გამომცემლობა “სამშობლოს” ირგვლივ ვითარება თანდათან ნათელი ხდება. აშკარაა, რომ მავან მსხილფეხა ჩინოვნიკს ანდა მის მიერ შემოგზავნილ “ინვესტორს” უზარმაზარი შენობის ჩალის ფასად ხელში ჩაგდების სურვილი ჰკლავს. მთავრობის მხრიდან საამისოდ ყველაფერი კეთდება.
მორიგი აუქციონი ისევ ჩაიშალა. თავდაპირველად 20 მილიონად შეფასებული შენობა უკვე 12 მილიონამდე ჩამოაფასეს და, სავარაუდოდ, გასაყიდი ფასი კიდევ შემცირდება. ბოლოს, როცა “საქონელი” გვარიანად გაიაფდება, გამოჩნდება “გადამრჩენელი” ინვესტორი და შენობას სამადლოდ შეიძენს.
ჟურნალისტთა კავშირი “სხივი” გამომცემლობა “სამშობლოს” შენობის გასხვისებას დიდი ხანია აპროტესტებს. როგორც კავშირის ხელმძღვანელი თამაზ ბიბილური გამარტავს, მან არაერთხელ მიმართა ეკონომიკის სამინისტროს თხოვნით, რათა არ მომხდარიყო ამ შენობის პრივატიზაცია.
ბიბილურის განმარტებით, მან წერილები ჯერ კიდევ მაშინდელ მინისტრს, ლაშა ჟვანიას გაუგზავნა, ვისგანაც მიღო პასუხად, რომ “ჟურნალისტთა სახლი” გამომცემლობა “სამშობლოს” შენობა აღარ დაუბრუნდებოდათ ჟურნალისტებს.
“ამის შემდეგ ვიყავით შეხვედრაზე ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილესთან სულხან სისაურთან, რომელმაც შემოგვთავაზა რომ 50 პროცენტი შენობისა ყოფილიყო ჟურნალისტების, ხოლო 50 პროცენტი გასხვისდებოდა, რაზეც ჩვენ არ დავთანხმდით, რადგანაც მიგვაჩნია რომ “ჟურნალისტთა სახლი” ჟურნალისტებს უნდა ეკუთნოდეთ”, - განაცხადა ბიბილურმა სააგენტო “ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში.
იგი განმარტავდა, რომ აუქციონი, არ შედგებოდა, რადგანაც ხელისუფლება მორიგ ფანდს მოიფიქრებს და იტყვის, რომ აუქციონს ვერ ვატარებთ იმიტომ, რომ შენობაში დევნილები არიან ჩასახლებულიო. აუქციონის გაუქმების შემდეგ კი, სახელმწიფოს შესაძებლობა ეძლევა უფრო იაფად გაყიდოს შენობა, მაშინ, როდესაც უზარმაზარ შენობას დღესაც “ჩალის ფასად” - 12 მილიონ დოლარად ყიდის.
აუქციონის ჩატარების წინა დღეს კარგად გამოჩნდა, რომ ბიბილური არ შემცდარა. როდესაც აუქციონის ჩატარდებამდე რამდენიმე საათი იყო დარჩენილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თეონა გაბუნიამ გამოაცხადა, რომ 23 ივლისს დაგეგმილი გამომცემლობა “სამშობლოს” აუქციონი აღარ შედგებოდა. გაბუნია აუქციონის გადადების მიზეზად ასახელებს იმას, რომ ხელმეორედ ჩასატარებელია შენობის აზომვითი სამუშაოები.
“დაგეგმილი აუქციონი აღარ შედგება, რადგან ახალმა ხელმძღვანელობამ ჩათვალა რომ საჭიროა განმეორებითი აზომვითი სამუშაობის ჩატარება. როცა ეს სამუშაოები დასრულდება, ის აუცილებლად გამოვა აუქციონზე, თუმცა რა ფასად, ეს აზომვითი სამუშაობის ჩატარების შემდეგ დადგინდება”, - განაცხადა გაბუნიამ.
გამომცემლობის შენობით რამდენიმე წლის წინ უცნობის ინვესტორი დაინტერესდა, რომელსაც შენობა 20 მლნ დოლარად უნდა ეყიდა, თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრა. ამის მიუხედავად, სახელმწიფომ “სამშობლოს” თანამშრომლებს შენობა დააცლევინა და იქ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობა შეასახლა. დევნილები კი რამდენიმე დღის წინ გამოასახლეს და ახლა შენობაში ფასდაკლებით აზომვებს ჩაატარებენ.