შიში და დესტაბილიზაცია

შიში და დესტაბილიზაცია

ყოველი მორიგი თანაგუნდელის დაკითხვაზე დაბარებისას ნაციონალები სამოქალაქო დაპირისპირებაზე საუბრობენ. ასე მოხდა გიგი უგულავას შემთხვევაშიც. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ თუ ასე გაგრძელდება, სამოქალაქო დაპირისპირება გარდაუვალია. ამასთან, ბაქრაძე ახალი ხელისუფლების ქმედებებს დესტაბილიზაციის წყაროდ აღიქვამს და იმასაც იხსენებს, რომ ზუსტად ასეთი საინტერესო სანახაობა მოხდა 90-იან წლებში, როდესაც ადამიანები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

დღევანდელი ვითარებაც დავით ბაქრაძისთვის სწორედ იმ პერიოდში დაბრუნებაა, როდესაც ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთთან სამკვდრო-სასიცოცხლო რეჟიმში იყვნენ გადასულნი.

თავის მხრივ, ჯორჯ თაუნის უნივერსიტეტის ევრაზიული სტარტეგიის პროექტის დირექტორის კორი ველტის შეფასებით, თბილისის მერის, გიგი უგულავასთვის წაყენებულმა ბრალდებამ, შესაძლოა, გარკვეული დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.

მისი თქმით, გასაგებია, რომ ახალი მთავრობა სამართლიანობის მიღწევას ცდილობს და თუ არის შემთხვევები, რომლის დროსაც დანაშაული იქნა ჩადენილი, ისინი თავს ვალდებულად მიიჩნევენ, რომ მსგავსი საქმეები გამოიძიონ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო პროცესები წარიმართოს ღია პოლიტიკური ანგარიშსწორების გარეშე.

„ალბათ, შესაძლოა, საკითხის ისე გადაჭრა, რომ ერთდროულად სამართლიანობაც და შემწყნარებლობაც იქნას მიღწეული იმისთვის, რომ ქვეყანა წინ წავიდეს. თუ გიგი უგულავას სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების მსგავსად დააპატიმრებენ, ეს რა თქმა უნდა, დაძაბულობას გამოიწვევს, რადგან უგულავა არა მხოლოდ ოფიციალური პირია, არამედ პირდაპირი წესით არჩეული მერია. ასე რომ, ეს არის ბევრად უფრო სერიოზული ბრალდება, რომელსაც შეუძლია, გარკვეული დესტაბილიზაციაც კი გამოიწვიოს“, - განაცხადა ველტიმ.

ამავე ხაზს ავითარებს ნაციონალი გიორგი ვაშაძეც. იგი მიიჩნევს, რომ ხალხი შეშინებულია და არ შეიძლება გაგრძელდეს ათიათასობით ადამიანის დაბარება ყოველ დღე საგამოძიებო უწყებაში იმ მოტივით, ვისაც რაიმე კავშირი ჰქონია „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ვაშაძე აცხადებს, რომ იგი ძალიან ხშირად ხვდება მოსახლეობას და „მათ აზრის გამოთქმისაც ეშინიათ“.

საინტერესოა, რატომ აპელირებენ ნაციონალები შიშზე, როდესაც ქართველმა ხალხმა 1-ელ ოქტომბერს სწორედ მათ მიერ ქვეყანაში დათესილი შიშის ფაქტორი დაძლია და არსებობს თუ არა საქართველოში დესტაბილიზაციის საფრთხე. ამის შესახებ For.ge ექსპერტებს ესაუბრა.

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ მთავარი ის კი არ არის, ბოლოდროინდელი მოვლენები გამოიწვევს თუ არა დესტაბილიზაციას, არამედ მნიშვნელოვანია, რა მასშტაბის დესტაბილიზაცია შეიძლება გამოიწვიოს. სწორედ ამაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი. ის, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები დესტაბილიზაციაზე უკან არ იხევენ, რამაზ საყვარელიძის თქმით, ეს  რამდენჯერმე უკვე დავინახეთ და ამაში, სხვებთან ერთად, უგულავაც მონაწილეობდა. უფრო მეტიც, იმავე ხელისუფლების წარმომადგენლები როცა ხელისუფლებაში იმყოფებოდნენ, თვითონვე გვევლინებოდნენ ისეთი დაპირისპირების ავტორებად, რასაც დესტაბილიზაცია უნდა გამოეწვია.

„ასე რომ, ჩვენ საქმე გვაქვს ჯგუფთან, რომლისთვისაც პოლიტიკური მიზნით დესტაბილიზაცია უცხო ხილი და მიუღებელი ინსტრუმენტი არ არის. შეიძლება აწყობდეთ კიდეც დესტაბილიზაცია და ეს მათთვის კიდევ დამატებითი მოტივი იყოს“, - აცხადებს ექსპერტი, თუმცა მიიჩნევს, რომ ამ ადამიანებს უფრო თამამად სჩვევიათ დესტაბილიზაციისკენ ნაბიჯების გადადგმა მაშინ, როდესაც საკუთარ ძალას გრძნობენ - მაგალითად, როცა მათ ემორჩილებოდა უამრავი სტრუქტურა. დღეს კი ისინი ასეთი სტრუქტურების გამგებლები არ არიან და უბრალო მოსახლეებს შორის თუკი ვინმე ჩაერთვება მათ მიერ მოწოდებულ დესტაბილიზაციაში, ის იქნება მათი რეალური მხარდამჭერი.

