რასიზმში ბრალდებების შემდეგ, ბუკინგემის სასახლეში მრავალფეროვნების საკითხებში ხელმძღვანელის თანამდებობის შემოღებაზე დაფიქრდნენ

რასიზმში ბრალდებების შემდეგ, ბუკინგემის სასახლეში მრავალფეროვნების საკითხებში ხელმძღვანელის თანამდებობის შემოღებაზე დაფიქრდნენ

რასიზმში ბრალდებების შემდეგ, ბუკინგემის სასახლეში მრავალფეროვნების საკითხებში ხელმძღვანელის თანამდებობის შექმნაზე დაფიქრდნენ. ამის შესახებ ბრიტანული მედია სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, დედოფლის ადმინისტრაცია მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის პოლიტიკას სამეფო ოჯახის ყველა რეზიდენციაში გადახედავს.

„ჩვენ გვაქვს მრავალფეროვნების მხარდამჭერი პროცედურები და პროგრამები, მაგრამ სასურველ პროგრესს ვერ ვხედავთ და ვთანხმდებით, რომ მეტის გაკეთება შეიძლება“, - განუცხადა Daily Mail-ს წყარომ.

აღსანიშნავია, რომ არსებული პროგრამების შეფასება პრინც ჰარისა და მეგან მარკლის მხრიდან რასიზმში ბრალდებების გაჟღერებამდე დაიწყო, თუმცა მათი ინტერვიუს შემდეგ ამ პროცესმა ახალი იმპულსი მიიღო.

შეფასების ფარგლებში, ბუკინგემის სასახლე კონსულტაციებს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან, ლგბტ-თემთან და შშმ პირებთან გამართავს.

8 მარტს, ტელეკომპანია CBS-მა პრინც ჰარისა და მეგან მარკლის სკანდალური ინტერვიუ გაავრცელა, რომელიც წყვილთან პოპულარულმა ტელეწამყვანმა ოპრა უინფრიმ ჩაწერა.

ინტერვიუში ჰარი და მეგანი სამეფო ოჯახთან დაპირისპირებაზე საუბრობენ. მათი მტკიცებით, ოჯახის წევრები დიდ ინტერესს იჩენდნენ მათი მომავალი ბავშვის კანის ფერის მიმართ და ხშირად ეკითხებოდნენ მათ, რამდენად მუქი ფერი შეიძლება ჰქონოდა ახალშობილს.

მეგანის მტკიცებით, სასახლეში ის თავს მარტოსულად გრძნობდა, რის გამოც სუიციდზე არაერთხელ უფიქრია, ჰარის კი მამასთან იმდენად დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, რომ პრინცი ჩარლზი მის სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა.