სამართლიანობის აღდგენის პროცესი, რომელსაც საზოგადოება მოთმინებით ელის, თითქოს ერთ ადგილს ტკეპნის და ხალხსაც მოთმინება ნელ-ნელა ეწურება. 9 წლის განმავლობაში მომხდარ უსამართლობას ერთი ხელის დაკვრით ვერავინ გაასწორებს, ამისი ილუზია არც შეიძლება არსებობდეს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყოფილი ხელისუფლება მის მიერ ჩადენილ დანაშულთა ამნისტირებას მოითხოვს და უამრავ დესტრუქციულ სიტუაციას ქმნის იმისათვის, რომ როგორმე ხელისუფლება ამ დათმობაზე წამოიყვანოს. ამას ემატება დასავლეთის გარკვეული წრეების მხარდაჭერა ყოფილი ხელისუფლების ჩინოვნიკებისადმი, რაც ხელისუფლებას ურთულეს სიტუაციში აყენებს. ხელისუფლება როგორც აცხადებს, არ აპირებს ყოფილ მმართველ პარტიასთან გარიგებაში შევიდეს, თუმცა ვერც საზოგადოების დაკვეთის შესრულებას ახერხებს. ამ ჩაკეტილ წრეში კი „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა ღონეს მიმართავს იმისათვის, რომ საზოგადოება გააღიზიანოს და მისი აგრესია არსებული ხელისუფლებისადმი მიმართოს. ბოლო დროს უკვე საკმაოდ ხშირად ისმის შეფასებები, რომ პროკურატურას თავისი სწრაფი და პროფესიული მოქმედებით შეუძლია, ეს პროცესი ნორმალურ კალაპოტში გადაიყვანოს. რას ცდილობს ყოფილი ხელისუფლება და როგორ უნდა მოიქცეს ახალი ხელისუფლება, რომ ქვეყანაში პროცესების ნორმალური განვითარება უზრუნველყოს, ამ თემაზე ექსპერტი კახა კახიშვილი გვესაუბრება.
ბატონო კახა, ბოლო რამდენიმე დღეა, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დიდი ხმაურია. მას შემდეგ, რაც თითქოსდა ის ფირი გავრცელდა, რომელიც ყველაფერს ნათელს მოჰფენდა. თქვენი შეფასებით, რისთვის ჩამოვიდა დონაძე საქართველოში, იმისთვის რომ ეს ფირი გაევრცელებინა?
- ძალიან ბევრი კითხვა იბადება ამ მასალასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ ყოფილი ხელისუფლების მხრიდან ერთიანი გეგმა იყო შემუშავებული. გავიხსენოთ, რომ გურამ დონაძის ჩამოსვლამდე ყველა პირის მიმართ, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით დაკავებული იყო, სასამართლომ არასაპატიმრო აღმკვეთი ღონისძიება გამოიყენა. შემდგომში დაემთხვა დონაძის ჩამოსვლა, რომელიც აცხადებდა რაღაც მასალები გამოქვეყნდება, რომელიც რეალობას ფარდას ახდის და ყველა კითხვას პასუხი გაეცემაო.
ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ამ ფირის ანალიზით კარგად გამოჩნდება, რომ საქმე არასათანადოდ იყო გამოძიებული. ეს კადრები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გაცილებით მეტი ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დამდგარიყო.
რაც ვნახე, იმ მძიმე კადრებში იკვეთება არა მხოლოდ მკვლელობის დანაშაული, არამედ გაცილებით მეტი დანაშაული სხვა თანამდებობრივი პირების მხრიდან. ასე რომ, სრულიად გაუგებარია ჩემთვის ამ კასეტის გამოჩენის მიზანი. ჩემი აზრით ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომელიც ადასტურებს, რომ სისტემურ დანაშაულს ჰქონდა ადგილი.
რაც შეეხება სისტემურ დანაშაულს, მთავარი პროკურორი ამბობს, რომ სისტემური დანაშაული სხვა უწყებებშიც აღმოაჩინეს, მაგალითად ციხეში და მალე ამ მასალებს სასამართლოს გადასცემენ. თქვენი შეფასებით, უკვე გავიდა თუ არა საკმარისი დრო იმისათვის, რომ პროკურატურას ერთი სერიოზული საქმე მაინც დაედო?
