური შოკის განვითარება?

- ანკეტა ივსება იმიტომ, რომ გამოირიცხოს ადამიანი რამეზე ალერგიული ხომ არ არის, რათა ექიმები მეტი ყურადღებით იყვნენ. თუმცა, არის ისეთი შემთხვევები, რომ ადამიანი შეიძლება არ იყოს არაფერზე ალერგიული, ყოველ შემთხვევაში თავად ვერ აფიქსირებდეს, მაგრამ ანაფილაქსიური მდგომარეობა განვითარდეს. უბრალოდ, როგორც აღვნიშნე, ეს ძალიან იშვიათად ვლინდება. ძალიან ცუდი ფაქტია, რომ ეს ჩვენს ქვეყანაში დაფიქსირდა.

რამდენად არიან ექიმები მომზადებულები, რომ ასეთ შემთხვევებს გაუმკლავდნენ? რამდენად არის აღჭურვილი ვაქცინაციის ოთახები სპეციალური დანადგარებით, წამლებით და ა.შ?

- რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, ახალგაზრდა ექთანს სამედიცინო დახმარება ძალიან მალე გაეწია. რაც შეეხება მზად თუ არიან? ნებისმიერი ვაქცინაციის დროს, ნებისმიერი ვაქცინის გაკეთებისას, აცრის კაბინეტში არის აღჭურვილობა და მედიკამენტები, რომელიც საჭიროა მსგავსი სიტუაციის განვითარების დროს. ასევე სპეციალურად მომზადებული კადრებია. ეს არა მხოლოდ კორონავირუსის დროს არის ასე, არამედ ყველა ვაქცინაციის დროს. დანარჩენ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა მოხდა, არ ვიცი.

აღნიშნული ტრაგედიის შემდეგ, მოსახლეობა „ასტრაზენიკის“ მიმართ საკმაოდ სკეპტიკურად განეწყო. როგორ ფიქრობთ, რამდენად იქნება ვაქცინაციისას აქტივობა და რამდენად არის „ასტრაზენეკა“ დასაშვები?

- რაც შეეხება „ასტრაზენიკათი“ ვაქცინაციას, მოგეხსენებათ ამ ვაქცინის მიმართ კითხვები სულ სხვა კუთხით გაჩნდა - ხომ არ იწვევს ეს ვაქცინა თრომბოემბოლიტის გართულებებს? მაგრამ, თითქმის ყველა კვლევა, რომელიც ჩატარდა, არ დადასტურდა, რომ თრომბოემბოლიზაციას იწვევდეს. რაც შეეხება ახალგაზრდა ექთნის შემთხვევას, მსგავსი ანაფილაქსიური რეაქცია ნებისმიერი ვაქცინის დროს შეიძლება განვითარდეს. ანაფილაქსიური რეაქციის განვითარება არ არის იმის საფუძველი, რომ ჩვენ „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე უარი ვთქვათ. თუმცა, შესწავლა უნდა გაგრძელდეს და რეალური შედეგი უნდა დაიდოს, თუ რამ გამოიწვია მეგი ბაქრაძის შემთხვევაში ანაფილაქსიური რეაქციის განვითარება.

ვიდრე გამოძიება მიმდინარეობს, ამ შემთხვევაში არ უნდა შეჩერდეს მაინც ამ ვაქცინით აცრა?

- ეს დამოკიდებულია იმაზე, ამ შემთხვევის მიმართ დამატებითი კითხვები თუ გაჩნდება. როგორც ამბობენ, თუ მარტო ანაფილაქსიური რეაქცია იყო, მაშინ ეს არის უკუჩვენება. საუბედუროდ, როგორც აღვნიშნე ანაფილაქსიური შემთხვევები ხდება და ეს არც ვაქცინის უხარისხობასთან არ არის დაკავშირებული და არც იმასთან, რომ ამ ვაქცინას რაიმე სერიოზული გვერდითი ეფექტები აქვს.

ვიდრე ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია დაიწყებოდა, რისკები რამდენად იყო გათვლილი?

- ყველა ვაქცინაციის ცენტრი მზად იყო მსგავსი შემთხვევებისთვის. უბრალოდ, აქ საუბარია იმაზე, რომ ამ ადამიანის გადარჩენა ვერ მოხერხდა, რაც არის დიდი ტრაგედია. ნებისმიერ პაციენტი, რომელიც იცრება, უნდა დავუშვათ, რომ შეიძლება ანაფილაქსიური რეაქცია განვითარდეს. ეს არ ეხება მარტო „ასტრაზენეკას“, ეს ეხება იმ ვაქცინებს, რომლებიც წლებია ტარდება. როდესაც ანაფელაქსიური რეაქცია ხდება და თანაც ტრაგიკულად სრულდება, ეს საზოგადოებას თრგუნავს და კითხვებს ბადებს. ჩემი აზრით, ვაქცინაციის შეფერხების ან გაჩერების მიზეზი ამ ეტაპზე არ არსებობს.

ანაფილაქსიური შოკი ვაქცინის გაკეთებიდან რა შემთხვევაში ვლინდება და რა უნდა გააკეთოს ამ შემთხვევაში ექიმმა, რომ ტრაგიკულად არ დასრულდეს?

- ანაფელაქსიური შემთხვევა შეიძლება რამდენიმე წუთში, შეიძლება ნახევარ საათში განვითარდეს. არის შემთხვევები, როდესაც უფრო გვიან ვლინდება. უფრო ხშირად რამდენიმე წუთიდან ნახევარი საათის ინტერვალში.

პაციენტმა კონკრეტულად ვაქცინამდე რა უნდა იცოდეს, რას უნდა მიაქციოს ყურდღება?

- რამდენადაც ვიცი, როდესაც ადამიანი კორონავირუსზე ვაქცინაციას იტარებს, სპეციალური კითხვარია, რომელსაც ავსებს - იქ წერია, ხომ არ არის ალერგიული, წარსულში ხომ არ ჰქონდა ალერგიული შემთხვევა, როგორია მის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ხომ არ ჰქონდა ტემპერატურა, მთელი კითხვარია, რომელიც ექიმების მიერ არის შედგენილი. ვაქცინაციის ჯგუფში შედის ექიმი, რომელიც ამ ყველაფერს აფასებს და შემდეგ უტარდება ადამიანს ვაქცინაცია. თუმცა, როგორც მე ვიცი, ახლაგაზრდა ექთანს რაიმე ალერგიული ფონი არ ჰქონია, მაგრამ ეს მაინც განვითარდა.

კითხვარი გასაგებია, მაგრამ ხომ შეიძლება ადამიანმა არ იცოდეს, არის თუ არა ალერგიული. ვაქცინაციამდე რატომ არ კეთდება სინჯები?

- მესმის რასაც მეკითხებით, მაგრამ კორონავირუსის ვაქცინაცია პირველი არ არის, ვაქცინაცია დიდი ხანია ტარდება. ვაქცინაცია სინჯის გარეშე ტარდება. თუმცა თეორიულად რისკები გათვალისწინებულია. წარმოიდგინეთ მილიონ ადამიანში ანაფელაქსიური შეთხვევა 2-3-ს შეიძლება განუვითარდეს. მილიონ ადამიანს სინჯს ხომ ვერ გაუკეთებენ, ასეთი რამ არსად ხდება. უბრალოდ, ექიმებმა რისკები უნდა გაითვალისწინონ და მზად უნდა იყვნენ სპეციალური აღჭურვილობით. ერთ რამესაც აღვნიშნავ, ვაქცინაციის შემდეგ, პაციენტებში გართულების შემთხვევაში, ექიმები მაინც ახერხებენ, რომ მისი მდგომარეობა დაასტაბილურონ.

ვიდრე დაიწყებოდა ვაქცინაცია, ხომ შეიძლებოდა, რომ კამპანია დაწყებულიყო და მოსახლეობის ინფორმირება მომხდარიყო?

- ამ საკითხზე საუბარი შეიძლება. საინფორმაციო კამპანია უნდა ჩატარდეს და ადამიანების ინფორმირება უნდა მოხდეს. ამ ეტაპზე სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია ტარდება და ისინი მეტ-ნაკლებად ისედაც ინფორმირებულები არიან.

ბევრმა სამედიცინო პერსონალმა ვაქცინაციაზე უარი განაცხადა. საინტერესოა, თქვენ თუ აიცერით?

- ვაპირებ აცრას. უბრალოდ, ჯერ არ მიწევს, რადგან კორონავირუსი ახალი გადატანილი მაქვს. სამი თვე ჯერ არ მეკუთვნის. როგორც კი ეს სამი თვე გავა, იგივე „ასტრაზენეკათი“ ავიცრები.