20 ივნისს სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ამის შესახებ Facebook-ზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი წერს.
„რამდენიმე წუთის წინ შევხვდი პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერს, გაგიკ წარუკიანს. შეხვედრაზე ითქვა, რომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა. სომხეთის პრეზიდენტთან, ფრაქცია „ჩემი ნაბიჯის“ წევრებთან, ფრაქცია „ნათელი სომხეთის“ წევრებთან შეხვედრებზე განხილული საკითხებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 20 ივნისს სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართება“, - წერს ფაშინიანი.
11 ნოემბერს სომხეთის 17-მა ოპოზიციურმა პარტიამ „ეროვნული გადარჩენის კომიტეტის“ შექმნის შესახებ გამოაცხადა და პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა და დროებითი მთავრობის შექმნა მოითხოვა. 3 დეკემბერს ოპოზიციამ პრემიერობის საერთო კანდიდატად ვაზგენ მანუკიანი დაასახელა.