- არაერთხელ მითქვამს, რომ არ ვარ კმაყოფილი პროკურატურის მუშაობით. დროში ძალიან გაწელა სამართლიანობის აღდგენის პროცესი. მეტიც, თვითონ პოლიტიკურმა გუნდმა დღემდე ვერ აღიქვა, რომ ხელისუფლებაშია და ყველა ის საკანონმდებლო საჭირო აქტი არ არის მიღებული, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანში სამართლიანი კანონმდებლობის მოქმედებას.
კონკრეტულად რომელ კანონებს გულისხმობთ?
- საერთო სასამართლოების შესახებ კანონი, ძალიან ბევრი სხვა საკნონმდებლო ნორმა, რომელიც აკლია დღვანდელ მართლმსაჯულებას იმისათვის, რომ ჭეშმარიტება იქნეს დადგენილი საბოლოოდ.
როდესაც კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს საქმეები უნდა განიხილოს იმ სასამართლო კორპუსმა, რომლის მიმართაც ნდობის ხარისხი არის ნული და რომლის ცალკეული მოსამართლეები შემჩნეული არიან, მათ მოქმედებებში პირდაპირ შეინიშნება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ თავის დროზე მათი ნებისმიერი მოქმედება კანონით ისე იქნა დაცული, რომ დღეს მათი მოქმედებების სამართლებრივი შეფასება შეუძლებელია, ეს არ ნიშნავს სამართლიანობას. ამისთვის პარლამენტმაც უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ნორმების დროული მიღება.
ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში არ არის შესაბამისი მუხლი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება, პროკურატურამ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი გადასინჯოს.
რაც შეეხება ახლადაღმოჩენილ გარემოებებს, კანონმდებლობაში არ არის საფუძველი, რომ ახლადაღმოჩენილი გარემოების გამო მხარემ მიმართოს სასამართლოს. ეს ყველაფერი ერთად აღებული ქმნის სამართლებრივ ვაკუუმს ქვეყანაში.
იუსტიციის მინისტრმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის საკანონმდებლო ბაზა, რაზეც თქვენ საუბრობთ, მზადდება და მალე იქნება მიღებული...
- დიახ, ეს განცხადებები მოსმენილი მაქვს, ყოველდღიურად გვეუბნებიან, რომ პარლამენტი იხილავს, პარლამენტი მიიღებს, მაგრამ რატომღაც ეს პროცესი იწელება და პარლამენტში ნაცვლად იმისა, რომ მიიღონ კანონმდებლობა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, პრეზერვატივების კატეგორიებად დაყოფის შესახებ კანონს იღებდნენ და ამაზე მსჯელობდნენ.
სამწუხაროდ, დღესაც არ არის მიღებული საჭირო ნორმები და ცვლილებები იმ კანონმდებლობაში, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენას.
წინა ხელისუფლების მიერ მიღებული კანონმდებლობა მხოლოდ და მხოლოდ ერთი კაცის სისტემის დაცვაზე იყო აწყობილი და კვლავ ამ კანონმდებლობით გვიწევს მოქმედება.
თქვენი შეფასებით, რატომ გაიწელა ეს პროცესი, რეალური მიზეზი რა არის, ვიცით რომ მომზადებულია, რაღაც სხვა პროცესებთან გვაქვს საქმე?
- ვფიქრობ, რომ გარკვეული პრობლემები არსებობს პარლამენტში. მგონია, რომ კვალიფიციური კადრები არ ჰყოფნით საჭირო ნორმების შესამუშავებლად, დროულად და ეფექტურად რომ განახორციელონ მისი ინიცირება.
ამავდროულად, აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც პრობლემაა. ჯერჯერობით იმის ანალიზში კარგავენ დროს, რა ხდება ქვეყანაში და მხოლოდ ახლა გაიგეს მარგველაშვილმა და წულუკიანმა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დატოვებული კადრები ინტენსიურად ეწევიან საბოტაჟს, მაშინ, როცა საზოგადოება ამაზე კარგახანია საუბრობს.
