„გიგი უგულავამ მშვიდად იძინოს“

„გიგი უგულავამ მშვიდად იძინოს“

ბრალდებულად ცნობის შემდეგ თბილისის მერმა, გიგი უგულავამ სპეციალური განცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც ხელისუფლებას მისი ქალაქის მმართველობიდან ჩამოშორება უნდა. უგულავა მის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს პოლიტიკურ დევნად აფასებს. ამასთანავე, მან პირველ ვიცე-მერად საკრებულოს წევრი სევდია უგრეხელიძე, მერის მოადგილედ კი „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილი დანიშნა.

დღეს კი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან, სადაც გიგი უგულავა დაკითხვაზე დაიბარეს, მისი მხარდამჭერები შეიკრიბნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“  გენერალური მდივანი და თბილისის მერის მოადგილე ვანო მერაბიშვილი აქციაზე პლაკატით - „გიგი, არ დაუთმო თბილისი ბიძინა ივანიშვილს“ მივიდა. დასაკითხად მისულმა გიგი უგულავამ კი თავისი მხარდამჭერები გაამხნევა.

„დღეს, როგორც არასდროს, ისეთი ბედნიერი ვარ. მინდა გაგამხნევოთ ყველანი და გითხრათ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. წინ კიდევ ბევრი განსაცდელი გველის. ჭირსაც წაუღია ნებისმიერი სკამი და თანამდებობა. დღეს ჩვენ ვაფიქსირებთ და ვიბრძვით იმისთვის, რომ გამარჯვებულმა პარტიამ ხალხს დანაპირები შეუსრულოს. რომ მივაღწიოთ სამოქალაქო თანხმობას, რომ ის ბურუსი, რომელიც ქვეყანას თავს ახვევია, გაიფანტოს, რომ ჩვენ ერთმანეთს გავუსწოროთ თვალი, რომ ჩავკიდოთ ხელი და სამშვიდობოს გავიყვანოთ ქვეყანა“, - განაცხადა უგულავამ.

აღსანიშნავია, რომ მოძრაობა „ჩვენი ხმა გიგი უგულავას“ პირველი მარტიდან ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებს, რათა გიგი უგულავას თბილისის მოსახლეობის სახელით „თბილისის ღირსეული მერის“ წოდება მიენიჭოს.

თბილისის მერიამ კი თბილისის მთავრობის სახელით გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ დედაქალაქის მთავრობა გიგი უგულავასთან ერთად იღებს პასუხისმგებლობას ყველა მის მიერ განხორციელებულ პროექტზე.

„ჩვენ, ქალაქ თბილისის მთავრობის წევრები, ვაცხადებთ, რომ დედაქალაქის მერთან ერთად ვიღებთ პასუხისიმგებლობას თბილისში განხორციელებულ ყველა პროექტზე, ამ წლების განმავლობაში მიღწეულ უამრავ წარმატებებსა თუ დაშვებულ შეცდომებზე. ამასთან ერთად, დარწმუნებულები ვართ, რომ დედაქალაქის მერისთვის წარდგენილი ბრალდება, რომელიც რიყის ტერიტორიაზე სკვერის მოწყობასა და დასუფთავების კომპანიაში მოქალაქეების დასაქმებას შეეხება, არის უსაფუძვლო და საგამოძიებო ორგანოების მოქმედება მხოლოდ ქალაქის მერის პოლიტიკური პოზიციის პასუხს წარმოადგენს“, - აცხადებენ თბილისის მერიაში.

გუშინ გაკეთებულ განცხადებაში გიგი უგულავამ საკრებულოს რამდენიმე წევრი საკმაოდ შეურაცხმყოფელად მოიხსენია.

„ამ პროცესის, რომელიც გამოძიებამ ჩემს მიმართ წამოიწყო, რეალური მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ მათ სურთ თბილისის მმართველობიდან ჩემი ჩამოშორება. ეს ნიშნავს იმას, რომ ვინმე შიხიაშვილის, მუსხელიშვილის ან რაფავას მსგავსი დაინიშნოს ვიცე-მერად და მათი ჯიბის ოცნებების ასრულება დაიწყოს თბილისელების ხარჯზე“, - თქვა უგულავამ.

