„ასტრაზენეკათი“ ევროპაში 16 მილიონი ადამიანი აიცრა და დაახლოებით 5 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა, ეს უშუალოდ ვაქცინაციას არ უკავშირდება“

„ასტრაზენეკათი“ ევროპაში 16 მილიონი ადამიანი აიცრა და დაახლოებით 5 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა, ეს უშუალოდ ვაქცინაციას არ უკავშირდება“

ქვეყანაში ვაქცინაციის დაწყების პარალელურად, „ასტრაზენეკას“ წინააღმდეგ ანტიკამპანია უფრო მეტად გააქტიურდა, რომ აცრა არ არის უსაფრთხო და მისი სანდოობა ეჭვქვეშაა. ეს მოსაზრება გაჩნდა და შემდეგ გამყარდა იმის საფუძველზე, რომ ევროპაში რამდენიმე ქვეყანამ „ასტაზენეკათი“ ვაქცინაციის პროცესი დროებით შეაჩერა, რადგან გამოვლინდა თრომბოემბოლიის გართულებებით გარდაცვალების შემთხვევები.

მოგვიანებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გააკეთა განმატება, რომ ეს ფაქტები უშუალოდ „ასტრაზენეკათი“ აცრას არ უკავშირდება და სახელმწიფოებს მოუწოდა, რომ განაახლონ „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია.

ამ ყველაფრის ფონზე კი საქართველოში კითხვები კვლავ ჩნდება, - რამდენად უსაფრთხოა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა, ეფექტურია თუ არა აცრა, ხომ არ მოყვება ამას რაიმე გართულება და საერთოდაც, რა თვისებები ახასიათებს „ასტრაზენეკას?“ - ვაქცინის თვისებების და სანდოობის შესახებ For.ge ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურ დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს ესაუბრა.

როგორც თენგიზ ცერცვაძე განგვიმარტა, „ასტრაზენეკას“ ვაქცინას თრომბოემბოლიის გართულებებით გარდაცვალების შემთხვევებთან რაიმე კავშირი არ აქვს. მისივე თქმით, „ასტრაზენეკათი“ ევროპაში 16 მილიონი ადამიანი აიცრა და დაახლოებით 5 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა, ეს უშუალოდ ვაქცინაციას არ უკავშირდება.

„რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ავსტრიაში და დანიაში, დაფიქსირდა თრომბოემბოლიური გართულებით გარდაცვალების შემთხვევები იმ ადამიანებს შორის, ვისაც გაკეთებული ჰქონდა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა, რის შემდეგაც რამდენიმე ქვეყანამ ავსტრიამ, დანიამ, ნორვეგიამ, ისლანდიამ, იტალიამ, ლიეტუვამ და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ დროებით შეაჩერა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება, სანამ გაირკვეოდა, რომ ეს გარდაცვალების შემთხვევები დაკავშირებული იყო ვაქცინასთან, თუ უბრალოდ მოხდა იმ ადამიანებს შორის, ვინც ვაქცინა გაიკეთა.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინა ევროპაში გაკეთებული აქვს 16 მილიონ ადამიანს. მათ შორის 4-5 გარდაიცვალა. როდესაც დაფიქსირდა თრომბოემბოლიური გართულებით, მისი ვაქცინისთვის დაბრალება არ შეიძლება. ამიტომ, ჩატარდა სერიოზული გამოძიება. ამ გამოკვლევის შედეგად დადეს დასკვნა, რომ არც ერთი გარდაცვალების შემთხვევა არ იყო დაკავშირებული უშუალოდ ვაქცინასთან. გარდა ამისა, ამ 16 მილიონ ადამიანში კიდევ დაახლოებით 30-მდე პიროვნებას განუვითარდა თრომბოემბოლიური გართულება, აქედან გარდაიცვალა 5 ადამიანი. რაიმე კავშირი „ასტრაზენეკას“ ვაქცინასთან ვერ მოიძებნა, რის შემდეგაც ჯანმომ და ევროპის წამალთა ასოციამიამ მოუწოდეს ამ ქვეყნებს, რომ განეახლებინათ „ატრაზენეკათი“ ვაქცინაცია და რამდენადაც ვიცი, ყველამ განაახლა.