გარდა ამისა არის სხვა მიზეზებიც და ზოგიერთ შემთხვევში, ეს არის უმაღლესი თანამდებობის პირების არასათანადო კვალიფიკაცია და მართვის პრობლემა.
ის, რომ ადამიანმა თეორიულად რაღაც იცის, სულაც არ ნიშნავს, რომ მართვის სპეციალისტია. მართვის პრობლემა დღეს პირდაპირ სახეზეა. იმის მიუხედავად, რომ ამდენი ადამიანი უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც სერიოზული პრობლემა აქვს მხარდამჭერთა კუთხით, ახერხებს და ყოველდღიურად თავის მართლების რეჟიმში გადაჰყავს ხელისუფლება.
რეალურად, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ტანჯული ოპოზიციის მანტია მოირგონ. ისიც კი მოახერხეს და დაამკვიდრეს აზრი, რომ ერთადერთ ოპოზიციას ქვეყანაში მხოლოდ თვითონ წარმოადგენენ.
ნაცმოძრაობის ხელში დღეს არის თვითმმართველობა, სასამართლო და საპრეზიდენტო ბერკეტები. თუ მაჩვენებთ რომელიმე ქვეყანას, სადაც ოპოზიციის ლიდერს ერთი ხელის მოწერით შეუძლია ადგეს და გადააყენოს მთელი მთავრობა? - მე ასეთი ქვეყანა არ ვიცი.
აქაც კი ნაცმოძრაობამ „ქართულ ოცნებას“ მოუგო პიარში და ამკვიდრებენ აზრს, რომ არ არიან ხელისუფლების ნაწილი და უბერკეტო ოპოზიციის როლში ევლინებიან როგორც ადგილობრივ, ასე საერთაშორისო საზოგადოებას.
ეს ყველაფერი ასე იმიტომ ლაგდება, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაწყება გვიანდება?
- ეს არის პრობლემა და რაც უფრო მეტად გაიწელება დროში სამართლიანობის აღდგენის პროცესი, მით უფრო მეტი საქმე გაფუჭდება წინასწარი გამოძიების სტადიაში. შესაბამისად, მით უფრო ნაკლები შანსი დარჩება პროკურატურას, უზრუნველყოს გამამტყუნებელი განაჩენების გამოტანა სასამართლოს მიერ არსებითი განხილვის დროს.
ნებისმიერი იურისტისთვის, ვისაც პრაქტიკულად უმუშავია სისხლის სამართლის საქმის გამოძიების კუთხით, კარგად არის ცნობილი, რომ წინასწარი გამოძიების პერიოდში ნებისმიერ საქმეს ისე გააფუჭებ, რომ შემდგომში ათი გენიოსი იურისტიც ვერ უზრუნველყოფს, რომ სასამართლომ დააყენოს გამამტყუნებელი განაჩენი.
ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მთელი ჯაჭვია შეკრული. როდესაც წულუკიანი საუბრობდა, რომ ვაშაძემ მის თანამშრომელს მოსთხოვა პასპორტი, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ვიღაცეები პროკურატურაში დღესაც არიან კავშირში ნაცმოძრაობის ელიტასთან, აწვდიან კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე ინფორმაციას, საქმეების ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ. ან წინასწარი გამოძიების პერიოდში ისე ფუჭდება საქმე, რომ შემდგომში სასამართლო პერსპექტივა დაეკარგოს. ეს ყველაფერი ერთობლიობაშია განსახილველი და არა მხოლოდ კონტექსტიდან ამოგლეჯილად.
უფრო რომ დავაკონკრეტოთ, სისტემაში არიან ადამიანები, რომლებიც ამ სისტემის წინააღმდეგ მუშაობენ?
- თუნდაც მარგველაშვილის განცხადება ავიღოთ, რომ რესურსცენტრი მას შეგნებულად უბლოკავდა რაღაც ინფორმაციას, რომ შემდგომში განათლების სამინისტროს პრობლემა ჰქონოდა, წულუკიანის განცხადება, რომ ვაშაძე ურეკავდა თანამშრომლებს და მითითებებს აძლევდა პასოპორტთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი არის უწყინარი მაგალითები იმისა, რაც ქვეყანში ხდება.
