იორდანიაში, ერთ-ერთ კოვიდკლინიკაში ჟანგბადის მიწოდების შეფერხების გამო შვიდი პაციენტის გარდაცვალების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, - ამის შესახებ reuters-ი იუწყება.
შემთხვევა დედაქალაქ ამანში, ახალ სახელმწიფო ჰოსპიტალში მოხდა. ჯერ უცნობია, რა გახდა კლინიკის ინტენსიური თერაპიის, სამშობიარო და კოვიდპაცენტებისთვის განკუთვნილ განყოფილებებში ჟანგბადის მიწოდების შეფერხების მიზეზი.
სამედიცინო დაწესებულებასთან შეკრებილი გარდაცვლილთა ასობით ნათესავის შესაკავებლად პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზება გახდა საჭირო.
იორდანიის პრემიერ-მინისტრმა, ბიშერ ალ ხასვანემ განაცხადა, რომ ჯანდაცვის მინისტრი ნათირ ობეიდათი თანამდებობიდან გათავისუფლებულია. პრემიერმა საზოგადოების წინაშე ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება.
„ეს არის დიდი შეცდომა, რომელიც გაუმართლებელი და მიუღებელია“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა და აღნიშნა, რომ გამოძიების შედეგებს ელოდება.