ნატოს ასპირანტმა ქვეყნებმა მრავალმხრივ თანამშრომლობაზე მოილაპარაკეს. შეთანხმება სხვადასხვა ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან გამართული ორმხრივი შეხვედრების დროს შედგა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით: „შეხვედრებზე ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, შეგვეთავაზებინა, რომ სწორედ ასპირანტებმა ვითანამშრომლოთ მრავალმხრივ ფორმატში, როგორც ერთი ამოცანების მქონე ქვეყნებმა“
მინისტერიალის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ასევე გადაწყდა, რომ აქცენტი გაკეთდება ავღანური ძალების გაწვრთნაზე და მათთვის გამოცდილების გაზიარებაზე.
„ასევე საუბარია, რომ კონვენციური ძალების შემადგენლობა შემცირდეს და არაკონვენციური ძალების რაოდენობა გაიზარდოს. შეიძლება იყოს საუბარი, სპეციალურ ოპერატიულ ძალებთან ჩვენს თანამონაწილეობაზე“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომაზე, 2014 წლის შემდეგ მისიის ფორმატზე მსჯელობისას, მხარეებმა ავღანეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით ურთიერთთანამშრომლობის გეგმები დასახეს: „შევთანხმდით, რომ ავღანელი სამხედროები საქართველოში გაივლიან წვრთნებს და მიიღებენ განათლებას. ჩვენ გავაგრძელებთ მათ მომზადებას ავღანეთშიც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ავღანეთში ISAF-ის ოპერაციის დასრულებამდე დარჩება და არჩევნების ჩატარების პროცესში დახმარებას გაუწევს. ჩვენ ამერიკულ, ბრიტანულ და ავსტრალიურ მხარეებთან ერთად განვახორციელებთ უსაფრთხოების ზომების მიღებას.“
ირაკლი ალასანიას განცხადებით სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლეონ პანეტას გამოსვლაზე გამახვილდა, სადაც მან 2014 წლის შემდეგ მისიის განვითარების ხედვა წარმოადგინა. „ეს იქნება ახალი მისია და არა ISAF-ის გაგრძელება, რასაც დაჭირდება ახალი მანდატი და პოლიტიკური გადაწყვეტილება ნატოსგან. ასევე, საჭიროა ავღანური მხარის თანხმობა, რათა ეს ოპერაცია გაგრძელდეს. ამ საკითხზე მხარეები ორი წლის განმავლობაში უნდა შეთანხმდნენ. მისია არ იქნება საბრძოლო. მისია იქნება მხარდამჭერი, გამოცდილების გამზიარებელი, თუმცა საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად იქნება საბრძოლო კომპონენტი ავღანური უსაფრთხოების ძალების სტრატეგიული მხარდაჭერისთვის - იქნება ეს საჰაერო მხარდაჭერა, სადაზვერვო უზრუნველყოფა თუ სხვა."