ამაში როგორ შეიძლება ეჭვი შეეპაროს, როდესაც უბრალო პროკურორები კი არა, დეპარტამენტის ხელმძღვანელები, ოლქის პროკურორები, რომლებიც ძალიან კომფორტულად მუშაობდნენ ადეიშვილის დროს, დღესაც აგრძელებენ საქმიანობას იგივე ან გაცილებით მაღალ თანამდებობებზე.
როდესაც 9 წელი ადამიანი იყო სისტემის ნაწილი, ადამიანი, რომელიც წყვეტდა ადეიშვილთან ერთად, რომელ ოჯახს რამდენი უნდა გადაეხადა ან ციხეში ვის რა პირობები შექმნოდა, დღეს ეს ადამიანი დამოუკიდებელი გახდა და რა კავშირებიც წინა ხელისუფლებასთან ჰქონდა აღარ არსებობს?
როდესაც საუბარია იმაზე, რომ თურმე საქართველოს პროკურატურა უზრუნველყოფს ძებნილი პირების ექსტრადირებას და ამავდროულად ამ სამმართველოს უფროსი ან დეპარტამენტის უფროსი არის ადამიანი, რომელიც დანიშნულია ადეიშვილის დროს, ცოტა უცნაურია როგორ მიაწვდის მასალებს და მიაწვდის თუ არა სრულყოფილ, კვალიფიციურ მასალებს პროკურატურა ზემოთხსენებული პირების ექსტრადაციისთვის?
ასე რომ, ეს სისტემა არსებობს და ძალიან კარგად არის ჩემთვის ცნობილი, რადგან შევარდნაძის დროს სწორედ ასე ანგრევდნენ სახელმწიფო ინსტიტუტებს მაშინდელი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები.
ახლა, ცოტა ხანში ნახავთ, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სულ ახლახანს დაფუძნდა, რომელიც გამაგრდება სერიოზული ფინანსური საშუალებებითა და დასავლეთის მხარდაჭერით, როგორ დაიწყებენ პრევენციულ დარტყმებს პოლიციასა და პროკურატურაზე.
გულისხმობთ ბოლო პერიოდში ყოფილი ჩინოვნიკების მიერ შექმნილ არასამთავრობო ორგანიზაციებს?
- ეს არასამთავრობო ორგანიზაციები იმისათვის იქმნება, რომ ტანდემში მოახდინონ პარალიზება სახელმწოფო ინსტიტუტების. ერთი მხრივ დათრგუნონ ხელმძღვანელი პირები, მეორე მხრივ პარალიზება გაუკეთონ მათ საქმიანობას.
წარმოიდგინეთ, როგორ მიეწოდება ინფორმაცია დასავლეთს. ერთი მხრივ პრეზიდენტი ტრიბუნას არ ტოვებს, ყველგან საკუთარ ქვეყანას ლანძღავს და იგივე შინაარსის ინფორმაცია მიდის ე.წ. დამოუკიდებელი არასამთავრობო სექტორისგან. იგივე შეფუთვით მიდის ინფორმაცია სხვა პროპაგანდისტული მაქანების მეშვეობით, რომელიც მათ გააჩნიათ. ამას ემატება ცალკეული დეპუტატების განცხადებებიც.
როდესაც ერთ ადამიანთან ინფორმაცია მიდის სხვადასხვა წყაროდან და ეს ინფორმაცია ემთხვევა, მისთვის უკვე ძნელი ხდება ჭეშმარიტებაში გარკვევა. ამას დაუმატეთ ის ლობისტური კომპანიები, რომლებიც მუშობენ, რომ უფრო მაღალ ინსტანციებში მივიდეს ინფორმაცია. გარდა ამისა, ამ ხელისუფლებასაც აქვს ისეთი შეცდომები, რომელზეც შეიძლება, საჩივარი კარგად ააგო და საბოლოოდ, აღწევს ეს ინფორმაცია თავისას.
