თბილისის მერს, გიგი უგულავას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბრალდება წაუყენა. ამის შესახებ განცხადება საგამოძიებო სამსახურში დღეს გაკეთდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 2013 წლის 22 თებერვალს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება - გაფლანგვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) ფაქტებზე გამოტანილია დადგენილება ქალაქ თბილისის მერის, გიორგი უგულავას ბრალდების შესახებ, რის საფუძველზეც იგი 23 თებერვალს 14.00 საათზე დაბარებულია საგამოძიებო ორგანოში ბრალდების წაყენებისა და სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით.
„ბრალდება მოიცავს ორ დამოუკიდებელ ეპიზოდს. პირველ ეპიზოდთან დაკავშირებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ გამოძიების პროცესში მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ფაქტობრივად გახსნილია იმჟამინდელი ხელისუფლების მიერ ტელეკომპანია „იმედის“ ხელში ჩაგდების დანაშაულებრივი სქემა და უტყუარად დადასტურებულია, რომ მისი განხორციელების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე სწორედ გიორგი უგულავა იყო. კერძოდ, 2008 წლის მდგომარეობით, შპს „ტელეიმედის“ საკონტროლო წილის მფლობელი იყო ჯოზეფ ქეი, რომელსაც იმ დროისთვის ტელეკომპანიის ფუნქციონირებისათვის 10 მლნ ამერიკული დოლარი ჰქონდა დახარჯული.
ხელისუფლების სახელით ჯოზეფ ქეის დაუკავშირდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი, შეხვდა მას და პირდაპირი მუქარით დაიყოლია „ტელედიმედის“ დათმობაზე, ერთადერთი პირობით, რომ მას გიორგი უგულავა მის მიერ გაწეული 10 მლნ დოლარის ხარჯებს აუნაზღაურებდა“, - აცხადებენ საგამოძიები სამსახურში.
უწყების ინფორმაციით, გიგი უგულავას მითითებით, ჯოზეფ ქეიმ თავისი წილი გადასცა დავით კეზერაშვილის კონტროლს დაქვემდებარებულ, პანამაში რეგისტრირებულ კომპანია „ბორდექს ლიმიტედს“, ხოლო თანხის გადახდა შემდეგი გეგმის მიხედვით განხორციელდა - გიგი უგულავა მოელაპარაკა შპს „ახალი რიყეს“ მესაკუთრეებს, რომ მათ მიერ 2006 წელს 7 მლნ ამერიკულ დოლარად შეძენილ რიყის ტერიტორიას მერია ვითომდა 17 მლნ ამერიკულ დოლარად უკან გამოისყიდდა. სინამდვილეში კი 10 მლნ ამერიკული დოლარი ჯოზეფ ქეისათვის გადასაცემად იყო განკუთვნილი. ქალაქის მერიამ 2008 წლის 29 დეკემბერს ქალაქ თბილისის სახელით გამოსცა დადგენილება, რომლის საფუძველზეც თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული „ძველი ქალაქის რეაბილიტაციის და განვითარების ფონდიდან“ რიყის ტერიტორიის უკან გამოსყიდვის მიზნით შპს „ახალ რიყეს“ 17 მლნ ამერიკული დოლარი გადაერიცხა. ამის შემდეგ შპს „ახალი რიყეს“ ხელმძღვანელობასა და ჯოზეფ ქეის კომპანიას შორის გაფორმდა ფიქციური ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „ახალი რიყეს“ საბანკო ანგარიშიდან ჯოზეფ ქეის კომპანიის საბანკო ანგარიშზე გადაირიცხა 8 811 189 ამერიკული დოლარი.
„ტელეკომპანია „იმედი“ მისაკუთრებული იქნა ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მითვისებისა და შემდგომი გათეთრების გზებით“, - ასკვნის საგამოძიებო უწყება.
რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, რომლის გამოც უგულავას ბრალი წარედგინა, ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს ეპიზოდი ეხება საბიუჯეტო თანხებით პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თვალთმაქცურ დაფინანსებას, რომლის ორგანიზატორიც ასევე თბილისის მერი, გიგი უგულავა იყო.
„უგულავას დავალებით 2009 წლის 31 დეკემბერს შპს „თბილსერვის ჯგუფში“ „ერთანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებისათვის ფულის დარიგების მიზნით სპეციალურად შეიქმნა საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება, სადაც 764 აქტივისტი, ე.წ. „ნაციონალური მოძროაბის“ კოორდინატორი ფიქციურად გაფორმდა. უმეტესობას ამ სამსახურში არც ერთი დღე არ იმუშავია და პარტიულ საქმიანობას ეწეოდა, თუმცა მათ ხელფასის სახით დედაქალაქის ბიუჯეტისათვის განკუთვნილი ასიგნებებიდან მიღებული აქვთ 4 130 728 ლარი“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, გიგი უგულავა სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით არის პასუხისგებაში მიცემული და საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.