აქვე რამაზ საყვარელიძე განმარტავს, რომ როგორც ერთი თვის წინ ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, ნაციონალების ასეთი რეალური მხარდამჭერი მხოლოდ 5%-ია.

„ასეთი მცირე პროცენტი სწორედ ივანიშვილის პერიოდში ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომელმაც არჩევნების შემდგომი განწყობილებები ასახა. ამდენად, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, შეიძლება დესტაბილიზაცია გამოიწვიოს სწორედ აღნიშნული პროცენტის ფარგლებში. ოღონდ, ამ შემთხვევაში, მე მგონი, „ნაციონალური მოძრაობა“ გამწვავებაზე არ წავა, რადგან იგი უფრო შეჩვეულია ისეთ დესტაბილიზაციას, როცა თავად უსაფრთხოდ იქნება“, - განმარტავს რამაზ საყვარელიძე.

კულტუროლოგი ლელა იაკობიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყნაში დესტაბილიზაცია იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი, თუ ამას მოჰყვება უგულავას არა მხოლოდ პოლიტიკური მომხრეების, არამედ მისი სამართლიანობის მიმართ თავდაჯერებული ადამიანების გამოსვლები. მეორე მხრივ, დესტაბილიზაცია შეიძლება მაშინაც მივიღოთ, თუკი ამგვარ გამოსვლებს ძალიან უხეშად უპასუხებს ახალი ხელისუფლება. ამდენად, დესტაბილიზაციაზე საუბარი უფრო ვარაუდებს უკავშირდება, ვიდრე კონკრეტულ საფუძველს.

რაც შეეხება სამოქალაქო დაპირისპირებას, ლელა იაკობიშვილი ამის ნიშნებს ვერ ხედავს. უფრო მეტიც, მიაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დასასრული 1-ელ ოქტომბერს იმიტომ მოხდა, რომ ადამიანები მათ აღიქვამდნენ უსამართლო სამართლის დამფუძნებლებად. მისი თქმით, სამოქალაქო ომი ნიშნავს, რომ ძალოვანი სტრუქტურების ნაწილი ერთ მხარეს უნდა იყოს, ნაწილი - მეორე მხარეს, თორემ, ასე სამოქალაქო დაპირისპირება „ფეისბუკზეც“ აშკარაა, ოღონდაც აქ სხვა თემებზეა საუბარი.

„ის, რომ ძალოვანები უნდა გაიყონ და სახელმწიფოს შიგნით უნდა მოხდეს განხეთქილება, ამის საფუძველს ვერ ვხედავ. თუ ეს ასეა, მაშინ უკვე ძალიან რთული პროცესები, გარიგებები დაწყებულა და ასეთ დროს, დანარჩენი ზომიერი მოსახლეობა უნდა დადგეს იქ, სადაც ქარიშხალია და ორივე რადიკალურ მხარეზე უარი განაცხადოს“, - აცხადებს ლელა იაკობიშვილი.

მისი თქმით, ნებისმიერ ხელისუფლებას ეკონომიკურ რესურსებთან ხელმისაწვდომობა გააჩნია და უბრალო, რიგითი ადამიანი ეკონომიკურ დანაშაულს ვერ ჩაიდენს, თუ მას ამ რესურსებთან ხელი არ მიუწვდება. ამიტომ საფუძველი იმისა, რომ თუ ვიღაცამ დანაშაული ჩაიდინა, პასუხი უნდა აგოს, ეტყობა არსებობს. შესაბამისად, შიშის ფაქტორიც საზოგადოების იმ ნაწილში არსებობს, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა“.

თუმცა, ლელა იაკობიშვილის აზრით, არის მეორე მნიშვნელოვანი თემაც, რომ ბნელ ოთახში კატის დევნა არ უნდა მოხდეს. თუ ვიღაცამ პლაკატი ჩამოხია, ან ვიღაც „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრე იყო, ამის გამო არ უნდა დაისაჯოს. 

„ისე დაძაბულია ვნებები და ისე ცოცხალია პროცესი, ჭრილობა, რომ იქ ვნებების თარეშია. თუ ახალი ხელისუფლება ამას გამოედევნება, მაშინ, რა თქმა უნდა, შიში დაიწყება და ეს იქნება იმის ინერცია, რაც დაინერგა 2003 წლის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში, ამ ინერციიდან ვერ გამოვალთ, ეს რთული თემაა და მაშინ მეც მეშინია. მიუხედავად იმისა, რომ არც პლაკატი ჩამომიხევია და არც ეკონომიკური დანაშაული ჩამიდენია. თუკი ინერცია სახეზეა, მაშინ მეც მეშინია იმის, რომ ქვეყანაში არეულობა არ დაიწყოს“, - აცხადებს ლელა იაკობიშვილი.

ამასთან, იგი ადასტურებს, რომ შიში, ვნებები, განწყობები გადამდებია, რადგან სოციალური ორგანიზმი ერთიანია და იქ გარკვეული ბუნებრივი რეზონანსი მიმდინარეობს. ამიტომ ახალმა ხელისუფლებამ არაფრით არ უნდა დაუშვას, რომ შურისძიება წვრილი და საშუალო რგოლის ჩინოვნიკების გამოდევნებად აქციოს. ასეთ შემთხვევაში, იგი სერიოზულ სისუსტეს გამოამჟღავნებს და აშკარა იქნება, რომ იგი სტატისტიკური ადამიანის ბედს ეთამაშება, რაც დაუშვებელია.