კიდევ სხვა 16 მილიონი ადამიანი რომ აიღო, ვისაც ვაქცინა არ გაუკეთებია, იქაც აუცილებლად იქნება 4-5 ან გაცილებით მეტი შემთხვევა თრომბოემბოლიით გარდაცვალების. ეს არ არის იშვიათი დაავადება და 16 მილიონი ადამიანი იმდენად დიდი რიცხვია, რომ 16 მილიონში 4 გარდაცვალების შემთხვევა ისედაც იქნება ვაქცინის გარეშე.

ამასთან, ამ კომიტეტმა დადო დასკვნა, - წარმოვიდგინოთ, რომ ეს გარდაცვლება დაკავშირებული იყო ვაქცინასთან, მაშინაც კი ამ ვაქცინიდან სარგებელი არის განუზომლად დიდი, ვიდრე 4 ადამიანის გარდაცვალება. რომ წარმოვიდგინოთ, ამ 16 მილიონ ადამიანს არ გაეკეთებინა „ასტრაზენეკას“ აცრა, მათგან რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი კოვიდით გარდაიცვლებოდა. თუმცა, მთავარი მაინც ის არის, რომ არ დადასტურდა კავშირი ამ ორ ფაქტს შორის.

ზოგიერთი აშკარად ღია პროპაგანდას ეწევა, რომ „ფაიზერის“ ვაქცინა უსაფრთხოა და „ასტრაზენეკასი“ არ არის უსაფრთხო, რატომ „ფაიზერი“ არ შემოიტანეს - თუ ასე მივუდგებით, რომ ვიღაცა გარდაიცვალა, „ფაიზერის“ ვაქცინით 23 ადამიანი გარდაიცვალა ნორვეგიაში. „ასტრაზენეკათი“ თუ 4 ადამიანი გარდაიცვალა 16 მილიოდან, „ფაიზერის“ გაკეთებული 23 კაცი გარდაიცვალა, მაგრამ მაშინაც ჩაატარეს გამოკვლევა და დაადგინეს, რომ ეს გარდაცვალებები არ იყო დაკავშირებული უშუალოდ „ფაიზერის“ ვაქცინასთან.

შესაბამისმა კომპეტენტურმა ორგანოებმა, რომელზე უფრო მაღალი ნდობის ორგანოები მსოფლიოში არ არსებობს, გასცეს რეკომენდაცია, რომ გაგრძელდეს „ფაიზერით“ და „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია.

„თითქმის ყველა ვაქცინა საჭიროებს განმეორებით აცრას, „ჯონსონ-ჯონსონის“ ვაქცინა არ საჭიროებს განმეორებით აცრას. დანარჩენს ყველას აქვს ორჯერადი აცრა, - „ფაიზერს,“ „მოდერნას,“ „ასტაზენეკასაც.“ პირველი აცრის შემდეგ რაღაცა დოზის იმუნიტეტი წარმოიშვება, მაგრამ ის არ არის საკმარისი და მეორეჯერ უნდა აიცრა, რომ უკვე მიიღო მყარი იმუნიტეტი“, - განუცხადა თენგიზ ცერცვაძემ For.ge-ს.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის (ასტრაზენეკა) 43 ათასი დოზა 13 მარტს შემოიტანეს და მედპერსონალის ვაქცინაცია მიმდინარეობს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რამდენიმე თანამშრომელი საჯაროდ აიცრა. ამასთან, 15 მარტის 11:00 საათის მონაცემებით, კორონავირუსის ვაქცინაციაზე 2 492 მედპერსონალი დარეგისტრირდა.