რას ფიქრობენ ეს ადამიანები უგულავას მოღვაწეობაზე, უნდა მიენიჭოს თუ არა მას თბილისის ღირსეული მერის წოდება და იზიარებენ თუ არა ისინი დედაქალაქის მთავრობის პათოსს, ამაზე for.ge გიორგი მუსხელიშვილსა და ირაკლი შიხიაშვილს ესაუბრა.

საკრებულოს წევრი გიორგი მუსხელიშვილი ვერ ხვდება უგულავამ იგი შიხიაშვილისა და რაფავას გვერდით რატომ მოიხსენია, რადგან ეს ორი ადამიანი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრია და მუსხელიშვილის თქმით, როგორც ჩანს, უგულავა გამწარებულია მათზე, რადგან მისი პარტია დატოვეს.

„რაფავაზე და შიხიაშვილზე, როგორც ძველ თანაგუნდელებზე უგულავას ბოღმა აქვს ჩარჩენილი, როგორ უღალატეს და როგორ დადგნენ სწორ გზაზე. ჩემზე კი, ალბათ, იმიტომ არის განაწყენებული, რომ მისი დანაშაულებრივი საქმიანობის ძალიან ბევრი სფერო მე გავახმოვანე, თუნდაც რიყის თემა, დასუფთავების საკითხი და ა.შ. ამ საკითხებზე საგამოძიებო ორგანოებს ძალიან ბევრი მასალა მივაწოდე, რის საფუძველზეც უგულავა ბრალდებულად სცნეს“, - ამბობს მუსხელიშვილი.

რაც შეეხება უგულავასთვის ღირსეული მერის წოდების მინიჭებას, საკრებულოს წევრი ამბობს, რომ გამოვა ინიციატივით, უგულავას უღირსი მერის წოდება მიენიჭოს და გამოჩნდება, რომელ საკითხს უფრო მეტი მხარდამჭერი ეყოლება. თბილისის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით კი გიორგი მუსხელიშვილი აღნიშნავს, რომ მთელი ეს გუნდი ფინანსურად და იდეოლოგიურად ერთმანეთზეა მიბმული.

„ძირითადი გუნდი ვინც არის, საკრებულოშიც და აღარაფერს ვამბობ პარლამენტზე, ერთმანეთთან ფინანსურად ძალიან არიან დაკავშირებულები. უგულავას ისინი ყველა კაპრიზს უკმაყოფილებდნენ. მაგალითად, ოჯახთან ერთად სადმე წავიდოდა უგულავა დასასვენებლად და ეს როგორც მივლინება, ისე ფორმდებოდა. ისე ამ ადამიანებიდან 90%-ს დანაშაული არ მიუძღვის. ვინ მიუშვებდა მათ ფულთან? მოგეხსენებათ, მათივე გუნდში ადამიანების მხოლოდ მცირე რაოდენობა გამდიდრდა, დანარჩენებს კი, ვისაც ცხოვრებაში არაფერი ჰქონია, ახლა აქვს 2000-2500 ლარიანი ხელფასები და მათთვის ეს ისეთი რამ არის, რომ ამის გამო უგულავასთან არიან მიბმულები, თორემ აქ ერთგულებაზე არ არის საუბარი“, - აღნიშნავს საკრებულოს წევრი.

თბილისის საკრებულოს კიდევ ერთი დეპუტატი, რომელსაც უგულავამ „ჯიბის ოცნებების“ ასრულება უწინასწარმეტყველა, ირაკლი შიხიაშვილი ამბობს, რომ უგულავა უკვე ტყუილს და მართალს ვეღარ არჩევს და ცდილობს, სიმართლე ტყუილით გადაფაროს.

„როდესაც უგულავა ამბობს, რომ აღტკინებული ადამიანები ცდილობენ იგი ხელისუფლებას ჩამოაშორონ და ჯიბეები გაისქელონ, ჩაიხედოს სარკეში, კარგად გაიხსენოს მისი განვლილი წლები და მერე ილაპარაკოს სხვის ჯიბეებზე. მისი ტყუილების მთელი სათავე კი იმაშია, რომ ამბობს, თითქოს, ბრალი იმიტომ წაუყენეს, რომ ადამიანები დაასაქმა. სინამდვილეში, გიგი უგულავამ ბიუჯეტის ფულით დააფინანსა ის პარტია, რომლის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში დაიკავებდა იმ პოსტს, რომელიც ისედაც ამდენი წლის განმავლობაში ეკავა. ამით პოლიტიკური ძალები წინასაარჩევნოდ არათანაბარ პირობებში იყვნენ ჩაყენებულები, რადგან გიგი უგულავას საშუალება ჰქონდა, ბიუჯეტის ფულით საკუთარი პარტიის აქტივისტები დაესაქმებინა ისე, რომ ამ ადამიანებმა არც კი იცოდნენ, რომ ამ მაქინაციურ სქემებში იქნენ გამოყენებულები“, - აცხადებს ირაკლი შიხიაშვილი.