დღეს საუბარი იმაზეა, რომ გუნავას საქმეში იყო პრობლემა და ხელისუფლება უკვე თვითონ ამბობს, რომ გვარამიას საქმეზეა პრობლემა, რადგან დაკავების საფუძვლები არ იყო მაინც და მაინც მყარი. როდესაც საუბარია იმაზე, რომ კალანდაძის საქმეში არის პრობლემა, ვინაიდან დაკავების წესი და საფუძვლები არასწორი იყო, ამ ყველაფერს თვითონ ხელისუფლებაც არ უარყოფს და ჩნდება კითხვა, ვინ იყო ამ გადაწყვეტილებების მიღების ავტორი?
შემთხვევით მთავარ პროკურორს იმ კადრებმა, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დღესაც არიან ინფორმაციის გაცვლას-გამოცვლის რეჟიმში შეგნებულად ხომ არ მიაწოდეს ასეთი მოდელები, ამ ადამიანების დაკავებისა და სწორედ ამიტომ ხომ არ მოხდა, რომ შემდგომში მთელი პროცესი ყიფილიყო დისკრედიტირებული? სამი ფაქტი შეიქმნა ისეთი, საიდანაც გამოჩნდებოდა, რომ საქმე შეკერილია და ამით მთელი სამართლიანობის პროცესის დისკრედიტაცია მომხდარიყო.
თვითონაც უნდა გაერკვივნენ, ამ გადაწყვეტილებების უკან ვინ იდგა. ერთია, რომ პირველი პირი აგებს პასუხს ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ თვითონ პირველი პირი თუ დაადგენს, ვინ ურჩევდა მას დაკავების ასეთ ფორმებს და ასეთ მოქმედებებს, ვინ უსახავდა ასეთ სტრატეგიას, უფრო მალე მიხვდებიან რასთან ჰქონდათ საქმე.
იკვეთება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კადრები, რომლებიც საჯარო სამსახურში არიან დარჩენილი, ყველანაირად ცდილობენ დესტრუქციის შექმნას სხვადასხვა სისტემებში. მეორე რა მოცემულობაც გვაქვს, არის დასავლეთის კატეგორიული მოთხოვნა თანაარსებობასა და თანამშრომლობაზე. რა ქნას მაგალითად, მარგველშვილმა, რომელსაც ძველი ხელისუფლებისგან დანატოვარი პოლიციის და უშიშროების ჩინიანი თანამშრომლებით აქვს სამინისტრო გადავსებული? თუ გაუშვებს, ატყდება ერთი ამბავი...
- მეც ავტეხ ერთ ამბავს, თუ უფროსი დაიბარებს თანამშრომელს და მოსთხოვს, საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდეს სამსახურიდან. ეს არ არის კანონიერი. როდესაც იცი, რომ შენს სისტემაში მუშაობენ ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად არღვევენ შიდა განაწესს, რომლებიც ყოველდღიურად არ ასრულებენ იმ უფლებამოსილებას, რომლისთვისაც არიან კონკრეტულ თანამდებობაზე, ეს უნდა გახდეს გათავისუფლების საფუძველი და არა ის, რომ ვიღაც დაიბარო და უთხრა, ოჯახური მიზეზების გამო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება დაწერეო.
რატომ არ ხდება ასეთ თანამშრომელთა გამოვლენა, თქვენ რა ვერსია გაქვთ?
- რატომღაც ეჩვენებათ, რომ პირადი განცხადების საფუძველზე უფრო ადვილია, ნაკლები დატვირთვა ექნებათ, მაგრამ ყველა უწყებაში იმისათვის არსებობს შიდა მოკვლევის გენერალური ინსპექციები, რომ გამოავლიონონ სხვადასხვა თანამდებობის პირებისა და საჯარო მოხელეების ქმედებებში დარღვევები.
ვერავინ ვერ დამისაბუთებს, რომ მთავარ პროკურატურაში გენინსპექციას არ აქვს საფუძვლები მოიკვლიოს და გამოკვეთოს კონკრეტული პროკურორების ქმედებაში დანაშაულის ან გადაცდომის ნიშნები. ამას მუშაობა სჭირდება და რეალური მართვის უნარი.
ამასაც თავი დავანებოთ, როდესაც გენპროკურატურის საგამოძიებო ნაწილში რაიონიდან გადმოგყავს ისეთი ოდიოზური პროკურორი, რომელიც წლების განმავლობაში მხოლოდ წინა ხელისუფლების დაკვეთებს ასრულებდა, საკმაოდ უცნაურია, რადგან გენერალური პროკურატურის საგამოძიებო სამსახური განსაკუთრებით რეზონანსულ საქმეებს იძიებს.