მისი თქმით, თბილისის მერს კარგი საქციელი, ანუ თითქოსდა ადამიანების დასაქმება ფარად აქვს აფარებული, სინამდვილეში კი ის მის პარტიულ საქმიანობას უწყობდა ხელს. აქვე დეპუტატი დასძენს, საკრებულოს წევრების სურვილია, რომ დედაქალაქის მთავრობაში აღდგეს ბალანსი, არ იყოს უზურპატორი მერი და საკრებულოს დეპუტატები ნოტარიუსის თანაშემწეების როლს არ ასრულებდნენ. ამასთანავე, ირაკლი შიხიაშვილი მის მიერ უგულავას დანაშაულებთან დაკავშირებით გასამართ პრესკონფერენციის ანონს აკეთებს და ამბობს, რომ ორშაბათს თბილისის მერის კიდევ ერთ შავ-ბნელ საქმეს გამოააშკარავებს.

„ორშაბათს ჩვენ ფარდას ავხდით იმ საკითხს, რომელიც მარშალ გელოვანის გამზირისა და სამტრედიის ქუჩის დამაკავშირებელ ხიდის აშენებას ითვალისწინებდა. კერძოდ, ჩვენ ვიტყვით, სინამდვილეში რა კეთდებოდა იქ, რადგან სერიოზული ეჭვი ჩნდება იმისა, რომ ეს ადამიანები მათი ფავორიტი კომპანიების მეშვეობით ისევ სერიოზული „ატკატების“ გაკეთებას აპირებდნენ. როდესაც დავასახელებ რიცხვებს, თუ რა უნდა დამდჯარიყო ეს ხიდი, მისი მოვლა-პატრონობა და რატომ უნდა გაკეთებულიყო მაინცდამაინც ასეთი ხიდი, ანუ ასეთი ძვირადღირებული ხიდი, მერე თბილისის მოსახლეობამ განსაჯოს, რატომ კეთდებოდა ეს პროექტი. ეს იცით რას გავს? - ადამიანს 20 000 დოლარი რომ ჰქონდეს, ადგეს და 20 000 დოლარად ღირებული მანქანა იყიდოს და ოჯახი ულუკმაპუროდ დატოვოს, თან მანქანაში საწვავის ჩასხმის საშუალებაც აღარ ჰქონდეს. ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას ამ ხიდის პროექტთან დაკავშირებითაც“, - ამბობს საკრებულოს წევრი.

მისი თქმით, კიდევ ძალიან ბევრი პროექტი იყო, რომელშიც ძალიან გაბერილი ხარჯები იყო გაწერილი და ეს თანხები შეიძლებოდა სოციალური პროექტებისკენ ყოფილიყო მიმართული. ირაკლი შიხიაშვილი ურჩევს გიგი უგულავას გადმოვიდეს მისი მანქანიდან და ნახოს რამდენი ადამიანია სანაგვე ურნებში ჩაყუდებული, რათა საარსებო ლუკმაპური მოიპოვოს. ამ დროს კი თბილისის მერი ლას-ვეგასში ვითომდა დასუფთავების მანქანების სანახავად იყო წასული ბიუჯეტის ხარჯზე.

ირაკლი შიხიაშვილის თქმით, სააკაშვილის გუნდის წევრები ერთმანეთის გადარჩენაზე ზრუნავენ, რადგან ერთი დანაშაულებრივი სისტემის ნაწილები არიან.

„მინდა დაწყრნარდეს გიგი უგულავა, ირაკლი შიხიაშვილი არანაირი თანამდებობისთვის არ იბრძვის და თუ მას ეს დაამშვიდეს, წყნარად იძინოს“, - აღნიშნავს შიხიაშვილი.