ცოტა უცნაური მოდგომა აქვს მთავარ პროკურორს საკითხებისადმი. ცუდია, რომ სისტემას არ ჰყავს ხელმძღვანელი, რომელმაც იცის გამოძიება დაწყებითი ეტაპიდან. თუ არ იცი და შენ თვითონ არ გაქვს გავლილი გამოძიების ყველა სტადია, მთელი გზა, ძალიან რთულია გაიგო, სად გიფუჭებენ საქმეს.
საქმე გვაქვს არაპროფესიონალიზმთან და ამითაა გამოწვეული ეს გაუგებრობა, ამისი თქმა გინდათ?
- არაპროფესიონალიზმთანაც და რაც მთავარია, საქმე გაქვს ისეთ ოპონენტთან, რომელიც მუდმივად ოპონირების რეჟიმშია. დღეს რომ საქართველოს ხელისუფლებას ისეთი ოპოზიცია ჰყოლოდა, რომელიც კი არ გააფუჭებდა ყველაფერს, არამედ მხოლოდ ოპონირებას გაუწევდა, შეიძლებოდა, ასე თვალშისაცემი არ ყოფილიყო ზოგიერთი თანამდებობის პირის არაკომპეტენტურობა.
როდესაც ოპონენტს პრობლემების შექმნის ყოველდღიურ რეჟიმში ჰყავხარ, მაშინ, როდესაც საჭიროა დროული და ეფექტური გადაწყვეტილების მიღება და ამ გადაწყვეტილებას აყოვნებ, იმიტომ, რომ არ იცი, რა გადაწყვეტილება მიიღო, აქ უკვე ჩანს არაკომპეტენტურობა.
როგორ ფიქრობთ, რა საფრთხეები იქმნება ასეთი ქაოსური მდგომარეობის გამო?
- თუ სამართლიანობის აღდგენის პროცესი დროში გაიწელა, ძალიან ბევრ საქმეს წინასწარი გამოძიების სტადიაზევე დაეკარგება სასამართლო პერსპექტიულობა. საზოგადოება გაბრაზდება, რადგან ძალიან ბევრი რეზონანსული საქმეა, რომლის მიმართაც არის ძალზე სერიოზული მოლოდინი და ეს უკმაყოფილება რეალურად გადაიზრდება ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებზეც.
ამავდროულად, სიტუაცია იძაბება და ხალხი ძალადობაზე გადადის მხოლოდ მაშინ, როდესაც არ არის რწმენა სამართალდამცავი სისტემისა და მართლმსაჯულებისა. როდესაც ქვეყანაში ხალხი დაკარგავს რწმენას დღევანდელი ხელისუფლების, სამართალდამცავი სისტემის მიმართაც, არ ვიცი, რა მოხდება, მაგრამ აუცილებლად მძიმე პროცესები იქნება.
დღეს პარლამენტმა იმაზე კი არ უნდა იფიქროს, საკუთარი პარტიის წევრი როგორ გაკიცხოს, არამედ იმაზე, რომ შექმნას პროფესიონალთა ისეთი გუნდი, რომელიც სხვადასხვა სფეროში საკანონმდებლო თუ მარეგულირებელ აქტებს მოამზადებს. დღეს ქვეყანას აკლია სამართლიანი კანონმდებლობა, არ გვაქვს ნორმები, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიას ქვეყანაში.
ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჩვენ გვაქვს სისტემა, სასამართლო ხელისუფლების სახით, რომელიც ასრულებს მხოლოდ და მხოლოდ ერთ ამოცანას - დაუსჯელი დატოვოს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები, ამ გადაწყვეტილებებით მოამზადოს ნიადაგი ხალხის უკმაყოფილებისა ახალი ხელისუფლებისადმი.
სასამართლო მთლიანად დესტრუქციის რეჟიმშია გადასული. ცდილობს, ყველა საქმეზე არასაპატიმრო ღონისძიებები იყოს შეფარდებული, რომ ქვეყანში კრიმონოგენული სიტუაცია შეიქმნას. ასეთი მოქმედებები კი ნელ-ნელა დაუსჯელობის სინდრომსაც შექმნის საზოგადოებაში - ეს თუ დამკვიდრდა, მერე გაცილებით უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებით.
გამოდის, რომ ივანიშვილმა საკადრო პოლიტიკაში შეცდომა დაუშვა?
- აქამდეც ვამბობდი, რომ საკადრო პოლიტიკაში შეცდომები იყო დაშვებული და დარგის არასპეციალისტები აღმოჩნდნენ უწყებების სათავეში. არაერთხელ მითქვამს, რომ დღეს არ იყო დრო, მინისტრს მართვა კაბინეტში ესწავლა. დღეს ეფექტური გადაწყვეტილებებია საჭირო, რომ ის საფრთხეები აიცილო, რომელსაც წინასწარ, შეგნებულად გიმზადებენ და გიგდებენ. ასეთი პრევენციული მოქმედება შეგიძლია მხოლოდ მაშინ, როდესაც დარგი იცი. როდესაც დარგი არ იცი, შეიძლება ერთ-ორ წელიწადში კი ისწავლო, მაგრამ დღეს პრობლემა გექნება და საკითხავია, ეს ორი წელიწადი გაძლებ თუ არა.
ანუ ყველგან იქმნება საფუძველი იმისათვის რომ დღეს თუ ხვალ სააკაშვილმა ეს მთავრობა არაქმედითუნარიანად გამოაცხადოს?
- ის ადამიანები, რომლებმაც ამ 9 წლის განმავლობაში ჯოჯოხეთი გამოიარეს, იყვნენ ციხეში, წაართვეს ქონება, ვერ იბრუნებენ წართმეულ სახლ-კარს თუ ავტომანქანებს, რომელთა ოჯახის წევრები გამოასალმეს სიცოცხლეს, კიდევ დიდხანს დაელოდებიან სამართლიანობის აღდგენის პროცესს და რიგს, როდის გადაწყვეტს პარლამენტი შესაბამისი ნორმების შეტანას სხვადასხვა კანონმდებლობაში, რომ მათ სიმართლე იპოვონ?
ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება. ეს უკმაყოფილება ზოგიერთი ხელისუფლების წარმომადგენლისადმი უკმაყოფილებაში გადაიზრდება, ზოგიერთის მიმართ რომ დაიწყება, მერე გადავა მთლიანად ხელისუფლებაზე და ეს უნდა გაითვალისწონოს ყველამ.
ასეთ შემთხვევაში საზოგადოება არც სააკაშვილის მთავრობას დაუჭერს მხარს...
- არიან თამაშგარე სუბიექტები, რომლებსაც არ მიეცათ შესაძლებლობა, არჩევნებში სრულფასოვანი მონაწილეობისა. ამის გარდა, როდესაც იქნება ძალიან ბევრი უკმაყოფილო ხალხი, ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვინც ამას გამოიყენებს. ეს ვიღაც იქნება დაახლოებული ნაცმოძრაობასთან ან მათი ნების აღმსრულებელი თუ არა, საკითხავია და როგორ წარმართავს პროცესებს, ეს კიდევ პოლიტტექნოლოგიების საკითხია.
მერწმუნეთ, გაბრაზებული ხალხის მართვა შესაძლებელია სპეციალურად შექმნილი ან სატელიტური პარტიის მეშვეობით. ის, რომ ეს ხალხი დღეს ნაცმოძრაობას მხარს არ უჭერს, არ ნიშნავს იმას, რომ მხარს არ დაუჭერს ისეთ პარტიას, რომელიც პირდაპირ ნაცმოძრაობასთან არ ასოცირდება, მაგრამ ისე წარმართავს ამ ხალხის გაბრაზებას და ტალღას, როგორც ეს ნაცმოძრობის ინტერესებში ჯდება.
სხვა ვარიანტია, ეს ელექტორატი გადანაწილდეს სხვა პარტიებზე, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ ნაცმოძრაობასთან. ყოველ შემთხვევაში ამ ხელისუფლებისთვის ერთიც და მეორეც რომ პრობლემა იქნება, ფაქტია.